გასული ერთი კვირის განმავლობაში სპორტის სფეროში ყურადღების ცენტრში ქართველი სპორტსმენები კვლავ მოექცნენ. რამდენიმე დღის წინ „მილოუკი ბაქსმა“ საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე, სანდრო მამუკელაშვილი გუნდიდან გაუშვა. „ნაპოლის“ ქართველი შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია კი Goal.com-ის განახლებულ რეიტინგში, რომელიც 2023 წლის „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტთა შანსებს აფასებს, ერთი პოზიციით დაწინაურდა. „კრემონეზეს“ ქართველმა მცველმა, ლუკა ლოჩოშვილმა კი მოედანზე ადამიანის სიცოცხლის გადარჩენისთვის FIFA-ს Fair Play-ის ჯილდო მიიღო.
ბოლო დღეებში სპორტის სფეროში კიდევ არაერთი მნიშვნელოვანი სიახლე მოხდა, რომელთა შესახებაც ქვემოთ დეტალურად მოგიყვებით.
„მილოუკი ბაქსმა“ მამუკელაშვილი გუნდიდან გაუშვა
NBA-ის გუნდმა, „მილოუკი ბაქსმა“ საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე, სანდრო მამუკელაშვილი გუნდიდან გაუშვა. ამის შესახებ ინფორმაცია გუნდის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.
მამუკელაშვილსა და „მილოუკი ბაქსს“ შორის ურთიერთობა 2021 წელს დაიწყო. სანდრომ ამ გუნდის შემადგენლობაში ორი სეზონის განმავლობაში 65 თამაშში მიიღო მონაწილეობა. გარდა ამისა, მან ორმაგი კონტრაქტის საფუძველზე G ლიგის გუნდ „ვისკონსინ ჰერდის“ რიგებში 30 მატჩი ჩაატარა. სწორედ „ჰერდიდან“ მოხვდა წლევანდელ G ლიგის „ოლ სტარის“ მატჩზე და Next Up Game-ის სახელწოდებით ცნობილი შეხვედრა მოიგო.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ გუნდიდან გოგა ბითაძე გაუშვა „ინდიანა პეისერსმა“, თუმცა ქართველმა კალათბურთელმა ახალი გუნდი მალევე იპოვა. გოგა NBA-ში დარჩა და კარიერას „ორლანდო მეჯიქში“ აგრძელებს.
იხილეთ ინფორმაციის განახლება ბმულზე.
378 კვირა პირველ პოზიციაზე – ჯოკოვიჩი ყველა დროის რეკორდსმენია
სერბმა ჩოგბურთელმა, ნოვაკ ჯოკოვიჩმა რეკორდი დაამყარა – ის პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) რეიტინგში მთლიანობაში 378 კვირაა, რაც პირველ პოზიციას იკავებს. აქვე გეტყვით, რომ ჯოკოვიჩამდე ეს რეკორდი გერმანელ ჩოგბურთელს, შტეფი გრაფს ეკუთვნოდა, რომელმაც WTA-ის რეიტინგის ლიდერობა მთლიანობაში 377 კვირის განმავლობაში შეძლო.
შეგახსენებთ, ნოვაკ ჯოკოვიჩმა ATP-ის რეიტინგში პირველობა იანვარში, ავსტრალიის ღია პირველობის მოგების შემდეგ დაიბრუნა. შედეგად, სერბი ჩოგბურთელი სიაში ერთბაშად ოთხი პოზიციით დაწინაურდა და პირველი ჩოგნის სტატუსი ესპანელ კარლოს ალკარასს ჩამოართვა. ცნობისთვის, ჯოკოვიჩი ATP-ის რეიტინგში პირველად 2011 წელს გალიდერდა.
ნოვაკ ჯოკოვიჩმა, რომელიც დიდი სლემის 22-გზის გამარჯვებულია, მიმდინარე წელს უკვე ორი ტიტული მოიგო და საპრიზო თანხის სახით $2 მილიონზე მეტი გამოიმუშავა. მის მიერ კარიერაში მოგებული საპრიზო თანხა საერთო ჯამში თითქმის $167 მილიონს შეადგენს. სერბი ჩოგბურთელებს შორის ამ მაჩვენებლითაც ლიდერია.
კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტთა რეიტინგში კვლავ წინ მიიწევს – Goal.com
მსოფლიოს ერთ-ერთმა პრესტიჟულმა სპორტულმა გამოცემა Goal.com-მა 2023 წლის „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტთა განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა. „ნაპოლის“ ქართველი შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია ჩამონათვალში კიდევ ერთი პოზიციით დაწინაურდა და მე-8 ადგილიდან მე-7 ადგილზე გადაინაცვლა.
აქვე გეტყვით, რომ 2022-23 წლების სეზონში კვარაცხელიას ანგარიშზე საერთო ჯამში 14 გოლი და 16 საგოლე გადაცემაა.
Goal.com-ის რეიტინგის პირველი სამეული კვლავ უცვლელია: პირველ ადგილს „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელი, არგენტინელი ლიონელ მესი იკავებს, მეორე პოზიციაზე მისი თანაგუნდელი, ფრანგი კილიან მბაპეა, მესამე ადგილს კი „მანჩესტერ სიტის“ მოთამაშე, ნორვეგიელი ერლინგ ჰაალანდი სჯერდება.
აღსანიშნავია, რომ ტოპ-10-ს მიღმა დარჩა „პარი სენ-ჟერმენის“ კიდევ ერთი ფეხბურთელი, ნეიმარი, რომელიც განახლებულ ჩამონათვალში მე-11 ადგილს იკავებს. შეგახსენებთ, ბრაზილიელი წინა რეიტინგში კვარაცხელიაზე წინ იყო და მე-5 ადგილს იკავებდა. ნეიმარის ნაცვლად ათეულში შევიდა მისი თანამემამულე, კაზემირო, რომელიც „მანჩესტერ იუნაიტედის“ ღირსებას იცავს. ის ჩამონათვალში მე-9 პოზიციას იკავებს.
2023 წლის „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტთა განახლებული ტოპ-10, რომელიც Goal.com-მა შეადგინა, ასე გამოიყურება:
1. ლიონელ მესი (პსჟ)
2. კილიან მბაპე (პსჟ)
3. ერლინგ ჰაალანდი (მანჩესტერ სიტი)
4. მარკუს რეშფორდი (მანჩესტერ იუნაიტედი)
5. ვინისიუს ჯუნიორი (რეალი)
6. რობერტ ლევანდოვსკი (ბარსელონა)
7. ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი)
8. ვიქტორ ოსიმენი (ნაპოლი)
9. კაზემირო (მანჩესტერ იუნაიტედი)
10. ჯამალ მუსიალა (მიუნხენის ბაიერნი)
The Best: FIFA-მ 2022 წლის საუკეთესოები დააჯილდოვა
ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციამ The Best FIFA Football Awards-ის ფარგლებში 2022 წლის საუკეთესოები დაასახელა.
FIFA-მ მამაკაცთა შორის წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და ფრანგული „პარი სენ-ჟერმენის“ მოთამაშეს, ლიონელ მესის მიანიჭა. ქალთა შორის კი ეს ჯილდო კატალონიის „ბარსელონის“ ნახევარმცველ ალექსია პუტელიასს გადაეცა.
მამაკაცთა ფეხბურთში საუკეთესო მწვრთნელად ლიონელ სკალონი, არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი დასახელდა. ქალთა ფეხბურთში ეს ტიტული სარინა ვიგმანმა მოიპოვა, რომელიც ინგლისის ქალთა საფეხბურთო ნაკრებს წვრთნის.
The Best FIFA Football Awards-ის ცერემონიიდან განსაკუთრებით გამოსარჩევია ქართველი ფეხბურთელისთვის, ლუკა ლოჩოშვილისთვის გადაცემული Fair Play-ის ჯილდო. იტალიური „კრემონეზეს“ მოთამაშემ ეს ჯილდო ჯერ კიდევ ავსტრიის ბუნდესლიგაში, „ვოლფსბერგერის“ რიგებში ასპარეზობის დროს მეტოქე გუნდის ფეხბურთელის გადარჩენისთვის დაიმსახურა. ლოჩოშვილის სწრაფი რეაგირების წყალობით ვენის „აუსტრიის“ ფეხბურთელი, გეორგ ტაიგლი, რომელმაც თავის ტრავმის გამო მოედანზე გონება დაკარგა, სიკვდილს გადაურჩა.
რაც შეეხება The Best FIFA Football Awards-ის სხვა კატეგორიის გამარჯვებულებს: კაცთა შორის საუკეთესო მეკარის ჯილდო არგენტინის ნაკრებისა და „ასტონ-ვილის“ გოლკიპერს, ემილიანო მარტინესს გადაეცა. ქალთა შორის ეს ტიტული „მანჩესტერის“ მეკარეს, ინგლისელ მერი ირსპის ხვდა წილად. 2022 წლის საუკეთესო გულშემატკივრებად კი არგენტინელი ქომაგები დასახელდნენ.
აღსანიშნავია, რომ FIFA-მ გასული წლის საუკეთესო თერთმეტეულიც დაასახელა, რომელთა შორის მოხვდნენ: ტიბო კურტუა, აშრაფ ჰაკიმი, ვირჯილ ვან დაიკი, ჟოაო კანსელო, კევინ დე ბრუინი, ლუკა მოდრიჩი, კაზემირო, ლიონელ მესი, კილიან მბაპე, ქარიმ ბენზემა, ერლინგ ჰაალანდი.
PSG-ის ფეხბურთელ აშრაფ ჰაკიმის გაუპატიურების საქმეზე ბრალი წაუყენეს
მაროკოს საფეხბურთო ნაკრებისა და ფრანგული „პარი სენ-ჟერმენის“ მოთამაშეს, აშრაფ ჰაკიმის გაუპატიურების საქმეზე ბრალი წაუყენეს. ამის შესახებ ნანტერის პროკურატურის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადეს. ჰაკიმის ადვოკატის განცხადებით, მაროკოელი ფეხბურთელი ბრალდებას მტკიცედ უარყოფს.
ფრანგულმა გაზეთმა Le Parisien-მა, რომელმაც აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ინფორმაცია პირველად გაავრცელა, განაცხადა, რომ გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც გასულ კვირას 24 წლის ქალმა პოლიციას გაუპატიურების შესახებ ამცნო.
მოსალოდნელია, რომ აშრაფ ჰაკიმი, რომელმაც კუნთის ტრავმა ახლახან მოიშუშა, „პარი სენ-ჟერმენს“ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მატჩში დაუბრუნდება, რომელსაც ფრანგები „მიუნხენის ბაიერნის“ წინააღმდეგ გამართავენ.
ჰაკიმი „პარი სენ-ჟერმენს“ 2021 წლის ზაფხულში, მილანის „ინტერიდან“ შეუერთდა. ფრანგებმა მაროკოელი ფეხბურთელი 68 მილიონ ევროდ შეიძინეს. მოცემული დროისთვის, აშრაფ ჰაკიმის საბაზრო ღირებულება 70 მილიონ ევროს შეადგენს.
მილიარდერმა მარკ ლასრიმ „მილოუკი ბაქსის“ წილი გაყიდა
მილიარდერმა მარკ ლასრიმ „მილოუკი ბაქსის“ საკუთარი წილი ჰასლამების ოჯახს მიჰყიდა. Sportico-ს მიხედვით, ლასრი NBA-ის გუნდში 25%-იან წილს ფლობდა. აღსანიშნავია, რომ „ბაქსში“ თავიანთი წილები შეინარჩუნეს მილიარდერმა ინვესტორებმა, უესლი ედენსმა და ჯეიმს დინანმა.
ESPN-ის, Athletic-ისა და Sportico-ს თანახმად, გარიგებისას „მილოუკი ბაქსის“ ღირებულება 3.5 მილიარდ აშშ დოლარად შეფასდა. ეს ბევრად აჭარბებს გუნდის Forbes-ის ბოლო შეფასებას, 2.3 მილიარდ აშშ დოლარს. აღნიშნული სხვაობა იმით არის განპირობებული, რომ უკანასკნელ პერიოდში მილიარდერები სულ უფრო და უფრო მეტად ინტერესდებიან სპორტული გუნდებით და მზად არიან მათი წილის შესაძენად დიდი თანხა გადაიხადონ.
ცნობისთვის, მარკ ლასრიმ, საინვესტიციო ფირმა Avenue Capital Group-ის თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა „მილოუკი ბაქსში“ წილი 2014 წელს, დაახლოებით 138 მილიონ აშშ დოლარად შეიძინა. ახლა კი, ის ჰასლამების ოჯახს $875 მილიონად მიჰყიდა. Forbes-ი ლასრის ქონებას 1.9 მილიარდ აშშ დოლარად აფასებს.
რაც შეეხება ჰასლამების ოჯახს, რომლის ბიზნესის მთავარი ხელმძღვანელი ჯიმი ჰასლამია, მან ქონება კომპანია Pilot-ის დახმარებით დააგროვა. Forbes-ის შეფასებით, ამჟამად ჯიმი ჰასლამი 4.8 მილიარდი აშშ დოლარის მფლობელია. აქვე გეტყვით, რომ ჰასლამების ოჯახი ნაციონალური საფეხბურთო ლიგის (NFL) გუნდ Cleveland Browns-ს ფლობს.
კობი ბრაიანტის ქვრივი 28.5-მილიონიან კომპენსაციას მიიღებს
NBA-ის ვარსკვლავის, კობი ბრაიანტის ქვრივი ვანესა ბრაიანტი ლოს-ანჯელესის ოლქისგან $28.5-მილიონიან კომპენსაციას მიიღებს, 2020 წელს ავიაკატასტროფის ადგილზე კალათბურთელის ცხედრისთვის გადაღებული ფოტოების უნებართვოდ გავრცელების გამო.
The New York Times-ის ცნობით, ამ თანხაში შედის $15-მილიონიანი კომპენსაცია, რომელიც ვანესა ბრაიანტს გასული წლის აგვისტოში, სამოქალაქო სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ მიენიჭა.
შეგახსენებთ, ვერტმფრენი, რომლის ბორტზეც „ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ 41 წლის ვარსკვლავი და მისი ქალიშვილი შვიდ ადამიანთან ერთად იმყოფებოდნენ, 2020 წლის 26 იანვარს კალიფორნიაში, კალაბასასში ჩამოვარდა.
ავიაკატასტროფის ადგილზე მისული შერიფის თანაშემწეებისა და მეხანძრეების მიერ კობი ბრაიანტისა და მისი 13 წლის ქალიშვილისთვის, ჯიანასთვის ფოტოების გადაღებისა და საზოგადოებისთვის დაუკითხავად გაზიარების გამო გასულ წელს ვანესა ბრაიანტმა ლოს-ანჯელესის ოლქის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა.
მოსარჩელე მხარეს წარმოადგენდა ასევე კრის ჩესტერი, რომელმაც ზემოხსენებული ავიაკატასტროფის შედეგად ცოლი და ქალიშვილი დაკარგა. სასამართლომ ბრალდებულ მხარეს ჩესტერისთვის კომპენსაციის სახით 15 მილიონი აშშ დოლარის გადახდა დააკისრა.
კანადის ფეხბურთის ასოციაციას ქალი პირველად უხელმძღვანელებს
ყოფილი მძლეოსანი და ოლიმპიური ვერცხლის მფლობელი, შარმეინ კრუკსი კანადის ფეხბურთის ასოციაციის (CSA) პრეზიდენტი გახდა. აღსანიშნავია, რომ ამ პოსტზე ქალი პირველად დაინიშნა.
კრუკსი თანამდებობაზე ნიკ ბონტისს ჩაანაცვლებს, რომელმაც პოსტიდან გადადგომის შესახებ ორშაბათს განაცხადა. შეგახსენებთ, ეს უკანასკნელი ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტი 2020 წლის ნოემბრიდან იყო.
რაც შეეხება შარმეინ კრუკსს, ის იყო პირველი კანადელი, რომელმაც ხუთ ოლიმპიადაზე იასპარეზა. კრუკსი ბოლო ორი წლის განმავლობაში კანადის ფეხბურთის ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა.
ანტეტოკუნმპომ და ფორსბერგმა MLS-ის კლუბ „ნეშვილის“ წილი შეიძინეს
NBA-ის ვარსკვლავმა, „მილოუკი ბაქსის“ კალათბურთმა იანის ანტეტოკუნმპომ და NHL-ის Nashville Predators-ის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა ფილიპ ფორსბერგმა აშშ-ის MLS-ის კლუბ „ნეშვილის“ წილი შეიძინეს. გარიგების შესახებ ფინანსური დეტალები არ გავრცელებულა.
შედეგად, ბერძენი ანტეტოკუნმპო და შვედი ფორსბერგი უერთდებიან Nashville SC-ის მფლობელთა ჯგუფს, რომელშიც შედიან მსახიობი რიზ უიზერსპუნი და Tennessee Titans-ის მოთამაშე, დერიკ ჰენრი.
შეგახსენებთ, MLS-ში ასპარეზობის მეოთხე სეზონში, Nashville SC-მა 2023 წლის კამპანია გასულ შაბათს, New York City FC-თან შეხვედრით გახსნა და მატჩი ანგარიშით 2:0 მოიგო.