გასული კვირის მნიშვნელოვანი სპორტული სიახლეები

გასული კვირის მნიშვნელოვანი სპორტული სიახლეები

გასულ ერთი კვირის განმავლობაში სპორტისა და განსაკუთრებით ფეხბურთის ქომაგების ყურადღება კვლავ კატარისკენ იყო მიმართული, სადაც 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს. Visa-მ, საკუთარ მონაცემებზე დაყრდნობით ივარაუდა, რომ წლევანდელ მუნდიალზე გულშემატკივრები რეკორდულ თანხას დახარჯავენ. წარუმატებელი მერვედფინალური მატჩის შემდეგ კი ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ლუის ენრიკე დაითხოვეს. გარდა ამისა, მიმოხილვაში 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ყველაზე ძვირად ღირებული გუნდების რეიტინგსაც შემოგთავაზებთ.

რაც შეეხება სხვა სიახლეებს: WNBA-ის კალათბურთელი, ბრიტნი გრაინერი რუსეთის ციხიდან გათავისუფლდა; Nike-სა და NBA-ის ვარსკვლავ კაირი ირვინგს შორის მრავალმილიონიანი პარტნიორობა ოფიციალურად დასრულდა; მადრიდის „რეალმა“ 16 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელის, ენდრიკის €60-მილიონიან ტრანსფერთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწია.

რუსეთმა ბრიტნი გრაინერი იარაღის დილერის სანაცვლოდ გაათავისუფლა

WNBA-ის კალათბურთელი, ბრიტნი გრაინერი რუსეთის ციხიდან გათავისუფლდა. მან საპატიმროში დაახლოებით 10 თვე გაატარა.

გრაინერის სანაცვლოდ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იარაღის დილერი, ვიქტორ ბუტი გაათავისუფლა, რომელიც აშშ-ის ციხეში სასჯელს 12 წელი იხდიდა. აღსანიშნავია, რომ ბუტის 25-წლიანი პატიმრობა ჰონდა მისჯილი ტერორისტული ჯგუფისთვის იარაღის მიყიდვის ბრალის დამტკიცების გამო.

თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ პატიმრების გაცვლა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ხუთშაბათს მოხდა.

ფოტო: Kirill Kudryavtsev

ამერიკულმა Forbes-მა ბუტი-გრაინერის შესაძლო გაცლასთან დაკავშირებით ინფორმაცია ჯერ კიდევ მაისში გაავრცელა. აღნიშნულთან დაკავშირებით რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის მოლაპარაკებები ამ დრომდე მიმდინარეობდა.

შეგახსენებთ, რუსეთის ხელისუფლებამ ბრიტნი გრაინერი თებერვალში მას შემდეგ დააკავა, რაც ქვეყანაში სათამაშოდ ჩასული კალათბურთელის ბარგში კანაფი აღმოაჩინა. მოგვიანებით გრაინერს ნარკოტიკებთან დაკავშირებული ბრალდებით კოლონიაში ცხრა წლით პატიმრობა მიესაჯა.

მადრიდის „რეალი“ 16 წლის ბრაზილიელ ფეხბურთელს €60 მილიონად ყიდულობს

ესპანურმა გრანდმა, მადრიდის „რეალმა“ 16 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელის, ენდრიკის ტრანსფერთან დაკავშირებით სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია. როგორც ცნობილი სპორტული ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო სოციალურ ქსელში წერს, „სამეფო კლუბი“ ახალგაზრდა ტალანტის სანაცვლოდ „პალმეირასს“ 60 მილიონ ევროს გადაუხდის, დამატებით 12 მილიონ ევროს კი ტრანსფერთან დაკავშირებულ გადასახადებში დახარჯავს.

რომანოს ცნობით, მხარეებს შორის კონტრაქტი მიმდინარე თვეში გაფორმდება. თუმცა, მისივე ინფორმაციით, ბრაზილიელი მადრიდის „რეალს“ 2024 წლის ივლისიდან შეუერთდება.

ფოტო: Reuters

ენდრიკი ამჟამად „პალმეირასში“ ცენტრ ფორვარდის, ასევე მარჯვენა და მარცხენა გარემარბის პოზიციებზე თამაშობს. გარდა ამისა, ბრაზილიის 17-წლამდელთა ნაკრებში ირიცხება.

