თამამად შეიძლება ითქვას, რომ გასული კვირა საკმაოდ დატვირთული აღმოჩნდა მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური სიახლეებით, მათ შორის განსაკუთრებულად საინტერესოა Adobe-ის მიერ Figma-ს $20 მილიარდად შესყიდვა და Etherium-ის განახლება, რომლისთვისაც ბლოკჩეინი წლების განმავლობაში ემზადებოდა. ამ და სხვა მნიშვნელოვან სიახლეებს Forbes Georgia-ს ყოველკვირეულ ტექნოლოგიურ ბლოგში მოვუყარეთ თავი.
Adobe-მ UI/UX-დიზაინის ონლაინპლატფორმა, Figma $20 მილიარდად შეიძინა
თამამად შეიძლება ითქვას, რომ გასული კვირის მთავარი ტექნოლოგიური სიახლე მომხმარებლის ინტერფეისისა და გამოცდილების დიზაინის ინდუსტრიაში შემდგარი გარიგება გახდა, რომლითაც ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა, Adobe-მ UI/UX-დიზაინის ონლაინპლატფორმა, Figma $20 მილიარდად შეიძინა.
ფოტო: Figma
ცნობისთვის გეტყვით, რომ Figma დიზაინის საკოლაბორაციო პლატფორმაა, რომელიც ათი წლის წინ ანტრეპრენიორებმა დილან ფილდმა და ივან ვოლესმა შექმნეს – ამ ათი წლის განმავლობაში Figma დიზაინის პროგრამული უზრუნველყოფის ბაზრის ერთ-ერთ ლიდერად იქცა. საინტერესოა, რომ Figma-ს იყენებენ როგორც ინდივიდუალური დიზაინერები, ასევე კორპორაციული კლიენტები – მათ შორისაა Microsoft-იც, რომლის პროდუქტების დიზაინი უმეტესწილად სწორედ Figma-ში არის აწყობილი.
როგორც ჩანს, ამ ეტაპზე Adobe Figma-ს ფუნქციონირების შეზღუდვას არ გეგმავს: „Figma-ს ისევე ვმართავთ, როგორც ყოველთვის და გავაკეთებთ ყველაფერს, რაც გვჯერა, რომ ჩვენს კომუნას, კულტურასა და ბიზნესს სჭირდება“, – განაცხადა Figma-ს თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, დილან ფილდმა. მსგავსი პათოსის განცხადებას ავრცელებს Adobe-იც, რომელმაც კომპანიის ხელმძღვანელად დილან ფილდი დატოვა.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული გარიგებით, Figma Adobe-ის კრეატიული აპლიკაციების პორტფოლიოში შემავალი მორიგი კომპანია იქნება. თუმცა არსებობს რისკიც, რადგან ამ გარიგებით Adobe-მ ბაზრიდან კიდევ ერთი კონკურენტი გააქრო. ისე კი ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა Adobe-მ საკუთარი პირდაპირი კონკურენტი შეიძინა – ასე იყო ვიდეოკონტენტის შესაქმნელად საჭირო აპლიკაციის, Frame.io-ს და ონლაინპორტფოლიოს პლატფორმის, Behance-ის შემთხვევაშიც. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ თავის დროზე Adobe-ის ერთ-ერთი საკულტო პროდუქტი – Photoshop-იც, შენაძენი იყო.
არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ Adobe-სა და Figma-ს გარიგებით შეიძლება, ამერიკის შეერთებული შტატების ანტიმონოპოლიური სამსახურიც დაინტერესდეს.
ისტორიული მოვლენა კრიპტოინდუსტრიაში – Etherium-ის განახლება წარმატებით დასრულდა
გასულ კვირას გლობალურ კრიპტოინდუსტრიაში უმნიშვნელოვანესი მოვლენა დაფიქსირდა – მსოფლიოს უდიდესმა ბლოკჩეინ-კომპანიამ, Etherium-მა საკუთარი ბლოკჩეინის განახლება, ე.წ. „მერჯი“ წარმატებით დაასრულა.
კომპლექსური ტექნიკური განახლების შედეგად, Etherium-მა Proof-of-Work-ის ტიპის კონსენსუსის მექანიზმზე უარი თქვა და Proof-of-Stake-ის კონსენსუსის მექანიზმზე გადავიდა, რაც ორგანიზაციას, მის ბლოკჩეინსა და მასზე დაშენებულ კრიპტოვალუტას – ეთერს, ახალ შესაძლებლობებს მისცემს.
კონსენსუსის ახალ მექანიზმზე გადასვლის უპირატესობებს შორისაა როგორც ბლოკჩეინის სისწრაფისა და გამტარობის გაზრდა, ასევე დაცულობისა და მოქნილობის უფრო მაღალი სტანდარტი და რენტაბელურობა. თუმცა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ახალ სისტემას კრიპტოვალუტის მოსაპოვებლად, ე.წ. „მაინინგისთვის“ საჭირო ინფრასტრუქტურა და მძლავრი კომპიუტერული ინფრასტრუქტურა აქვს, რომელიც დიდი მოცულობით ელექტროენერგიას მოიხმარს.
წინასწარი შეფასებით, უახლოეს მომავალში Etherium-ის ენერგომოხმარება 99%-ით შემცირდება, რაც გავლენას მოახდენს არა მხოლოდ გლობალურ ენერგობაზარზე, არამედ მაინინგის ინდუსტრიაზეც. Etherium-ის დამფუძნებლის, ვიტალიკ ბუტერინის შეფასებით, Etherium-ის PoS-კონსენსუსზე გადასვლით, გლობალური ენერგომოხმარება 0.2%-ით შემცირდება.
შეგახსენებთ, რომ ამ დრომდე Etherium-ი Proof-of-Work-ტიპის კონსენსუსს იყენებდა, რომელიც მოძველებულ და მოუქნელ ტექნოლოგიად მიიჩნევა, რაც უცნაური არ არის, თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს პირველი სისტემა იყო, რომელიც ჯერ კიდევ ბიტკოინთან ერთად შეიქმნა.
ექსპერტების შეფასებით, Etherium-ის PoS-სისტემაზე გადასვლასთან ერთად, ამ ბლოკჩეინზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზრდება, რაც, რეალურად, მას ციფრული ეკონომიკის ერთ-ერთ მთავარ დასაყრდენად აქცევს. ცნობისთვის გეტყვით, რომ Etherium-ის ბლოკჩეინზე დაშენებული კრიპტოვალუტა ეთერი მსოფლიოს რიგით მეორე კრიპტოვალუტაა საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით – ამჟამად მისი საბაზრო კაპიტალიზაცია $166 მილიარდს შეადგენს.
შესაძლოა, Zoom-მა საკუთარი ელექტრონული ფოსტა და კალენდარი შექმნას
გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ ვიდეოსაკომუნიკაციო პროგრამული უზრუნველყოფის ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელი, Zoom-ი საკუთარი ელექტრონული ფოსტისა და კალენდრის განვითარებას გეგმავს, – ამის შესახებ გამოცემა The Information-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, აღნიშნულ პროდუქტებს, რომელთა სამუშაო სახელები Zmail-ი და Zcal-ია, ამერიკული კომპანია უკვე ორი წელია, რაც ავითარებს. მოსალოდნელია, რომ ახალ პროდუქტებს Zoom-ი ნოემბერში, მის ყოველწლიურ კონფერენციაზე წარადგენს.
აღნიშნული სიახლის მოსმენისას, მკითხველს ლეგიტიმური შეკითხვა უჩნდება: რად გვინდა ამგვარი სერვისების კიდევ ერთი პროვაიდერი, როცა ბაზარი ისედაც გაჯერებულია? ამ შეკითხვაზე პასუხი ისაა, რომ საკუთარი ელექტრონული ფოსტისა და კალენდრის შექმნის გარდა, Zoom-ს გადასარჩენად სხვა გზა არა აქვს. საქმე ისაა, რომ Zoom-ის მთავარი ხიბლი – ვიდეოსაკომუნიკაციო პლატფორმა, თავისი არსით, უნიკალური არ არის. პირიქით, ამგვარ სერვისს მომხმარებლებს ლამის ყველა მსხვილი ტექნოლოგიური გიგანტი, მათ შორის Google-ი და Microsoft-ი სთავაზობენ.
თუმცა Google-ისა და Microsoft-ის შემთხვევაში Zoom-ის მთავარი გამოწვევა ისაა, რომ აღნიშნული კომპანიების მომხმარებლები Zoom-საც აქტიურად იყენებენ, ოღონდ Workspace-თან და Office 365-თან ერთად. თუმცა აღნიშნული პროგრამული უზრუნველყოფები საკუთარ ინდივიდუალურ და ბიზნესმომხმარებლებს მრავალმხრივ სერვისებს სთავაზობენ, მათ შორის ვიდეოკომუნიკაციის პროგრამებს. ამგვარად, Google-სა და Microsoft-ს შეუძლიათ, მომხმარებლებს Zoom-ის მსგავსი პროგრამა შესთავაზონ, თანაც უფრო იაფად.
ისე კი, არსებობს ამ პრობლემის მეორე მხარეც, რომელსაც კიდევ ერთი ლეგიტიმური შეკითხვა დაესმის: რად გვინდა Zoom-ის ელექტრონული ფოსტა და კალენდარი, როცა Google-ი, Microsoft-ი და სხვა კომპანიები ამ სერვისებზე ათწლეულებია, რაც მუშაობენ.
ამიერიდან Intel-ი Pentium-ისა და Celeron-ის ბრენდის პროცესორებს აღარ გამოიყენებს
გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ მიკროჩიპების ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელი, ამერიკული Intel-ი, 2023 წლის ლეპტოპებში Pentium-ისა და Celeron-ის ბრენდის პროცესორებს აღარ გამოიყენებს. საკულტო პროცესორების ნაცვლად, Intel-ი Intel Processor-ის ბრენდის პროცესორების გამოყენებას გეგმავს, რაც, კომპანიის თქმით, მომხმარებლებს მისი პროდუქტების აღქმას გაუმარტივებს.
შეგახსენებთ, რომ Pentium-ის საკულტო პროცესორი Intel-მა თითქმის ოცდაათი წლის წინ, ჯერ კიდევ 1993 წელს შექმნა. თავის დროზე Pentium-ის ბრენდის პროცესორები პრემიუმ-სეგმენტის პერსონალურ კომპიუტერებში გამოიყენებოდა, მაგრამ ტექნოლოგიურ განვითარებასთან ერთად ლეპტოპებშიც შეაღწია. Pentium-ის გამოსვლიდან ხუთი წლის შემდეგ Intel-მა Celeron-ის ბრენდის მიკროჩიპი შექმნა, რომელიც თავდაპირველად ბიუჯეტურ პერსონალურ კომპიუტერებში გამოიყენებოდა.
ფოტო: Intel
თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ გადაწყვეტილებით, Intel-ი საკუთარი პროცესორების ერთი ქოლგა-ბრენდის, Intel Processor-ის ქვეშ გაერთიანებას ისახავს მიზნად. თუმცა რა განსხვავება იქნება ბრენდებს შორის და როგორ აპირებს Intel-ი ამ სიახლის საკუთარი მომხმარებლებისთვის შეტყობინებას, ჯერჯერობით უცნობია. თუმცა ცნობილია ის, რომ ბრენდის შეცვლის ფონზე Intel-ი საკუთარი პროდუქტებისა და გეგმების შეცვლას არ აპირებს.
ცნობისთვის გეტყვით, რომ Intel-ის ეს გადაწყვეტილება მსოფლიო პრესის ყურადღების ცენტრში კომპანიის ყოველწლიურ ღონისძიებამდე რამდენიმე კვირით ადრე მოხვდა – შეგახსენებთ, რომ ამ ღონისძიებაზე Intel-ი მე-13 თაობის პროცესორების წარდგენას გეგმავს.
კალიფორნიის მთავარი პროკურორი Amazon-ს უჩივის, მიზეზი – საფასო პოლიტიკაა
გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ შტატ კალიფორნიის მთავარმა პროკურორმა, რობ ბონტამ ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის, Amazon-ის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა, – ამის შესახებ პირველად The New York Times-მა დაწერა, მაგრამ მოგვიანებით ინფორმაცია კალიფორნიის პროკურატურამაც დაადასტურა. როგორც ირკვევა, რობ ბონტა Amazon-ს კონკურენციის შეზღუდვაში ადანაშაულებს, რაც, საბოლოო ჯამში, მომხმარებლებს სერვისის გამოყენების ფასს უზრდის.
საინტერესოა, რომ ამ ეტაპზე აღნიშნული სარჩელი მხოლოდ კალიფორნიას ეხება – შტატს, რომელშიც Amazon-ი ოცდახუთ მილიონამდე მომხმარებელს ემსახურება. თუმცა აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ამ საქმეს, როგორც არ უნდა დასრულდეს ის, Amazon-ის საფასო პოლიტიკის ამერიკულ მომავალზე დიდი გავლენა ექნება.
ცნობისთვის გეტყვით, რომ კალიფორნიის გუბერნატორის მიერ დაწყებული სასამართლო სარჩელი Amazon-ის საფასო პოლიტიკას იმ ნაწილში ეხება, როცა ონლაინმაღაზია მომხმარებლებს სხვა ონლაინმაღაზიებში პროდუქციის უფრო იაფად განთავსების შესაძლებლობას არ აძლევს. იმ შემთხვევაში, თუ Amazon-ი შეამჩნევს, რომ ანალოგიური პროდუქტი სხვა პლატფორმაზე უფრო იაფად განათავსეთ, ხშირად ის თქვენი პროდუქტის ვებგვერდიდან ფრაზებს „იყიდე ახლავე“ და „დაამატე კალათში“ – გააქრობს. თავისთავად ცხადია, რომ ელექტრონული კომერციის ინდუსტრიაში ეს ღილაკები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ხშირ შემთხვევაში დიდი მოცულობით გაყიდვებს სწორედ ისინი აგენერირებენ.
მსოფლიოს უდიდესი ონლაინმაღაზიის ამგვარი პრაქტიკა მერჩანტებს რთულ მდგომარეობაში აყენებს. საქმე ისაა, რომ ზოგჯერ, მერჩანტებს შემოსავლის წყაროების დივერსიფიკაცია სურთ, რის გამოც ერთსა და იმავე პროდუქციას სხვადასხვა ვებგვერდზე ათავსებენ. თუმცა Amazon-ის მასშტაბებიდან გამომდინარე, მერჩანტებს ხშირად ურჩევნიათ, რომ პროდუქციის გასაყიდი ფასი გაზარდონ, რაც თავისთავად Amazon-ს მაღალი საფასო პოლიტიკის შენარჩუნებაში ეხმარება.
თუმცა არ უნდა გამოგვრჩეს კონტექსტი, რადგან ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ამერიკელი კანონმდებლები მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიების წინააღმდეგ ბრძოლას სასამართლოში აგრძელებენ. მსგავსი მდგომარეობაა ევროპაშიც, სადაც გასულ კვირას ლუქსემბურგში მდებარე ევროსასამართლომ Google-ისთვის დაწესებულ მრავალმილიარდიან ჯარიმას მწვანე შუქი აუნთო.
2025 წლისთვის Honda ათი სხვადასხვა ელექტრომოტოციკლის წარდგენას გეგმავს
გასულ კვირას მოხდა ის, რასაც მოტოსპორტისა და ტექნოლოგიების მოყვარულები დიდხანს ელოდნენ – მოტოციკლების მსოფლიოს უდიდესმა მწარმოებელმა, იაპონურმა Honda-მ განაცხადა, რომ კომპანიის ელექტრიფიკაციის ფარგლებში, 2025 წლისთვის ელექტრომოტოციკლების, სულ მცირე, ათ მოდელს გამოუშვებს.
ფოტო: Honda
„Honda მოტოციკლების მსოფლიოს უდიდესი მწარმოებელია, რომელიც ინდუსტრიის ლიდერად ნახშირბადნეიტრალიტეტის ეპოქაშიც დარჩება – ამისთვის კომპანია ელექტრომოტოციკლებს „მართვის სიამოვნების“ შეგრძნებას შეუნარჩუნებს, ხოლო მომხმარებლებს პროგრამული უზრუნველყოფისა და ელექტრიფიცირებული მოდელების თავსებადობაზე დაფუძნებულ პროდუქტებს შესთავაზებს“, – ვკითხულობთ იაპონური კომპანიის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.
როგორც ირკვევა, Honda-ს პირველი თაობის ელექტრომოტოციკლების უმეტესობა ძირითადად აზიური და ევროპული ბაზრებისთვის იქნება ხელმისაწვდომი და არა ჩრდილოეთ ამერიკისთვის. ამასთანავე, Honda-სგან არც მძლავრი ელექტრომოტოციკლების შექმნას უნდა ველოდოთ, რადგან, როგორც კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ სურათზე ჩანს, ახალი მოდელების უმრავლესობა მოპედის ტიპისაა. აღსანიშნავია, რომ Honda-ს მიერ მოპედის ტიპის ელექტრომოტოციკლების გამოშვება მოულოდნელი და უცნაური სულაც არ არის, რადგან სწორედ ამ ტიპის ტრანსპორტია ის, რომელსაც აზიისა და ევროპის ქალაქებში ყველაზე ხშირად იყენებენ – როგორც ჩანს, Honda-ს სწორედ ამ ბაზრების ათვისება სურს.
აუცილებლად უნდა ითქვას ისიც, რომ მოპედებთან ერთად, Honda შედარებით დიდი ზომის EV-მოტოციკლების გამოშვებას გეგმავს, რომლებიც, დიდი ალბათობით, იაპონური კომპანიის ბაზაზე შექმნილი ახალი პლატფორმის – FUN-ის ფარგლებში შეიქმნება. ამასთანავე, Honda საბავშვო მოტოციკლების გამოშვებასაც გეგმავს.
თუმცა აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ელექტრომოტოციკლების წარმოების პარალელურად, იაპონური გიგანტი შიდაწვის ძრავის მქონე მოდელების წარმოების შეწყვეტას არ გეგმავს, პირიქით – Honda-ს ამ ტექნოლოგიის ეფექტიანობის გაზრდა სურს. საინტერესოა, რომ Honda-ს ეს გადაწყვეტილება კომპანიის გაცხადებული სტრატეგიის ნაწილია, რომელიც 2040 წლისთვის მოტოციკლების ბიზნესის ნახშირბადნეიტრალურად გადაქცევას მოიაზრებს.
დატოვე კომენტარი