გასული კვირის მნიშვნელოვანი სპორტული სიახლეები

გასული კვირის მნიშვნელოვანი სპორტული სიახლეები

გასული ერთი კვირა სპორტის სფეროში, განსაკუთრებით ფეხბურთის სახეობაში მნიშვნელოვანი სიახლეებით გამორჩეული აღმოჩნდა. მედიაში „ნაპოლის“ ქართველი შემტევის შეძენით ბრიტანული გრანდების დაინტერესების შესახებ დაიწერა. გარდა ამისა, ბრიტანეთის ერთ-ერთმა უმდიდრესმა ადამიანმა, სერ ჯიმ რეტკლიფმა დაადასტურა, რომ გლეიზერების ოჯახისგან „მანჩესტერ იუნაიტედის“ შესაძენად მისი კომპანია Ineos-ი მოლაპარაკებებს აწარმოებს. ცოტა ხნის წინ კი, ყალბი ფინანსური აღრიცხვების გამო „იუვენტუსს“ სერია A-ში 15 ქულა დააკლეს. ამასთან, „ბარსელონის“ ყოფილი მოთამაშე, დანი ალვეში ესპანეთის პოლიციამ სექსუალური შევიწროების ბრალდებით დააკავა.

წინამდებარე მიმოხილვაში სწორედ ამ და სხვა მნიშვნელოვან სიახლეებს გაეცნობით.

ხვიჩა კვარაცხელია ინგლისური გრანდების სატრანსფერო სამიზნეა

ტურინის „იუვენტუსის“ წინააღმდეგ ჩატარებული შესანიშნავი მატჩის შემდეგ, „ნაპოლის“ ქართველი შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია მედიის ყურადღების ცენტრში კვლავ აქტიურად მოექცა. სერია A-ს მე-18 ტურის შეხვედრაში, რომელიც 13 იანვარს შედგა, ხვიჩამ თავი ერთი გოლითა და ორი საგოლე გადაცემით გამოიჩინა, გარდა ამისა, მატჩში არაერთი დასამახსოვრებელი ეპიზოდი შექმნა. საბოლოო ჯამში „ნაპოლიმ“ „იუვენტუსი“ გამანადგურებელი ანგარიშით, 5:1 დაამარცხა.

მედიაში, გარდა კვარაცხელიას გამორჩეული თამაშის აღნიშვნისა, ქართველის შეძენით არაერთი გრანდის დაინტერესების შესახებაც დაიწერა. თავდაპირველად, Daily Express-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხვიჩა ლონდონის „არსენალის“ ხუთ სატრანსფერო სამიზნეს შორისაა. როგორც ბრიტანული გამოცემა იუწყება, „მეთოფეების“ რადარზე 21 წლის ქართველი მას შემდეგ გამოჩნდა, რაც ლონდონელებმა უკრაინული დონეცკის „შახტარის“ ფეხბურთელის, მიხაილო მუდრიკის დამატება ვერ შეძლეს – მუდრიკი მეორე ლონდონურ კლუბს, „ჩელსის“ 15 იანვარს შეუერთდა.

ამის შემდეგ, სხვადასხვა მედიაწყარომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კვარაცხელიას ტრანსფერში „არსენალს“ კიდევ ერთი ინგლისური გრანდი, „ლივერპული“ შეეცილება. თუმცა აღსანიშნავია, რომ „ლივერპულის“ ქართველით დაინტერესების შესახებ მანამდეც არაერთხელ დაიწერა. ხვიჩას სახელს ასევე უკავშირებდნენ „ტოტენჰემ ჰოტსპურსაც“.

ფოტო: Getty Images

რამდენიმე დღის წინ კი, Daily Mail-მა გამოაქვეყნა მასალა, რომელშიც აღნიშნულია, რომ „ნაპოლის“ ქართველ გარემარბს „მანჩესტერ სიტი“ აქტიურად აკვირდება. Goal.com-ის ცნობით, როგორც ფეხბურთელის აგენტი, მამუკა ჯუღელი აცხადებს, პრემიერ-ლიგის კლუბისგან ოფიციალური შეთავაზება ჯერჯერობით არ მიუღიათ.

შეგახსენებთ, გასული წლის ოქტომბერში, ხვიჩას შეძენით სხვადასხვა გრანდის დაინტერესების საპასუხოდ, „ნაპოლის“ დირექტორმა, კრისტიანო ჯუნტოლიმ განაცხადა, რომ იტალიური კლუბი კვარაცხელიას გაყიდვას არ აპირებს. „შემიძლია გითხრათ, რომ კვარაცხელია 100%-ით ხელშეუხებელია. ის სატრანსფერო ბაზარზე ნამდვილად არ გამოჩნდება“, – აღნიშნა მაშინ ჯუნტოლიმ.

ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ ფეხბურთელი ოფიციალურად გასული წლის 1-ელ ივლისს გახდა. იტალიელებმა მის სანაცვლოდ 10 მილიონი ევრო გადაიხადეს. აღსანიშნავია, რომ თუ ტრანსფერის განხორციელებისას ხვიჩას საბაზრო ღირებულება 15 მილიონ ევროს შეადგენდა, ამჟამად ეს მაჩვენებელი 60 მილიონს უდრის (მონაცემი ბოლოს 2022 წლის 11 ნოემბერს განახლდა).

აქვე გეტყვით, რომ მოცემული დროისთვის კვარაცხელიას „ნაპოლის“ რიგებში საერთო ჯამში 20 შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული. აქედან 15 მატჩი იტალიის სერია A-ში, 5 შეხვედრა კი ჩემპიონთა ლიგაზე ჩაატარა. ქართველის ანგარიშზე სერია A-ში 7 გოლი და 7 საგოლე გადაცემა, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე – 2 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.

სპრინტის ლეგენდას, უსაინ ბოლტს ანგარიშიდან $12.7 მილიონი მოჰპარეს

ლეგენდარული იამაიკელი სპრინტერის, უსაინ ბოლტის ანგარიშიდან $12.7 მილიონი გაქრა. ამის შესახებ ინფორმაცია მედიაში რამდენიმე დღის წინ გავრცელდა.

როგორც ირკვევა, უსაინ ბოლტი თანხას იამაიკური კერძო საინვესტიციო ფირმა Stocks & Securities Limited-ის ანგარიშზე ინახავდა. სპორტსმენის ადვოკატები იუწყებიან, რომ ახლა ანგარიშზე მხოლოდ $12,000-მდეა დარჩენილი. მათივე განცხადებით, ფულის გაქრობა შესაძლოა, თაღლითობასა და ქურდობასთან იყოს დაკავშირებული.

ფოტო: Getty Images

Associated Press-ის ინფორმაციით, საქმეს იამაიკის ფინანსური სერვისების კომისია იძიებს. აღსანიშნავია, რომ შემთხვევას ქვეყნის ფინანსთა მინისტრი ნაიჯელ კლარკი გამოეხმაურა და მომხდარს საგანგაშო უწოდა.

უსაინ ბოლტმა თავისი ბოლო სამი ოლიმპიური ოქროს მედალი რიო-დე-ჟანეიროში 2016 წელს გამართულ ოლიმპიურ თამაშებზე მოიგო. აქედან ორი წლის შემდეგ, 2018 წელს ის Forbes-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების სიაში 45-ე ადგილზე მოხვდა, $1-მილიონიანი ხელფასითა და სხვა შემოსავლის სახით $30 მილიონით.

დანი ალვეშს სექსუალური შევიწროების ბრალდებით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

ბრაზილიელი ფეხბურთელი, კატალონიის „ბარსელონის“ ყოფილი მოთამაშე დანი ალვეში ესპანეთის პოლიციამ დააკავა. მას ბრალი ქალაქ ბარსელონის ერთ-ერთ ღამის კლუბში, ქალის სექსუალურ შევიწროებაში ედება.

ესპანელი მოსამართლის გადაწყვეტილებით, დანი ალვეშს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. როგორც ირკვევა, ფეხბურთელს გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების უფლება არ მიენიჭა.

„ვცეკვავდი და შესანიშნავ დროს ვატარებდი, არავის პირად სივრცეში არ შევჭრილვარ. არ ვიცი ვინ არის ეს ქალბატონი…“, – განაცხადა ბრალდებასთან დაკავშირებით ალვეშმა.

ფოტო: Getty Images

აღსანიშნავია, რომ მექსიკურმა კლუბმა „Pumas“-მა, რომელშიც ბრაზილიელი ფეხბურთელი დაკავებამდე ირიცხებოდა, მასთან კონტრაქტის დაუყოვნებლივ შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.

აქვე შეგახსენებთ, რომ დანი ალვეში „ბარსელონის“ რიგებში 2008-2016 წლებში ირიცხებოდა, ასევე კატალონიურ კლუბში 2021-22 წლების სეზონშიც დაბრუნდა.

ყალბი ფინანსური აღრიცხვების გამო „იუვენტუსს“ სერია A-ში 15 ქულა დააკლეს

პარასკევს, იტალიის ფეხბურთის ფედერაციაში სააპელაციო განხილვის შემდეგ, ტურინის „იუვენტუსს“ ყალბი ფინანსური აღრიცხვების გამო სერია A-ში 15-ქულიანი ჯარიმა დაეკისრა. შედეგად, კლუბმა ლიგაში მესამე პოზიციიდან მე-10 ადგილზე გადაინაცვლა. ნაკლებად წარმოსადგენია, რომ ცხრილში მსგავსი მდგომარეობით, დარჩენილი 20 მატჩის შემდეგ „იუვენტუსმა“ ევროპის მომდევნო საკლუბო ჩემპიონატებზე გასვლა შეძლოს.

აღსანიშნავია, რომ პროკურორი ტურინული კლუბისთვის 9 ქულის დაქვითვას მოითხოვდა, თუმცა „იუვენტუსმა“ უფრო მძიმე სასჯელი მიიღო.

„იუვენტუსის“ ყოფილ პრეზიდენტს, ანდრეა ანიელის ფეხბურთის სფეროში საქმიანობა ორი წლით აეკრძალა. ანალოგიურად, ხანგრძლივი აკრძალვები დაეკისრათ კლუბის საბჭოს სხვა ყოფილ წევრებს, რომლებმაც ნოემბერში გადადგომის შესახებ განაცხადეს, მას შემდეგ, რაც სავარაუდო ყალბი ბუღალტრული აღრიცხვის გამო გამოძიება დაიწყო.

ფოტო: REUTERS

ასევე, აღსანიშნავია, რომ 30-თვიანი აკრძალვა მიესაჯა „იუვეს“ ყოფილ სპორტულ დირექტორს, ფაბიო პარატიჩისაც, რომელიც ამჟამად „ტოტენჰემში“ მუშაობს. ინგლისური კლუბი იმის დადგენას ცდილობს, ვრცელდება თუ არა პარატიჩის აკრძალვა იტალიის ფარგლებს გარეთ.

„იუვენტუსს“ გადაწყვეტილების გასაჩივრება იტალიის უმაღლეს სპორტულ სასამართლოში შეუძლია. ეს უკანასკნელი ქვეყნის ოლიმპიური კომიტეტის შემადგენლობაში შედის.

კორონავირუსის პანდემიის დაწყებისას, „იუვენტუსმა“ განაცხადა, რომ მისი 23 ფეხბურთელი ოთხი თვით ხელფასის შემცირებას დათანხმდა, რათა კლუბს კრიზისის დაძლევაში დახმარებოდა. თუმცა პროკურორები ამტკიცებენ, რომ მოთამაშეებმა ამ მიზნით მხოლოდ ერთი თვის ხელფასი დათმეს. ტურინის პროკურორებმა ასევე აღმოაჩინეს სავარაუდო ფარული ანგარიშსწორებები ყოფილი ფეხბურთელის, კრიშტიანუ რონალდუსთვის, რაც „იუვენტუსის“ მიერ ოფიციალურად გასაჯაროებული არ იყო.

ჯიმ რეტკლიფი ადასტურებს, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ შეძენას ცდილობს

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბრიტანეთის ერთ-ერთმა უმდიდრესმა ადამიანმა, სერ ჯიმ რეტკლიფმა დაადასტურა, რომ გლეიზერების ოჯახისგან „მანჩესტერ იუნაიტედის“ შესაძენად მისი კომპანია Ineos-ი მოლაპარაკებებს აწარმოებს. აღსანიშნავია, რომ 70 წლის მილიარდერი, რომელიც ფეილსვორტში, დიდ მანჩესტერშია დაბადებული, „წითელი ეშმაკების“ ქომაგია.

შეგახსენებთ, გლეიზერების ოჯახმა, რომელიც „მანჩესტერ იუნაიტედს“ დაახლოებით 17 წელია ფლობს, კლუბის გაყიდვის სურვილი გასული წლის ნოემბერში გამოთქვა. გაყიდვის პროცესის ექსკლუზიურ ფინანსურ მრჩევლად გლეიზერებმა The Raine Group-ი დანიშნეს, რომელიც მიმდინარე წლის დასაწყისში „ჩელსის“ გაყიდვაშიც მონაწილეობდა.

„მანჩესტერ იუნაიტედის“ შეძენის მსურველს კლუბის შესყიდვა არც ისე იაფი დაუჯდება. როგორც The Guardian-ი წერს, გლეიზერები მის სანაცვლოდ დაახლოებით 5 მილიარდი გირვანქა სტერლინგის მიღებას იმედოვნებენ.

ფოტო: talksport.com

ცნობისთვის გეტყვით, რომ ჯიმ რეტკლიფის ქონებას Forbes-ი 15.5 მილიარდ აშშ დოლარად აფასებს, რაც მოცემული დროისთვის მას მსოფლიოს რიგით 112-ე უმდიდრეს ადამიანად აქცევს.

რაც შეეხება „მანჩესტერ იუნაიტედს“, მას ამერიკული გამოცემა $4.6 მილიარდად აფასებს, რაც ამ უკანასკნელს მსოფლიოს რიგით მესამე ყველაზე ძვირად ღირებულ საფეხბურთო კლუბად აქცევს.

აღსანიშნავია, რომ Ineos Group-ის მილიარდერმა მფლობელმა, რომლის საკუთრებაშიც ფრანგული საფეხბურთო კლუბი „ნიცაც“ შედის, განაცხადი „ჩელსის“ შესყიდვაზეც გააკეთა, თუმცა ლონდონური კლუბი ამერიკელი ბიზნესმენის, ტოდ ბოლის მეთაურობით შექმნილმა კონსორციუმმა შეიძინა.

„ჩელსიმ“ მიხაილო მუდრიკი 70 მილიონ ევროდ შეიძინა

ლონდონის „ჩელსიმ“ უკრაინული დონეცკის „შახტარის“ ფეხბურთელი, მიხაილო მუდრიკი შეიძინა. 22 წლის ფეხბურთელი ინგლისურ კლუბს ოფიციალურად 15 იანვარს შეუერთდა. უკრაინელმა შემტევმა „ჩელსისთან“ კონტრაქტი 2031 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.

გავრცელებული ინფორმაციით, „ჩელსიმ“ უშუალოდ მუდრიკის სანაცვლოდ 70 მილიონი ევრო გადაიხადა. აღსანიშნავია, რომ „შახტარის“ პრეზიდენტის, რინატ ახმეტოვის განცხადებით, კლუბი ტრანსფერიდან მიღებული თანხიდან 25 მილიონი დოლარით ჯარისკაცებსა და მათ ოჯახებს დაეხმარება.

ფოტო: sportskeeda.com

ცნობისთვის, მიხაილო მუდრიკს „შახტარის“ მაისურით 2022/23 წლების სეზონში საერთო ჯამში 18 შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული. აქედან 12 თამაში უკრაინის პრემიერ ლიგაში, 6 მატჩი კი ჩემპიონთა ლიგაზე ჩაატარა. პირველის შემთხვევაში მუდრიკის ანგარიშზე 7 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა, მეორეს შემთხვევაში კი – 3 გოლი და 2 საგოლე გადაცემა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *