გასული კვირის მნიშვნელოვანი სპორტული სიახლეები

გასული კვირის მნიშვნელოვანი სპორტული სიახლეები

გასული ერთი კვირის განმავლობაში სპორტის სფეროში მნიშვნელოვანი სიახლეები მოხდა. ბოლო დღეები განსაკუთრებით დატვირთული აღმოჩნდა ქართველი სპორტსმენების შესახებ ამბებით. მაგალითად, გიორგი შერმადინმა „ლენოვო ტენერიფესთან“ ერთად საკონტინენტთაშორისო თასი მოიგო, გოგა ბითაძე კი NBA-ის გუნდ „ორლანდო მეჯიქს“ შეუერთდა. პარალელურად, გავრცელდა ინფორმაცია, რომ სანდრო მამუკელაშვილი NBA-ის „ოლ სტარის“ ფარგლებში დაგეგმილ G ლიგის Next Up Game-ში მიიღებს მონაწილეობას. ამასთანავე, სპორტულმა გამოცემა Goal.com-მა 2023 წლის „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტთა განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელია მე-8 ადგილს იკავებს.

სპორტის სფეროს ყოველკვირეულ მიმოხილვაში სწორედ ამ და სხვა მნიშვნელოვანი სიახლეების შესახებ დეტალებს შეიტყობთ.

FIFA-მ თურქეთისა და სირიის დასახმარებლად $1 მილიონი გამოყო

FIFA-მ თურქეთსა და სირიაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრების შედეგად დაზარალებული ადამიანებისთვის ჰუმანიტარული დახმარების გასაწევად 1 მილიონი აშშ დოლარი გამოყო.

მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს განაცხადებით, მან კონსულტაციები თურქეთის ფეხბურთის ფედერაციასთან (TFF) და სირიის ფეხბურთის ასოციაციასთან (SFA), ასევე „საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან“ გაიარა.

„დახმარება გამოყენებული იქნება ჰუმანიტარული ნივთების შესაძენად, ასევე გადაუდებელი და დროებითი თავშესაფრისა და მოსახლეობის დაცვის უზრუნველსაყოფად“, – ნათქვამია FIFA-ს განცხადებაში. გარდა ამისა, ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ის TFF-თან და SFA-სთან კომუნიკაციას გააგრძელებს და შემდგომი მოქმედებებისთვის გადაწყვეტილებებს მიიღებს.

ფოტო: AP

ცნობისთვის, პრემიერ-ლიგის ორგანიზატორებმა გასულ კვირას განაცხადეს, რომ თურქეთსა და სირიაში მომხდარი მიწისძვრების შედეგად დაზარალებული ადამიანებისთვის ერთი მილიონი გირვანქა სტერლინგი გამოიყოფა, ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო UEFA კი თურქი და სირიელი ბავშვების დასახმარებლად პირველ ეტაპზე 200,000 ევროს გაიღებს.

შეგახსენებთ, 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა თურქეთის გაზიანთეფის პროვინციის არეალში 6 თებერვალს, გამთენიისას მოხდა. რამდენიმე საათის შემდეგ კი კიდევ ერთი, 7.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. ბოლო მონაცემებით, თურქეთსა და სირიაში კატასტროფის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 43,000-ს გადააჭარბა.

სანდრო მამუკელაშვილი G ლიგის „ოლ სტარში“ მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე, სანდრო მამუკელაშვილი NBA-ის „ოლ სტარის“ ფარგლებში დაგეგმილ G ლიგის Next Up Game-ში მიიღებს მონაწილეობას. აღსანიშნავია, რომ სანდრო პირველი ქართველია, რომელიც G ლიგის გამორჩეული კალათბურთელების შეხვედრაში იასპარეზებს.

ფოტო: NBA

მამუკელაშვილი Next Up Game-ში „ვისკონსინ ჰერდის“ რიგებიდან ითამაშებს. მართალია, სანდრო „მილოუკი ბაქსის“ ღირსებას იცავს, თუმცა მეტი სათამაშო გამოცდილებისა და დროის მისაღებად, ორმაგი კონტრაქტის საფუძველზე, სწორედ G ლიგის გუნდშია ხოლმე განათხოვრებული.

როგორც ირკვევა, ქართველი კალათბურთელი „მინესოტა ტიმბერვულვზის“ მოთამაშის, ლუკა გარზას გუნდში ითამაშებს. მამუკელაშვილმა გუნდში „სან-ანტონიო სპურსის“ კალათბურთელი, ჩარლზ ბეისი ჩაანაცვლა.

კვარაცხელია 2023 წლის „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტთა რეიტინგში მე-8 ადგილზეა – Goal.com

„ნაპოლის“ ქართველი შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია მსოფლიოს ერთ-ერთი პრესტიჟული სპორტული გამოცემა Goal.com-ის რეიტინგში, რომელიც 2023 წლის „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტთა შანსებს აფასებს, კვლავ დაწინაურდა. ნეაპოლელთა თავდამსხმელი განახლებულ ჩამონათვალში მე-8 ადგილს იკავებს.

აღსანიშნავია, რომ დეკემბერში Goal.com-მა 2023 წლის „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტთა შორის კვარაცხელია მე-9 ადგილზე დაასახელა, თუმცა ამის შემდეგ ქართველმა რეიტინგში მე-10 ადგილზე გადაინაცვლა. ახლა კი, „ნაპოლის“ 22 წლის ფეხბურთელმა ერთდროულად ორი პოზიციით დაწინაურება შეძლო. მოცემული დროისთვის, 2022/23 წლების სეზონში ხვიჩას ანგარიშზე საერთო ჯამში 13 გოლი და 15 საგოლე გადაცემაა.

ფოტო: Getty Images

აქვე გეტყვით, რომ Goal.com-ის რეიტინგის პირველ ათეულში მოხვდა კვარაცხელიას თანაგუნდელი ვიქტორ ოსიმენიც, რომელიც ჩამონათვალში მე-9 ადგილს იკავებს.

2023 წლის ოქროს ბურთის პრეტენდენტთა ტოპ-10, რომელიც Goal.com-მა მიმდინარე თვისთვის შეადგინა, ასე გამოიყურება: 

  1. ლიონელ მესი (პსჟ)
  2. კილიან მბაპე (პსჟ)
  3. ერლინგ ჰაალანდი (მანჩესტერ სიტი)
  4. რობერტ ლევანდოვსკი (ბარსელონა)
  5. ნეიმარი (პსჟ )
  6. მარკუს რეშფორდი (მანჩესტერ იუნაიტედი)
  7. ვინისიუს ჯუნიორი (რეალი)
  8. ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი)
  9. ვიქტორ ოსიმენი (ნაპოლი)
  10. ჯამალ მუსიალა (მიუნხენის ბაიერნი)
გოგა ბითაძე „ორლანდო მეჯიქში“ გადავიდა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, გოგა ბითაძე NBA-ში დარჩა. კალათბურთელი კარიერას აღმოსავლეთ კონფერენციის გუნდ „ორლანდო მეჯიქში“ აგრძელებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია გუნდის ოფიციალურ ვებგვერდზე რამდენიმე დღის წინ გავრცელდა.

გოგა ბითაძესა და „ორლანდო მეჯიქს“ შორის გარიგების დეტალები, გუნდის პოლიტიკიდან გამომდინარე, ჯერჯერობით არ გასაჯაროებულა. როგორც ცნობილია, სპორტსმენი ახალ გუნდში 35-ნომრიან მაისურს მოირგებს.

შეგახსენებთ, ქართველი კალათბურთელი „იანდიანა პეისერსმა“ გასულ კვირას გუნდიდან გაუშვა. შედეგად, ბითაძემ თავისუფალი აგენტის სტატუსი მიიღო. მასსა და „პეისერსს“ შორის ურთიერთობა 2019 წელს დაიწყო, როცა ინდიანოპოლისურმა გუნდმა ქართველი ცენტრი დრაფტზე მე-18 პიკად აიყვანა.

ამის შემდეგ, გოგა ბითაძეს გუნდში ეპიზოდური როლები ჰქონდა და მაღალი კონკურენციის გამო, ძირითად ხუთეულში თავის დამკვიდრება მოთამაშისთვის რთული აღმოჩნდა. ბითაძემ მიმდინარე სეზონში „ინდიანას“ შემადგენლობაში 21 მატჩში ითამაშა. საერთო ჯამში კი, NBA-ის რეგულარულ სეზონში 170 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მათ შორის 21 მატჩი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო.

კატარელი ინვესტორები „მანჩესტერ იუნაიტედის“ შესაძენად £5-მილიარდიან შეთავაზებას ამზადებენ – Bloomberg

Bloomberg-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კატარელი ინვესტორებისგან დაკომპლექტებული კონსორციუმი ინგლისურ კლუბ „მანჩესტერ იუნაიტედის“ შესაძენად £5-მილიარდიან შეთავაზებას ამზადებს. მისივე ცნობით, კონსორციუმში შედის კატარის ექსპრემიერი და Qatar Investment Authority-ის ყოფილი ხელმძღვანელი, ჰამად ბინ ჯასიმ ბინ ჯაბერ ალ თანი.

Telegraph-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კი, „წითელი ეშმაკების“ შესაძენად შეთავაზება საუდის არაბეთიდანაც გაკეთდა. აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში „მანჩესტერ იუნაიტედის“ შეძენით არაერთი მხარის დაინტერესების შესახებ დაიწერა.

ამის მიუხედავად, როგორც Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, „იუნაიტედის“ შესყიდვის მთავარ პრეტენდენტად ბრიტანელი მილიარდერი ჯიმ რეტკლიფი განიხილება. როგორც ცნობილია, კომპანია INEOS-ის მფლობელი „წითელი ეშმაკების“ დიდი ხნის ქომაგია. აქვე გეტყვით, რომ ამჟამად რეტკლიფის ქონებას Forbes-ი 15.3 მილიარდ აშშ დოლარად აფასებს, რაც მოცემული დროისთვის მას მსოფლიოს რიგით 111-ე უმდიდრეს ადამიანად აქცევს.

შეგახსენებთ, გლეიზერების ოჯახმა, რომელიც „მანჩესტერ იუნაიტედს“ დაახლოებით 17 წელია ფლობს, კლუბის გაყიდვის სურვილი გასული წლის ნოემბერში გამოთქვა. გაყიდვის პროცესის ექსკლუზიურ ფინანსურ მრჩევლად გლეიზერებმა The Raine Group-ი დანიშნეს, რომელიც მიმდინარე წლის დასაწყისში „ჩელსის“ გაყიდვაშიც მონაწილეობდა.

სავარაუდოდ, „მანჩესტერ იუნაიტედის“ შესყიდვასთან დაკავშირებული გარიგების ღირებულება რეკორდულ ნიშნულს მიაღწევს და „ჩელსის“ სანაცვლოდ გადახდილ $5.2 მილიარდს გადააჭარბებს.

მაიკლ ჯორდანმა ფონდ Make-A-Wish-ს $10 მილიონი შესწირა

მაიკლ ჯორდანმა საქველმოქმედო ფონდ Make-A-Wish-ს 10 მილიონი აშშ დოლარი შესწირა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია ორგანიზაციამ ოთხშაბათს გაავრცელა. მისი ცნობით, NBA-ის ლეგენდისა და მილიარდერის საჩუქარი ყველაზე დიდი ინდივიდუალური დონაციაა საქველმოქმედო ორგანიზაციის 43-წლიანი არსებობის ისტორიაში.

ზემოხსენებულთან დაკავშირებით განცხადება თვითონ მაიკლ ჯორდანმაც გააკეთა. ყოფილმა კალათბურთელმა აღნიშნა, რომ მისი შემოწირულობა ფონდისთვის, რომელიც სიცოცხლისათვის საშიში დაავადებების მქონე ბავშვებისთვის სურვილების ასრულებას ცდილობს, მისი 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით გააკეთა. ცნობისთვის, ჯორდანს დაბადების დღე, დღეს, 17 თებერვალს აქვს.

ფოტო: USA TODAY Sports

მაიკლ ჯორდანის ურთიერთობა Make-A-Wish-თან 1989 წლიდან იწყება, „ჩიკაგო ბულსში“ მისი კარიერის დასაწყისში. აღსანიშნავია, რომ ბოლო დონაციამდე, ჯორდანს ორგანიზაციისთვის $5 მილიონზე მეტი უკვე შეწირული ჰქონდა. აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ჯორდანმა, რომელმაც თავისი ქონება დიდწილად Nike-თან პარტნიორობის წყალობით დააგროვა, ბოლო წლებში ქველმოქმედებისთვის მილიონობით დოლარი გაიღო. განსაკუთრებით ხაზგასასმელია 2020 წელს 50 მილიონი დოლარის გამოყოფა რასობრივი თანასწორობის მიღწევს მცდელობებისთვის.

Forbes-ის დათვლებით, მოცემული დროისთვის მაიკლ ჯორდანის ქონება 1.7 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. მისი დიდი ნაწილი ჯორდანის საკუთრებაში არსებული NBA-ის გუნდ „შარლოტ ჰორნეტსზე“ მოდის, გარდა ამისა ყოფილმა კალათბურთელმა ცხოვრების განმავლობაში Nike-თან და სხვა კორპორაციულ პარტნიორებთან თანამშრომლობის წყალობით დაახლოებით $2 მილიარდი მიიღო.

გიორგი შერმადინმა „ლენოვო ტენერიფესთან“ ერთად საკონტინენტთაშორისო თასი მოიგო

ქართველმა კალათბურთელმა, გიორგიმ შერმადინმა „ლენოვო ტენერიფესთან“ ერთად FIBA-ს საკონტინენტთაშორისო თასი მოიგო. აღსანიშნავია, რომ ესპანური გუნდი ამ ტიტულს უკვე მესამედ დაეუფლა. კერძოდ კი, „ტენერიფემ“ თასი 2010 და 2017 წლებშიც მოიპოვა.

საკონტინენტთაშორისო თასის ფინალში „ლენოვო ტენერიფემ“ ბრაზილიური გუნდი, „სან პაულუ“ ანგარიშით 89:68 დაამარცხა. გიორგი შერმადინმა საკუთარი გუნდის გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა – ქართველმა კალათბურთელმა, რომელმაც ფინალი სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო, მეტოქეთა კალათში 12 ქულის მოთავსება შეძლო, გარდა ამისა ექვსი მოხსნაც მიითვალა.

თამაშში თავი გამოიჩინეს შერმადინის თანაგუნდელებმაც: სასუ სალინმა და ბრუნო ფიტიპალდომ „ლენოვო ტენერიფეს“ 15-15 ქულა მოუტანეს, მოწინააღმდეგეს 13 ქულა ჩაუგდო აარონ დორნეკამპმა.

ცნობისთვის, გიორგი შერმადინი „ლენოვო ტენერიფეში“ 2019 წლიდან თამაშობს.

მილიარდერი ჯამ ნაჯაფი „ტოტენჰემის“ შესაძენად $3.75-მილიარდიან შეთავაზებას ამზადებს

ირანული წარმოშობის ამერიკელი მილიარდერი ჯამ ნაჯაფი „ტოტენჰემ ჰოტსპურის“ შესაძენად $3.75-მილიარდიან შეთავაზებას ამზადებს. მილიარდერის მიერ პრემიერ-ლიგის საფეხბურთო კლუბის შესაძლო შესყიდვასთან დაკავშირებით ინფორმაციას Financial Times-ი აქვეყნებს.

ნაჯაფი, რომელიც ამავდროულად MSP Sports Capital-ის თავმჯდომარეა, საფეხბურთო კლუბისთვის შესათავაზებელ წინადადებაზე ინვესტორების კონსორციუმთან ერთად მუშაობს. მილიარდერს „ტოტენჰემის“ მფლობელ ჯო ლუისსა და თავმჯდომარე დანიელ ლევისთან ოფიციალურად დაკავშირებამდე კვირები აშორებს. შეთავაზების მიხედვით, MSP-ი და მისი პარტნიორები შესყიდვის ფასის 70%-ს დაფარავენ, დარჩენილ ნაწილს კი ფინანსური მხარდამჭერები სპარსეთის ყურიდან, ძირითადად აბუ-დაბიდან უზრუნველყოფენ.

ფოტო: REUTERS

ცნობისთვის, ბრიტანულმა საინვესტიციო ფირმა Enic Group-მა, რომელიც ბრიტანელი მილიარდერისა და ბიზნესმენის ჯო ლუისის მფლობელობაშია, „ტოტენჰემ ჰოტსპური“ 2000 წელს, £21.9 მილიონად შეიძინა. 2022 წლის ივნისში, საფეხბურთო სეზონის დასასრულს, ინგლისური კლუბის შემოსავალმა £444 მილიონს მიაღწია და პანდემიის შეზღუდვების შემსუბუქების შემდგომ, სტადიონებზე გულშემატკივრების დაბრუნების შედეგად, 2021 წლის £361-მილიონიან შემოსავალს გადაასწრო.

შეგახსენებთ, რომ „ტოტენჰემი“ Forbes-ის 2022 წლის ყველაზე ძვირად ღირებული საფეხბურთო კლუბების რეიტინგში მოხვდა და $2.35 მილიარდით მეათე ადგილი დაიკავა. გამოცემის ათეულში მოხვდნენ პრემიერ-ლიგის სხვა კლუბებიც, მათ შორის „მანჩესტერ იუნაიტედი“ ($4.6 მილიარდი) და „ლივერპული“ ($4.45 მილიარდი), რომელთა შესაძლო გაყიდვაზეც ბოლო პერიოდში საკმაოდ ხშირად იწერება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *