გასული კვირის მთავარი ტექნოლოგიური სიახლეები

გასული კვირის მთავარი ტექნოლოგიური სიახლეები

გასული კვირა საკმაოდ დატვირთული აღმოჩნდა მრავალმხრივი ტექნოლოგიური სიახლეებით: პირველი, რაც შეიძლება გაგვახსენდეს, NVIDIA-ს მიერ უახლესი თაობის გრაფიკული პროცესორების წარდგენაა, მაგრამ ამასთანავე, არც Spotify-ის მიერ სამასი ათასი აუდიოწიგნისგან შემდგარი ბიბლიოთეკის შექმნა უნდა დავტოვოთ უყურადღებოდ. ამ და სხვა მნიშვნელოვან სიახლეებს Forbes Georgia-ს ყოველკვირეულ ტექნოლოგიურ ბლოგში გაეცნობით. 

ოქტომბრიდან Apple-ი ევროპასა და აზიაში App Store-ის ფასებს გაზრდის

მიმდინარე წლის ხუთი ოქტომბრიდან Apple-ი ევროპასა და აზიაში App Store-ის ფასებს გაზრდის – სიახლე შეეხება როგორც ევროზონის სახელმწიფოებს, ასევე ჩილეს, ეგვიპტეს, იაპონიას, მალაიზიას, პაკისტანს, პოლონეთს, სამხრეთ კორეას, შვედეთსა და ვიეტნამს. ფასის გაზრდა შეეხება როგორც უშუალოდ აპლიკაციებს, ასევე აპლიკაციების შიგნით განხორციელებულ ტრანზაქციებს – საერთო ჯამში, საუბარია ფასების 20%-ით გაზრდაზე.

როგორც ჩანს, Apple-ის აღნიშნული გადაწყვეტილება სხვადასხვა რეგიონში განსხვავებული მიზეზითაა გამოწვეული, მაგრამ კონკრეტულ საკითხებზე ამერიკული გიგანტი არ საუბრობს. თუმცა საყურადღებოა ერთი შემთხვევა – ვიეტნამი, რადგან ფასების გაძვირებას ამ აზიურ ქვეყანაში Apple-ი უახლესი კანონმდებლობით ხსნის, რომელიც კომპანიას საკორპორაციო გადასახადთან ერთად დამატებითი ღირებულების გადასახადის გადახდასაც ავალდებულებს.

მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ არის, ფასების გაძვირების მიზეზებზე საუბარი მაინც შეიძლება. ევროზონის ქვეყნების შემთხვევაში, მაგალითად, App Store-ის ფასების გაძვირება დოლარის მიმართ ევროს რეკორდული გაუფასურებით შეიძლება აიხსნას.

NVIDIA-მ ორი უახლესი გრაფიკული პროცესორი, GeForce RTX 4090 და GeForce RTX 4080 წარმოადგინა

შეიძლება ითქვას, რომ გასული კვირის ერთ-ერთი უმთავრესი ტექნოლოგიური სიახლე მიკროჩიპების მწარმოებელ ამერიკულ გიგანტს, NVIDIA-ს უკავშირდება, რომელმაც უახლესი თაობის ორი პროცესორი GeForce RTX 4090 და GeForce RTX 4080 წარმოადგინა. პროცესორები, რომლებზეც ამერიკულმა კომპანიამ ტაივანურ Taiwan Semiconductor Manufacturing Company-სთან, იგივე TSMC-სთან ერთად იმუშავა, წარმოების ახალ მოდელს ეფუძნება, რომელიც გრაფიკულ პროცესორებს ორჯერ უფრო ეფექტიანს ხდის 8-ნანომეტრიან მიკროჩიპებთან შედარებით.

ცნობისთვის გეტყვით, რომ აღნიშნული გრაფიკული პროცესორების გაყიდვა თორმეტ ოქტომბერს დაიწყება. NVIDIA-ს უახლესი თაობის ყველაზე მძლავრი გრაფიკული პროცესორი GeForce RTX 4090 – $1599 ეღირება, ხოლო RTX 4080-ის ფასი $899-დან დაიწყება.