მოცემული დროისთვის, Transfermarkt-ზე ენდრიკის საბაზრო ღირებულება 20 მილიონ ევროს შეადგენს. ახალი კონტრაქტის წყალობით ამ მაჩვენებლის მნიშვნელოვნად ზრდას უნდა ველოდოთ.

Nike-მა კაირი ირვინგთან თანამშრომლობა შეწყვიტა

Nike-სა და NBA-ის ვარსკვლავ კაირი ირვინგს შორის მრავალმილიონიანი პარტნიორობა ოფიციალურად დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაცია კომპანიამ ამერიკულ Forbes-ს დაუდასტურა.

შეგახსენებთ, Nike-მა დაახლოებით ერთი თვის წინ ირვინგის ბრენდის ახალი სპორტული ფეხსაცმლის, Kyrie 8-ის გამოსვლა შეაჩერა მას შემდეგ, რაც კალათბურთელმა სოციალურ ქსელში ანტისემიტური შინაარსი კონტენტი გაავრცელა.

„კაირი ირვინგი აღარ არის Nike-ის პარტნიორი სპორტსმენი“, – ასეთი პასუხი გასცა კომპანიის სპიკერმა ამერიკულ Forbes-ს.

ცნობისთვის, კაირი ირვინგმა Nike-თან კონტრაქტი 2011 წელს გააფორმა. მისი ბრენდის პირველი ფეხსაცმლის დებიუტი კი 2014 წელს შედგა. ირვინგმა 2019 წელს Nike-სგან $11 მილიონის ოდენობის შემოსავალი მიიღო, რაც Forbes-ის შეფასებით, აღნიშნულ წელს ფეხსაცმელებთან დაკავშირებული ყველაზე ძვირად ღირებული გარიგება იყო NBA-ში.

ფოტო: AP

Forbes-ის დათვლებით, გასულ წელს ირვინგმა მსგავსი გარიგებებიდან საერთო ჯამში 17 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, მისი უდიდესი ნაწილი კი სწორედ Nike-თან თანამშრომლობის წყალობით.

უნდა ითქვას, რომ ირვინგმა ბოლო პერიოდში საკმაოდ იზარალა. ვინაიდან კორონავირუსის პიკის დროს კალათბურთელმა ვაქცინაციაზე უარი განაცხადა, მას გასულ წელს „ბრუკლინის“ უმეტეს საშინაო თამაშში მონაწილეობის მიღების უფლება არ მისცეს. შედეგად, 2021-2022 წლების სეზონის ხელფასიდან NBA-ის ვარსკვლავმა დაახლოებით 10 მილიონი აშშ დოლარი დაკარგა.

ლუის ენრიკემ ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა

ესპანეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ დაკავებული თანამდებობა დატოვა. მისი გათავისუფლება პირდაპირ კავშირშია მსოფლიო ჩემპიონატიდან გუნდის მოულოდნელ გავარდნასთან.

შეიძლება ითქვას, რომ ესპანეთსა და მაროკოს ნაკრებებს შორის მერვედფინალური შეხვედრა სენსაციური შედეგით დასრულდა. თამაშის ძირითადი დრო ფრედ, 0:0 დასრულდა, ასევე მორჩა დამატებითი ტაიმები. შესაბამისად, გამარჯვებულის გამოვლენა პენალტების სერიას მიენდო, რომელშიც ესპანელებმა ყველა დარტყმა გააფუჭეს და მეოთხედფინალის საგზური მაროკოელებს დაუთმეს, რომლებიც პორტუგალიას დაუპირისპირდებიან.

ფოტო: Reuters

შეხვედრიდან ცოტა ხნის შემდეგ ლუის ენრიკემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მის მომავალზე სასაუბროდ ჯერ ადრე იყო, თუმცა, როგორც ჩანს, ნაკრებმა მთავარ მწვრთნელთან ვითარების სწრაფად გარკვევა ისურვა.

აღსანიშნავია, რომ ესპანელებმა ლუის ენრიკეს შემცველი უკვე იპოვეს. მისი ადგილი 21-წლამდელთა გუნდის მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ დაიკავა.

ცნობისთვის, ლუის ენრიკე ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს 2018 წლიდან წვრთნიდა.

რონალდუს ახალი კლუბი კვლავ უცნობია – პორტუგალიელმა „ალ ნასრთან“ შეთანხმება უარყო

გასულ კვირას ესპანურმა სპორტულმა გამოცემა Marca-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 2023 წლის 1-ელი იანვრიდან კრიშტიანუ რონალდუ „ალ ნასრში“ გააგრძელებდა კარიერას. თავად პორტუგალიელმა კი მოგვიანებით, მსოფლიო ჩემპიონატის მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამებოდა.

რონალდუს აღნიშნულთან დაკავშირებით დამატებით დეტალებზე არ უსაუბრია, თუმცა, როგორც ჩანს, საუდის არაბეთის კლუბის შეთავაზება კვლავ განხილვის პროცესშია და ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაფერია.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „ალ ნასრმა“ 37 წლის პორტუგალიელს 2.5-წლიანი კონტრაქტი და სეზონში საერთო ჯამში 200 მილიონი ევრო შესთავაზა. Eurosport-ის ცნობით, აქედან 100 მილიონი ევრო რეკლამებიდან და სპონსორებისგან მისაღებ შემოსავალზე მოდის.

ფოტო: Reuters

იმ შემთხვევაში, თუ რონალდუ „ალ ნასრში“ ტრანსფერს დათანხმდება, ის ისტორიაში ყველაზე მაღალშემოსავლიან ფეხბურთელად იქცევა.

შეგახსენებთ, საუდის არაბეთის კლუბი რონალდუს ტრანსფერზე ზაფხულშიც აქტიურად მუშაობდა, თუმცა მაშინ პორტუგალიელმა ევროპაში დარჩენა არჩია. დიდი ალბათობით, რონალდუ შეთავაზებებს ახლაც ევროპული კლუბებიდან ელის.

კრიშტიანუ რონალდუმ „მანჩესტერ იუნაიტედი“ ოფიციალურად 22 ნოემბერს დატოვა. „იუნაიტედიდან“ წასვლას წინ საკმაოდ მძიმე პერიოდი უძღოდა, რაც პორტუგალიელ ფეხბურთელსა და კლუბის მთავარ მწვრთნელ ერიკ ტენ ჰაგს, ასევე „წითელი ეშმაკების“ ხელმძღვანელობასთან ურთიერთობის გაფუჭებაში გამოიხატა. ამჟამად ფეხბურთელი თავისუფალი აგენტის სტატუსს ატარებს.

Visa-ს პროგნოზით, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გულშემატკივრები რეკორდულ თანხას დახარჯავენ

ანგარიშსწორების საკითხებში 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი პარტნიორის, Visa-ს პროგნოზით, წლევანდელ მუნდიალზე გულშემატკივრები რეკორდულ თანხას დახარჯავენ. აღნიშნული ვარაუდის საფუძველს კომპანიას მის მიერ შეგროვებული მონაცემები აძლევს.

კატარში მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებამდე ათ დღეზე ნაკლებია დარჩენილი, ამის მიუხედავად, გულშემატკივრებმა უკვე დახარჯეს 2018 წელს რუსეთში გამართულ ტურნირზე დახარჯული თანხის 89% და იმაზე მეტი, ვიდრე 2014 წელს ბრაზილიაში. Visa-ს მონაცემები, ტურნირის დაწყებიდან 2 დეკემბრის ჩათვლით, მსოფლიო ჩემპიონატის ყველა ოფიციალურ ლოკაციაზე, მისი ბარათით ანგარიშსწორებისას დახარჯულ თანხას აღრიცხავს.

ფოტო: VCG

2022 წლის ჩემპიონატზე დახარჯული თანხა საკმაოდ მაღალია, მიუხედავად უკანასკნელ წუთში მიღებული გადაწყვეტილებისა სტადიონებთან ალკოჰოლური სასმელების გაყიდვის აკრძალვის თაობაზე. Visa-ს მონაცემებით, დანახარჯების თითქმის ნახევარი ტურნირზე დასასწრებ ადგილებზე, 36% კი საკვებსა და სასმელებზე მოდის. მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის განმავლობაში, გულშემატკივრებმა ყველაზე მეტი თანხა 30 ნოემბერს, საუდის არაბეთისა და მექსიკის მატჩის დღეს დახარჯეს.

ტურნირიდან მნიშვნელოვანი მოგების მიღებას ელიან როგორც კატარი, ასევე FIFA. ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციის პროგნოზით, მისი შემოსავალი ოთხწლიანი ციკლიდან 2018 წელს რუსეთში გამომუშავებულ $5.4 მილიარდს გადააჭარბებს. რაც შეეხება კატარს, ქვეყანაში იმედოვნებენ, რომ ღონისძიება ადგილობრივ ეკონომიკას $17 მილიარდის მოგებას მოუტანს.

ტოპ-10 ძვირად ღირებული ნაკრები 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე

კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატი გადამწყვეტ ფაზაში შევიდა. ჯგუფური ეტაპისა და მერვედფინალების დასრულების შემდეგ ტურნირს არაერთი ძლიერი გუნდი გამოეთიშა. მათ შორის გერმანიის, ბელგიის, ურუგვაისა და ესპანეთის ეროვნული ნაკრებები. აღსანიშნავია, რომ დასახელებული ოთხივე ქვეყანა წლევანდელი მსოფლიო ჩემპიონატის ტოპ-10 ძვირად ღირებული გუნდის ჩამონათვალშია.

2022 წლის მუნდიალზე მოასპარეზე 32 ქვეყნის ნაკრებთა შორის ყველაზე ძვირად, თითქმის 1.5 მილიარდ ევროდ შეფასებული შემადგენლობა ინგლისს ჰყავს. ამ მხრივ ბოლო ადგილს 23 მილიონი ევროთი კოსტა-რიკა იკავებს, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატს უკვე გამოეთიშა.

ფოტო: Getty Images

ათეულში შემავალი ნაკრებებიდან 1 მილიარდ ევროზე მაღალი საბაზრო შეფასება ექვსი ქვეყნის შემადგენლობას აქვს. საერთო ჯამში ტოპ-10 ძვირად ღირებული გუნდის საბაზრო ღირებულება 10.3 მილიარდ ევროს აღემატება.

აღსანიშნავია, რომ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ყველაზე ძვირად ღირებული გუნდიდან, ინგლისის ნაკრებიდან საბაზრო ღირებულებით ფილ ფოდენი ლიდერობს, რომელიც ამჟამად 110 მილიონ ევროდ ფასობს. აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ძვირად ღირებული ფეხბურთელების ათეულში ინგლისის ნაკრები ყველაზე მეტი, ოთხი ფეხბურთელით არის წარმოდგენილი. მათ შორის სწორედ ფილ ფოდენი, ასევე ჯუდ ბელინგემი (100 მილიონი ევრო), ჰარი კეინი (90 მილიონი ევრო) და ბუკაიო საკა (90 მილიონი ევრო) არიან.

რაც შეეხება ტურნირის ყველაზე ძვირად ღირებულ მოთამაშეს, ფრანგ კილიან მბაპეს, მისი გუნდი წინამდებარე ტოპ-10-ში მესამე ადგილს სჯერდება.

Statista-ს მონაცემებზე დაყრდნობით, წარმოგიდგენთ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მოასპარეზე 10 ქვეყანას, რომელთა შემადგენლობა ყველაზე ძვირადაა შეფასებული:

  1. ინგლისი – €1.499 მილიარდი
  2. ბრაზილია – €1.455 მილიარდი
  3. საფრანგეთი – €1.337 მილიარდი
  4. ესპანეთი – €1.201 მილიარდი
  5. პორტუგალია – €1.154 მილიარდი
  6. გერმანია – €1.020 მილიარდი
  7. ნიდერლანდები – €756 მილიონი
  8. არგენტინა – €748 მილიონი
  9. ურუგვაი – €590 მილიონი
  10. ბელგია – €562 მილიონი
დატოვე კომენტარი

1 კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *