გასული კვირა ტექნოლოგიური სიახლეებით დატვირთული აღმოჩნდა: Apple-მა დეველოპერების გლობალური კონფერენცია გამართა, რომელზეც ახალი ოპერაციული სისტემები წარმოადგინა, ხოლო Meta-მ, თურმე, ორკამერიან მაჯის საათზე მუშაობა შეწყვიტა. ამასთანავე არაერთი საინტერესო სიახლე გადახდა Web3-ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ ინდუსტრიას. ამ და სხვა მნიშვნელოვან სიახლეებს Forbes Georgia-ს ყოველკვირეულ ტექნოლოგიურ ბლოგში მოვუყარეთ თავი.
WWDC 2022: მნიშვნელოვანი სიახლეები, რომლებიც Apple-მა ღონისძიებაზე წარმოადგინა
გასულ კვირას Apple-მა დეველოპერების გლობალური კონფერენცია გამართა, რომელზეც არაერთი სიახლე წარმოადგინა, მათ შორის მისი მოწყობილობების განახლებული საოპერაციო სისტემები და განახლებული დიზაინის მქონე MacBook Air-ი და MacBook Pro. რაკიღა Apple-ის ეს ღონისძიება განსაკუთრებულად საყურადღებოა, უპრიანი იქნება, თუ ამ ბლოგში ყველაზე მნიშვნელოვან სიახლეებს დეტალურად მიმოვიხილავთ.
ოპერაციული სისტემები – iOS 16, WatchOS 9, iPadOS 16 და MacOS Ventura
თავისთავად ცხადია, რომ დეველოპერთა გლობალური კონფერენციის უდიდესი ნაწილი სწორედ იმ პროდუქტებს დაეთმო, რომლებზეც დეველოპერები ყველაზე მეტს მუშაობენ – საუბარია Apple-ის სხვადასხვა მოწყობილობისთვის განკუთვნილ პროგრამულ უზრუნველყოფაზე.
მოდი, Apple-ის ფლაგმანი მოწყობილობის, iPhone-ის განახლებული პროგრამული უზრუნველყოფით, iOS 16-ით დავიწყოთ, რომელიც iPhone 8-ის შემდეგ გამოშვებული მოდელებისთვის იქნება ხელმისაწვდომი და iPhone 14-თან ერთად, ამ შემოდგომას გამოვა. ამიერიდან მომხმარებლები სმარტფონის მთავარი ეკრანის, ე.წ. „ლოქ-სქრინის“ საკუთარ გემოვნებაზე მორგებას შეძლებენ, როგორც ფონტებისა და ფერების შეცვლით, ასევე სხვადასხვა ტიპის ვიჯეტების დამატებით.
ფოტო: Apple
ამასთანავე, შეიცვალა ლოქ-სქრინზე ნაჩვენები შეტყობინებების გამოსახულება – მთელი ეკრანის გასწვრივ ვერტიკალურად დაგროვების გარდა, ისინი ქვემოდან ამოტივტივდება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამიერიდან ლოქ-სქრინის საშუალებით შესაძლებელი იქნება მიმდინარე პროცესებისთვის თვალის დევნება – ეს ფუნქციონალი მაშინ გამოგადგებათ, როცა სპორტულ ღონისძიებას ლაივ-რეჟიმში ადევნებთ თვალს ან Uber-ით მგზავრობთ.
ფოტო: Apple
ამ ყველაფერთან ერთად, iOS 16-ში განახლდა Apple-ის ძალიან მძლავრი Live Text-ფუნქციონალი, რომელიც ამიერიდან ვიდეოფორმატშიც იქნება ხელმისაწვდომი. ამასთანავე, გამარტივდა ციფრულ საფულეში შენახული ინფორმაციის გაზიარება, ხოლო Apple Pay-ის მოგვიანებით გადახდის ფუნქციონალი დაემატა, რომლითაც პროდუქტის ღირებულების გაყოფა რამდენიმე ნაწილად შეიძლება, ყოველგვარი გადასახადისა თუ საკომისიოს გარეშე.
ფოტო: Apple
საინტერესოა, რომ სმარტფონისთვის განკუთვნილი ოპერაციული სისტემის გარდა, Apple-მა მისი ჭკვიანი საათის, Apple Watch-ის განახლებული ოპერაციული სისტემა, Watch OS 9 შემოგვთავაზა. ოპერაციული სისტემა, რომელიც მესამე თაობის Apple Watch-ის შემდეგ გამოსული მოდელებისთვის იქნება ხელმისაწვდომი, აერთიანებს როგორც განახლებულ სავარჯიშო, ასევე ჯანმრთელობის მოდულებს. აქვე უნდა ითქვას, რომ ახალი ჭკვიანი საათი განსაკუთრებით ტრიატლონით დაკავებულ სპორტსმენებს გამოადგებათ, რადგან მეცხრე თაობის ოპერაციული სისტემის მქონე Apple Watch-ი სწრაფად ხვდება, ადამიანი ველოსიპედს ატარებს, დარბის თუ ცურავს.
კიდევ ერთი საინტერესო სიახლე, რომელიც ჭკვიანი თაობის შემდეგი თაობის ოპერაციულ სისტემასთან ერთად გამოჩნდება, ჯანმრთელობის მოდულს უკავშირდება, რომელსაც, ამიერიდან, მედიკამენტების სია დაემატება. სიაში წამლების დამატებას მომხმარებლები მათი სკანირებით შეძლებენ, მერე კი სისტემა ეტყვით, ამა თუ იმ წამლების კომბინირებულად მიღება უარყოფით რეაქციას ხომ არ მისცემთ. ამ ეტაპზე, ეს ფუნქციონალი მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში იქნება ხელმისაწვდომი, მაგრამ დროთა განმავლობაში სხვა ქვეყნებშიც გამოჩნდება.
ფოტო: Apple
ჭკვიანი საათებისა და სმარტფონებისთვის განკუთვნილ ოპერაციულ სისტემებთან ერთად, Apple-მა iPad-ის განახლებული ოპერაციული სისტემა წარმოადგინა, რომელშიც განსაკუთრებული ყურადღება შემოქმედებით მულტიტასკინგს ეთმობა. ამიერიდან iPad-ის მომხმარებლები შეძლებენ როგორც რამდენიმე ფანჯრის ერთდროულად, ერთმანეთზე დალაგებით გახსნას, ასევე სხვადასხვა შემოქმედებით პროექტზე მეგობრებთან ერთად მუშაობას – ეს უკანასკნელი იმ სერვისის მსგავსია, რომელსაც Google-ი საკუთარ მომხმარებლებს Docs-ისა და Sheets-ის საშუალებით სთავაზობს. ამასთანავე, iPad-ს კიდევ ერთი სახატავი აპლიკაცია, Freeform-ი დაემატა – ის რეალურად ერთგვარ თეთრ ტილოს წარმოადგენს, რომლის გამოყენება რამდენიმე ადამიანს ერთდროულად შეუძლია.
ფოტო: Apple
თავისთავად ცხადია, რომ დეველოპერთა კონფერენციისთვის Apple-ის ხელმძღვანელობამ თავისი კომპიუტერების ოპერაციული სისტემაც განაახლა და საკმაოდ ეფექტიანადაც, რადგან სრულიად ახალი MacOS Ventura iOS-ის ოპერაციულ სისტემას კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა. განახლებებს რაც შეეხება, ისინი მრავალმხრივია: ამიერიდან გახსნილი ფანჯრები ეკრანის მარცხენა მხარეს ავტომატურად დაჯგუფდება და მომხმარებლებს ერთდროულად რამდენიმე ფანჯრის გახსნის საშუალებას მისცემს. ამასთანავე, დაიხვეწა Spotlight-იც, რომელსაც თქვენს კომპიუტერში შენახული სურათების პოვნა ლოკაციის, ადამიანების, სცენების, ობიექტებისა და სურათებზე გამოსახული ტექსტის მიხედვით შეუძლია.
ფოტო: Apple
კიდევ ერთი მიმართულება, რომელიც MacOS Ventura-სთან ერთად განსაკუთრებით დაიხვეწა – მოწყობილობებს შორის კამერის გამოყენების ფუნქციონალია. ამიერიდან Apple-ის მომხმარებლები შეძლებენ, რომ ვებკამერის ნაცვლად კომპიუტერს საკუთარი ტელეფონის ბევრად უფრო მძლავრი კამერა დაუკავშირონ – ამისთვის Apple-ი სპეციალური სამაგრის გამოშვებას გეგმავს. საინტერესოა, რომ ორი მოწყობილობის ერთმანეთთან დაკავშირება სულაც არ იქნება საჭირო, რადგან Mac-ები ავტომატურად იგრძნობენ, როცა მათ სიახლოვეს iPhone-ის კამერა ჩაირთვება.
ფოტო: Apple
სრულიად ახალი M2-პროცესორი და განახლებული MacBook Air-ი
ისე კი, Apple-ი ახალ ოპერაციულ სისტემებს არ დასჯერდა და დეველოპერთა გლობალურ კონფერენციაზე სრულიად ახალი და კიდევ უფრო მძლავრი პროცესორი – M2 წარმოადგინა, რომელიც, წინა თაობის პროცესორების მსგავსად, უშუალოდ Apple-ის მიერაა აწყობილი. M2-პროცესორი 5 ნმ-იან პროცესს ეფუძნება და მას ოცი მილიარდი ტრანზისტორი აქვს, რაც 25%-ით მეტია, ვიდრე M1-ჩიპის შემთხვევაში. ამგვარად, მეორე თაობის სილიკონის ჩიპს მის წინამორბედთან შედარებით 18%-ით უფრო სწრაფი CPU და 35%-ით უფრო სწრაფი GPU აქვს, რაც, საბოლოო ჯამში, კომპანიის თქმით, M2-ს 1.9-ჯერ უფრო სწრაფ პროცესორად აქცევს უახლეს ათბირთვიან ჩიპთან შედარებით.
ფოტო: Apple
Apple-ის უახლესი პროცესორი პირველად განახლებულ MacBook Air-ში გამოჩნდება, რომელსაც ივლისში უნდა ველოდოთ. ვიზუალურად, განახლებული Air-ი Pro-ს წააგავს – მას მომრგვალებული კორპუსი, MagSafe-ტიპის დასამუხტი, ორი Thunderbolt USB 4-ტიპის პორტი და ყურსასმენების ჯეკი აქვს. Apple-ის ახალი ლეპტოპის სისქე 11 მილიმეტრია, ხოლო წონა – 1.2 კილოგრამი. საინტერესოა, რომ ტრადიციური კოსმოსური ვერცხლისფერის გარდა, MacBook Air-ს ორი ახალი ფერი: ვარსკვლავური ოქროსფერი და შუაღამის ცისფერი დაემატა – თითოეულ მოდელს ლეპტოპის ფერი MagSafe-ტიპის დასამუხტი კაბელი მოჰყვება.
ფოტო: Apple
ტექნოლოგიურად, განახლებული MacBook Air-ი ძალიან მძლავრია: საბაზისო მოდელს M2-პროცესორი, რვაბირთვიანი GPU, 8-გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება და 256-გიგაბაიტიანი შიდა მეხსიერება აქვს, თუმცა, სურვილის შემთხვევაში, უფრო მძლავრი მოდელის, ათბირთვიანი GPU-ს, 8-გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერებისა და 512-გიგაბაიტიანი შიდა მეხსიერების მქონე ლეპტოპის შეძენა შეგიძლიათ, რომელიც $1499 დაგიჯდებათ.
საინტერესოა, რომ ტექნოლოგიურად უფრო მძლავრ MacBook Air-ს უფრო დიდი ეკრანიც აქვს – 2560×1664 რეზოლუციის მქონე 13.6-ინჩიანი დისპლეი, უფრო წვრილი კანტებით, რომელსაც 500-ნიტიანი პიკური სიკაშკაშე აქვს. თუმცა ყველაზე საინტერესო ისაა, რომ განახლებულ MacBook Air-ს კულერი არ აქვს, რაც M2-პროცესორის ფონზე – დიდი ტექნოლოგიური გარღვევაა. აქვე უნდა ითქვას, რომ Apple-ის თქმით, მათი ახალი ლეპტოპი წინა თაობის ლეპტოპზე 40%-ით უფრო სწრაფია.
ფოტო: Apple
თუმცა MacBook Air-ი ერთადერთი ლეპტოპი არ არის, რომელიც Apple-ის განახლებულ პროცესორს მოირგებს, რადგან ის განახლებულ Pro-მოდელშიც შეგვხვდება, 24-გიგაბაიტიანი მაქსიმალური ოპერატიული მეხსიერებით და 2-ტერაბაიტიანი მაქსიმალური შიდა მეხსიერებით. განახლებული MacBook Pro ივლისიდან იქნება ხელმისაწვდომი და მისი საწყისი ფასი $1299 იქნება.
Meta-მ ორკამერიან მაჯის საათზე მუშაობა შეწყვიტა
გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ Meta-მ ორკამერიან მაჯის საათზე მუშაობა შეწყვიტა, რადგან კომპანიაში მაჯისთვის განკუთვნილ სხვა ტიპის მოწყობილობებზე მუშაობენ, – ამის შესახებ Bloomberg-ი წერს. საინტერესოა, რომ ორკამერიან მაჯის საათზე Meta, სულ მცირე, ორი წლის განმავლობაში მუშაობდა, მაგრამ ამ პროექტის საიდუმლოებიდან გამომდინარე, მის შესახებ არაფერი იყო ცნობილი. როგორც ახლა გაირკვა, Meta-ს ჭკვიანი საათი კოდური სახეწოდებით Milan-ი, ბაზარზე 2023 წლის გაზაფხულზე უნდა გამოჩენილიყო, $349-იანი საფასო ეტიკეტით.
როგორც Bloomberg-ის მიერ გასაჯაროებული სურათებიდან ირკვევა, აქტივობის აღრიცხვის, მუსიკის ჩართვისა, შეტყობინებების გაგზავნისა და მსგავსი ფუნქციების გარდა, Meta-ს ჭკვიან საათს ორი კამერა აქვს: ერთი – დისპლეის ქვეშ, ხოლო მეორე – საათის უკანა მხარეს. კამერების ამგვარი განლაგება მართლაც უცნაურია, მაგრამ, როგორც ჩანს, Meta-ს ჭკვიანი საათის კონკურენტული უპირატესობა სწორედ მის კამერებში უნდა ყოფილიყო.
ფოტო: Bloomberg
როგორც ირკვევა, საათის უკანა მხარეს არსებული კამერა საათის კამერად გამოყენებისთვის იყო გათვლილი, მაგრამ ამისთვის მომხმარებელმა საათი უნდა მოიხსნას. თუმცა დისკომფორტი ამ ფუნქციონალის ერთადერთი პრობლემა არ ყოფილა, რადგან, როგორც ირკვევა, საათის უკანა მხარეს არსებული კამერა ხელს უშლიდა ჭკვიანი საათის ელექტრომიოგრაფიულ ფუნქციონალს – სხვაგვარად რომ ვთქვათ, საათის უკანა მხარეს დამონტაჟებული კამერა საათს ხელს უშლიდა ნერვული სიგნალების ციფრულ ბრძანებებად გარდაქმნაში.
აღსანიშნავია, რომ ელექტრომიოგრაფია სწორედ ის ტექნოლოგიაა, რომლითაც ფიზიკური ქმედებების ციფრულ სამყაროში და მეტავერსში ასახვა არის შესაძლებელი – ჭკვიან საათებზე არსებული სენსორებით შესაძლებელია არა მხოლოდ მომხმარებლის ციფრული ავატარის მართვა, არამედ იმ ფუნქციონალთან ურთიერთობაც, რომელსაც მომხმარებლებს გაფართოებული და ვირტუალური რეალობის სათვალეები შეუქმნიან. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პროექტ Milan-ის გაუქმების მიუხედავად, ჭკვიან საათებზე მუშაობას Meta კვლავაც აგრძელებს.
აუცილებლად უნდა მიმოვიხილოთ პროექტის გაუქმების მიზეზებიც, რომლებიც, ამ შემთხვევაში, ორმხრივია: ტექნიკური გაუმართაობა და მზარდი დანახარჯები. როგორც უკვე აღინიშნა, Meta-ს ამ საათს გარკვეული ტექნიკური ხარვეზები ჰქონდა, მაგრამ უცნობია, ეს იქცა თუ არა პროდუქტის განვითარების შეწყვეტის მიზეზად. თუმცა, რაც ცნობილია, არის ის, რომ Meta დანახარჯების შემცირებას გეგმავს: ამის შესახებ კომპანიის აღმსრულებელმა ხელმძღვანელებმა აპრილში განაცხადეს და თანხაც დაასახელეს – $3 მილიარდი. თავისთავად ცხადია, რომ ფიქსირებული ბიუჯეტის შემთხვევაში, კომპანიის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებები პროექტების პრიორიტეტულობას ეფუძნება და, როგორც ჩანს, ორკამერიანი ჭკვიანი საათის შექმნა, ამ ეტაპზე, Meta-სთვის პრიორიტეტს არ წარმოადგენს.
საინტერესოა, რომ ხარჯების შემცირების პოლიტიკა აისახა გაფართოებული რეალობის სათვალის იმ მოდელებზეც, რომლებსაც კომპანია უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში ავითარებდა. როგორც ჩანს, Meta-ში გადაწყვიტეს, რომ ადრეული მოდელები არ გამოუშვან, რამდენიმე წელი მოიცადონ და ბაზარს პირდაპირ კომერციულად მოგებიანი პროექტი წარუდგინონ.
Spotify: კომპანიის პოდკასტების ბიზნესი ორი წლის განმავლობაში მოგებაზე გავა
მუსიკალური სტრიმინგის შვედური ტექნოლოგიური გიგანტი, Spotify ფიქრობს, რომ კომპანიის პოდკასტების ბიზნესი ორი წლის განმავლობაში მოგებიანი გახდება, – ამგვარი პროგნოზი კომპანიის აღმასრულებელმა ხელმძღვანელებმა ინვესტორებთან საუბრისას გააკეთეს. საქმე ისაა, რომ წლების განმავლობაში, პოდკასტების მიმართულება Spotify-ის ერთგვარი აქილევსის ქუსლი იყო – ამ ბიზნესის განვითარება საკმაოდ ძვირი დაჯდა, რამაც კომპანიის ინვესტორების დიდი ნაწილი Spotify-ის განვითარების სტრატეგიის მიმართ სკეპტიკურად განაწყო.
„ლასლასი არ გაგრძელდება“, – განუცხადა ინვესტორებს Spotify-ის ფინანსურმა ხელმძღვანელმა, პოლ ვოგელმა პოდკასტების ბიზნესზე საუბრისას. აღსანიშნავია, რომ ამ მიმართულების განვითარება და ბაზარზე პირველი ადგილის დამკვიდრება შვედურ კომპანიას $1 მილიარდზე მეტი დაუჯდა – ამ ინფორმაციამ, თავის დროზე, კომპანიის საბაზრო მდგომარეობა საგრძნობლად შეარყია.
Daniel Ek is building a monsterous machine over next decade @eldsjal @Spotify
$100 billion of revenues
40% gross margins
20% operating margins #SpotifyInvestorDay $SPOT pic.twitter.com/pdgYhrnw74— Rich Greenfield, LightShed 🔦 (@RichLightShed) June 8, 2022
აქვე უნდა აღინიშნოს კომპანიის მიერ წარმოდგენილი პროგნოზი მოგების მარჟებთან დაკავშირებით: შვედური გიგანტის აღმასრულებელი ხელმძღვანელების გათვლებით, მომავალი სამი-ხუთი წლის განმავლობაში, Spotify-ის პოდკასტების ბიზნესის მოგების მარჟა 30-35%-ის ფარგლებში იქნება, ხოლო მოგვიანებით 40-50%-მდე გაიზრდება. თავისთავად ეს პროგნოზი კომპანიის წინარე დათვლებს 10%-ით აღემატება. Spotify-ის მიერ დადებითი პროგნოზის გავრცელების ფონზე, კომპანიის აქციების ფასმა 9%-ით იმატა.
საინტერესოა, რომ 2021 წელს Spotify-ის პოდკასტების ბიზნესის შემოსავალი 300%-ით გაიზარდა და €200 მილიონი შეადგინა – ამასთანავე, კომპანიის წმინდა მოგება €103 მილიონით შემცირდა. კომპანიის ფინანსური შედეგების გამოცხადების გარდა, Spotify-ის აღმასრულებლებმა ბიზნესის დივერსიფიკაციის სტრატეგიაზეც ისაუბრეს – მათი თქმით, გამოწერით მიღებული შემოსავლის გარდა, შვედური კომპანია მდგრად სარეკლამო ბიზნესსა და პოდკასტერებისთვის განკუთვნილ მარკეტპლეისს ქმნის.
ფოტო: Getty Images
შვედური გიგანტის ხელმძღვანელობის ინვესტორებთან გამართული შეხვედრა „Spotify-ის მანქანის“ დაანონსებით დაგვირგვინდა, რაც რეალურად ყველანაირი ტიპის მოსმენისთვის განკუთვნილი ერგვარი სუპერ აპია, რომელსაც, კომპანიის აღმასრულებლების დათვლებით, შემდეგი ათწლეულის განმავლობაში, გლობალურად ერთი მილიარდი მომხმარებელი ეყოლება.
Mastercard-ის საგადასახადო სისტემა Web3-ში იქნება ხელმისაწვდომი
ონლაინგადახდების მსოფლიო გიგანტის, Mastercard-ის საგადასახადო სისტემაა Web3-ში იქნება ხელმისაწვდომი, რითაც ადამიანებს კრიპტოვალუტებისა და NFT-ების შეძენა და Web3-თან დაკავშირებულ ტექნოლოგიებთან ურთიერთობა საგრძნობლად გაუმარტივდებათ. „გვჯერა, რომ NFT-ების შეძენის პროცესი გაცილებით უფრო მარტივი და უსაფრთხო უნდა იყოს“, – ვკითხულობთ Mastercard-ის განცხადებაში.
„გასული წელი ინოვაციების შექმნას დავუთმეთ – ყველაფერი ეს იმისთვის, რომ სიახლეები შემოვიტანოთ. მოხარულნი ვართ განვაცხადოთ, რომ ამ პროექტის ფარგლებში NFT-კომერციის დასაშვებად Immutable X-თან, Candy Digital-თან, The Sandbox-თან, Mintable-თან, Spring-თან, Nifty Gateway-სთან და Web3-ის ინფრასტრუქტურის მშენებელ MoonPay-სთან ვთანამშრომლობთ“, – წერს Mastercard-ის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი, რაჯ დამოდარანი. აღსანიშნავია, რომ ამგვარი ინტეგრაციით, NFT-ების შეძენას მომხმარებლები Mastercard-ის საკუთარი ბარათებით და მათზე დარიცხული ფიატ-ვალუტით შეძლებენ. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ Mastercard-ს 2.9 მილიარდი მომხმარებელი ჰყავს მსოფლიოში, რაც NFT-ბაზრის ზომას საგრძნობლად ზრდის.
ფოტო: Mastercard
საინტერესოა, რომ Mastercard-ის ამგვარი გადაწყვეტილება მომხმარებელთა სურვილების თემაზე ჩატარებულ კვლევას ეფუძნება. ბელგიურმა კომპანიამ 35 ათასზე მეტი ადამიანი გამოკითხა, რომელთა 45%-მა განაცხადა, რომ, სულ მცირე, ერთი NFT-ი უკვე შეძენილი აქვს ან აპირებს, რომ შეიძინოს. აღსანიშნავია, რომ გამოკითხულთა თითქმის ნახევარმა მეტი მოქნილობა მოითხოვა – ყოველდღიური ხარჯების კრიპტოვალუტით დაფარვა და NFT-ების შეძენა მათ საკუთარი სადებეტო და საკრედიტო ბარათებით სურთ.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ახალი ტექნოლოგიური გადაწყვეტების დანერგვასთან ერთად, Mastercard-ი მომხმარებელთა უსაფრთხოების გაუმჯობესებასაც გეგმავს – ამრიგად, მომხმარებლები ისევე დაცულნი იქნებიან, როგორც საბანკო პროდუქტების გამოყენებისას არიან.
შეგახსენებთ, რომ NFT-ებით ვაჭრობის ინდუსტრია სწრაფად ვითარდება – 2021 წელს ამ ტიპის ციფრულმა აქტივებმა $25 მილიარდის შემოსავლის გენერირება შეძლეს.
ApeCoin-ის კომუნამ კრიპტოვალუტის ეთერიუმის ბლოკჩეინზე დატოვება გადაწყვიტა
გასულ კვირას მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა Web3-ის სამყაროში: ApeCoin-ის მფლობელთა კომუნამ კრიპტოვალუტის ეთერიუმის ბლოკჩეინზე დატოვებას უყარა კენჭი – გამოკითხვაში 7.1 მილიონი ტოკენის მფლობელმა მიიღო მონაწილეობა, რომელთა 54%-მა ეთერიუმის ბლოკჩეინზე დარჩენა არჩია, მიუხედავად ამ ბლოკჩეინის მაღალი საკომისიო გადასახადებისა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ApeCoin-ების დიდი ნაწილი მის შემქმნელებს, Andreessen Horowitz-სა და Animoca Brands-ს ეკუთვნით.
აღსანიშნავია, რომ ამ გადაწყვეტილების შემდეგ ApeCoin-ის ღირებულებამ 2.2%-ით იმატა, მაგრამ საბოლოო ჯამში, აპრილში დაფიქსირებული პიკური მაჩვენებლის შემდეგ, მაინც 78%-ითაა შემცირებული.
ფოტო: Astaga
საინტერესოა, რომ ბლოკჩეინის შეცვლის თაობაზე დებატი მას მერე დაიწყო, რაც ამა წლის მაისში, გაძვირებული საკომისიო გადასახადის ფონზე, BAYC-ის მიერ შექმნილ ვირტუალურ სამყაროში, Otherside-ში ვირტუალური მიწის ნაკვეთის ყიდვისას, მომხმარებლებს საკომისიო გადასახადში უფრო მეტის გადახდა მოუხდათ, ვიდრე უშუალოდ მიწის ნაკვეთში. ამ შემთხვევის შემდეგ Bored Ape Yacht Club-ის უკან მდგომმა სტარტაპმა, Yuga Labs-მა განაცხადა, რომ კომუნა სხვა ბლოკჩეინზე უნდა გადავიდეს.
ბლოკჩეინის შეცვლის პროცესი, თავისთავად, არახალია: ამგვარი გადაწყვეტილება არა მხოლოდ კრიპტოაპლიკაციებს, არამედ დეცენტრალიზებულ ბირჟებსაც მიუღიათ, ბევრმა მათგანმა კი სულაც საკუთარი ბლოკჩეინი შექმნა. თუმცა ბლოკჩეინის შეცვლა არცთუ ისე მარტივია. „სხვა ბლოკჩეინზე გადასვლა ძვირად ღირებული, სარისკო და კომპლექსური მრავალწახნაგიანი წამოწყებაა, რომელიც შესაძლოა, კატასტროფულად ან სულაც Yuga Labs-ის ან სხვა ორგანიზაციების მიერ მისი მიტოვებით დასრულდეს, თუკი ყველაფერი ზედმიწევნით კარგად არ დაიგეგმა“, – ვკითხულობთ კენჭისყრისთვის შედგენილ დოკუმენტში.
ისე კი, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სხვა ბლოკჩეინზე გადასვლის გადაწყვეტილების დაბლოკვის მიუხედავად, ApeCoin-ის გადატანა პარალელულ ბლოკჩეინზე მაინც არის შესაძლებელი – ამ შემთხვევაში კრიპტოვალუტა სხვა ბლოკჩეინზე განთავსდება, მაგრამ თავად ეს ბლოკჩეინი ეთერიუმზე იქნება დაფუძნებული. ამრიგად შესაძლებელია როგორც ეთერიუმის დაცულობის, ასევე დაბალი საკომისიო გადასახადების კომბინირებულად მიღება.
2023 წლიდან Grammy-ის დაჯილდოებას ვიდეოთამაშების საუკეთესო საუნდტრეკის კატეგორია დაემატება
მომავალი წლიდან ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე პრესტიჟულ მუსიკალურ ჯილდოს, Grammy Awards-ს ახალი კატეგორია – „ვიდეოთამაშებისა და სხვა ინტერაქციული მედიის საუკეთესო საუნდტრეკი“ დაემატება.
„[ამ ჯილდოთი] საუნდტრეკების იმ ალბომების უმაღლეს ხარისხს გვსურს გავუსვათ ხაზი, რომლებიც საკვალიფიკაციო პერიოდის შიგნით სპეციალურად ვიდეოთამაშებისთვის ან სხვა ტიპის ინტერაქციული მედიისთვის იქმნება“, – ვკითხულობთ Grammy Awards-ის განცხადებაში.
ფოტო: Grammy.com
საინტერესოა, რომ აღნიშნული კატეგორიის დამატებას წინ უსწრებდა ჩარლი როზენისა და ჯეკ სილვერმანის შარშანდელი კომპოზიცია, რომელიც მათ ვიდეოთამაშ Kirby Superstar-ისთვის დაწერეს და რომლითაც Grammy Awards-ის ისტორიაში მეორენი გახდნენ, ვინც ვიდეოთამაშისთვის დაწერილი საუნდტრეკით გაიმარჯვა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ვიდეოთამაშებისთვის შექმნილი საუნდტრეკების ცალკე კატეგორიის გამოყოფის ბიძგად სწორედ ეს მოვლენა იქცა.
დატოვე კომენტარი