რაც უნდა უცნაური და მოულოდნელი იყოს, გასული კვირა საკმაოდ დატვირთული აღმოჩნდა საქართველოსთან დაკავშირებული ტექნოლოგიური სიახლეებით – ნეობანკ Space-ის პლატფორმაზე აწყობილ TBC Bank UZ-ს ორი მილიონი მომხმარებელი დაუგროვდა, ხოლო ქართულმა Web3-კომპანიამ, Two Point Zero-მ, თემატური მეტავერსული სამყაროს კონცეფცია წარმოადგინა. ამასთანავე, გასული კვირა საინტერესო იყო მიკროჩიპებთან დაკავშირებული ახალი ამბებითაც: აშშ-მა კომპანიებს ჩინეთში ნახევარგამტარების ექსპორტი შეუზღუდა, ხოლო Micron-მა შტატ ნიუ-იორკში მიკროჩიპების ქარხნების $100-მილიარდიანი კომპლექსის აშენების შესახებ განაცხადა. ამ და სხვა მნიშვნელოვან სიახლეებს Forbes Georgia-ს ყოველკვირეულ ტექნოლოგიურ ბლოგში მოვუყარეთ თავი.
Google-მა პრემიუმ-სეგმენტის უახლესი სმარტფონები, Pixel 7 და Pixel 7 Pro და ჭკვიანი საათი, Pixel Watch-ი წარადგინა
გასული კვირის ერთ-ერთი უმთავრესი ტექნოლოგიური ღონისძიება Microsoft-ის მიერ ჩატარებული პრეზენტაცია იყო, რომელზეც ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა მომხმარებელთა პრემიუმ-სეგმენტისთვის განკუთვნილი უახლესი თაობის სმარტფონები, Pixel 7 და Pixel 7 Pro და უახლესი ჭკვიანი საათი, Pixel Watch-ი წარმოადგინა. აღნიშნულმა სმარტფონებმა, როგორც მოსალოდნელი იყო, კონკურენცია iPhone-ებსა და Samsung Galaxy S-სერიის სმარტფონებს უნდა გაუწიონ.
მოდი, მყისიერი შთაბეჭდილებით დავიწყოთ: პირველი შეგრძნება, რომელიც Google-ის უახლესი სმარტფონების დანახვისას გეუფლება ისაა, რომ, ვიზუალურად და შეგრძნების კუთხით, ისინი თითქმის არაფრით განსხვავდება წინა თაობის Pixel-ებისგან. ამგვარი ვითარებაა ფასების მხრივაც, რომლებიც ასევე უცვლელია – $599 და $899, რაც ისტორიულად მაღალი ინფლაციისა და ტექნოლოგიური კომპანიების მიერ მკვეთრად მომატებული ფასების ფონზე, საკმაოდ საინტერესო სვლაა.
ფოტო: Google
თუმცა მსგავსებები ამით არ მთავრდება – როგორც ირკვევა, Pixel 7-ს უფრო ვიწრო კანტების მქონე 6.3-ინჩიანი და 90-ჰერციანი დისპლეი აქვს, როდესაც წინა თაობის მოდელს 6.4-ინჩიანი დისპლეი ჰქონდა. მსგავსი მდგომარეობაა Pixel 7 Pro-ს შემთხვევაშიც, რომელსაც, წინა თაობის სმარტფონის მსგავსად, კვლავ 6.7-ინჩიანი და 120-ჰერციანი დისპლეი აქვს. თუმცა თაობებს შორის მცირე ცვლილებები, როგორც ჩანს, მართლაც არის: Google-ის ინფორმაციით, ორთავე მოდელის დისპლეები 25%-ით უფრო კაშკაშაა.
აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ წინა თაობის სმარტფონთან შედარებით, Pixel 7-ს უკეთესი წინა კამერა აქვს, რომელსაც ისეთივე 10.8-მეგაპიქსელიანი სენსორი აქვს, როგორსაც Pixel 7 Pro-სა და Pixel 6 Pro-ში ვხვდებით. თუმცა, მიუხედავად ამისა, Pixel 7-ის წინა კამერა უფრო ფართო ხედვისაა და თან, 4K-გადაღებაც შეუძლია, რაც მნიშვნელოვანი სიახლეა.
თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე მაინც სმარტფონების შიგნითაა: ცხადია, საუბარია უახლესი თაობის პროცესორზე – Tenso G2-ზე, რომელსაც, Apple-ის მსგავსად, Google-ი თავად აწარმოებს. აღნიშნული პროცესორის დახმარებით, Pixel-ების უახლესი თაობის სმარტფონებში გაუმჯობესდა ზარების ხარისხი, დაიხვეწა სიბნელეში გადაღებისა და დაემატა საპორტრეტო ვიდეოგადაღების ფუნქციონალები.
თუმცა, როგორც უკვე მოგახსენეთ, უახლესი თაობის სმარტფონები ერთადერთი სიახლე არ გახლავთ, რომელიც Google-მა წინა კვირას გამართულ ღონისძიებაზე წარმოადგინა. ცხადია, საუბარია Google-ის ჭკვიან საათზე, Pixel Watch-ზე, რომლის შესახებ ინფორმაციამ ოფიციალურ წარდგენამდე დიდი ხნით ადრე გაჟონა. Google-მა უახლესი ჭკვიანი საათის ორი მოდელი წარადგინა: Bluetooth-ისა და GPS-ის მქონე მოდელი, რომლის საწყისი ფასი $349.99-ია და LTE-მხარდაჭერის მქონე მოდელი, რომელიც $50-ით მეტი ღირს.
საინტერესოა, რომ განსხვავებული მოდელების მიუხედავად, Pixel Watch-ი მხოლოდ და მხოლოდ ერთი ზომისაა – მას 41-მილიმეტრიანი კარკასი აქვს. აღსანიშნავია, რომ Google-ის ჭკვიანი საათის საბაზისო მოდელი მეხუთე თაობის Bluetooth-ით, Google Wallet-ითა და Wi-Fi-ითაა აღჭურვილი. საათის დისპლეი კი ძალიან გამძლე Gorilla Glass 5-ითაა დაფარული, რომლის ქვეშ მომხმარებლებს 1000-ნიტიანი OLED-დისპლეი დახვდებათ, რომელიც მუდმივად ჩართულია.
შიგნიდან კი Google-ის უახლესი ჭკვიანი საათი Samsung-ის Exynos 9110-სისტემის მიკროჩიპითა და Cortex M33-ის პროცესორითაა აღჭურვილი. ამასთანავე, საათს 32 გიგაბაიტის მოცულობის eMMC-ტიპის მეხსიერება და 2-გიგაბაიტიანი SDRAM-ი აქვს. პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით ჭკვიანი საათი Google-ის მიერ შექმნილ Wear OS 3.5-ს იყენებს, რომელიც საათს ადამიანის გულისცემის ყოველწამიერად გაზომვის საშუალებას აძლევს.
აშშ-მა ჩინეთში ნახევარგამტარების ექსპორტი შეზღუდა – მიზეზი ჩინეთის მილიტარიზაციაა
გასულ კვირას პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციამ მიკროჩიპებისა და ნახევარგამტარების მწარმოებელ კომპანიებს დამატებითი შეზღუდვები დაუწესა – ამიერიდან კომპანიებმა, რომლებიც ჩინეთში ნახევარგამტარებს და მათ დასამზადებელ აპარატურას ყიდიან, აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტისგან საექსპორტო ლიცენზია უნდა მოიპოვონ. ამის შესახებ The Wall Street Journal-ი წერს. ამასთანავე, საერთაშორისო კომპანიებს ჩინეთში ამერიკული ტექნოლოგიით შექმნილი მიკროჩიპების ექსპორტიც აეკრძალათ. გამოცემის ინფორმაციით, შეზღუდვის მთავარი მიზანი ჩინეთის სამხედრო და ტექნოლოგიური შესაძლებლობების შესუსტებაა.
ფოტო: Alex Castro / The Verge
პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი არ არის – ის ნათლად ეხმიანება ამერიკაში მიკროჩიპების წარმოების გაფართოების ხედვას, რომელსაც აგვისტოში მიღებული „ჩიპებისა და მეცნიერების აქტი“ ითვალისწინებს. როგორც ირკვევა, აღნიშნულ გადაწყვეტილებას პრეზიდენტ ბაიდენსა და კონგრესის წევრებს შორის რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებები უძღოდა წინ – პოლიტიკოსები ბჭობდნენ, თუ როგორ უნდა გამხდარიყო ამერიკის შეერთებული შტატები ტექნოლოგიურად მეტად კონკურენტუნარიანი ჩინეთთან შედარებით.
ცნობისთვის გეტყვით, რომ დღევანდელ სამყაროში მიკროჩიპები ერთ-ერთი უმთავრესი საქონელია, რომელსაც იყენებენ როგორც ვიდეობარათებში, ასევე ელექტრომანქანებში და სამხედრო შეიარაღებასა და ხელოვნური ინტელექტის განვითარებისას. ამგვარად, თეთრი სახლის გადაწყვეტილება ამერიკულ ტექნოლოგიაზე ჩინეთის წვდომის შემცირებას ისახავს მიზნად, რაც ამერიკულ ტექნოლოგიურ ინდუსტრიას ამოსუნთქვისა და განვითარების საშუალებას მისცემს.
Tesla-მ ელექტროტრაილერების წარმოება დაიწყო და პირველ მანქანებს Pepsi-ს დეკემბერში მიაწვდის
მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებულმა ავტომწარმოებელმა, ამერიკულმა Tesla-მ დიდი ხნის წინ დაანონსებული ელექტროტრაილერების, Semi Truck-ების წარმოება დაიწყო – მათი პირველი მომხმარებელი კი მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი კონგლომერატი, ამერიკული Pepsi იქნება, რომელსაც პირველ ავტომობილებს Tesla მიმდინარე წლის დეკემბერში მიაწვდის. ამის შესახებ Tesla-ს აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა Twitter-ში დაწერა. როგორც მილიარდერის განცხადებიდან ვიგებთ, ელემენტების ერთი დამუხტვით, Tesla-ს ელექტროტრაილერი 800 კილომეტრს გადის და თან, ის „სამართავადაც სასიამოვნოა“.
აღნიშნული ელექტროტრაილერების მისაღებად Pepsi-ს ძალიან დიდი ხნით მოცდა დასჭირდა, რადგან ასი ერთეული ავტომობილი კომპანიამ Tesla-ს ჯერ კიდევ 2017 წელს დაუკვეთა. იმ დროს არსებული ინფორმაციით, ელექტროტრაილერების წარმოება კომპანიას 2019 წელს უნდა დაეწყო, მაგრამ მოგვიანებით, პანდემიის, მიწოდების ჯაჭვში არსებული შეფერხებებისა და სხვა პრობლემების გამო, აღნიშნული პროცესი რამდენიმეჯერ შეჩერდა და გადაიდო.
თუმცა Pepsi ერთადერთი კომპანია არ არის, რომელიც Tesla-ს ელექტროტრაილერებს წლების განმავლობაში ელოდება – TechCrunch-ის ინფორმაციით, აღნიშნული პრობლემის წინაშე დგანან Walmart-ი და UPS-ი. ამასთანავე, არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ მიმდინარე წლის მაისში Tesla-მ ელექტროტრაილერებზე შეკვეთების მიღება დაიწყო და ამგვარად, კომპანიას საკმაოდ ბევრი შეკვეთის შესრულება მოუწევს.
Intel-ის თვითმართვადი ტექნოლოგიის კომპანიამ, Mobileye-მ IPO-ზე გასასვლელად განაცხადი შეავსო
თვითმართვად ტექნოლოგიაზე მომუშავე ისრაელურმა კომპანია Mobileye-მ, რომელიც ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა, Apple-მა 2017 წელს $15.3 მილიარდად შეიძინა, აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიისგან (SEC) საფონდო ბირჟაზე აქციების პირველადი განთავსების უფლების მოსაპოვებლად განაცხადი შეავსო, – ამის შესახებ კომისიისადმი წარდგენილი ოფიციალური დოკუმენტიდან ვიგებთ.
კომპანიის აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში მოგახსენეთ, მაგრამ საინტერესო ისაა, რომ ისტორიულად მაღალი ინფლაციის ფონზე, Bloomberg-ის ინფორმაციით, Intel-მა საკუთარი შვილობილი კომპანიის შეფასება $50 მილიარდიდან $30 მილიარდამდე შეამცირა. თუმცა აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ შემცირებული შეფასების მიუხედავად, Mobileye-ის მიერ აქციების პირველადი განთავსება მიმდინარე წლის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული გარიგება იქნება.
ფოტო: Intel
როგორც Intel-ის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, პეტ გელსინგერმა დეკემბერში აღნიშნა, საჯარო კომპანიად გადაკეთება Mobileye-ს სწრაფი ზრდის შესაძლებლობას მისცემს, თუმცა საყურადღებოა, რომ Intel-ი მის შვილობილ კომპანიაში საკონტროლო პაკეტის დათმობას არ აპირებს. აღსანიშნავია, რომ Mobileye-ის ამბიციური გეგმები სრულად თანხვდენილია Intel-ის განვითარებასთან – ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტს სურს, რომ მიკროჩიპების მსოფლიოს უდიდესი მწარმოებელი გახდეს, რისთვისაც კოლოსალურ თანხებს აბანდებს – ამგვარი ბედი ელის Mobileye-საც, რომელიც IPO-თი მოზიდული თანხების გარკვეული ნაწილის დაბანდებას მიკროჩიპების წარმოებაში გეგმავს.
ის, თუ რა ფასად განათავსებს თითოეულ აქციას Mobileye საფონდო ბირჟაზე, ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ, როგორც აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიისათვის წარდგენილ დოკუმენტში ვკითხულობთ, მოზიდული ინვესტიციის გარკვეულ ნაწილს კომპანია არსებული ვალდებულებების დასაფარად გამოიყენებს. ცნობისთვის გეტყვით, რომ 2019-2021 წლის პერიოდში Mobileye-ის შემოსავლები $879 მილიონიდან $1.4 მილიარდამდე გაიზარდა, რაც წლიდან წლამდე, 43%-იან ზრდას წარმოადგენს.
როგორც უკვე მოგახსენეთ, Mobileye თვითმართვად ტექნოლოგიაზე მომუშავე ისრაელური კომპანიაა, რომელიც იერუსალიმში 1999 წელს დაარსდა. აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად Mobileye-ის სისტემას Tesla-ც იყენებდა, თუმცა კომპანიებმა თანამშრომლობა მას მერე შეწყვიტეს, რაც ერთ-ერთი ავარია Tesla-მ ისრაელური კომპანიის ტექნოლოგიის გაუმართაობას დააბრალა – მათი თქმით, ტექნოლოგიამ ვერ გაარჩია პერპენდიკულარულად მოძრავი ტრაილერი და მის უკან არსებული ცა.
თუმცა Mobileye-ის ტექნოლოგია თვითმართვად ავტომობილებში ამ დაპირისპირების მიუხედავად მაინც გამოიყენება: EyeQ4 ჩიპის პოვნა შეიძლება Nio ES6-სა და ES8-ში, Nissan-ის ProPilot 2.0-ში, Ford Mustang Mach-E-სა დაF-150-ში.
ქართულმა Web3-კომპანიამ, Two Point Zero-მ თემატური მეტავერსული სამყაროს კონცეფცია წარმოადგინა
არ შევცდებით, თუ ვიტყვით, რომ კრიპტოვალუტები, ბლოკჩეინი, მეტავერსი ის სიტყვებია, რომლებიც ჩვენი ლექსიკონის განუყოფელ ნაწილად იქცა. ამასთანავე, Web3-თან დაკავშირებული ეს და სხვა ტექნოლოგიები დღითი დღე იმკვიდრებენ თავს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ასე არის მეტავერსის შემთხვევაშიც, რომელიც მის ერთ-ერთ პიონერს, Facebook-ის დამფუძნებელ მარკ ცუკერბერგს ინტერნეტის განვითარების შემდეგ ნაბიჯად, ე.წ. „ხორცშესხმულ ინტერნეტად“ წარმოუდგენია.
ამგვარად, ბოლო დროს მეტავერსთან მიმართებით ერთგვარი ტრენდი გამოიკვეთა: ადამიანებს სურთ, რომ ყველა ის გამოცდილება, რომელიც რეალურ ცხოვრებაში აქვთ, ვირტუალურ რეალობაში გადაიტანონ და სწორედ ესაა მიზეზი იმისა, რომ მეტავერსული სამყაროები, როგორც წესი, სხვა არაფერია, თუ არა ვირტუალური სამუშაო გარემო, ვირტუალური სავაჭრო ცენტრი და ვირტუალური გალერეა. აი, სწორედ ეს ტრენდი და მისი უკუღმართობა იქცა ქართული Web3-კომპანიის Two Point Zero-ს შთაგონების წყაროდ, რომელმაც მის გუნდს თემატური მეტავერსული სამყაროს, The Island of Artemis-ის შექმნისკენ უბიძგა.
„არტემისის კუნძული სხვა არაფერია, თუ არა ადგილი, რომელშიც ამბის თხრობა, ე.წ. „სთორითელინგი“, ამბავში ცხოვრებად, ანუ ე.წ. „სთორილივინგად“ გარდაიქმნება. თუ ჩვენ, Web3-ტექნოლოგიებით შეპყრობილი ადამიანები, იმერსიული გამოცდილებების შექმნის გარშემო არ გავერთიანდებით და კომუნას არ დავარწმუნებთ, რომ მეტავერსი არ არის Roblox-ი დიდებისთვის, ის არასდროს გაიზრდება“, – ამბობს Two Point Zero-ს მთავარი ინოვატორი, ლევან ხომერიკი, Forbes Georgia-სთან საუბრისას.
აი, სწორედ ასე მივიდა Two Point Zero არტემისის კუნძულად წოდებულ მეტავერსულ სამყარომდე, რომელშიც არაფერია აკრძალული და არალეგალური, და სადაც თავისუფლება უსასრულოა. „ვიფიქრეთ, რომ ნარატივზე დაფუძნებული თემატური ვირტუალური სამყაროს შექმნისთვის შესაფერისი დრო იყო – ისეთი რაღაც წარმოგვიდგენია, HBO-ზე რომ ვნახეთ, Westworld-ის სერიალში“, – ჰყვება Two Point Zero-ს აღმასრულებელი ხელმძღვანელი, ზურა შარაშენიძე ჩვენთან საუბრისას.
როგორც შემქმნელები ამბობენ, არტემისის კუნძული ის მეტავერსული სამყაროა, რომელშიც ყველას შეუძლია, რომ იყოს ის, ვინც არის სინამდვილეში, რაც სამყაროში ადამიანებს შორის კავშირს გაუსვამს ხაზს. როგორც Two Point Zero-ს მესვეურები ჰყვებიან, ამ ამბიციურ მიზანს ისინი ხმოვანი ფილტრის დახმარებით მიაღწევენ, რომლითაც ადამიანებს სრული ანონიმურობის შეგრძნება დაეუფლებათ. აი, სწორედ ეს შეუწყობს ხელს სრულ თავისუფლებასა და კრეატიულობას, რომელიც არტემისის კუნძულს ჩვენთვის ჯერ კიდევ უცნობი მიმართულებით განავითარებს.
ისე კი, კრეატიულობა და ამბის თხრობის ხელოვნება, ე.წ. „სთორითელინგი“ ისაა, რაც Two Point Zero-ს სხვა კომპანიებისგან გამოარჩევს. ამასთანავე, ეს უნარები ნათლადაა ასახული იმ ადამიანების გუნდში, რომლებიც Two Point Zero-ს ქმნიან – მათ შორის არიან როგორც ამბის მთხრობელები, ასევე ციფრული არტისტები, ინჟინრები და ვიდეოთამაშების დეველოპერები.
ცნობისთვის გეტყვით, რომ Two Point Zero-სთვის ეს რიგით მეხუთე პროექტია, რომელსაც კომპანია Web3-ტექნოლოგიის გამოყენებით აკეთებს – მათი სხვა პროექტები deckk*, IS PUTIN DEAD YET, Candlesticks.info და Ohh! Football პოპულარულია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ უცხოეთშიც.
ილონ მასკის საბოლოო გადაწყვეტილება: მილიარდერი Twitter-ს $44 მილიარდად იყიდის
როგორც ჩანს, მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანსა და ერთ-ერთ წამყვან სოციალურ ქსელს, Twitter-ს შორის მიმდინარე დავა დასასრულს უახლოვდება, რადგან ილონ მასკმა მზაობა გამოთქვა, კომპანია გარიგების თავდაპირველ შეთანხმებულ ფასად, $44 მილიარდად იყიდოს, – ამის შესახებ ოფიციალურ დოკუმენტებზე დაყრდნობით Bloomberg-ი წერს. აღსანიშნავია, რომ ამ სიახლეს ბაზარი დადებითად შეხვდა, რის გამოც ვაჭრობის დახურვამდე Twitter-ის აქციათა ფასმა 22.3%-ით იმატა.
ფოტო: Kristen Radtke / The Verge / Getty Images
„მოგახსენებთ, რომ ილონ მასკი მზადაა, 2022 წლის 25 აპრილს შერწყმის შეთანხმებით გათვალისწინებული ტრანზაქცია მასში მითითებული პირობების მიხედვით იმ პირობით დაასრულოს, რომ დელავერის სასამართლო დაუყოვნებლივ გაითვალისწინებს ამ გარემოებას და გადადებს საქმის მოსმენას და ყველა სხვა პროცედურას“, – ვკითხულობთ ილონ მასკის იურისტების მიერ Twitter-ისადმი გაგზავნილ წერილში.
თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ილონ მასკის ეს შემოთავაზება ძალაში მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუ მილიარდერი ტრანზაქციის დასახურად საჭირო ფინანსების მოზიდვას შეძლებს. აღსანიშნავია, რომ დღეს, ისტორიულად მაღალი საპროცენტო განაკვეთების ფონზე, ამერიკაში სესხების გაცემისთვის არცთუ ისე კარგი დროა.
ლონ მასკის წერილს ოფიციალურად გამოეხმაურა Twitter-იც, რომლის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ტრანზაქციის დახურვას თავდაპირველად შეთანხმებული ფასით აპირებენ. მოგვიანებით, მედიაში გავრცელებულ სიახლეს თავად ილონ მასკიც გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ Twitter-ს იმისთვის ყიდულობს, რომ „შექმნას X – ყველაფრის აპლიკაცია“.
ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ზემოხსენებული გადაწყვეტილებისკენ ილონ მასკს მისმა იურისტებმა უბიძგეს, რადგან აღნიშნულ სასამართლო დავაში გამარჯვება მილიარდერს გაუჭირდებოდა. „როგორც ჩანს, მასკი მიხვდა, რომ Twitter-ის სამეთვალყურეო საბჭოს წინააღმდეგ დელავერის სასამართლოში გამარჯვება თითქმის შეუძლებელი იყო, ასე რომ ეს $44-მილიარდიანი გარიგება მაინც შედგებოდა“, – აღნიშნა Wedbush Securities-ის ანალიტიკოსმა, დენ აივზმა.
საინტერესოა, რომ ილონ მასკის მიერ Twitter-ის შესყიდვას უარყოფითად შეხვდნენ Tesla-ს ინვესტორები – სიახლის გავრცელებიდან მალევე, ელექტრომობილების მწარმოებელი მსოფლიოს უდიდესი კომპანიის აქციების ფასი 5%-ით შემცირდა, მაგრამ მოგვიანებით სავაჭრო დღე 2.4%-იანი ნამატით დასრულდა.
შეგახსენებთ, რომ Twitter-ის სრულად შესყიდვის სურვილი ილონ მასკმა ჯერ კიდევ მიმდინარე წლის აპრილში გამოთქვა – იმ დროს მილიარდერს კომპანიის ყიდვა $44 მილიარდად სურდა, რაც თითოეული აქციის შემთხვევაში $54.20-ს უდრის. თუმცა მოგვიანებით, რამდენიმე თვის შემდეგ, მასკმა კომპანიის შესყიდვა გადაიფიქრა, რის გამოც საქმემ სასამართლოში გადაინაცვლა. ცნობისთვის გეტყვით, რომ კომპანიის სრულად შესყიდვამდე, ილონ მასკმა Twitter-ის 9.2%-იანი წილი შეიძინა და კომპანიის უმსხვილესი აქციონერი გახდა.
Micron-ი ნიუ–იორკში მიკროჩიპების ქარხნების კომპლექსს ააშენებს – ინვესტიცია $100 მილიარდია
ამერიკული Micron-ი შტატ ნიუ-იორკის ქალაქ სირაკუზთან $100-მილიარდიანი ინვესტიციით მიკროჩიპების ქარხნების კომპლექსს ააშენებს, – ამის შესახებ კომპანიის პრესრელიზში ვკითხულობთ.
Micron-ის აღნიშნული გადაწყვეტილება პრეზიდენტ ბაიდენის მიერ ინიციირებულ „ჩიპებისა და მეცნიერების აქტს“ უკავშირდება, რომელიც ამერიკელმა კანონმდებლებმა აგვისტოში მიიღეს. $280-მილიარდიანი პროექტის ფარგლებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში მიკროჩიპებისა და ნახევარგამტარების წარმოების ასაჩქარებლად, ქვეყნის პრეზიდენტი მწარმოებლებს $52 მილიარდს გამოუყოფს. პრეზიდენტ ბაიდენისთვის ეს კანონპროექტი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ცოტა ხნის წინ მან მისი აღსრულების დაჩქარება მოითხოვა.
„ეჭვიც არ გვეპარება, რომ „ჩიპების აქტის“ გარეშე დღეს აქ არ ვიქნებოდით“, – ვკითხულობთ Micron-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელის, სანჯეი მეროტრას წერილში.
როგორც The New York Times-ისა და ადგილობრივი გამოცემისგან, Syracuse-ისგან ვიგებთ, Micron-ის მიკროჩიპების ჰაბი შტატ ნიუ-იორკში, სირაკუზის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ქლეიში განთავსდება. ტერიტორიაზე, რომელიც 526 ჰექტარი ფართობის მიწის ნაკვეთს მოიცავს, მიკროჩიპების ოთხი ქარხანა მოეწყობა. მომავალი ორი ათწლეულის განმავლობაში ქარხანაში ცხრა ათასი ადამიანი დასაქმდება, ხოლო რეგიონში ინდუსტრიული წარმოების განვითარება დამატებით ორმოცი ათას სამუშაო ადგილს შექმნის.
ახალი ქარხნების მშენებლობას Micron-ი 2024 წელს დაიწყებს – პირველად $20-მილიარდიანი საწარმო აშენდება, რომელშიც სამი ათასი ადამიანი დასაქმდება. მიკროჩიპების წარმოების დაწყებას კი Micron-ი 2025 წლის შემდეგ გეგმავს.
აღსანიშნავია, რომ ნიუ-იორკი ამერიკის ერთადერთი შტატი არ არის, რომელშიც Micron-ი წარმოებას აფართოებს – ასეთი გეგმა კომპანიას აიდაჰოშიც აქვს, სადაც ის $15-მილიარდიანი ქარხნის აშენებას გეგმავს. ისე კი, აღნიშნული განაშენიანება Micron-ის საერთო პოლიტიკის ნაწილია, რომლის თანახმად, აშშ-ში ქარხნების ასაშენებლად, 2030 წლისთვის, კომპანია $40 მილიარდის დახარჯვას გეგმავს.
შეგახსენებთ, აშშ-ში მიკროჩიპების წარმოების გაფართოების შესახებ, პრეზიდენტ ბაიდენის მიერ ინიციირებული აქტის ფონზე, Intel-მაც განაცხადა. კომპანიამ ოჰაიოსა და არიზონაში ორი $20-მილიარდიანი ქარხნის აშენება გადაწყვიტა.
ნეობანკ Space-ის პლატფორმაზე აწყობილ TBC Bank UZ-ს ორი მილიონი მომხმარებელი ჰყავს
საერთაშორისო ფინანსურ-ტექნოლოგიური პლატფორმის, Space-ის ბაზაზე დაარსებული TBC Bank Uzbekistan-ის აპლიკაციის გადმომწერთა რაოდენობამ, ოპერირების არასრულ მეორე წელიწადს, ორ მილიონს გადააჭარბა, – ამის შესახებ TBC UZ-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ნიკოლოზ ქურდიანმა განაცხადა.
აღსანიშნავია, რომ TBC UZ-ი ახალი თაობის სრულად ციფრული ბანკია, რომელიც ქართული საერთაშორისო ფინტექ-პლატფორმის, Space-ის ბაზაზე, 2020 წელს დაფუძნდა. უზბეკეთის ბაზარზე, ისევე როგორც საქართველოში, ნეობანკ Space-ის შემთხვევაში, კომპანია საცალო დაკრედიტების მიმართულებას ავითარებს და მომხმარებლებს სრულად ახალ, ტექნოლოგიურად დახვეწილ და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მარტივ საბანკო გამოცდილებას სთავაზობს.
ფოტო: TBC UZ
„რეალურად, TBC UZ-მა კომერციული ოპერირება დაახლოებით თვრამეტი თვის წინ დაიწყო და ამ პერიოდში ორი მილიონი რეგისტრირებული მომხმარებლის მოგროვება, თანაც სრულად ციფრულ საოპერაციო გარემოში, რომელიც ჩვენი ციფრული საბანკო პლატფორმით, Space International-ით, საქართველოდან უზბეკეთში იმართება – კოლოსალურად დიდი მიღწევაა. თანაც, უზბეკეთი სუპერ გაციფრულებული და დიჯიტალიზებული ქვეყანა არ არის.
ამასთანავე, ეს რიცხვი – ორი მილიონი, უზბეკეთის 35-მილიონიან მოსახლეობასთან შედარებით უნდა გავიაზროთ. ამ შემთხვევაში გამოდის, რომ მოსახლეობის დაახლოებით 6% ჩვენი რეგისტრირებული მომხმარებელია. თვრამეტ თვეში დაფიქსირებული ეს მაჩვენებელი ამ კონტექსტშიც დიდი რიცხვია, თანაც იმის ფონზე, რომ უზბეკეთში უკვე სამი ციფრული ბანკი და ფინანსური გადახდების ბევრი ორგანიზაცია ოპერირებს“, – განაცხადა ნიკა ქურდიანმა Forbes Georgia-სთან საუბრისას.
თავისთავად ცხადია, რომ TBC UZ-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს ქართული კომპანიის უზბეკური სამომავლო გეგმების შესახებაც ვკითხეთ. ნიკა ქურდიანის განცხადებით, კომპანიის სამომავლო გეგმები თიბისი ჯგუფის კიდევ ერთ ფინტექ-კომპანიასთან, Payme-სთან აქტიური სინერგიული პროექტების დაწყებას უკავშირდება.
საინტერესოა, რომ Payme ციფრული გადახდების ყველაზე დიდი პლატფორმაა უზბეკეთში, რომელსაც შვიდი მილიონი რეგისტრირებული მომხმარებელი ჰყავს. ამგვარად, თიბისი ჯგუფის ორი შვილობილი კომპანია, საერთო ჯამში, უზბეკეთში დაახლოებით ცხრა მილიონ მომხმარებელს, ანუ მოსახლეობის 25%-ზე მეტს ემსახურება.
დატოვე კომენტარი