გასული კვირის მთავარი ტექნოლოგიური სიახლეები

გასული კვირის მთავარი ტექნოლოგიური სიახლეები

რაც უნდა უცნაური იყოს, გასულ კვირას ტექნოლოგიურმა კომპანიებმა სიახლეებით მაინცდამაინც არ გაგვანებივრეს: Google-მა MicroLED-ტექნოლოგიაზე მომუშავე Raxium-ი შეიძინა, TikTok-მა კრეატორებისთვის ანაზღაურების ახალი პაკეტი შეიმუშავა, ხოლო SoundCloud-მა მუსიკალური ჰიტების ამომცნობი ხელოვნური ინტელექტი შეიძინა. ამ და სხვა მნიშვნელოვან სიახლეებს Forbes Georgia-ს ყოველკვირეულ ტექნოლოგიურ ბლოგში მოვუყარეთ თავი.

Google-მა MicroLED-ტექნოლოგიაზე მომუშავე კომპანია Raxium-ი შეიძინა

გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ Google-მა MicroLED-ტექნოლოგიაზე მომუშავე სტარტაპი, Raxium-ი შეიძინა, რომლის ტექნოლოგიის გამოყენებით, ამერიკული გიგანტი ახალი თაობის გაფართოებული, ვირტუალური და შერეული რეალობების სათვალეების წარმოებას გეგმავს – ეს ინფორმაცია Google-ის აპარატული უზრუნველყოფის ხელმძღვანელმა, რიკ ოსტერლომ დაადასტურა.

საინტერესოა, რომ Google-ის მიერ Raxium-ის შესყიდვა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ ამერიკული კომპანია სხვადასხვა სახის რეალობებით სერიოზულად არის დაინტერესებული: საქმე ისაა, რომ ჯერ კიდევ 2020 წელს, Google-მა სათვალეების მწარმოებელი North-ი შეიძინა, ახლა კი გაფართოებული რეალობის ოპერაციული სისტემის შესაქმნელად ინჟინრებს ეძებს. ამასთანავე, იანვარში ცნობილი გახდა, რომ Google Labs-ი AR-სათვალეზე მუშაობს, კოდური სახელწოდებით Project Iris-ი.

ფოტო: Raxium

თამამად შეიძლება ითქვას, რომ Raxium-ის შესყიდვა Google-სთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ეს კომპანია MicroLED-დისპლეების მონოლითურ ინტეგრაციაზე მუშაობს – ამგვარად, ამ დისპლეების წარმოება იმ ტიპის სილიკონისგან იქნება შესაძლებელი, რომელიც თითქმის ყველა მიკროპროცესორში გამოიყენება, რაც წარმოების ხარჯებს საგრძნობლად შეამცირებს.

ისე კი, ზოგადად, AR-სათვალეებში MicroLED-ტექნოლოგიის გამოყენებით უფრო ენერგოეფექტიანი, მაგრამ კაშკაშა დისპლეების შექმნა არის შესაძლებელი – ეს საიდუმლო სულაც არ არის, რადგან ამგვარ ტექნოლოგიაზე Apple-ი, Oppo და Vuzix-ი მუშაობენ. როგორც Raxium-ის ვებგვერდზე ვკითხულობთ, სმარტფონში გამოყენებულ Super AMOLED-დისპლეის შემთხვევაში, ორი პიქსელის ცენტრებს შორის მანძილი 50 მიკრონს უდრის – კომპანიის განცხადებით, მათი წარმოების MicroLED-ის შემთხვევაში, ეს მანძილი 3.5 მიკრონს შეადგენს, რაც წარმოუდგენლად ეფექტურია.

ფოტო: Raxium

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ამ მიმართულებით თითქმის ყველა ტექნოლოგიური კომპანია ვითარდება: Microsoft-მა საკუთარი წარმოების პირველი AR-სათვალე HoloLense-ი ჯერ კიდევ 2016 წელს წარმოადგინა, ხოლო Apple-ი და Meta ამ ტექნოლოგიას დღესაც აქტიურად ავითარებენ.

TikTok-ი კრეატორებს რეკლამიდან მიღებულ შემოსავალს გაუნაწილებს
ფოტო: TikTok

გასულ კვირას TikTok-ში საინტერესო გადაწყვეტილება მიიღეს: ამიერიდან პლატფორმის ტოპ-კრეატორებს, მათ ვიდეოებთან გარკვეული რეკლამების განთავსების შემთხვევაში, კომპანია რეკლამიდან მიღებულ შემოსავალს გაუნაწილებს. TikTok-ის ამ პროგრამას TikTok Pulse-ი ჰქვია და, როგორც ირკვევა, ის მხოლოდ იმ კრეატორებისთვის იქნება ხელმისაწვდომი, რომელთაც სულ მცირე 100 ათასი გამომწერი ჰყავთ – საერთო ჯამში კი საუბარია პლატფორმაზე განთავსებული კონტექსტუალურად ყველაზე შესაფერისი ვიდეოების ზედა 4%-ზე.

 

როგორც ირკვევა, TikTok Pulse-ში ჩართულ კრეატორებს კომპანია სარეკლამო განთავსებიდან მიღებული შემოსავლის ნახევარს მისცემს, რაც YouTube-ის მიერ გაცემულ კომპენსაციას წააგავს – ცნობისთვის, ამერიკული კომპანია საკუთარ კრეატორებს შემოსავლის 55%-ს უნაწილებს. აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე, TikTok-ი ანაზღაურებას მხოლოდ ყველაზე პოპულარულ კრეატორებს უხდიდა  თავისი კრეატორთა ფონდიდან, მაგრამ კონტენტის მონეტიზაციის ამგვარი სისტემა კრეატორებისთვის ფინანსურად უინტერესო და არასტაბილური აღმოჩნდა, რის გამოც, YouTube-სგან განსხვავებით, ამ დრომდე TikTok-ში განთავსებული მონეტიზაციით დიდი თანხის გამომუშავება ძალიან რთული იყო.

მოსალოდნელია, რომ TikTok Pulse-ი პირველად ამა წლის ივნისში, ამერიკის შეერთებულ შტატებში გაეშვება, ხოლო შემოდგომაზე რამდენიმე სხვა ბაზარზეც იქნება ხელმისაწვდომი.

Microsoft-მა 3D Movie Maker-ის საწყისი კოდი გაასაჯაროვა

გასულ კვირას საინტერესო ამბავი მოხდა: Twitter-ის ერთ-ერთმა მომხმარებელმა Microsoft-ს თხოვნით მიმართა, რომ კომპანიას 27 წლის წინ გამოშვებული აპლიკაციის, 3D Movie Maker-ის საწყისი კოდი გაესაჯაროებინა, რომლის დახმარებით, მომხმარებელი მის განახლებას და განვითარებას აპირებდა. საინტერესო კი ის არის, რომ Microsoft-ი ამ იდეას დადებითად შეხვდა და აპლიკაციის კოდი მართლაც გაასაჯაროვა.

ფოტო: 3D Movie Maker

თამამად შეიძლება ითქვას, რომ 1995 წელს გამოშვებული 3D Movie Maker-ი საკულტო აპლიკაციაა, რომლის საშუალებით მომხმარებლებს სამგანზომილებიანი ფილმების გადაღება შეეძლოთ, პროგრამაში ჩაშენებული მულტიპლიკაციური გმირებითა და წინასწარ რენდირებული ადგილებით. როგორც ირკვევა, Twitter-ის მომხმარებელს, Foone-ს პროგრამის განახლება სურს, რის მერეც, ერთი მხრივ, მისი გამოყენება თანამედროვე პერსონალურ კომპიუტერებზე იქნება შესაძლებელი, ხოლო მეორე მხრივ, შექმნილი ვიდეოების გაზიარება გამარტივდება.

Microsoft-ის ვებბრაუზერ Edge-ს ჩაშენებული VPN-სერვისი დაემატება

გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ Microsoft-ის არცთუ ისე პოპულარულ ვებბრაუზერ Edge-ს მალე ჩაშენებული VPN-სერვისი ექნება. Edge Secure Network-ი, რომელზეც ამერიკული Cloudflare-ი მუშაობს, ახლა ბეტა-ტესტირებას გადის და საჯაროდ ხელმისაწვდომი უსაფრთხოების შემდეგ განახლებასთან ერთად გახდება.

ფოტო: Alex Castro / The Verge

როგორც ჩანს, Edge-ის ეს ფუნქციონალი ტრადიციული VPN-სერვისისგან განსხვავებული არ იქნება – ის მომხმარებლების ვებტრაფიკს კრიპტოგრაფიულად შიფრავს და თან ინტერნეტის ვირტუალური IP-მისამართით დათვალიერების შესაძლებლობას აძლევს. თუმცა Microsoft-ის ეს წამოწყება მაინც თავისებურია, რადგან უფასო VPN-სერვისი თვეში ერთი გიგაბაიტის მოცულობის მონაცემებზე ვრცელდება და თან მის გასააქტიურებლად Microsoft-ის ანგარიში არის საჭირო.

აქვე ჩნდება ლეგიტიმური შეკითხვა მონაცემების შენახვასთან დაკავშირებით – ცხადია, რომ Microsoft-ის აკაუნტში შესვლით მომხმარებელი კომპანიას გარკვეულ მონაცემებზე წვდომას აძლევს, მაგრამ ეს ყველაფერი როდია, რადგან ინფორმაციას VPN-სერვისის დეველოპერი, Cloudflare-იც აგროვებს. თუმცა, Microsoft-ის თქმით, დეველოპერის მიერ შეგროვებული დიაგნოსტიკისთვის საჭირო ინფორმაცია 25 საათში ერთხელ წაიშლება.

აღსანიშნავია, რომ Edge-ი პირველი ვებბრაუზერი არ არის, რომელიც მომხმარებლებს VPN-სერვისს სთავაზობს: უფასო VPN-ი ვებბრაუზერ Opera-ს მოჰყვება, ხოლო ამ სერვისის ფასიანი ანალოგი Mozilla-ში, Google Chrome-სა და Brave-ში არის ჩაშენებული. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ უფასო (მაგრამ საკმაოდ ლიმიტირებული) VPN-სერვისის შეთავაზებით, Microsoft-ი სწორედ ზემოხსენებულ ვებბრაუზერებთან აპირებს კონკურირებას.

Coinbase-ის CEO: ათწლეულის ბოლოს კრიპტოაქტივებს მილიარდი ადამიანი გამოიყენებს

იმ ადამიანთა რიცხვი, ვისაც სხვადასხვა კრიოტოაქტივი ერთხელ მაინც გამოუყენებია, ათწლეულის ბოლოს საგრძნობლად გაიზრდება და მილიარდს შეადგენს, – ასეთი პროგნოზი გააკეთა მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი კრიპტობირჟის, Coinbase-ის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, ბრაიან არმსტრონგმა. „ვვარაუდობ, რომ 10-20 წელიწადში ქვეყნების მშპ-ის მაჩვენებლის საგრძნობი წილი კრიპტოეკონომიკაზე იქნება დამოკიდებული“, – თქვა არმსტრონგმა.

ფოტო: Steve Jennings / Getty Images for TechCrunch

აღსანიშნავია, რომ არმსტრონგის ეს განცხადება გაკეთდა მაშინ, როცა კრიპტოაქტივების ბაზარი ტურბულენტურ ფაზას გადის – ბიტკოინი, მაგალითად, რომელმაც გასული წლის ნოემბერში ისტორიაში უმაღლეს ღირებულებას – $69 ათასს მიაღწია, წლის დასაწყისიდან 17%-ითაა გაუფასურებული. საინტერესოა, რომ ტურბულენტობა ბრაიან არმსტრონგს და Coinbase-ის ერთ-ერთ ინვესტორს, კეტი ვუდს სულაც არ აშინებთ – პირიქით, ვუდისთვის დეცენტრალიზებული ფინანსების სექტორიც ძალიან საყურადღებოა, რადგან ბოლო დროს კრიპტოკომპანიებმა წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიების არაერთი თანამშრომელი გადაიბირეს.

ამასთანავე, კეტი ვუდს არც საკანონდებლო გაურკვევლობა აშინებს, რადგან, მისი თქმით, ვაშინგტონში სულ უფრო და უფრო რთულია კრიპტოს სკეპტიკოსის პოვნა, რადგან ბიუროკრატების 50%-ზე მეტი ამ ტექნოლოგიას მხარს უჭერს.

SoundCloud-მა შეიძინა მუსიკალური კომპანია, რომლის ხელოვნურ ინტელექტს მომავალი ჰიტების ამოცნობა შეუძლია

შვედურმა მუსიკალურმა პლატფორმამ, SoundCloud-მა კომპანია Musiio შეიძინა, რომლის ხელოვნურ ინტელექტს მუსიკის მოსმენა და მომავალი ჰიტების ამოცნობა შეუძლია. როგორც SoundCloud-ის განცხადებიდან ირკვევა, ამ შესყიდვით კომპანია სამოყვარულო მუსიკის საკუთარი უზარმაზარი კატალოგის დახარისხებას შეძლებს და ხელოვნურ ინტელექტს კომპანიის მუსიკალური გამოცდილების ქვაკუთხედად აქცევს.

ფოტო: SoundCloud

აღსანიშნავია, რომ Musiio-ს ხელოვნურ ინტელექტს, თუკი ის მართლა ისე მუშაობს, როგორც მოსალოდნელია, SoundCloud-ის მუსიკის გავრცელების თითქმის უბარიერო სისტემის საგრძნობლად გაუმჯობესება შეუძლია. როგორც ირკვევა, Musiio-ს ხელოვნურ ინტელექტს მუსიკალური ჩანაწერების მოსმენა და მათში პოპულარულ სიმღერებში არსებული კანონზომიერებების აღმოჩენა შეუძლია.

საინტერესოა, რომ მუსიკალური დისტრიბუციის სფეროში ხელოვნური ინტელექტის გამოყენება არახალია – Spotify-ისა და Apple Music-ის მსგავსი მსხვილი პლატფორმების გარდა, ამ ტექნოლოგიას მცირე ზომის პლატფორმებიც იყენებენ. მუსიკალურმა პლატფორმამ Tunecore-მა, მაგალითად, თებერვალში ლოს-ანჯელესში დაფუძნებულ სტარტაპ Fwaygo-სთან თანამშრომლობის შესახებ განაცხადა – Fwaygo ისეთ ხელოვნურ ინტელექტს ავითარებს, რომელიც მსმენელებსა და კრეატორებს ერთმანეთს აკავშირებს.

SoundCloud-ის მიერ Musiio-ს შესყიდვის ფინანსური დეტალები უცნობია, მაგრამ არსებობს ინფორმაცია, თითქოს გასულ წელს, სინგაპურში დაარსებული ეს სტარტაპი $10 მილიონად იყო შეფასებული.

დატოვე კომენტარი

2 კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *