გასული კვირის მნიშვნელოვანი სპორტული სიახლეები

გასული კვირის მნიშვნელოვანი სპორტული სიახლეები

გასული ერთი კვირის განმავლობაში სპორტის სფეროში რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლე მოხდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ საუდის არაბეთის კლუბი „ალ-ჰილალი“ მზად არის, მესის წელიწადში 350 მილიონ აშშ დოლარამდე ღირებულების კონტრაქტი შესთავაზოს. ამის პარალელურად, FIFA-მ 2022 წლის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულისთვის ნომინანტები დაასახელა. გარდა ამისა, უელსელმა ფეხბურთელმა, გარეთ ბეილმა პროფესიონალური საფეხბურთო კარიერა დაასრულა.

რაც შეეხება სპორტის სხვა სახეობებს: ნაომი ოსაკამ განაცხადა, რომ ჩოგბურთს 2024 წლამდე ემშვიდობება; ლეგენდარული კალათბურთელის, კობი ბრაიანტის მაისური კი შემდეგ თვეში აუქციონზე გამოჩნდება.

ბლოგში გასული ერთი კვირის განმავლობაში სპორტის სფეროში მომხდარ ამ და სხვა მნიშვნელოვან სიახლეებს მიმოვიხილავთ.

„ალ-ჰილალი“ მესისთვის წელიწადში $350-მილიონიანი კონტრაქტის შეთავაზებას გეგმავს

შესაძლოა, ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ ერთ საფეხბურთო ლიგაში ვიხილოთ. ბოლო დღეებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საუდის არაბეთის კლუბი „ალ-ჰილალი“ მზად არის, მესის წელიწადში 350 მილიონ აშშ დოლარამდე ღირებულების კონტრაქტი შესთავაზოს, – ამის შესახებ ესპანური სპორტული გამოცემა Mundo Deportivo წერს. მართალია, არგენტინელი ამჟამად „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელია, თუმცა ხელშეკრულების ვადა ზაფხულში იწურება, რაც იმას ნიშნავს, რომ მუნდიალის მოქმედი ჩემპიონი ექვს თვეზე ნაკლებ დროში თავისუფალი აგენტი გახდება.

იმ შემთხვევაში, თუ „ალ-ჰილალი“ მესის მსგავს კონტრაქტს შესთავაზებს და არგენტინელი კლუბში გადასვლას დასთანხმდება, ის კრიშტიანუ რონალდუს ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფეხბურთელის სტატუსს ჩამოართმევს. რონალდუმ ეს სტატუსი მას შემდეგ მიიღო, რაც 2022 წლის დასასრულს საუდის არაბეთის ლიგაში „ალ-ჰილალის“ კონკურენტ „ალ-ნასრს“ შეუერთდა. ამერიკული Forbes-ის ცნობით, ხელფასის, რეკლამებისა და სასპონსორო ხელშეკრუელების წყალობით პორტუგალიელმა წელიწადში დაახლოებით 210 მილიონი აშშ დოლარის გამომუშავება უნდა შეძლოს.

ფოტო: David Ramos

აქვე შეგახსენებთ, რომ 2022 წელს Forbes-ის მსოფლიოს ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფეხბურთელების სიაში ლიონელ მესიმ მეორე ადგილი დაიკავა, 120 მილიონი აშშ დოლარის შემოსავლით. აქედან $65 მილიონი მის მიერ მოედანზე გამომუშავებულ თანხას შეადგენდა და $55 მილიონი კი მოედანს გარეთ აქტივობებიდან იყო შეგროვებული.

ამავე სიაში კრიშტიანუ რონალდუმ მესამე ადგილი დაიკავა $100-მილიონიანი შემოსავლით. მის შემთხვევაში მოედანზე გამომუშავებულმა თანხამ 40 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, მოედნის გარეთ მიღებულმა შემოსავალმა კი, შესაბამისად, 60 მილიონი აშშ დოლარი.

FIFA-მ 2022 წლის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულის ნომინანტები დაასახელა

ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციამ, FIFA-მ 2022 წლის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულისთვის ნომინანტები გამოავლინა. უფრო კონკრეტულად კი, ნომინანტების შერჩევისას 2021-22 წლების სეზონსა და მსოფლიო ჩემპიონატზე მიღწეულ შედეგებზე გამახვილდა ყურადღება (2021 წლის 8 აგვისტო – 2022 წლის 18 დეკემბერი).

ფოტო: FIFA

მთლიანობაში FIFA-მ ნომინანტებს შორის 14 ფეხბურთელი დაასახელა. მათ შორის არიან:

ხულიან ალვარესი (არგენტინა; მანჩესტერ სიტი)

ჯუდ ბელინგემი (ინგლისი; დორტმუნდის ბორუსია)

ქარიმ ბენზემა (საფრანგეთი; მადრიდის რეალი)

კევიდ დე ბრუინი (ბელგია; მანჩესტერ სიტი)

ერლინგ ჰაალანდი (ნორვეგია; მანჩესტერ სიტი)

აშრაფ ჰაკიმი (მაროკო; პსჟ)

ვინისიუს ჯუნიორი (ბრაზილია; მადრიდის რეალი)

რობერტ ლევანდოვსკი (პოლონეთი; ბარსელონა)

სადიო მანე (სენეგალი; მიუნხენის ბაიერნი)

კილიან მბაპე (საფრანგეთი; პსჟ)

ლიონელ მესი (არგენტინა; პსჟ)

ლუკა მოდრიჩი (ხორვატია; მადრიდის რეალი)

ნეიმარი (ბრაზილია; პსჟ)

მოჰამედ სალაჰი (ეგვიპტე; ლივერპული)

როგორც ცნობილია, ხმის მიცემა 12 იანვარს დაიწყება და 3 თებერვლამდე გაგრძელდება. გამარჯვებული კი ღონისძიება The Best FIFA Football Awards-ზე გამოვლინდება.

გარეთ ბეილმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა

33 წლის უელსელმა ფეხბურთელმა, გარეთ ბეილმა პროფესიონალური საფეხბურთო კარიერა დაასრულა. ამის შესახებ სპორტსმენმა ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე დაწერა.

„ფრთხილი და გააზრებული განსჯის შემდეგ გაცნობებთ, რომ საკლუბო და სანაკრებო კარიერას ვასრულებ. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ავიხდინე ოცნება, მეთამაშა სპორტის იმ სახეობაში, რომელიც მიყვარს“, – აცხადებს უელსის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი.

შეგახსენებთ, გარეთ ბეილმა პროფესიონალური საფეხბურთო კარიერა ინგლისში, „საუთჰემპტონის“ რიგებში დაიწყო. მისი კარიერის ძირითადი წლები „ტოტენჰემ ჰოტსპურსა“ და მადრიდის „რეალს“ უკავშირდება. ამ უკანასკნელთან ერთად უელსელმა ჩემპიონთა ლიგა 5-ჯერ, ესპანეთის ჩემპიონატი 3-ჯერ, UEFA-ს სუპერ თასი 3-ჯერ და კიდევ არაერთი მნიშვნელოვანი ტიტული მოიგო.

გარეთ ბეილმა კარიერის ბოლო პერიოდი აშშ-ის ჩემპიონატში, MLS-ის კლუბ „ლოს-ანჯელესში“ გაატარა.

ფოტო: Dan Mullan/Getty Images

ცნობისთვის, ბეილის საბაზრო ღირებულება კარიერის დასრულებისას 2 მილიონ ევროს შეადგენდა. აღნიშნულმა მაჩვენებელმა მისი კარიერის განმავლობაში ყველაზე მაღალ ნიშნულს, 90 მილიონ ევროს 2016 და 2018 წელს მიაღწია.

საკლუბო ჩემპიონატებში გარეთ ბეილს საერთო ჯამში 554 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული, რომელთა განმავლობაში 186 გოლის გატანა შეძლო.

კობი ბრაიანტის მაისური, შესაძლოა, აუქციონზე $7 მილიონად გაიყიდოს

„ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ სათამაშო მაისური, რომელსაც კალათბურთის აწ გარდაცვლილი ლეგენდა, კობი ბრაიანტი იმ სეზონში ატარებდა, როდესაც ის ეროვნული საკალათბურთო ლიგის ყველაზე ღირებულ მოთამაშედ დასახელდა, მომავალ თვეში აუქციონზე გაიყიდება. Sotheby’s-ის სააუქციონო სახლი მის გაყიდვას 7 მილიონ აშშ დოლარად იმედოვნებს.

Sotheby’s-ის განცხადებით, აღნიშნული, 24-ნომრიანი მაისურით ბრაიანტმა 2007-2008 წლების სეზონში 20-ზე მეტი თამაში ჩაატარა. იმ წელს, როდესაც „ლეიკერსმა“ NBA-ის ჩემპიონის ტიტული „ბოსტონ სელტიკსთან“ დაკარგა, ბრაიანტი სეზონის MVP-იდ დასახელდა. მან ჯილდო სეზონში ჯამში 645 ქულის მოგროვებით დაიმსახურა – საშუალოდ 28.5 ქულა თითო მატჩში. ეს იყო ერთადერთი შემთხვევა კობის 20-წლიანი საკალათბურთო კარიერაში, როდესაც მან ეს ტიტული მიიღო.

აღსანიშნავია, რომ სწორედ დასახელებული მაისური აცვია ბრაიანტს ფოტოში, რომელიც მატჩის დასასრულს „დენვერ ნაგეტსის“ წინააღმდეგ მის მიერ სამქულიანის ჩაგდების შემდეგაა გადაღებული – სურათზე ნაჩვენებია, როგორ აღნიშნა შედეგიანი სროლა კალათბურთელმა.

Sotheby’s-ის ინფორმაციით, ბრაიანტის ისტორიული მაისური ხელმისაწვდომი იქნება სპეციალურ ონლაინ აუქციონზე, 2 თებერვლიდან 9 თებერვლის ჩათვლით.

ცნობისთვის გეტყვით, რომ მოცემული დროისთვის ყველაზე ძვირად ღირებული სპორტული სამახსოვრო ნივთის სტატუსი მაიკლ ჯორდანის „ჩიკაგო ბულზის“ მაისურს ეკუთვნის, რომელიც გასულ წელს $10.1 მილიონად გაიყიდა.

ნაომი ოსაკა ჩოგბურთს 2024 წლამდე ემშვიდობება

ჩოგბურთის ვარსკვლავმა, ნაომი ოსაკამ ოთხშაბათს განაცხადა, რომ სპორტს 2024 წლამდე დაემშვიდობება. როგორც გაირკვა, ჩოგბურთელი ორსულადაა და პაუზას სწორედ ამ მიზეზით იღებს.

„ერთი სული მაქვს კორტებზე დავბრუნდე, თუმცა 2023 წელს ცხოვრებაში პატარა განახლებას ველი“, – დაწერა ოსაკამ ტვიტერის საკუთარ გვერდზე.

ჩოგბურთელის განმარტებით, ის 2024 წელს ავსტრალიის ღია პირველობაზე ითამაშებს.

ფოტო: Getty Images

აღსანიშნავია, რომ Forbes-ის დათვლებით, 2022 წლის განმავლობაში ნაომი ოსაკამ $51.1 მილიონის გამომუშავება შეძლო, რამაც ის წლის ყველაზე მაღალშემოსავლიან სპორტსმენ ქალად აქცია. თუმცა, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ აქედან სპორტული აქტივობით გამომუშავებული თანხა მხოლოდ 1.1 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

Qatar Sports Investments-ი პრემიერლიგის კლუბების შეძენითაა დაინტერესებული

Bloomberg News-ის ინფორმაციით, კატარის ფონდი ინგლისის პრემიერლიგის კლუბების შეძენითაა დაინტერესებული. ფონდი, პოტენციურ სამიზნედ, „მანჩესტერ იუნაიტედს“, „ლივერპულს“ ან „ტოტენჰემს“ განიხილავს. მოხსენების თანახმად, Qatar Sports Investments-ი „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და „ლივერპულის“ წილის, ან სრულად შესყიდვას განიხილავს.

როგორც გამოცემა იტყობინება, Qatar Sports Investments-ისა და „ტოტენჰემის“ ხელმძღვანელობას შორის შეხვედრა უკვე გაიმართა. თუმცა, „ტოტენჰემ ჰოთსპურის“ ცნობით, კლუბის გაყიდვასთან დაკავშირებით გამართული შეხვედრის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

ფოტო: AFP

როგორც ნოემბერში გახდა ცნობილი, „მანჩესტერ იუნაიტედის“ მფლობელი გლეიზერების ოჯახი ინგლისური კლუბის გაყიდვას გეგმავს. თუმცა, სრულად გაყიდვის გარდა, პრემიერლიგის კლუბისთვის გარე ინვესტიციას განიხილავს. ნოემბერსვე, Fenway Sports Group-ის მიერ კლუბის შესაძლო გაყიდვაზე განცხადება „ლივერპულის“ თავმჯდომარემ, ტომ ვერნერმა გააკეთა.

ცნობისთვის, Forbes-ი „მანჩესტერ იუნაიტედს“ $4.6 მილიარდად აფასებს, რაც მას მსოფლიოს რიგით მესამე ყველაზე ძვირად ღირებულ საფეხბურთო კლუბად აქცევს. ამერიკული გამოცემის მონაცემებით, „ლივერპულის“ ღირებულება $4.45 მილიარდია (რეიტინგში მეოთხე), ხოლო „ტოტენჰემი“ 2022 წლის ყველაზე ძვირად ღირებული კლუბების ათეულს ასრულებს და $2.35 მილიარდად არის შეფასებული.

შეგახსენებთ, რომ Qatar Sports Investments-ის საკუთრებაშია ფრანგული საფეხბურთო კლუბი „პარი სენ-ჟერმენი“. გარდა ამისა, კატარის ფონდი პორტუგალიურ საფეხბურთო კლუბ „ბრაგას“ მეწილეცაა.

დატოვე კომენტარი

1 კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *