გასული კვირა საკმაოდ დატვირთული აღმოჩნდა ტექნოლოგიური სიახლეებით: Meta-ს ოპერაციულმა დირექტორმა, შერილ სენდბერგმა კომპანია იქ გატარებული თოთხმეტი წლის შემდეგ დატოვა, ხოლო მსახიობმა ჯიმ ქერიმ წყალტუბოს ერთ-ერთი სანატორიუმის გამოსახულების მქონე NFT-ნამუშევარი შეიძინა. ამასთანავე, Hyundai-ს დიდი ზომის ავტონომიური გემი პირველი გახდა, რომელმაც ოკეანა გადალახა, ხოლო რესტორნების ქსელ Chipotle-მ კრიპტოგადახდები დაუშვა. ამ და სხვა მნიშვნელოვან სიახლეებს Forbes Georgia-ს ამ ყოველკვირეულ ტექნოლოგიურ ბლოგში მოვუყარეთ თავი.
Hyundai-ის დიდი ზომის ავტონომიური გემი პირველი გახდა, რომელმაც ოკეანე გადალახა
გასულ კვირას განსაკუთრებული სიახლით ვიწყებთ: კორეული გიგანტის, Hyundai-ის შვილობილმა Avikus-მა განაცხადა, რომ LNG-ტიპის დიდი ზომის თვითმართვადი გემი ისტორიაში პირველი გახდა, რომელმაც ოკეანე დამოუკიდებლად გადალახა. Avikus-ის თვითმართვადი გემის, Prism Courage-ის ვოიაჟი მექსიკის ყურეში მდებარე საპორტო ქალაქ ფრიპორტში დაიწყო და სამხრეთ კორეის აღმოსავლეთში მდებარე ბორიონგის ტერმინალში დამთავრდა. თვითმართვადი გემის ვოიაჟმა ოცდაცამეტ დღეს გასტანა, რა დროსაც ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულმა სისტემამ, HiNAS 2.0-მა ოცი ათასამდე კილომეტრი დაფარა.
საინტერესოა, რომ გემის ბრწყინვალედ მართვის გარდა, 2.0-ი ვოიაჟის ოპტიმალურ ტრაექტორიას არჩევდა ამინდისა და ტალღების სიდიდის მიხედვით, რითაც საწვავის წვის ეფექტიანობა 7%-ით გაიზარდა, ხოლო გამონაბოლქვი 5%-ით შემცირდა. აღსანიშნავია, რომ ყველაფერთან ერთად, ხელოვნური ინტელექტი განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა სხვა გემების ადგილმდებარეობის დადგენასა და მათთვის გვერდის ავლაში – საერთო ჯამში, გემმა ასზე მეტჯერ მოახერხა შეჯახების თავიდან აცილება.
თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რამდენადაც აღმაფრთოვანებელი არ უნდა იყოს ეს მიღწევა, ის მხოლოდ პირველი ნაბიჯია თვითმართვადი გემების განვითარებაში. საქმე ისაა, რომ ზემოხსენებული ვოიაჟისას, ადამიანების ჩართულობა მაინც აუცილებელი აღმოჩნდა, განსაკუთრებით – პორტებში.
საინტერესოა, რომ მიმდინარე წლის ბოლოსთვის, Avikus-ი HiNAS 2.0-ის კომერციალიზაციას გეგმავს. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ დღე-დღეზე თვითმართვადი საზღვაო გადამზიდების ფლოტს ვიხილავთ – თავდაპირველად ამ ტექნოლოგიას ეკიპაჟის წევრების დეფიციტის აღმოსაფხვრელად, უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად და იმ უარყოფითი ზეგავლენის შესამცირებლად გამოიყენებენ, რომელსაც საზღვაო გადაზიდვების ბიზნესი პლანეტას აყენებს. საინტერესოა ისიც, რომ ხელოვნური ინტელექტის მქონე ამ ტექნოლოგიის კომერციალიზაციას Avikus-ი კერძო მოხმარების იახტებისთვისაც გეგმავს.
როგორც უკვე აღინიშნა, Avikus-ი სამხრეთკორეული გიგანტის, Hyundai Heavy Industries Group-ის შვილობილი კომპანიაა, რომელიც 2020 წელს დაფუძნდა. თავდაპირველად Avikus-ის ტექნოლოგია ქვეყნის შიგნით გამოიცადა, თორმეტადგილიან საკრუიზო გემზე. ამა წლის იანვარში კი საკუთარი ტექნოლოგია კომპანიამ ელექტრონიკისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების მსოფლიოს უდიდეს კონფერენციაზე, CES 2022-ზე წარადგინა.
ცნობისთვის გეტყვით, რომ Allied Market Research-ის კვლევის მიხედვით, 2030 წლისათვის თვითმართვადი გადაზიდვების ინდუსტრია ჯამურად $166 მილიარდს მიაღწევს.
მასკი: Tesla-ს ჰუმანოიდი რობოტის პროტოტიპი რამდენიმე თვეში იქნება მზად
ელექტრომობილების ამერიკული მწარმოებლის, Tesla-ს აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა განაცხადა, რომ კომპანიის მიერ წარმოებული ჰუმანოიდი რობოტის პროტოტიპი რამდენიმე თვეში იქნება მზად – სწორედ ამ მიზეზით, Tesla-ს ხელოვნური ინტელექტის დღე 30 სექტემბრამდე გადაიდო.
Tesla AI Day pushed to Sept 30, as we may have an Optimus prototype working by then
— Elon Musk (@elonmusk) June 3, 2022
ჰუმანოიდი რობოტი, სახელწოდებით Optimus-ი, ილონ მასკმა ჯერ კიდევ 2021 წლის აგვისტოში წარმოადგინა. „Tesla რობოტიკის ინდუსტრიაში მსოფლიოს უდიდესი კომპანიაა, რადგან ჩვენი მანქანები ნახევრად სულიერი ბორბლებიანი რობოტები არიან“, – თქვა მასკმა გასული წლის აგვისტოში და დასძინა, რომ „ამ ყველაფრისათვის ადამიანის მსგავსი ფორმის მიცემა – ბუნებრივად შემდეგი ნაბიჯია“. აღსანიშნავია, რომ Tesla Bot-ი მეგობრული იქნება და ძირითადად იმ საქმეებით დაკავდება, რომლებიც განმეორებითი და მოსაბეზრებელია – საყიდლებზე სიარული, ჭურჭლის რეცხვა და ა.შ.
აგვისტოს პრეზენტაციაზე ისიც ითქვა, რომ Optimus-ი 173 სანტიმეტრის სიმაღლის და 57 კილოგრამი წონისა იქნება და 20 კილოგრამამდე ტვირთის გადატანას შეძლებს. Tesla-ს ჰუმანოიდი რობოტი იმავე ხელოვნური ინტელექტის იმავე ტექნოლოგიას დაეყრდნობა, რასაც კომპანიის მიერ გამოშვებული თვითმართვადი ელექტრომობილები იყენებენ.
საინტერესოა, რომ ღონისძიების გადადების შესახებ გამოქვეყნებული ტვიტის შემდეგ მასკმა კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა – მისი თქმით, Tesla-ს რიგით მეორე ხელოვნური ინტელექტის დღე ძალიან მაგარი იქნებოდა.
Tesla AI Day #2 will be epic
— Elon Musk (@elonmusk) June 3, 2022
Barnes & Noble-მა ბიუჯეტური eReader-ი გამოუშვა, რომლითაც Kindle-თან კონკურირებას გეგმავს
გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის წიგნების მაღაზიების ერთ-ერთმა უმსხვილესმა ქსელმა, Barnes & Noble-მა ბიუჯეტური ელექტრონული წამკითხველი გამოუშვა, რომლითაც Amazon-ის Kindle-თან კონკურირებას გეგმავს: Nook GlowLight 4e-ი $119.99 ეღირება, რაც $30-ით უფრო მეტია, ვიდრე ყველაზე ბიუჯეტური Kindle-ი და $20-ით ნაკლებია, ვიდრე ზეპოპულარული Paperwhite-ი. აღსანიშნავია, რომ Amazon-ის პროდუქტებისგან განსხვავებით, Barnes & Noble-ის eReader-ში რეკლამები არ არის და თან, ამ მოწყობილობაში კონტენტის ჩატვირთვაც გაცილებით უფრო მარტივია.
აღსანიშნავია, რომ Nook GlowLight 4e-ი, რომელისაც 8-გიგაბაიტიანი შიდა მეხსიერება აქვს, USB-C-ტიპის კაბელით იტენება. ამასთანავე, მოწყობილობას 212 ppi-ის გარჩევადობის მქონე 6-ინჩიანი E Ink-ტიპის დისპლეი აქვს, რაც გაცილებით უკეთესია, ვიდრე ის, რომელიც 6-ინჩიან Amazon Kindle-ს აქვს. თუმცა მთავარი, რაც Barnes & Nobles-ის ელექტრონულ წამკითხველს მისი კონკურენტებისგან გამოარჩევს – ღილაკებია. ამიერიდან, ნაცვლად ეკრანზე თითის გასმისა, გვერდის გადაფურცვლისთვის მომხმარებლები ღილაკების გამოყენებას შეძლებენ. Barnes & Noble-ის ამგვარი გადაწყვეტილება გასაგებია, რადგან ელექტრონული წამკითხველების სენსორული ეკრანი, როგორც წესი, ძალიან არაფექტიანად მუშაობს.
საინტერესოა, რომ ამ დრომდე, სხვა კომპანიებთან შედარებით, ელექტრონული წამკითხველების მიმართულებით Barnes & Noble-ი არცთუ ისე სწრაფად ვითარდებოდა – Nook GlowLight 4e კომპანიის მიერ გამოშვებული მეორე eReader-ია. თუმცა, როგორც ჩანს, კომპანია ამ მიმართულების საფუძვლიან განვითარებას გეგმავს.
საინტერესოა, რომ Barnes & Noble-ის ამ სიახლის პარალელურად, გასულ კვირას კიდევ ერთი საინტერესო ამბავი გავრცელდა: Amazon-მა ჩინეთში Kindle-ების ექსპორტი შეწყვიტა და საერთოდ, ქვეყანაში ელექტრონული წიგნების გაყიდვას წყვეტს – ეს გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 30 ივნისიდან შევა.
FTC: 2021 წლის შემდეგ კრიპტოთაღლითობის მსხვერპლმა ადამიანებმა $1 მილიარდზე მეტი დაკარგეს
გასულ კვირას ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალურმა სავაჭრო კომისიამ განაცხადა, რომ 2021 წლის შემდეგ კრიპტოთაღლითობის მსხვერპლმა ადამიანებმა $1 მილიარდზე მეტი დაკარგეს. საინტერესოა, რომ გასული წლის იანვრიდან ამა წლის მარტის ჩათვლით, კრიპტოთაღლითობასთან დაკავშირებით ფედერალურ სავაჭრო კომისიას 46 ათასმა ადამიანმა მიმართა – მათ მიერ დაკარგული თანხის მედიანურმა მაჩვენებელმა კი $2600 შეადგინა.
საინტერესოა, რომ მომჩივანთა 70%-მა ბიტკოინში შენახული აქტივები დაკარგა, 10%-მა სტეიბლკოინ ტეთერში, ხოლო 9%-მა – ეთერში. უკანასკნელი განსაკუთრებით პოპულარულია NFT-ტექნოლოგიასთან დაკავშირებული თაღლითობის შემთხვევაში, რომელთა რიცხვმა გასულ წელს განსაკუთრებით იმატა.
თაღლითობის ტიპების განაწილებას რაც შეეხება, ლიდერია საინვესტიციო თაღლითური სქემები, რომლებმაც ადამიანები $575 მილიონით აზარალეს. შეიძლება ითქვას, რომ ამგვარი თაღლითობის მსხვერპლად ხშირად ის ახალგაზრდები იქცევიან, რომელთაც პირველადი ინვესტიციის გზით სწრაფად გამდიდრება სურთ. „საინვესტიციო თაღლითები ამბობენ, რომ ინვესტორებისთვის ფინანსური მოგების მოტანა სწრაფად და მარტივად შეუძლიათ. თუმცა ასეთი ინვესტიციები პირდაპირ თაღლითების საფულეებში ირიცხება“, – ვკითხულობთ FTC-ის ბლოგში.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გასული წლის განმავლობაში განსაკუთრებით პოპულარული იყო ერთგვარი სასიყვარულო თაღლითობა, რომლის მსხვერპლმა ადამიანებმა, ჯამურად, $185 მილიონი დაკარგეს. ამგვარი სქემები, როგორც წესი, შემდეგნაირად ფუნქციონირებს: თაღლითები გაცნობისთვის შექმნილ აპლიკაციებში რეგისტრირდებიან, მომავალ მსხვერპლთან ურთიერთობას აბამენ და მერე – კრიპტოაქტივებში ინვესტიციას ადებინებენ. ცხადია, რომ ფინანსური მოგების მომტანი არც ეს ინვესტიციაა.
თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აშშ-ის ფედერალური სავაჭრო კომისიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია მხოლოდ ზღვაში წვეთია იმ კოლოსალურ თანხებთან შედარებით, რომლებსაც კრიპტოთაღლითები ადამიანებს ყოველდღიურად სძალავენ. საქმე ისაა, რომ FTC-ი მხოლოდ იმ საკითხებს აღრიცხავს, რომელთა შესახებ კომისიაში განაცხადი შემოვა და ისიც, მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამ ფაქტს თავად ფედერალური სავაჭრო კომისიაც გამოეხმაურა – სახელმწიფო უწყება მომხდარი თაღლითობის შემთხვევების მხოლოდ 5%-ს აღრიცხავს და შეიძლება ითქვას, რომ ეს რიცხვიც გაზრდილია. შედარებისთვის გეტყვით, რომ ბლოკჩეინ-პლატფორმა Chainanalysis-ის დათვლებით, გასულ წელს კრიპტოთაღლითებმა $14 მილიარდის აქტივები მიითვისეს – ორჯერ მეტი, ვიდრე 2020-ში.
ამერიკულმა სარესტორნო ქსელმა, Chipotle-მ კრიპტოვალუტებით გადახდა დაუშვა
ამიერიდან მსხვილ ამერიკულ სარესტორნო ქსელ Chipotle-ში მომხმარებლები ანაზღაურებას ბიტკონით, ეთერითა და სხვა კრიპტოვალუტებით შეძლებენ, – ამის შესახებ ციფრული გადახდების კომპანია Flexa-მ განაცხადა, რაც უცნაური არ არის, რადგან შეკვეთილი კერძების გადასახდელად რესტორანში მისულ სტუმრებს Flexa-ს მხარდაჭერის მქონე კრიპტოსაფულე დასჭირდებათ.
საინტერესოა, რომ ამგვარი ფუნქციონალის დაშვებით, Chipotle რამდენიმე ქსელურ სარესტორნო ქსელს შეუერთდა, მათ შორის Starbucks-სა და Subway-ს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კრიპტოგადახდები სხვა ტიპის კომპანიებმაც დაუშვეს: მათ შორისაა ფუფუნების საგნების ვაჭრობის ინდუსტრიაში ჩართული ამერიკული ქსელი Nordstrom-ი და უდიდესი ქართული C2C-პლატფორმა, mymarket.ge. აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რამდენიმე თვის წინ ბიტკოინით Tesla-ს ავტომობილების შეძენაც იყო შესაძლებელი.
შერილ სენდბერგი Meta-ს ოპერაციული დირექტორის პოსტს დატოვებს
ცნობილი გახდა, რომ Meta-ს ოპერაციულმა დირექტორმა, შერილ სენდბერგმა, შემოდგომაზე თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. სენდბერგი კომპანიაში აღნიშნულ პოსტს 2008 წლიდან იკავებდა – Facebook-ის უნივერსალურ სოციალურ ქსელად გადაქცევა სწორედ მის სახელს უკავშირდება, რადგან ის კომპანიის ყველაზე გავლენიან აღმასრულებლად მიიჩნეოდა, მარკ ცუკერბერგის შემდეგ. უნდა ითქვას, რომ შერილ სენდბერგი Meta-ს ბოლომდე არ სცილდება – ის კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრად რჩება.
შერილ სენდბერგის გადადგომას მარკ ცუკერბერგი Facebook-ში გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს ეპოქის დასასრული იყო. „2008 წელს შერილი რომ შემომიერთდა, ოცდასამი წლის ვიყავი და თითქმის არაფერი ვიცოდი კომპანიის მართვის შესახებ. Facebook-ის ვებგვერდის სახით მშვენიერი პროდუქტი შევქმენით, მაგრამ ბიზნესი მოგებიანი არ იყო და სტარტაპიდან რეალურ ორგანიზაციამდე განვითარება გვიჭირდა. შერილმა ჩვენი სარეკლამო ბიზნესი შექმნა, დიდებული ადამიანები დაიქირავა, კორპორაციული კულტურა გამოძერწა და კომპანიის მართვა მასწავლა. მან მსოფლიოს გარშემო არსებულ მილიონობით ადამიანს შესაძლებლობები შეუქმნა და საერთოდ, მას ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის Meta-ს იმ სახით ჩამოყალიბებაში, როგორიც დღეს არის“, – ვკითხულობთ ცუკერბერგის პოსტში.
შეგახსენებთ, რომ Meta-ს, მაშინ კი Facebook-ს, შერილ სენდბერგი 2008 წელს შემოუერთდა, როცა 23 წლის მარკ ცუკერბერგი კომპანიის აქციების პირველადი განთავსებისთვის ემზადებოდა. სწორედ სენდბერგს უკავშირდება Meta-ს ზეწარმატებული სარეკლამო ბიზნესის შექმნა, რომელმაც კომპანიის კოლოსალური ზრდა განაპირობა. Facebook-ში გადმობარგებამდე, ის Google-ში მუშაობდა, სადაც ექვსი წლის განმავლობაში კომპანიის ონლაინგაყიდვების არხს ავითარებდა.
„მარკს პირველად რომ შევხვდი, სამსახურს არ ვეძებდი, მაგრამ ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ როგორ შეცვლიდა ეს შეხვედრა ჩემს ცხოვრებას. ერთმანეთს დენიელ როზენსვაიგის წვეულებაზე შევხვდით. მარკი სახლში შესვლისთანავე გამაცნეს და უმალ Facebook-ის მისეულ ხედვაზე დავიწყეთ ლაპარაკი. The Facebook-ი მანამდეც გამომიყენებია – მაშინ მას სწორედ ასე ერქვა, მაგრამ ვფიქრობდი, რომ ინტერნეტი მაინც ძალზე ანონიმური სივრცე იყო, რომელშიც სასაცილო სურათების პოვნა იყო შესაძლებელი. მარკის ხედვა, რომ ადამიანები საკუთარ თავს ონლაინსივრცეში გამოამჟღავნებდნენ სხვა ადამიანებთან დაკავშირების მიზნით იმდენად მომხიბვლელი იყო, მთელი საღამო კართან ვიდექით და ვსაუბრობდით“, – იხსენებს შერილ სენდბერგი Facebook-ში გამოქვეყნებულ გამოსამშვიდობებელ პოსტში.
აღსანიშნავია, რომ შერილ სენდბერგის მიერ თანამდებობის დატოვების შემდეგ Meta-ს ოპერაციული დირექტორის პოსტს ხავიერ ოლივანი დაიკავებს, რომელიც ამ დრომდე კომპანიის ზრდის მიმართულებას ხელმძღვანელობდა.
ჯიმ კერიმ NFT-ი შეიძინა, რომელზეც წყალტუბოს ერთ–ერთი მიტოვებული სასტუმროა გამოსახული
ცნობილმა ამერიკელმა მსახიობმა, ჯიმ კერიმ შვედი არტისტების, რაიან კუპმანსისა და ალის ვექსელის მიერ შესრულებული მოძრავი NFT-ნამუშევარი შეიძინა, რომელზეც წყალტუბოს მიტოვებული სანატორიუმის ოთახი არის გამოსახული. აღსანიშნავია, რომ შვედი არტისტების NFT-ნამუშევარი მეტაფორულ დატვირთვას ატარებს – ის ციფრულად ისე არის დამუშავებული, თითქოს მიტოვებულ სანატორიუმზე ბუნების ძალამ გაიმარჯვა. ამგვარი ეფექტის მისაღებად არტისტებმა ოთახში გამწვანება შეიტანეს – იატაკიდან ბალახი და ყვავილები ამოდის, ხოლო სურათის ბოლოში, ოთახში ამოზრდილ ხეს ვხედავთ.
„[ამ NFT-ნამუშევრით] წარსულისა და მომავლის, ფიზიკურისა და ციფრული სამყაროების სიურრეალისტური შერწყმა მივიღეთ. გასულ თვეებში, ამ პროექტის ფარგლებში გადაღებული რამდენიმე შენობა უკვე დანგრეულია, რაც დროის გასვლასთან ერთად ზრდისა და განადგურების ციკლის თემას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს“, – ვკითხულობთ შვედი არტისტების განცხადებაში.
საინტერესოა, რომ წყალტუბოს ერთ-ერთი მიტოვებული სანატორიუმის გაცოცხლებული ფოტო ჯიმ კერის პირველი NFT-შენაძენია.„ეს ნამუშევარი საგონებელში მაგდებს. ჯეიმს ჯოისი ამბობდა, რომ ეს კარგი რამაა. დიდ მადლობას ვუხდი რაიან კუპმანსს ბუნების ნატიფი და უმოწყალო გარდაქმნის ნაზად გამოსახვისთვის. სხვათა შორის, ეს ჩემი პირველი NFT-ია“, – წერს მსახიობი Twitter-ზე.
This one stops me. James Joyce said that’s a good thing. Thank you @ryankoopmans for gently capturing nature's exquisite and relentless reinvention. BTW you’re my first NFT. @SuperRare https://t.co/jyFoD7nKSC pic.twitter.com/hXEoQ639Py
— Jim Carrey (@JimCarrey) June 1, 2022
აღსანიშნავია, რომ ჯიმ კერიმდე აღნიშნული NFT-ნამუშევარი რამდენიმეჯერ გაიყიდა – ბოლოს ის კრიპტოკომპანია Moonpay-მ 20 ეთერად იყიდა, რის მერეც ჯიმ კერის გადასცა. აქვე უნდა ითქვას, რომ უცნობია, ჯიმ კერიმ ეს ნამუშევარი იყიდა თუ იჩუქა და თუ იყიდა – რამდენად.
Gucci-მ ვიდეოთამაშ Roblox-ში საკუთარი ქალაქი, Gucci Town-ი შექმნა
იტალიური მოდის სახლმა, Gucci-მ ვიდეოთამაშ Roblox-თან საკუთარი კავშირის გაღრმავება და მეტავერსში კიდევ უფრო ღრმად შებიჯება გადაწყვიტა, რისთვისაც საკუთარი ქალაქი, Gucci Town-ი შექმნა. აღსანიშნავია, რომ ეს ორი კომპანიის თანამშრომლობის პირველი შემთხვევა არ არის – გასულ წელს Gucci-მ Roblox-ში საკუთარი ბაღი შექმნა, რომელშიც მომხმარებლებს სხვადასხვა ნივთის დათვალიერება და შეძენა შეეძლოთ.
საინტერესოა, რომ Gucci-ის ბაღთან შედარებით, Gucci Town-ი გაცილებით უფრო მრავალფეროვანია: ქალაქის შუაგულში მცირე ზომის ბაღია, რომელიც ქალაქის სხვადასხვა ნაწილს, მათ შორის სათამაშო სივრცეს, კაფესა და ვირტუალურ მაღაზიას ერთმანეთთან აერთებს. აღსანიშნავია, რომ ამ მაღაზიაში Roblox-ის მოთამაშეებს მათი ავატარისთვის Gucci-ის ტანსაცმლის შეძენა შეუძლიათ.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ Gucci-სა და Roblox-ის ახალი წამოწყება წინა კოლაბორაციის გასაოცარი შედეგის ნაყოფია – საქმე ისაა, რომ Gucci-ის ბაღს, ორი კვირის განმავლობაში, ჯამში, 20 მილიონი ადამიანი ესტუმრა. თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ მეტავერსისა და ზოგადად ახალი ტექნოლოგიების ათვისება Gucci-ის განვითარების სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი პოსტულატია. ცოტა ხნის წინ Gucci-მ და კიბერსპორტის ორგანიზაციამ, 100 Thieves-მა ერთობლივი წარმოების ზურგჩანთა გამოუშვეს, ხოლო მანამდე Gucci-მ Microsoft-თანაც ითანამშრომლა, Xbox-ის დიზაინთან დაკავშირებით. ამასთანავე, გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ Gucci-მ ახალგაზრდა გეიმერების ონლაინაკადემია შექმნა.
თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ Gucci მოდის სამყაროს ერთადერთი ბრენდი არ არის, რომელიც ტექნოლოგიურ კომპანიებთან თანამშრომლობს: Balenciaga, მაგალითად, Fornite-თან თანამშრომლობს, Burberry-ი – უდიდეს ჩინურ ვიდეოთამაშთან, Honor of Kings-თან, ხოლო Longchamp-ი – Pokémon Go-სთან.
დატოვე კომენტარი