გასული კვირა ტექნოლოგიურად მრავალმხრივ საინტერესო აღმოჩნდა: სამხრეთ კორეამ საკუთარი წარმოების რაკეტით კოსმოსში პირველი სატელიტი გაგზავნა, რითაც კოსმოსური დამოუკიდებლობისკენ უზარმაზარი ნაბიჯი გადადგა, ხოლო Netflix-მა დაადასტურა, რომ რეკლამებიანი სტრიმინგ-სერვისის გაშვებას გეგმავს, რაც პირდაპირი პასუხია კომპანიის მიერ ორასი ათასი გამომწერის დაკარგვაზე. საინტერესოა, რომ გასულ კვირას სიახლეები იყო ქართულ ტექნოლოგიურ კომუნაშიც, სადაც Crosty-მ მეტავერსისთვის ციფრული ფეხსაცმელი შექმნა. ამ და სხვა მნიშვნელოვან სიახლეებს Forbes Georgia-ს ყოველკვირეულ ტექნოლოგიურ ბლოგში მოვუყარეთ თავი.
სამხრეთ კორეამ საკუთარი წარმოების რაკეტით კოსმოსში პირველი სატელიტი გაგზავნა
გასულ კვირას საინტერესო ამბავი მოხდა კორეის ნახევარკუნძულზე, საიდანაც სამხრეთ კორეამ საკუთარი წარმოების რაკეტით კოსმოსში პირველი სატელიტი გაგზავნა. თავისთავად ეს ფაქტი საინტერესო იმითაა, რომ ის ქვეყნის კოსმოსური დამოუკიდებლობისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია, რომელიც სამხრეთ კორეას საშუალებას მისცემს, რომ მისი ჩრდილოელი მეზობლის ტერიტორია გაცილებით უფრო ეფექტიანად დაზვეროს.
პირველი სამხრეთკორეული სატელიტი კოსმოსში ქვეყნის კოსმოსური სააგენტოს მიერ შექმნილი რაკეტით, Nuri-თ გაიგზავნა. საინტერესოა, რომ 162-კილოგრამიან მუშა-სატელიტთან ერთად, სამხრეთ კორეამ დედამიწის ორბიტაზე 1.3-ტონიანი სანიმუშო სატელიტიც განათავსა. ცნობისთვის გეტყვით, რომ 200-ტონიანი Nuri-ს შექმნა სამხრეთ კორეას $1.5 მილიარდი დაუჯდა.
ფოტო: Korea Pool / Yonhap, via Associated Press
„დღეს სამხრეთ კორეის მეცნიერებამ და ტექნოლოგიამ წინ დიდი ნაბიჯი გადადგა“, – განაცხადა ქვეყნის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის მინისტრმა, ლი ჯუნგ-ჰომ. „ამიერიდან, საკუთარი სატელიტების გაშვება ნებისმიერ დროს შეგვიძლია – სხვა ქვეყნის რაკეტებსა და გამშვებ პუნქტებზე აღარ ვიქნებით დამოკიდებულნი“.
აღსანიშნავია, რომ ეს პირველი სატელიტი არ არის, რომელიც სამხრეთ კორეამ, როგორც სახელმწიფომ, კოსმოსში გაგზავნა. ამგვარი შემთხვევა პირველად 2013 წელს დაფიქსირდა, მაგრამ ის ორნაწილიანი რაკეტა, სახელწოდებით Naro, რომლითაც სატელიტი გაიგზავნა, ორი ქვეყნის – სამხრეთ კორეისა და რუსეთის ფედერაციის ერთობლივი წარმოების შედეგი იყო.
როგორც ირკვევა, Nuri-ს სისტემის გამოყენებას სამხრეთი კორეა 2027 წლამდე აპირებს, რა დროსაც დამატებით ოთხი სატესტო რაკეტის გაშვებაა დაგეგმილი. საინტერესოა, რომ პარალელურად ამისა, ქვეყნის კოსმოსური სააგენტო ორჯერ უფრო მძლავრ რაკეტასაც ქმნის და ისეთ უეკიპაჟო კოსმოსურ ხომალდზეც მუშაობს, რომელიც შემდეგ ათწლეულში მთვარეზე დაეშვება.
აღსანიშნავია, რომ დედამიწის ორბიტაზე სატელიტების განთავსებით, სამხრეთ კორეას შემდეგი თაობის სატელიტური სანავიგაციო სისტემის შექმნა სურს. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ სატელიტების კოსმოსში გაგზავნა საკმაოდ მსხვილი ბიზნესიცაა, რომელიც დღეს, რამდენიმე ქვეყანას, მათ შორის აშშ-ს, რუსეთს, საფრანგეთს, ჩინეთს, იაპონიასა და ინდოეთს აქვთ ათვისებული.
Twitter-ს მოცულობითი განცხადებების ფუნქციონალი – Twitter Notes-ი დაემატება
გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ სოციალური ქსელი Twitter-ი მოცულობითი განცხადებების ფუნქციონალს, სახელწოდებით Twitter Notes-ს ამატებს, – ამის შესახებ ტექნოლოგიური გამოცემა TechCrunch-ი წერს. აღსანიშნავია, რომ მანამდე, შედარებით მოცულობითი ტექსტების განთავსებისთვის სოციალური ქსელის მომხმარებლებს განცხადებების ჯაჭვის შედგენა სჭირდებოდათ.
მარტივი მისახვედრია, რომ Twitter Notes-ის გამოჩენა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებაა, რომელიც სოციალურმა ქსელმა მას მერე განიცადა, რაც ტვიტში დაშვებული 140-სიმბოლოიანი ლიმიტი 280 სიმბოლომდე გაიზარდა. TechCrunch-ის ინფორმაციით, Twitter Notes-ი ამჟამად ტესტირებას გადის და ეს ფუნქციონალი მალე ოფიციალურადაც დადასტურდებოდა.
საინტერესოა, რომ Twitter Notes-ი ერთადერთი ახალი ფუნქციონალი არ არის, რომლის დამატებას სოციალური ქსელი ახლო მომავალში გეგმავს – კომპანია ტვიტების რედაქტირების ფუნქციონალის გააქტიურებასაც აპირებს, რომელზეც მუშაობა ჯერ კიდევ 2021 წელს დაიწყო. თუმცა, როგორც ირკვევა, ეს ფუნქციონალი თავდაპირველად მხოლოდ Twitter-ის ფასიანი სერვისის, Twitter Blue-ს გამომწერებს გაუაქტიურდებათ.
Crosty-მ მეტავერსისთვის ციფრული ფეხსაცმელი შექმნა
პრემიუმ-კლასის ფეხსაცმლის ქართულმა მწარმოებელმა, Crosty-მ ციფრული ფეხსაცმელების რამდენიმე ნაირსახეობა გამოუშვა, რომელთა მორგებას მომხმარებლები მეტავერსში შეძლებენ. ამ პროექტისთვის, Crosty-მ ციფრული ტანსაცმლის მსოფლიოს უდიდეს პლატფორმასთან, DRESSX-თან ითანამშრომლა.
„გვინდა, სიხარულით გაგიზიაროთ სრულიად ახალი გზა იმისა, რომ გამოსცადო და მოირგო ქროსთი. ესარის გზა, რომელიც სცდება მატერიალურ პროდუქტს იმისათვის, რომ შეაბიჯო მომავალში და აღმოაჩინო მეტავერსის შესაძლებლობები.
ჩვენი პირველი თანამშრომლობა DRESSX-თან საშუალებას აძლევს ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერადგილას იპოვოს თავისუფლება ახალ, ევოლუციურ მოდაში ჩვენი ციფრული კოლექციით“, – ვკითხულობთ კომპანიის განცხადებაში.
ცნობისთვის გეტყვით, რომ ციფრული ტანსაცმლის მაღაზიაში Crosty-ის ხუთი სახეობის ფეხსაცმელი არის ხელმისაწვდომი – თითოეული მათგანი $49 ღირს.
Netflix-მა დაადასტურა, რომ რეკლამებიანი სტრიმინგ-სერვისის გაშვებას გეგმავს
გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ სტრიმინგ-სერვისის ამერიკელი პიონერი, Neftlix-ი, რომელსაც ბოლო დროს სერიოზული პრობლემები აქვს, შედარებით ბიუჯეტური, მაგრამ რეკლამებიანი სერვისის გაშვებას გეგმავს, – ეს ინფორმაცია, თავის დროზე, The New York Times-მა გაავრცელა. თავად ეს იდეა პირველად მას მერე გახდა აქტუალური, რაც კომპანიის თანადირექტორმა, რიდ ჰასტინგსმა აპრილში განაცხადა, რომ ასეთ სერვისს მხარს დაუჭერდა.
„მომხმარებელთა დიდი სეგმენტი უყურადღებოდ დაგვრჩა – ის ადამიანები, რომლებიც ამბობენ: „ჩემთვის Netflix-ი ზედმეტად ძვირია, არადა, რეკლამების ყურება პრობლემას არ მიქმნის“, – განაცხადა კომპანიის მეორე თანადირექტორმა, ტედ სარანდოსმა „კანის ლომების“ ფესტივალზე. „კიდევ ერთ სერვისს ვამატებთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ Netflix-ზე რეკლამები ამ ტერმინის ტრადიციული გაგებით განთავსდება. ახალ სერვისს ვამატებთ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ამბობენ: – „უფრო იაფი სერვისი მინდა და რეკლამებსაც ვუყურებ“.
ვიდეო: Mobile Syrup
თავისთავად ცხადია, რომ Netflix-ის მიერ რეკლამებიანი სერვისის შემოღების გადაწყვეტილება ამა წლის პირველი კვარტალის ფინანსურ ანგარიშგებას უკავშირდება, რომლის თანახმად სტრიმინგ-სერვისმა სამ თვეში ორასი ათასი გამომწერი დაკარგა. საინტერესოა, რომ ამ შედეგს გავლენა არ მოუხდენია Neflix-ის დომინანტობაზე – ის კვლავაც მსოფლიოს უმსხვილესი სტრიმინგ-პლატფორმაა. თუმცა გამომწერების რიცხვის შემცირება Netflix-ისთვის პარადიგმული მნიშვნელობისა აღმოჩნდა და კომპანიის მესვეურები აიძულა, განვითარების სტრატეგიისთვის გადაეხედათ.
თუკი მივიჩნევთ, რომ რეკლამებიანი სტრიმინგ-სერვისის გაშვება გარდაუვალია, საინტერესო დეტალად რჩება ის, თუ რომელ კომპანიასთან ითანამშრომლებს Neftlix-ი რეკლამების მიმართულებით. როგორც ირკვევა, დღეს ორი ვარიანტი განიხილება: NBCUniversal-ი და Google-ი. თუმცა შეგვიძლია ვივარაუდოთ ისიც, რომ სარეკლამო კომპანიებთან თანამშრომლობა Netflix-ს მხოლოდ გარდამავალ ეტაპზე დასჭირდება ანუ მანამ, სანამ ის საკუთარ სარეკლამო ბიზნესს შექმნის.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ Netflix-ი ერთადერთი კომპანია არ არის, რომელიც რეკლამებიანი სტრიმინგ-სერვისის გაშვებას გეგმავს – განვითარების ამგვარ სტრატეგიას Neflix-ის ერთ-ერთი უმთავრესი კონკურენტი, Disney Plus-იც ირჩევს.
ანალიტიკოსის აზრით, Apple-ის AR/VR-სათვალეს იანვარში უნდა ველოდოთ
როგორც ჩანს, Apple-ის AR/VR-სათვალე, რომელსაც მთელი მსოფლიო სულმოუთქმელად ელოდება, მომავალი წლის იანვარში გასაჯაროვდება, – ასე ფიქრობს Apple-ის რესპექტაბელური ანალიტიკოსი, მინგ-ჩი კუო. საკუთარ რაპორტში, რომელიც 9to5Mac-მა მოიპოვა, მინგ-ჩი კუო წერს, რომ ეს სათვალე Apple-ის ყველა დროის ყველაზე კომპლექსური მოწყობილობა იქნება, რომელიც გაფართოებული და ვირტუალური რეალობის სათვალეების ბაზარზე ინოვაციას საგრძნობლად დააჩქარებს.
თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ ამ თემაზე მინგ-ჩი კუოს პროგნოზი ადრეც გაუკეთებია, მაგრამ მაშინ დროის ფანჯარა, რომელზეც ის წერდა, გაცილებით უფრო დიდი იყო, ვიდრე ახლა. გასულ წელს, მაგალითად, ანალიტიკოსმა განაცხადა, რომ Apple-ის AR/VR-სათვალე 2022 წელს გამოვიდოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ახალი მოწყობილობის წარდგენა წელს აღარ მოესწრება. მოგვიანებით ანალიტიკოსმა გამოშვების თარიღად შემდეგი წლის მეორე კვარტალი დაასახელა, მაგრამ ის ფაქტი, რომ ახლა კუომ კონკრეტული თვე დაასახელა – მის თავდაჯერებულობას უსვამს ხაზს. თუმცა, ცხადია, რომ ამ თარიღმა შეიძლება, რაღაც პერიოდით კვლავაც გადაიწიოს.
Apple-ის AR/VR-სათვალის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე შესრულებული ნახატი – The Information
საინტერესოა, რომ მინგ-ჩი კუოს ბოლო პროგნოზს ამყარებს Apple-ის შიგნით განვითარებული მოვლენებიც: მაისის დასაწყისში AR/VR-სათვალე კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრებმა გამოსცადეს, ხოლო მოგვიანებით სათვალეების ოპერაციული სისტემა RealityOS-ი Apple-ის კოდებსა და საპატენტო დოკუმენტაციაში გამოჩნდა. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი და სანდო გზავნილი მაინც Apple-ის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, ტიმ კუკმა გააჟღერა, როცა AR-თან და VR-თან დაკავშირებით რამდენიმე განცხადება დააანონსა.
უცნაურად არ მოგეჩვენებათ, თუ გეტყვით, რომ Apple-ის AR/VR-სათვალის შესახებ საკმაოდ მწირი ინფორმაციაა ხელმისაწვდომი, თუმცა რაც არის, გარკვეული დასკვნების გაკეთების საშუალებას მაინც გვაძლევს. როგორც ირკვევა, Apple-ს სათვალე დამოუკიდებელ მოწყობილობად წარმოუდგენია, რის გამოც ის კომპიუტერთან მიერთებული არ იქნება. ამასთანავე, არსებობს ინფორმაცია, თითქოს სათვალეში თოთხმეტი კამერა იქნება ჩაშენებული, რომელიც მომხმარებლის მოძრაობას სრულყოფილად ასახავს. რაც შეეხება მოწყობილობის შიდა აგებულებას, აქ ანალიტიკოსები Apple-ის საკუთარი წარმოების პროცესორის, M1-ის მსგავსი სიმძლავრის მიკროჩიპის გამოჩენას ვარაუდობენ.
eBay-მ სახელოვნებო ნიმუშების NFT-მარკეტპლეისი, KnownOrigin-ი შეიძინა
ონლაინვაჭრობის ამერიკულმა გიგანტმა, eBay-იმ სახელოვნებო ნიმუშების ბრიტანული NFT-მარკეტპლეისი, KnownOrigin-ი შეიძინა, რითაც საკუთარი კომპანიის საკოლექციო ნივთებით ვაჭრობის ბიზნესი განავითარა. „ეს გარიგება მნიშვნელოვანი ნაბიჯია eBay-ის ტექნოლოგიური განახლებისთვის, რომლითაც საკოლექციო ნივთებით საუკეთესო პლატფორმისთვის ციფრული საკოლექციო ნივთების შეგროვების ახალი ეპოქა იწყება“, – ვკითხულობთ eBay-ის პრესრელიზში.
ვიდეო: The Industry Fashion
საინტერესოა, რომ ეს ამერიკული გიგანტისა და Web3-თან დაკავშირებული ტექნოლოგიების პირველი შეხვედრა არ გახლავთ – NFT-ნამუშევრების გაყიდვა eBay-მ ჯერ კიდევ 2021 წელს დაიწყო, ხოლო უკანასკნელი კოლექცია მაისში, Tezos-თან და OneOf-თან თანამშრომლობით გამოუშვა.
„eBay-ი ის პლატფორმაა, რომელზეც პირველ რიგში მსოფლიოს გარშემო მცხოვრები ადამიანები იმ იდეალური, რთულად საპოვნელი ან უნიკალური ნივთის შესაძენად სტუმრობენ და ამ შესყიდვით, იმის ფონზე, რომ ჩვენი კომუნა ციფრული საკოლექციო ნივთებით დაინტერესდა, კვლავაც წამყვანი პლატფორმა ვიქნებით“, – ვკითხულობთ eBay-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელის, ჯეიმი იანონის განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებული გარიგების ფინანსური დეტალები უცნობია, მაგრამ მოსალოდნელია, რომ ამერიკულმა გიგანტმა KnownOrigin-ი რამდენიმე ათეულ მილიონ დოლარად შეიძინა – ამის თქმის საშუალებას $4.3-მილიონიანი ინვესტიცია გვაძლევს, რომელიც ბრიტანულმა კომპანიამ, ა-სერიის საინვესტიციო რაუნდის შემდეგ, ამა წლის თებერვალში მოიზიდა.
შეგახსენებთ, რომ გაერთიანებულ სამეფოში რეგისტრირებული KnownOrigin-ი 2018 წელს შექმნილი NFT-მარკეტპლეისია, რომელშიც ციფრული ხელოვნების ნიმუშები იყიდება. ბლოკჩეინ-აპლიკაციების კვლევითი ორგანიზაციის, DappRadar-ის ინფორმაციით, KnownOrigin-ის საშუალებით, დღემდე, $7.8 მილიონის ღირებულების ხელოვნების ნიმუშები გაიყიდა.
Gucci-მ NFT-ნამუშევრების გალერეა შექმნა
საინტერესოა, რომ eBay-ი ერთადერთი კომპანია არ გახლავთ, რომელმაც საკუთარი საქმიანობა სახელოვნებო NFT-ნამუშევრებს დაუკავშირა – ამგვარი გადაწყვეტილება მიიღო იტალიური მოდის სახლმა, Gucci-მაც, რომელმაც ბოლო დროს არაერთ საინტერესო ციფრულ პროექტს ჩაუყარა საფუძველი.
ამჯერად Gucci-მ, NFT-მარკეტპლეისთან, SuperRare-თან ერთად, NFT-ნამუშევრების გალერეა, Vault Art Space-ი შექმნა, რომელზეც მოდის სახლის კრეატიულმა დირექტორმა, ალესანდრო მიკელემ იმუშავა. საინტერესოა, რომ გალერეის სტუმრებს იქ გამოფენილი ნამუშევრების დათვალიერება და შეძენა შეუძლიათ – ონლაინაუქციონის პრინციპით, კრიპტოვალუტა ეთერის გამოყენებით. Gucci-ს ციფრული ხელოვნების ნიმუშების შესაძენად, პლატფორმას თქვენი კრიპტოსაფულე უნდა მიაბათ.
ვიდეო: GG Glass Boot / Aliina Kauranne
იტალიური მოდის სახლის NFT-გალერეაში გამართულ პირველ გამოფენას „Gucci-ს მომავალი ასი წელიწადი“ ჰქვია. პირველ ექსპოზიციაში, რომელშიც Gucci-ს მემკვიდრეობით შთაგონებული ნამუშევრები შევიდა, 29 არტისტი მონაწილეობს. „Vault Art Space-ში წარმოდგენილი ნამუშევრები Gucci-ს კალეიდოსკოპური ისტორიის საკოლექციო ფრაგმენტებს ასახავს, რომელთა შეძენა ონლაინაუქციონზე არის შესაძლებელი“, – ვკითხულობთ იტალიური მოდის სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ Gucci-სგან ამგვარი ინოვაციური გადაწყვეტილებების დანერგვა აღარ უნდა გვიკვირდეს, რადგან ბოლო დროს იტალიური მოდის სახლმა Web3-ის მიმართულებით არაერთი სიახლე დანერგა. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ Gucci-მ და კიბერსპორტის ტურნირების ორგანიზატორმა Faceit-მა გეიმერების ონლაინაკადემია შექმნეს. მანამდე კი იტალიური მოდის სახლმა ვიდეოთამაშ Roblox-ში საკუთარი ქალაქი შექმნა, რომელიც ამავე პლატფორმაზე მანამდე შექმნილი ბაღის განვითარებულ ვერსიად შეგვიძლია, ჩავთვალოთ.
დატოვე კომენტარი
使用TornadoCash轻松将您的以太坊交易匿名化。告别监视,迎接隐私。