თამამად შეიძლება ითქვას, რომ გასული კვირა ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული იყო ვირტუალურ რეალობასთან დაკავშირებული სიახლეებით, რადგან ახალი VR-სათვალეების გამოშვების შესახებ ერთბაშად ორმა უმსხვილესმა მწარმოებელმა, Meta-მ და Sony-მ განაცხადეს – პირველის უახლეს სათვალეს ოქტომბერში ვიხილავთ, მეორე კი ახალი თაობის მოწყობილობას 2023 წლის დასაწყისში გამოუშვებს. თუმცა, გარდა ამისა, გლობალურ ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში საინტერესო გარიგებებიც მოხდა – ერთ-ერთი ასეთი გარიგების შედეგად, უმსხვილესმა რუსულმა კომპანიებმა, Yandex-მა და VK-მ მნიშვნელოვანი აქტივები გაცვალეს. ამ და სხვა მნიშვნელოვან სიახლეებს Forbes Georgia-ს ყოველკვირეულ ტექნოლოგიურ ბლოგში მოვუყარეთ თავი.
Yandex-მა და VK-მ მნიშვნელოვანი აქტივები გაცვალეს
გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ ორმა რუსულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა, Yandex-მა და VK-მ მნიშვნელოვანი აქტივები გაცვალეს, – ამის შესახებ რუსული სააგენტო, RBC წერს. გარიგების შედეგად, Yandex-მა, რომელიც Nasdaq-ის საფონდო ბირჟაზე განთავსებული საჯარო კომპანიაა, VK-ისგან საკვებისა და პროდუქტების მიტანის სერვისი, Delivery Club-ი მიიღო. გარიგების მეორე მხარესაა რუსეთის უდიდესი სოციალური ქსელის, VK-ის მფლობელი კომპანია, რომელსაც Gazprom-ის შვილობილი Sogaz-ი ფლობს – ამ გარიგების შედეგად, VK-მ Yandex-ის ახალი ამბების აგრეგატორი Yandex Novosti და კონტენტის შექმნისა და გაზიარების პლატფორმა, Yandex Zen-ი მიიღო.
ფოტო: Reuters
ორ მხარეს შორის მიმდინარე გარიგების თანახმად, Yandex-ის ახალი დომენი ya.ru გახდება, ხოლო ძველი დომენი – yandex.ru, რომელსაც ყოველთვიურად სამოცდაათი მილიონი ადამიანი სტუმრობს, VK-ს მფლობელობაში გადასული Zen-ის მთავარი გვერდი გახდება. როგორც ირკვევა, გარიგების დასრულება 2022 წლის ბოლომდე, მას შემდეგ იგეგმება, რაც კომპანიები რუსეთის ფედერალური ანტიმონოპოლიური სამსახურისგან დასტურს მიიღებენ.
საინტერესოა, რომ Yandex-ის მიერ ზემოხსენებული სერვისების გაყიდვის შესახებ RBC-მ პირველად ჯერ კიდევ მარტში დაწერა – როგორც ირკვევა, ამ სერვისების გაყიდვა კომპანიას ჯერ კიდევ ოთხი-ხუთი წლის წინ სურდა, მაგრამ მოგვიანებით, ეს საკითხი დღის წესრიგიდან ამოვარდა და მხოლოდ გასულ შემოდგომას ამოტივტივდა. როგორც ირკვევა, Yandex-ს წმინდა ტექნოლოგიურ კომპანიად განვითარება სურს, რაშიც სოციალური ქსელის პერსპექტივის მქონე Yandex Zen-ი და პოლიტიკურად მოტივირებული და მრავალმხრივი კრიტიკის ობიექტი Yandex Novosti კომპანიას ხელს უშლიან.
ცნობისთვის გეტყვით, რომ ახალი ამბების აგრეგატორი, რომელსაც ყოველდღიურად ათი მილიონი ადამიანი სტუმრობს, Yandex-მა ჯერ კიდევ 2000 წელს შექმნა, ხოლო სოციალური პლატფორმა Yandex Zen-ი 2017 წელს გაუშვა. გასული წლის მონაცემებით, Zen-ს 22.3 მილიონი ყოველდღიურად აქტიური მომხმარებელი ჰყავდა, რაც 10%-ით მეტია, ვიდრე წინა წელს.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ Yandex-ი რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მრავალპროფილური ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც რუსულენოვანი ინტერნეტის წამყვან საძიებო სისტემას ფლობს – ამ ფაქტის გამო, Yandex-ს ხშირად „რუსულ Google-ად“ მოიხსენიებენ. ამასთანავე, როგორც უკვე გითხარით, Yandex-ი საჯარო კომპანიაა, რომლის აქციები ნიუ-იორკის Nasdaq-ის საფონდო ბირჟაზე ივაჭრება – აქვე გეტყვით, რომ გასული წლის ბოლოს, Yandex-ი $31 მილიარდადა იყო შეფასებული, მაგრამ რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, კომპანიის ღირებულება $7 მილიარდამდე შემცირდა.
თუმცა, საძიებო სისტემის გარდა, Yandex-ი სხვა ბიზნესებსაც ფლობს, მათ შორის საკვებისა და პროდუქტების მიტანის, ტაქსებისა და სტრიმინგ-სერვისებს. ამასთანავე, კომპანია Amazon-ის Alexa-ს მსგავს ხმოვან ასისტენტსაც ავითარებს, რომელსაც „ალისა“ ჰქვია. ისე კი, უნდა აღინიშნოს, რომ ბევრი სხვა რუსული ტექნოლოგიური კომპანიისგან განსხვავებით, Yandex-ი ამერიკის შეერთებულ შტატებშიც ოპერირებს, სადაც საუნივერსიტეტო კამპუსებზე საკვების მიტანისთვის რობოტებს იყენებს.
ფოტო: Yandex
Yandex-ის სიღრმისეული მიმოხილვის შემდეგ, უპრიანი იქნება რამდენიმე სიტყვას VK-ზეც თუ ვიტყვით. თამამად შეიძლება ითქვას, რომ VK ერთ-ერთი უმთავრესი რუსული ტექნოლოგიური კონგლომერატია, რომელიც Facebook-ის მსგავს სოციალურ ქსელს, Vkontakte-ს ფლობს. საინტერესოა, რომ VK-ს აღმასრულებელი ხელმძღვანელი, ვლადიმირ კირიენკო რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილის, სერგეი კირიენკოს შვილია, ხოლო იური კოვალჩუკი, რომელიც VK-ს მფლობელი Sogaz-ის მნიშვნელოვან წილს ფლობს, ვლადიმირ პუტინის „პირად ბანკირად“ ითვლება.
Xiaomi და Beijing Automotive Group-ი ერთობლივი წარმოების ელექტრომობილებს შექმნიან
გასული კვირის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე ჩინეთიდან მოდის, სადაც ცნობილი გახდა, რომ ორი ჩინური გიგანტი, Xiaomi და Beijing Automotive Group-ი ელექტრომობილებს ერთად შექმნიან და შეეცდებიან, პირველი ავტომობილი 2024 წელს გამოუშვან, – ამის შესახებ Bloomberg-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, კომპანიები რამდენიმე სახის კოლაბორაციას განიხილავენ, მათ შორისაა Xiaomi-ს მიერ Hyundai-ის პეკინში არსებული ნომერ მეორე ქარხნის შესყიდვა, რომელსაც ჩინეთში ავტომობილების წარმოების ლიცენზია აქვს მინიჭებული.
Xiaomi-ს ელექტრომობილების წარმოების ინდუსტრიაში ჩართვა მოულოდნელი სულაც არ არის, რადგან არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კომპანიის თანადამფუძნებელმა, ლეი ჯუნმა ამ საქმეში $10 მილიარდის ინვესტირების პირობა დადო, რათა 2024 წლისთვის Xiaomi-ს ბრენდირებული ავტომობილები გამოეშვა. აღსანიშნავია, რომ ამ მიზნის მიღწევა ლეი ჯუნს სხვა კომპანიასთან შერწყმით გაცილებით უფრო მარტივად გამოუვა, ვიდრე ცალკე, რადგან ჩინეთის კომუნისტური მთავრობა, ბოლო დროს ავტომობილების წარმოების ახალ ლიცენზიებს დიდად აღარ გასცემს.
ჩინეთში საავტომობილო წარმოების ახალი ლიცენზიების მოპოვება იმდენად გართულდა, რომ ადგილობრივი EV-სექტორის რამდენიმე მოთამაშემ ნებართვის მისაღებად ბაზარზე არსებული შედარებით მცირე ზომის მოთამაშეების შესყიდვა ამჯობინა. WM Motor Holdings-მა, მაგალითად, რომელიც ჰონგ-კონგის საფონდო ბირჟაზე დალისტვის შემდეგ $1 მილიარდზე მეტი ინვესტიციების მოზიდვას გეგმავს, ლიცენზიის მოსაპოვებლად Huanghai Auto შეიძინა, ჯერ კიდევ 2017 წელს. მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო Li Auto Inc.-მაც, რომელმაც 2018 წელს Chongqing Lifan Auto Company-ში $95 მილიონი გადაიხადა.
ცუკერბერგი: Meta-ს უახლესი VR-სათვალე ოქტომბერში გამოჩნდება
გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ მსოფლიოს უდიდესი სოციალური ქსელის, Facebook-ის მფლობელი კომპანიის, Meta-ს უახლესი VR-სათვალე, რომელზეც კომპანიაში უკვე წლებია, რაც მუშაობენ, დღის შუქს პირველად ოქტომბერში, Meta-ს ყოველწლიურ ღონისძიებაზე, Connect-ზე იხილავს, – ამის შესახებ ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, მარკ ცუკერბერგმა ჯო როგანის პოდკასტში სტუმრობისას ისაუბრა.
მიუხედავად იმისა, რომ ცუკერბერგს არ დაუკონკრეტებია, თუ რომელ VR-სათვალეს გულისხმობდა, არსებობს ლეგიტიმური საფუძველი ფიქრისა, რომ საუბარია მოწყობილობაზე კოდური სახელწოდებით Project Cambria. ის ცუკერბერგმა ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბერში დააანონსა.
ფოტო: Meta
„იმ მოწყობილობას, რომელიც სექტემბერში გამოჩნდება, ძალიან დიდი შესაძლებლობები ექნება“, – განაცხადა ცუკერბერგმა პოდკასტის დასაწყისში, ვირტუალურ რეალობაზე საუბრისას. როგორც ჩანს, Meta-ს უახლესი VR-სათვალე ტექნოლოგიურად საკმაოდ დახვეწილი იქნება, რაზეც თვალისა და სახის ტრეკინგ-ფუნქციები მიუთითებს, რომელთა დახმარებით ადამიანები ერთმანეთის თვალებში ყურებას შეძლებენ. ამასთანავე, როგორც ჩანს, Project Cambria-ს VR-სათვალეს ადამიანების ემოციების აღბეჭდვა და მათი ვირტუალურ ავატარებზე გადატანა შეეძლება: აი, მაგალითად, თუ თქვენ იცინით, თქვენი ავატარიც გაიცინებს.
ყველაფერი ის, რაც მარკ ცუკერბერგმა ჯო როგანის პოდკასტში უახლეს VR-სათვალეზე ილაპარაკა, Project Cambria-ზე მიგვანიშნებს. ამ დრომდე, Project Cambria-ს შესახებ ვიცოდით, რომ მას მაღალი გარჩევადობის ეკრანები, თვალის გუგის ტრეკინგ-სენსორები და გაფართოებული რეალობის დახვეწილი ფუნქციონალი ექნებოდა. შეიძლება ითქვას, რომ ვიცით Project Cambria-ს რეალური სახელიც, რომელიც Bloomberg-ის ინფორმაციით Meta Quest Pro იქნება, რაც სრულ თანხვედრაშია კომპანიის მიერ მანამდე გამოშვებულ მოწყობილობებთან.
ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ Cambria, Oculus-ის დღეს არსებულ ნებისმიერ მოწყობილობაზე გაცილებით უფრო ძვირად ღირებული იქნება – იმის ფონზეც კი, რომ ცოტა ხნის წინ, Meta-მ ბაზარზე არსებული VR-სათვალეების ფასი გაზარდა. Project Cambria-ს 2022 წლის დებიუტზე Meta-ში ამ დრომდეც უსაუბრიათ, ასე რომ მოწყობილობის ოქტომბრის ღონისძიებაზე წარმოდგენა საკმაოდ ლოგიკურად ჟღერს.
Panasonic-ი აშშ-ში ელექტრობატარეების კიდევ ერთი ქარხნის აშენებას გეგმავს
როგორც ჩანს, ელექტრონიკის იაპონური გიგანტი, Panasonic-ი, რომელიც სხვა ყველაფერთან ერთად Tesla-ს მთავარი მიმწოდებელიცაა, ამერიკის შეერთებული შტატებში საკუთარი წარმოების კიდევ უფრო გაზრდის მიზნით ელექტრობატარეების მორიგი ქარხნის აშენებას გეგმავს, – ამის შესახებ The Wall Street Journal-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, უახლესი $4-მილიარდიანი ქარხნის ადგილად იაპონურმა კომპანიამ ოკლაჰომას შტატი შეარჩია.
ფოტო: Getty Images / Picture Alliance
ისე კი, Panasonic-ის ამგვარი ამბავი ჩვენს საქმიან მკითხველს შეიძლება გაუკვირდეს კიდეც, რადგან მსგავსი კაზუსის შესახებ – Panasonic-ის მიერ აშშ-ში $4-მილიარდიანი ქარხნის აშენების თაობაზე, ჯერ კიდევ ერთი თვის წინ მოგიყევით. იმ დროს, საქმე ეხებოდა კანზასის შტატში ასაშენებელ ქარხანას, რომელსაც ოთხი ათასი სამუშაო ადგილის შექმნა შეუძლია. თავის დროზე, Panasonic-მა კანზასი კომპანიისთვის დაწესებული ფედერალური შეღავათებისა და მისი ტეხასის ქალაქ ოსტინთან სიახლოვის გამო აირჩია, სადაც Tesla-ს გიგაქარხანა მდებარეობს.
აღსანიშნავია, რომ ოკლაჰომა ტეხასს ისევე ესაზღვრება, როგორც კანზასი და შტატში ასევე მოქმედებს ტექნოლოგიური კომპანიებისადმი მიმართული შედარებით რბილი საგადასახადო პოლიტიკა. მიმდინარე წლის აპრილში, ოკლაჰომას სენატმა მხარი დაუჭირა კანონს, რომლითაც $698 მილიონის საგადასახადო შეღავათები გამოუყო კონკრეტულ კომპანიას, რომელიც შტატში დიდ პროექტს განახორციელებდა. იმ დროს, პოლიტიკოსებს კომპანია არ დაუსახელებიათ, მაგრამ საუბარი იყო ისეთ სუბიექტზე, რომელიც მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში შტატში სულ მცირე $3.6 მილიარდის ინვესტიციას განახორციელებდა და ოთხი ათას ახალ სამუშაო ადგილს შექმნიდა. საინტერესოა ისიც, რომ ოკლაჰომაში საკუთარი ქარხნის გახსნას გეგმავს ელექტრომობილების მწარმოებელი სტარტაპი Canoo, რომელიც Panasonic-ის ერთ-ერთი უმსხვილესი შემსყიდველია.
აღსანიშნავია, რომ Panasonic-ი ელექტრობატარეებზე მომუშავე ერთადერთი ტექნოლოგიური კომპანია არ გახლავთ, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში საკუთარ წარმოებას ზრდის. ამგვარი გადაწყვეტილება General Motors-მა და LG Energy Solution-მაც მიიღეს, რომლებიც მიჩიგანის შტატში $2.6-მილიარდიან ქარხანას ერთობლივად აშენებენ. საინტერესოა, რომ ამერიკის ტერიტორიაზე ელექტრობატარეების წარმოება გადაწყვეტილი ჰქონდა ამ მიმართულებით ჩინეთის წამყვან კომპანიას, Contemporary Amperex Technology Company-ს. თუმცა, აშშ-ისა და ჩინეთის დაძაბული ურთიერთობის ფონზე, ეს გადაწყვეტილება დროებით თაროზე არის შემოდებული.
აშშ-ში უნივერსიტეტები სტუდენტების ოთახების წინასაგამოცდოდ ვეღარ შეამოწმებენ – სასამართლო
გასულ კვირას საინტერესო სამართლებრივი კაზუსი შედგა ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც სასამართლოს განჩინების საფუძველზე დადგინდა, რომ ოთახების ვირტუალური სკანირება, რომელსაც ზოგიერთი უნივერსიტეტი დისტანციური გამოცდების წინ ატარებდა – არაკონსტიტუციური ქმედებაა, – ამის შესახებ ამერიკული გამოცემა, The Verge-ი წერს. ცნობისთვის გეტყვით, რომ აღნიშნული კაზუსი კლივლენდის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტის სტუდენტს, აარონ ოგლთრის უკავშირდება, რომელსაც ერთ-ერთი დისტანციური გამოცდის წინ, საკუთარი ოთახის დათვალიერება მოსთხოვეს, ვიდეოჩანაწერი კი შეინახეს.
მოგვიანებით, აარონ ოგლთრიმ უნივერსიტეტს სასამართლოში უჩივლა, რადგან მისი თქმით, ამგვარი პრაქტიკა ამერიკის შეერთებული შტატების მეოთხე შესწორებას ეწინააღმდეგება, რომელიც აშშ-ის მოქალაქეებს „დაუსაბუთებელი ჩხრეკისა და კონფისკაციისაგან“ იცავს. მოპასუხე მხარეს, ანუ კლივლენდის უნივერსიტეტს რაც შეეხება, მათი თქმით, „ოთახების სკანირება ინდუსტრიაში ფართოდ გამოყენებული პრაქტიკაა“, რომელიც „სტუდენტები ხშირად უსიტყვოდ ეთანხმებიან“.
ფოტო: William Joel / The Verge
თუმცა, როგორც ოჰაიოს ფედერალური სასამართლოს მოსამართლემ, ფილიპ კალაბრეზემ გადაწყვიტა, უნივერსიტეტის მიერ მოსწავლეთა ოთახების სკანირება დაუსაბუთებელ ჩხრეკას წარმოადგენს. „ბატონი ოგლთრის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის სუბიექტური მოლოდინი საზოგადოების მხრიდან დასაბუთებულად შეიძლება ჩაითვალოს და სწორედ ეს განსაზღვრავს [კონსტიტუციის] მეოთხე შესწორებას, რომელიც ადამიანებს სახელმწიფოს მხრიდან მათ ცხოვრებაში უნებართვოდ შეჭრისაგან იცავს“, – განაცხადა მოსამართლემ.
აღსანიშნავია, რომ ეს საკითხი განსაკუთრებით საყურადღებო და მნიშვნელოვანია, რადგან დისტანციური სწავლების პირობებში სტუდენტების შემოწმების ამგვარ პრაქტიკას არაერთი უნივერსიტეტი მიმართავს. ის სასწავლო დაწესებულებები, რომლებმაც საკუთარ პროცესებში ამგვარი პრაქტიკა დანერგეს, როგორც წესი, სტუდენტებს დოკუმენტებისა და მათ გარშემო არსებული სივრცის პროქტორებისთვის ჩვენებას ავალდებულებენ. თუმცა არსებობს ტექნოლოგიურად უფრო მაღალგანვითარებული უნივერსიტეტები, რომლებშიც ადამიანი პროქტორის როლს ხელოვნური ინტელექტი ასრულებს.
Sony ვირტუალური რეალობის უახლეს სათვალეს 2023 წლის დასაწყისში გამოუშვებს
როგორც ჩანს, იაპონური ტექნოლოგიური გიგანტის, Sony-ის ვირტუალური რეალობის უახლესი სათვალე, PlayStation VR2 ბაზარზე მომავალი წლის დასაწყისში გამოჩნდება, – ამის შესახებ კომპანიის მიერ Twitter-ზე დაწერილი განცხადებებიდან და Instagram-ზე გამოქვეყნებული პოსტებიდან ვიგებთ. შეგახსენებთ, რომ ახალი VR-სათვალის გამოშვების შესახებ Sony-მ ჯერ კიდევ წლის დასაწყისში განაცხადა, როცა პროდუქტის დიზაინი და ფუნქციონალის ნაწილი გაასაჯაროვა, მაგრამ გამოსვლის თარიღისა და სავარაუდო ფასის შესახებ, კომპანიაში იმ დროს არაფერი უთქვამთ.
მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიის უახლესი პროდუქტის შესახებ ამ ეტაპზე ბევრი არაფერია ცნობილი, მაგრამ რაც ვიცით არის ის, რომ PlayStation VR2-ს 4K-რეზოლუციის მქონე დისპლეები ექნება, რომლებიც 90 ან 120 ჰერცის სიხშირით შეძლებენ ფუნქციონირებას. ამასთანავე, VR-სათვალეს 110-გრადუსიანი გაშლის კუთხე და „ღრმა დარენდერების“ ფუნქციონალი ექნება, რომლითაც გარკვეული სურათები უფრო მკვეთრად რენდერდება, რაც კომპიუტერს (ამ შემთხვევაში კი, PlayStation 5-ს) საქმეს უმარტივებს. შეგვიძლია დავძინოთ ისიც, რომ PlayStation 5-თან დაკავშირებას, Sony-ის უახლესი VR-სათვალის მომხმარებლები USB-C-ტიპის კაბელით შეძლებენ.
როგორც ირკვევა, ვირტუალური რეალობის უახლეს სათვალესთან ერთად, Sony-ი ოცამდე მნიშვნელოვანი ვიდეოთამაშის გამოშვებას გეგმავს – საუბარია ცნობილ ფრენჩაიზებზე, მათ შორის Horizon-ისა და Walking Dead-ის სერიის ვიდეოთამაშებზე და No Man’s Sky-ისა და Resident Evil Village-ის VR-ვერსიებზე.
ისე კი, PlayStation VR2-ის ტექნოლოგიურ მხარეზეც აუცილებლად უნდა ვისაუბროთ, მით უფრო, რომ წინა თაობის VR-სათვალეებისგან ის მეტად განსხვავებულია. ერთ-ერთი პირველი მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელსაც ახალი თაობის მოწყობილობაში ვხვდებით, მოძრაობის აღმრიცხველი ხელსაწყო, ე.წ. „ტრეკერია“, რომელიც ამჯერად სათვალეში არის ჩაშენებული, ისე, როგორც ეს Oculust Quest 2-ის VR-სათვალის შემთხვევაში ხდება. ამგვარად, მომხმარებლები მათ გარშემო არსებული გარემოს დანახვას შეძლებენ – მაშინაც კი, როცა VR-სათვალე ჩართული იქნება.
ამასთანავე, განსაკუთრებული ყურადღების ღირსია PlayStation VR2-ის სფეროსებრი სამართავი პულტები, რომლებიც მომხმარებლებს PS5-ის DualSense-ის ტიპის პულტის, ე.წ. „ჯოისტიკის“ მსგავს ჰაპტიკურ უკუკავშირს სთავაზობენ. გარდა ამისა, ჯოისტიკებს ადამიანის ხუთივე თითის ამოცნობა შეუძლიათ, რას აჩენს ეჭვს, რომ მომავალში, Sony-ის ჰაპტიკური ფუნქციონალი კიდევ უფრო დაიხვეწება.
თუმცა, ერთ-ერთი მთავარი დაბრკოლება, რომელიც შეიძლება Sony-ის უახლეს VR-სათვალესთან მიმართებით არსებობდეს ისაა, რომ მისი გამოყენება მხოლოდ იაპონური ტექნოლოგიური გიგანტის ფლაგმან კონსოლთან, PlayStation 5-თან ერთად შეიძლება. თავისთავად ეს დამოკიდებულება, ერთი მხრივ, მომხმარებელს დამატებით ფინანსურ წნეხს უქმნის, მაგრამ არსებობს მეორე პრობლემაც – PlayStation 5-ის შეძენა დღემდე ძალიან რთულია. რაც უნდა უცნაურად ჟღერდეს, PlayStation-ის უახლესი მოდელი, რომელიც ჯერ კიდევ 2020 წლის ნოემბერში გამოვიდა, მიკროჩიპების გლობალური კრიზისის გამო საკმაოდ რთულად საშოვნელ მოწყობილობად იქცა. თუმცა, არსებობს ვარაუდი, რომ იმ დროისთვის, როცა Sony-ი ვირტუალური რეალობის უახლეს სათვალეს გამოუშვებს, ზემოხსენებული პრობლემა უკვე დიდი ხნის მოგვარებული იქნება.
არ უნდა დაგვავიწყდეს PlayStation VR2-ის მთავარი კონკურენტი, Meta-ს მფლობელობაში არსებული Oculus Quest-ის უახლესი მოდელი, რომელიც, ჯერჯერობით, მხოლოდ კოდური სახელწოდებით – Project Cambria-დ არის ცნობილი. როგორც უკვე მოგიყევით, ბაზარზე ის ოქტომბერში გამოჩნდება, მაგრამ მისი ფასი, ჯერჯერობით, უცნობია. VR-სათვალეების ბაზარზე ფეხის მოკიდებას მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიაც ცდილობს, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ტიპის მოწყობილობა, რომელიც, შესაძლოა რამდენიმე ათასი ამერიკული დოლარი ღირდეს, Apple-ს ჯერ კიდევ არ გამოუშვია. თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ Apple-ის პირველი ვირტუალური რეალობის სათვალე დღის შუქს 2023 წლის იანვარში იხილავს.
დატოვე კომენტარი