გასული კვირის განმავლობაში სპორტის სფეროში მნიშვნელოვანი სიახლეები მოხდა. ახალი ამბებით განსაკუთრებით დატვირთული კალათბურთის სახეობა აღმოჩნდა. ისტორიული შედეგის დაფიქსირება შეძლო „ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ კალათბურთელმა, ლებრონ ჯეიმსმა, რომელმაც NBA-ში კარიერის განმავლობაში ჩაგდებული ქულებით რეკორდი დაამყარა. გარდა ამისა, Indiana Pacers-მა გოგა ბითაძე გუნდიდან გაუშვა. კევინ დურანტმა კი Brooklyn Nets-ი დატოვა და Phoenix Suns-ში გადავიდა. ამასთანავე, კობი ბრაიანტის მაისური Sotheby’s-ის აუქციონზე გაიყიდა.
სიახლეებია სპორტის სხვა სახეობებიდან. გავრცელდა ინფორმაცია, რომ Ford-ი 2026 წლის სეზონიდან ფორმულა 1-ში დაბრუნებას გეგმავს. 23 წლის იტალიელი ფეხბურთელი, ნიკოლო ძანიოლო კი მშობლიური ქვეყნის კლუბ „რომადან“ თურქულ „გალათასარაიში“ გადავიდა.
წინამდებარე მიმოხილვაში სპორტის სფეროს აღნიშნულ სიახლეებზე დეტალებს გაეცნობით.
38,390 ქულა კარიერაში – ლებრონ ჯეიმსმა რეკორდი დაამყარა
„ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ კალათბურთელმა, ლებრონ ჯეიმსმა NBA-ის ყველა დროის რეკორდი დაამყარა – მან კარიერის განმავლობაში კალათში 38,390 ქულის ჩაგდება შეძლო, რითაც გუნდის ყოფილი მოთამაშის, კარიმ აბდულ-ჯაბარის შედეგი, 38,387 ქულა გააუმჯობესა.
38 წლის ჯეიმსმა რეკორდი „ოკლაჰომა სიტი ტანდერის“ წინააღმდეგ თამაშისას, მესამე მეოთხედში დაამყარა, როდესაც 38,388-ე ქულის ჩაგდება შეძლო. აღსანიშნავია, რომ შეხვედრას აბდულ-ჯაბარიც ესწრებოდა, რომელმაც რეკორდული შედეგის დაფიქსირება 39 წლის ასაკში შეძლო. საბოლოოდ, „ლეიკერსი“ „ოკლაჰომასთან“ ანგარიშით 130:133 დამარცხდა. ლებრონ ჯეიმსმა შეხვედრაში 38 ქულა ჩააგდო.
შეგახსენებთ, ჯეიმსმა, NBA-ის ოთხგზის ჩემპიონმა და ლიგის ოთხგზის MVP-მ, კარიერაში 38,000-ქულიანი ნიშნული გასულ თვეში „ფილადელფია სევენთი-სიქსერთან“ შეხვედრისას გადალახა.
Indiana Pacers-მა გოგა ბითაძე გუნდიდან გაუშვა
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) გუნდმა, Indiana Pacers-მა გოგა ბითაძესთან თანამშრომლობა შეწყვიტა. ქართველი კალათბურთელი თავისუფალი აგენტის სტატუსს ატარებს.
„გმადლობთ, გოგა, ბოლო 3.5 სეზონის განმავლობაში პარკეტსა და მის გარეთ დატოვებული მოგონებებისთვის“, – ვკითხულობთ Indiana Pacers-ის მიერ სოციალურ ქსელ Facebook-ში გამოქვეყნებულ დასამშვიდობებელ პოსტში.
საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ერთ-ერთი ლიდერისა და Indiana Pacers-ის ურთიერთობა 2019 წელს დაიწყო, როცა ინდიანოპოლისურმა გუნდმა ქართველი ცენტრი დრაფტზე მე-18 პიკად აიყვანა. მას მერე, გოგა ბითაძეს გუნდში ეპიზოდური როლები ჰქონდა და მაღალი კონკურენციის გამო, გუნდის ძირითად ხუთეულში თავის დამკვიდრება მოთამაშისთვის რთული აღმოჩნდა.
ჯერჯერობით უცნობია, რომელ გუნდში გააგრძელებს გოგა კარიერას.
Ford-ი 2026 წლის სეზონიდან ფორმულა 1–ში დაბრუნებას გეგმავს
ავტოინდუსტრიის ამერიკული გიგანტის, Ford-ის განცხადებით, ის 2026 წლის სეზონიდან ფორმულა 1-ში დაბრუნებას გეგმავს. შეგახსენეთ, კომპანია F1-ში 2004 წლიდან აღარ მონაწილეობს.
„დღეს ახალი ამბები იმის შესახებ, რომ Ford-ი ფორმულა 1-ში 2026 წლიდან ბრუნდება, შესანიშნავია სპორტისთვის. მოხარული ვართ, რომ ვუერთდებით არაჩვეულებრივ პარტნიორებს უკვე ფორმულა 1-ში“, – განაცხადა ფორმულა 1-ის პრეზიდენტმა და CEO-მ, სტეფანო დომენიკალიმ.
„ეს არის ახალი ამაღელვებელი თავის დასაწყისი ფორდის ავტოსპორტის ისტორიაში, რომელიც დაიწყო მაშინ, როდესაც პაპაჩემმა [ჰენრი ფორდმა] მოიგო რბოლა, რომელმაც ხელი შეუწყო ჩვენი კომპანიისთვის საფუძვლის ჩაყრას“, – აცხადებს ბილ ფორდი, Ford Motor Company-ის აღმასრულებელი თავმჯდომარე.
აქვე გეტყვით, რომ ფორმულა 1-ში 2030 წლისთვის ნულოვანი გამონაბოლქვის მიზნის მიღწევა იგეგმება, 2026 წლიდან კი – F1-ის მანქანებში მდგრადი საწვავის გამოყენების დაწყება.
კევინ დურანტმა Brooklyn Nets-ი $300 მილიონზე მეტი შემოსავლით დატოვა
NBA-ის ვარსკვლავმა, კევინ დურანტმა Brooklyn Nets-ი $300 მილიონზე მეტი შემოსავლით დატოვა და Phoenix Suns-ში გადავიდა.
Spotrac-ის ცნობით, კევინ დურანტმა ნიუ-იორკში გატარებულ დაახლოებით სამ-ნახევარ სეზონში $147.6 მილიონის ოდენობის ხელფასი და წამახალისებელი ანაზღაურება მიიღო.
Forbes-ის შეფასებით კი, დურანტმა Brooklyn Nets-ში ყოფნის პერიოდში დამატებით $161 მილიონი გამოიმუშავა, მათ შორის $45 მილიონი სასპონსორო გარიგებებიდან Nike-თან, Coinbase-თან და 2K Sports-სთან.
ამის წყალობით, Brooklyn Nets-ში გატარებული პერიოდის განმავლობაში კევინ დურანტის მიერ მიღებულმა შემოსავალმა მთლიანობაში $308.6 მილიონი შეადგინა.
შეგახსენებთ, კევინ დურანტმა Brooklyn Nets-თან კონტრაქტი 2019 წლის ზაფხულში გააფორმა, NBA-ის კიდევ ერთ ვარსკვლავ კაირი ირვინგთან ერთად. თუმცა, ტრავმის გამო, დურანტს 2019-20 წლების მთელი სეზონის გამოტოვება მოუწია.
აქვე გეტყვით, რომ Brooklyn Nets-იდან კაირი ირვინგიც წავიდა. კალათბურთელი Dallas Mavericks-ში გადაბარგდა.
ნიკოლო ძანიოლო „რომადან“ თურქულ „გალათასარაიში“ გადავიდა
23 წლის იტალიელი ფეხბურთელი, ნიკოლო ძანიოლო, რომელიც მშობლიური ქვეყნის კლუბ „რომას“ ღირსებას იცავდა, თურქულ „გალათასარაიში“ გადავიდა. გავრცელებული ცნობებით, მხარეებს შორის ოთხწლიანი კონტრაქტი გაფორმდა.
ცნობილი სპორტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, „გალათასარაიმ“ უშუალოდ ფეხბურთელის სანაცვლოდ €16.5 მილიონი გადაიხადა, დამატებით კი ტრანსფერის სრულყოფისთვის 13 მილიონი ევრო. მისივე ცნობით, ძანიოლო თურქული კლუბისგან წელიწადში ხელფასის სახით €3.5 მილიონს მიიღებს. აქვე გეტყვით, რომ ფეხბურთელის საბაზრო ღირებულება მოცემული დროისთვის 30 მილიონ ევროს შეადგენს.
ნიკოლო ძანიოლო „რომაში“ 2018 წლის ზაფხულში მილანის „ინტერიდან“ გადავიდა. დედაქალაქელებმა ფეხბურთელის სანაცვლოდ €6.75 მილიონი გადაიხადეს. გაზრდილი კონკურენციის ფონზე, ძანიოლოს „რომაში“ ნაკლები სათამაშო დრო ეძლეოდა. მან მიმდინარე სეზონში საერთო ჯამში 17 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომელთა განმავლობაში 2 გოლის გატანა და სამი საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო.
23 წლის ფეხბურთელი „რომაში“ 22-ნომრიან მაისურს ატარდება, „გალათასარაიში“ კი ფორმისთვის 17 ნომერი შეარჩია. ძანიოლოს მიერ ამ ნომრის შერჩევა შემთხვევითი არ ყოფილი – მან ეს მიწისძვრის შედეგად დაღუპული „გალათასარაის“ 17 წლის გულშემატკივრის ხსოვნის პატივსაცემად გააკეთა. აღსანიშნავია, რომ კლუბის ახალგაზრდა ქომაგის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ბოლო პოსტი სწორედ ძანიოლოს „გალათასარაიში“ ტრანსფერს უკავშირდება.
კობი ბრაიანტის მაისური აუქციონზე $5.8 მილიონად გაიყიდა
„ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ სათამაშო მაისური, რომელსაც კალათბურთის აწ გარდაცვლილი ლეგენდა, კობი ბრაიანტი იმ სეზონში ატარებდა, როდესაც ის ეროვნული საკალათბურთო ლიგის ყველაზე ღირებულ მოთამაშედ (MVP) დასახელდა, Sotheby’s-ის აუქციონზე $5.8 მილიონად გაიყიდა. აღსანიშნავია, რომ სააუქციონო სახლი ნივთის გაყიდვას 7 მილიონ აშშ დოლარად იმედოვნებდა.
Sotheby’s-ის განცხადებით, აღნიშნული, 24-ნომრიანი მაისურით ბრაიანტმა 2007-2008 წლების სეზონში 20-ზე მეტი თამაში ჩაატარა. იმ წელს, როდესაც „ლეიკერსმა“ NBA-ის ჩემპიონის ტიტული „ბოსტონ სელტიკსთან“ დაკარგა, ბრაიანტი სეზონის MVP-იდ დასახელდა. მან ჯილდო სეზონში ჯამში 645 ქულის მოგროვებით დაიმსახურა – საშუალოდ 28.5 ქულა თითო მატჩში.
ცნობისთვის გეტყვით, რომ მოცემული დროისთვის ყველაზე ძვირად ღირებული სპორტული სამახსოვრო ნივთის სტატუსი მაიკლ ჯორდანის „ჩიკაგო ბულზის“ მაისურს ეკუთვნის, რომელიც გასულ წელს $10.1 მილიონად გაიყიდა.
დატოვე კომენტარი