Getty Images-მა საკუთარ პლატფორმაზე ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ნამუშევრები აკრძალა – მიზეზი საავტორო უფლებაა

სურათებისა და ვიდეოების მსოფლიოს ერთ-ერთმა უდიდესმა აგრეგატორმა, Getty Images-მა საკუთარ პლატფორმაზე ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ნამუშევრები აკრძალა, – ამის შესახებ კომპანიის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, კრეგ პიტერსმა The Verge-ს წერილობით ამცნო. როგორც განცხადებიდან ირკვევა, Getty-ის ამგვარი გადაწყვეტილებით კომპანიას სურს, საავტორო უფლებებთან დაკავშირებით შესაძლო გართულებები წინასწარ აირიდოს თავიდან. აღსანიშნავია, რომ წერილში არაფერი იყო ნათქვამი, შეექმნა თუ არა Getty Images-ს პრობლემა ამ მიმართულებით და გახდა თუ არა სწორედ ის ამგვარი გადაწყვეტილების მთავარი მოტივატორი.

Getty-ის აღნიშნული გადაწყვეტილება მოულოდნელი არ არის, რადგან ხშირად ხელოვნური ინტელექტის სხვადასხვა პროგრამები სწორედ იმ მასალას იყენებენ, რომელსაც საავტორო უფლება აქვს მინიჭებული, რაც Getty-ის და მის მომხმარებლებს რისკის ქვეშ აყენებს. ამასთანავე, წლიდან წლამდე, ამგვარი ტექნოლოგიის რეგულირება მსოფლიოს სახელმწიფოების მხრიდან სულ უფრო და უფრო მოსალოდნელი ხდება.

ოქტომბრიდან Twitch-ზე ონლაინსამორინეების სტრიმინგი აიკრძალება

მიმდინარე წლის თვრამეტი ოქტომბრიდან ვიდეოთამაშების უდიდეს სტრიმინგ-პლატფორმაზე, Twitch-ზე ონლაინსამორინეების და მათთან დაკავშირებული სერვისების სტრიმინგი აიკრძალება, – ამ გადაწყვეტილების შესახებ თავად Twitch-ი წერს. როგორც ჩანს, აღნიშნული აკრძალვა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და სხვა რეგიონებში იმ არარეგისტრირებულ სამორინეებს ეხება, რომლებიც მომხმარებელთა დაცვის სათანადო სტანდარტს არ აკმაყოფილებენ.

აკრძალვის გამოცხადებასთან ერთად, Twitch-მა იმ ვებგვერდების ჩამონათვალიც გაასაჯაროვა, რომელთაც უახლესი შეზღუდვა პირველ რიგში შეეხებათ – საუბარია Stake.com-ზე, Rollbit.com-ზე, Duelbits.com-სა და Roobet.com-ზე. მოსალოდნელია, რომ მომავალში ეს ჩამონათვალი კიდევ გაიზრდება, მაგრამ, როგორც ჩანს, მას არ დაემატება ის ვებგვერდები, რომლებიც მომხმარებლებს სპორტულ ფსონებს, ფენტეზი სპორტსა და პოკერს სთავაზობენ.

აღსანიშნავია, რომ მანამ, სანამ Twitch-ი ამგვარ გადაწყვეტილებას მიიღებდა, ონლაინსამორინეების წინააღმდეგ პოპულარულმა სტრიმერებმა, Pokimane-მა და DevinNash-მა გაილაშქრეს, რომელთაც განაცხადეს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ასეთი სახის კონტენტი არ აიკრძალებოდა, ისინი Twitch-ს ბოიკოტს გამოუცხადებდნენ.

კვლევა: ოპერაციის დროს VR-სათვალის გაკეთება საჭირო საანესთეზიო საშუალების მოცულობას ამცირებს

ოპერაციის დროს პაციენტისთვის ვირტუალური რეალობის სათვალის გაკეთება გამოსაყენებელი საანესთეზიო საშუალების მოცულობას ამცირებს, – ასეთი დასკვნა უდევს საფუძვლად კვლევას, რომელზეც Beth Israel Deaconess Medical Center-ის მკვლევრებმა იმუშავეს.

როგორც მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ჟურნალში ვკითხულობთ, იმ პაციენტებს, რომელთაც ხელის ოპერაციის დროს VR-სათვალე ეკეთათ, საშუალოდ 125.3 მილიგრამი/საათში საანესთეზიო საშუალება დასჭირდათ, მაშინ როცა ტრადიციული მკურნალობის შემთხვევაში ამ მაჩვენებელმა 750.6 მილიგრამი/საათში შეადგინა. ამასთანავე, ადამიანები, რომელთაც ოპერაციის დროს VR-სათვალე ეკეთათ, ანესთეზიიდან საშუალოდ თორმეტი წუთით უფრო მალე გამოვიდნენ.

ფოტო: MIT Technology Review

მკვლევრების ვარაუდით, ოპერაციის დროს ვირტუალური რეალობის სათვალეების გამოყენება პაციენტებს მოდუნებისა და ყურადღების გადატანის საშუალებას აძლევთ. თუმცა აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ პაციენტებმა წინასწარ იცოდნენ, გამოიყენებდნენ თუ არა VR-სათვალეს, რასაც, პოტენციურად, პლაცებოს ეფექტის გამოწვევა შეეძლო. ამასთანავე, აღნიშნულ კვლევაში მონაწილეობა მხოლოდ ოცდათოთხმეტმა ადამიანმა მიიღო.

თუმცა, როგორც ირკვევა, Beth Israel Deaconess-ის მკვლევართა გუნდი ისეთი კვლევების ჩატარებასაც გეგმავს, რომელთა შემთხვევაში პლაცებოს ეფექტი მინიმუმამდე იქნება დაყვანილი – ამ ეტაპზე დაგეგმილია თეძოსა და მუხლების ოპერაციები.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა მეცნიერები ვირტუალური რეალობის სათვალისა და მედიცინის ურთიერთდაკავშირებაზე საუბრობენ. შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ ზურგის ქრონიკული ტკივილის მკურნალობისთვის ვირტუალური რეალობის სისტემის გამოყენება დაუშვა.

TerraUSD-ის შემქმნელის მოსაძებნად სამხრეთკორეელმა გამომძიებლებმა Interpol-ს მიმართეს

როგორც ჩანს, სამხრეთ კორეის პროკურატურას ალგორითმული სტეიბლკოინის, TerraUSD-ის შემქმნელი კომპანიის, Terraform Labs-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელის, დუ კვონის ადგილმდებარეობის დადგენა ამ დრომდე უჭირს, რადგან აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად უწყებამ Interpol-ს მიმართა, – ამის შესახებ The Financial Times-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, სამხრეთ კორეის პროკურატურა დუ კვონის წითელი ცირკულარით ძებნილთა სიაში შეყვანას და მისთვის პასპორტის ჩამორთმევას ითხოვს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ სამხრეთ კორეის პროკურატურამ Interpol-ს მხოლოდ მას შემდეგ მიმართა, რაც სასამართლომ დუ კვონისა და Terraform Labs-თან დაკავშირებული ხუთი ადამიანის დაკავების ორდერი გამოსცა – აღნიშნულ პირებს გამოძიება კაპიტალის ბაზრის კანონმდებლობის უხეშ დარღვევას ედავება.

ფოტო: Woohae Cho – Bloomberg/Getty Images

აღსანიშნავია, რომ დუ კვონის ადგილმდებარეობის შესახებ ბოლო ინფორმაცია სინგაპურიდან მოდის, სადაც ის აპრილის ბოლოს, სამხრეთ კორეაში კომპანიის ოფისის დახურვის შემდეგ გადავიდა. მოგვიანებით, მაისში, სინგაპურში გადავიდნენ დუ კვონის ოჯახის წევრები და Terraform Labs-ის წამყვანი თანამშრომლებიც.

საინტერესოა, რომ მის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას და მისი დაკავების ორდერის გამოცემას თავად დუ კვონიც გამოეხმაურა:

„არც გაქცეული ვარ და არც არაფერი მსგავსი – სრულად ვთანამშრომლობთ იმ ნებისმიერ სახელმწიფო სააგენტოსთან, რომელთაც ჩვენთან კომუნიკაციის ინტერესი გამოთქვეს, რადგან დასამალი არაფერი გვაქვს“, – დაწერა დუ კვონმა Twitter-ზე.

თუმცა განსხვავებული პოზიცია აქვთ სამხრეთკორეელ პროკურორებს, რომელთა აზრით, დუ კვონმა ქვეყანა მიმდინარე გამოძიების გამო დატოვა. პროკურორების ამ პოზიციას ამყარებს ისიც, რომ, მათი თქმით, დუ კვონმა მათ საკუთარი იურისტების პირით  შეუთვალა, რომ გამოკითხვაზე დასწრებას არ გეგმავდა.

შეგახსენებთ, რომ დუ კვონისა და Terraform Labs-ის სხვა თანამშრომლების საქმიანობით გამოძიება მას შემდეგ დაინტერესდა, რაც კომპანიის სტეიბლკოინების, TerraUSD-სა და Luna-ს კოლაფსმა კრიპტოვალუტების ბაზრიდან ინვესტორების $45-მილიარდიანი აქტივები გააქრო, სულ რაღაც 72 საათში. აღსანიშნავია, რომ კრიპტოვალუტების კოლაფსის შემდეგ დაზარალებულმა ინვესტორებმა დუ კვონი პირამიდული სქემის მოწყობაში დაადანაშაულეს.

Spotify- სამასი ათასი აუდიოწიგნისგან შემდგარი ბიბლიოთეკა დაემატა

Spotify-ს აუდიოწიგნების მოსმენის ფუნქციონალი დაემატა, მაგრამ ამ ეტაპზე ის ხელმისაწვდომი მხოლოდ ამერიკელი მომხმარებლებისთვის იქნება, – სიახლის შესახებ ინფორმაციას თავად შვედური გიგანტი ავრცელებს. როგორც კომპანიის მიერ გავრცელებული პრესრელიზიდან ვიგებთ, საწყის ეტაპზე Spotify-ის აუდიობიბლიოთეკაში სამასი ათასზე მეტი აუდიოწიგნი იქნება.

როგორც ჩანს, უახლეს ფუნქციონალს Spotify სერიოზულად ეკიდება, რადგან აუდიოწიგნებისთვის ცალკე გამოყოფილი სივრცის გარდა, ისინი მთავარ გვერდზე არსებულ სარეკომენდაციო ველშიც გამოჩნდება. თავისთავად ცხადია, რომ დროთა განმავლობაში საქმეში Spotify-ის მძლავრი ალგორითმი ჩაერთვება, რომელიც რეკომენდაციებს მსმენელის ინტერესებს მოარგებს. ამასთანავე, აუდიოწიგნები საძიებო ველშიც გამოჩნდება – ისე როგორც ეს არტისტების, ალბომების, სიმღერებისა და პოდკასტების შემთხვევაში ხდება.

შვედური კომპანიის მიერ შექმნილი უახლესი პროდუქტის გამოყენება შემდეგნაირად ხდება: მას მერე, რაც მომხმარებელი სასურველ აუდიოწიგნს ამოირჩევს, ჩართვის ღილაკზე მცირე ბოქლომს ნახავს, რომელიც მას ამა თუ იმ წიგნის შეძენისკენ მოუწოდებს. თუ მომხმარებელი წიგნის შეძენას გადაწყვეტს, სისტემა მას გადახდის ვებგვერდზე გადაიყვანს. კონკრეტული აუდიოწიგნის შეძენის შემდეგ ის მომხმარებლის პირად ბიბლიოთეკაში გამოჩნდება.

Spotify-ში ამგვარი ფუნქციონალის დამატება მოულოდნელი სულაც არ არის, პირიქით – ეს პლატფორმის განვითარებისთვის ბუნებრივი ნაბიჯია. შეგახსენებთ, რომ პირველი აუდიოწიგნი – „ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა“, რომელსაც ცნობილი სახეები კითხულობდნენ, შვედურ პლატფორმაზე ჯერ კიდევ 2020 წელს გამოჩნდა. მოგვიანებით, გასულ წელს, კომპანიამ პლატფორმაზე ის რამდენიმე წიგნი დაამატა, რომლებზეც საავტორო უფლება არ ვრცელდება – წიგნებს, ამ შემთხვევაშიც, ცნობილი ადამიანები კითხულობდნენ. აუცილებლად უნდა გავიხსენოთ ისიც, რომ გასული წლის ნოემბერში Spotify-მ აუდიოწიგნების პლატფორმა Findaway-ი შეიძინა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *