გასული კვირის მთავარი ტექნოლოგიური სიახლეები

გასული კვირის მთავარი ტექნოლოგიური სიახლეები

გასულ კვირას გავრცელებული ტექნოლოგიური სიახლეების სიუხვით უკმაყოფილონი ნამდვილად ვერ ვიქნებით: Intel-მა აღნიშნა, რომ Tower Semiconductor-ს შეისყიდის და თან განაცხადა, რომ კრიპტოვალუტის მაინინგისთვის ენერგოეფექტიანი მიკროჩიპი გამოუშვა. ამასთანავე, ცნობილი გახდა, რომ Meta-ს VR-პლატფორმის მომხმარებელთა რიცხვმა 300 ათასს გადააჭარბა – თუმცა, მიუხედავად ამისა, Meta მსოფლიოს 10 ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიის სიიდან ამოვარდა. ამ და სხვა მნიშვნელოვან სიახლეებს ამ ყოველკვირეულ ტექნოლოგიურ ბლოგში მოვუყარეთ თავი.

ციფრული იამაიკური დოლარი მიმოქცევაში 2022 წელს ჩაეშვება

გასულ წელს ჩატარებული საპილოტე პროგრამის წარმატებულად დასრულების შემდეგ, ციფრული იამაიკური დოლარი მიმოქცევაში 2022 წლის პირველ კვარტალში ჩაეშვება  – ამის შესახებ გასულ კვირას ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ენდრიუ ჰოლნესმა განაცხადა.

„ეს გადაწყვეტილება იამაიკის ციფრული გადახდების არქიტექტურის საფუძველი გახდება – ის ფინანსური ინკლუზიურობის ზრდას წაახალისებს, ტრანზაქციების სისწრაფეს დააჩქარებს და იამაიკელებისთვის საბანკო სერვისებზე წვდომის ღირებულებას შეამცირებს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

აღსანიშნავია, რომ ამგვარი გადაწყვეტილებით იამაიკა ბაჰამის კუნძულებისა და აღმოსავლეთ კარიბის ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილებას იმეორებს – ცნობისთვის, ციფრულ ლარზე საქართველოს ეროვნული ბანკიც მუშაობს. ასევე გეტყვით, რომ სრულად დეცენტრალიზებული კრიპტოვალუტებისგან განსხვავებით, ცენტრალური ბანკის მიერ გამოშვებული ციფრული ვალუტა ქვეყანაში არსებული ვალუტით არის გამყარებული და მისი გამოშვება ისევეა ცენტრალური ბანკის პრეროგატივა, როგორც ეს ჩვეულებრივი ვალუტის შემთხვევაში ხდება.

Intel-ი ისრაელურ Tower Semiconductor-ს $5.4 მილიარდად ყიდულობს

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბოლო დროს კვირა არ გადის ისე, რომ მიკროჩიპების მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებლისგან, Intel-ისგან სიახლე არ გავიგოთ – ტრადიციად ქცეულმა ამ მოვლენამ არც გასულ კვირას დაგვაღალატა: საქმე ისაა, რომ Intel-მა მიკროჩიპების ისრაელური მწარმოებლის, Tower Semiconductor-ის $5.4 მილიარდად შეძენის შესახებ განაცხადა.

ფოტო: Intel

გამომდინარე იქიდან, რომ ისრაელური კომპანია ძირითად რადიოტალღების სიხშირულ დიაპაზონზე მომუშავე ჩიპებს, კომპლემენტურ ლითონ-ოქსიდის ნახევარგამტარ სენსორებს (CMOS) და სიმძლავრის მართვაზე პასუხისმგებელ ნაწილებს აწარმოებს, Intel-ისთვის ეს განსაკუთრებული შენაძენია, რომელიც ამერიკულ გიგანტს შესაძლებლობას მისცემს, გაცილებით უფრო ბევრ კლიენტს მოემსახუროს.

ორ კომპანიას შორის შეთანხმებული გარიგების შედეგად, Tower Semiconductor-ი Intel-ის საწარმოო ბიზნესს, Intel Foundry Services-ს შეუერთდება. ცნობისთვის, წარმოების ეს დანაყოფი Intel-ში 2021 წლის მარტში, მას მერე შეიქმნა, რაც კომპანიის აღმასრულებელ ხელმძღვანელად პეტ გელსინგერი დაინიშნა, რომელმაც მიზნად დაისახა, რომ Intel-ი მიკროჩიპების გლობალური წარმოების სათავეში დაებრუნებინა. Intel-ის ეს დანაყოფი მსხვილ კლიენტებს უკვე ემსახურება: მომხმარებლებს შორის Qualcomm-ი და Amazon Web Services-ი არიან.

ის, რომ ბოლო დროს Intel-ი წარმადობის გაზრდას ცდილობს, საიდუმლო არავისთვის არ არის. სწორედ ამაზე მეტყველებს ის მსხვილი ინვესტიციები, რომლებიც ამერიკულმა გიგანტმა შტატ არიზონაში მდებარე საწარმოს გაფართოებასა და შტატ ოჰაიოში მიკროჩიპების მსოფლიოს უმსხვილესი საწარმოს შექმნაში დააბანდა. საინტერესოა ისიც, რომ ამგვარი მიდგომა ამართლებს, რაზეც Intel-ის გასული კვარტალის ფინანსური შედეგები მეტყველებს: კომპანიამ საკუთარ ისტორიაში საუკეთესო კვარტალური და წლიური შედეგები დააფიქსირა.

Meta-ს სოციალურ VR-პლატფორმას 300 ათასი მომხმარებელი ჰყავს

Meta-ს სოციალურ VR-პლატფორმას, Horizon Worlds-ს, რომელიც Oculus Quest 2-ზე არის ხელმისაწვდომი, 300 ათასი მომხმარებელი ჰყავს – ამის შესახებ კომპანიის პროდუქტების ხელმძღვანელმა, კრის კოქსმა თანამშრომლებს უამბო. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს პირველი ხელმოსაჭიდი ინფორმაციაა, რომელიც Meta-ს VR-პლატფორმის შესახებ მას მერე გავრცელდა, რაც გასულ წელს კომპანია ფსონს მეტავერსის სასარგებლოდ ჩამოვიდა.

ფოტო: Meta

კრის კოქსის თქმით, მას მერე, რაც გასული წლის დეკემბერში Horizon Worlds-ზე წვდომა ამერიკასა და კანადაში მცხოვრებმა ადამიანებმა მიიღეს, პლატფორმის ყოველთვიურ მომხმარებელთა რაოდენობა 10-ჯერ გაიზარდა და 300 ათასი შეადგინა. მას მერე, რაც ეს ინფორმაცია მედიაში გავრცელდა, ის Meta-ს პრესსპიკერმა, ჯო ოსბორნმა დაადასტურა და დასძინა, რომ ეს რიცხვი მხოლოდ Horizon Worlds-ისა და Horizon Venues-ის მომხმარებლებს გულისხმობს – ეს თავისთავად ნათელია, რადგან ფრენჩაიზის მესამე აპლიკაციაში, Horizon Workrooms-ში მოხვედრა ჯერჯერობით მხოლოდ მოწვევით არის შესაძლებელი, რაც პლატფორმაზე დარეგისტრირებულ მომხმარებელთა რაოდენობას ავტომატურად ზღუდავს.

აღსანიშნავია, რომ მომხმარებელთა რაოდენობის ზრდის პარალელურად იზრდება მათ მიერ შექმნილი VR-სამყაროების რაოდენობაც, რომელმაც, გასულ კვირას, 10 ათასს გადააჭარბა. საინტერესოა, რომ სხვადასხვა სამყაროს შექმნა სწორედაც რომ Horizon World-ის ერთ-ერთი დანიშნულებაა: მომხმარებლის ურთიერთობა Horizon Worlds-თან საერთო შეკრების პლაზაზე იწყება, საიდანაც ადამიანებს სხვების მიერ შექმნილ სამყაროებში შესვლა ან სხვადასხვა თამაშში გადასვლა შეუძლიათ – აქ ყველაფერია, რისი წარმოდგენაც კი ადამიანს შეუძლია. აი, თუ, მაგალითად, კრეატორების ლაუნჯში გადახვალთ, სხვადასხვა ციფრული ნივთის შექმნას შეძლებთ, მათ შორის მშვილდ-ისრისა და ქაღალდის თვითმფრინავის. გამომდინარე იქიდან, რომ კრეატორები Meta-ს ამ ვირტუალური რეალობის სამყაროს ქვაკუთხედად გვევლინებიან, მათი კრეატიული წამოწყებები ფინანსურადაც ფასდება – ამისთვის, Meta-მ $10-მილიონიანი ფონდიც კი შექმნა.

ისე კი, Horizon Worlds-ის წარმატების შეფასება ჯერჯერობით შეუძლებელია: საქმე ისაა, რომ ყოველთვიური მომხმარებლების რიცხვი ყოველთვის აღემატება ყოველდღიური მომხმარებლების რიცხვს და თან, რაც უნდა უცნაური იყოს, ამ პლატფორმას Meta-სთვის ფინანსური სარგებელი ჯერ არ მოაქვს, თუ, რა თქმა უნდა, არ ჩავთვლით იმ გავლენას, რომელსაც მეტავერსის იდეა კომპანიის აქციის ღირებულებაზე ახდენს. ასეა თუ ისე, ეს მხოლოდ დასაწყისია და ჩვენც ისღა დაგვრჩენია, Meta-ს მეტაპროექტებს თვალი ყურადღებით ვადევნოთ.

ტეხასის პროკურატურა Meta-ს სახის ამომცნობი ტექნოლოგიის გამო უჩივის

შტატ ტეხასის მთავარი პროკურორი, კენ პაქსტონი Meta-ს სახის ამომცნობი ტექნოლოგიის გამოყენების გამო უჩივის – მისი თქმით, სურათებზე ადამიანების მონიშვნის სისტემა, რომელსაც Facebook-ი იყენებდა, ტეხასის ბიომეტრიული იდენტიფიკაციის შესახებ კანონს, CUBI-ს ეწინააღმდეგება. სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ტეხასის მთავარი პროკურორი Meta-სგან არა მხოლოდ ფინანსური ზარალის ანაზღაურებას, არამედ ტეხასში ამ ტექნოლოგიის გამოყენების აკრძალვას გეგმავს.

ილუსტრაცია: Alex Castro / The Verge

ტეხასის მთავარი პროკურორის თქმით, Meta-მ „მილიონობით ტეხასელის ბიომეტრიულ მონაცემზე წვდომა მათი ინფორმირებული თანხმობის გარეშე და საკუთარი კომერციული სარგებლისთვის მიიღო და თან, ისინი გონივრულ ვადაში არ გაანადგურა“. ცნობისთვის, ფინანსური ანაზღაურების სახით ტეხასის მთავარი პროკურორი ითხოვს $25 ათასს CUBI-ს თითოეულ სამოქალაქო დარღვევაზე და $10 ათასს ტეხასის მაცდუნებელი სავაჭრო პრაქტიკის კანონის დარღვევაზე – საერთო ჯამში, WSJ-ის დათვლებით, საუბარია ასობით მილიარდ დოლარზე.

აღსანიშნავია, რომ ტეხასი ერთ-ერთი ის შტატია, რომელშიც ბიომეტრიულ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონი არსებობს – ტეხასის გარდა, ამ სიაში ილინოისი და ვაშინგტონი არიან. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ტეხასში დაწყებული ეს სამართლებრივი დავა იმეორებს იმას, რომელიც ილინოისში უკვე დასრულდა: 2021 წლის დასაწყისში Facebook-ს $650 მილიონის გადახდა დაევალა. მას მერე Meta-მ ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული სახის ამომცნობი სისტემა გააუქმა.

2021 წელს VR-თან დაკავშირებული ტრავმების რიცხვმა საგრძნობლად იმატა

თამამად შეიძლება ითქვას, რომ დღეს VR-სათვალეები იმაზე პოპულარულია, ვიდრე ოდესმე – ცხადია, რომ ამგვარ ზრდაზე Facebook-ის Meta-დ გადაქცევამ და Web3-თან დაკავშირებული ახალი ტექნოლოგიების სფეროში მომხდარმა ბუმმა იმოქმედა. მიუხედავად იმისა, რომ Meta Reality Labs-ს Oculus Quest 2-ის გაყიდვების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გაუსაჯაროებია, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს პარამეტრიც მზარდია – აი, შობის დღეს, მაგალითად, Oculus-ის აპლიკაცია Apple-ის App Store-ის ყველაზე პოპულარული აპლიკაციების სიის სათავეში მოექცა, ისტორიაში პირველად.

VR-სათვალეების მზარდ პოპულარობაზე კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი მეტყველებს: მსხვილი ბრიტანული სადაზღვევო კომპანიის, Aviva-ს თქმით, 2021 წელს, VR-თან დაკავშირებული ტრავმებით გამოწვეული მიმართვების რიცხვმა წლიდან წლამდე 31%-ით, ხოლო 2016 წლიდან, 68%-ით იმატა. Aviva ირწმუნება, რომ 2021 წელს ასანაზღაურებელი თანხის საშუალო მოცულობამ $880 შეადგინა და მოთხოვნების უმრავლესობა დაზიანებულ ტელევიზორებს უკავშირდებოდა.

„ახალი თამაშებისა და მოწყობილობების პოპულარობის ზრდას ხშირად ჩვენი მომხმარებლების მიერ წარდგენილ ზიანის ასანაზღაურებელ მოთხოვნებში ვხედავთ“, – განაცხადა Aviva-ს წარმომადგენელმა, კელი უიტინგტონმა The Guardian-თან საუბრისას. „ადრე ამგვარი ტრენდი დაფიქსირდა, როგორც ყურსასმენის მქონე სათამაშო კონსოლების, ასევე ფიტნეს-თამაშებისა და უცნაური ფიჯეტ-სპინერების შემთხვევაშიც კი“.

აღსანიშნავია, რომ Aviva-ს მონაცემები ფორმალური ხასიათისაა, რადგან მათზე დაყრდნობით Oculus Quest 2-ის გაყიდვების მაჩვენებელს ვერაფრით გამოვიყვანთ. შეიძლება ითქვას, რომ ამ დროისთვის Meta-მ უახლესი VR-სათვალის 10 მილიონი ერთეული გაყიდა – თუმცა ეს რიცხვი Qualcomm-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელის, კრისტიანო ეიმონის 2021 წლის ნოემბერში გაკეთებულ განცხადებას ეფუძნება.

ასეა თუ ისე, თამამად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მომავალში VR-სათვალეების გაყიდვები მხოლოდ გაიზრდება. გაყიდვებთან ერთად გაიზრდება თუ არა VR-სათვალეებთან დაკავშირებული ტრავმებისა და მათ გამო ანაზღაურებული თანხების მოცულობა – ამას უკვე დრო გვიჩვენებს.

უორენ ბაფეტის Berkshire Hathaway-მ Activision Blizzard-ში $1 მილიარდი დააბანდა

გასულ კვირას გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2021 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით, უორენ ბაფეტის კერძო კაპიტალის კომპანია, Berkshire Hathaway  ვიდეოთამაშების მწარმოებლის, Activision Blizzard-ის $975 მილიონად შეფასებულ 14.7 მილიონ აქციას ფლობდა – გამოდის, რომ ისტორიაში ერთ-ერთმა ყველაზე წარმატებულმა ინვესტორმა კომპანიის აქციები მანამ იყიდა, სანამ მას Microsoft-ი რეკორდულ $68.7 მილიარდად შეიძენდა.

ფოტო: REUTERS/ Mike Blake

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ დროისთვის ამ ინვესტიციამ გაამართლა: იმ დღეს, როცა Microsoft-ის მიერ Activision Blizzard-ის შესყიდვის შესახებ ინფორმაცია გასაჯაროვდა, კომპანიის აქციის ფასმა 26%-ით იმატა, ხოლო დღევანდელი მონაცემებით, 2021 წლის ბოლოდან ის 23%-ით არის გაზრდილი. აღსანიშნავია, რომ ჯერჯერობით უცნობია, ეს ინვესტიცია უშუალოდ უორენ ბაფეტმა განახორციელა თუ – არა, მაგრამ ამგვარი ტრანზაქცია გასაკვირი სულაც არ არის, რადგან უორენ ბაფეტი და Microsoft-ის დამფუძნებელი, ბილ გეიტსი დიდი ხნის მეგობრები არიან.

აღსანიშნავია, რომ მას მერე, რაც ეს სიახლე მედიაში გავრცელდა, უორენ ბაფეტმა რიგ გამოცემებს ოფიციალური წერილი გაუგზავნა, რომელშიც განმარტა, რომ Microsoft-თან შესაძლო გარიგებაზე არაფერი იცოდა, როცა მისმა კომპანიამ Activision Blizzard-ში $1 მილიარდი დააბანდა.

Intel-მა კრიპტოვალუტის მაინინგისთვის ენერგოეფექტიანი ჩიპი შექმნა

მიკროჩიპების მსოფლიო გიგანტმა, Intel-მა, რომელიც ბოლო ხანებში ბლოკჩეინ-ტექნოლოგიით აქტიურად დაინტერესდა, კრიპტოვალუტების მაინინგისთვის ენერგოეფექტიანი მიკროჩიპი გამოუშვა, რომელსაც კომპანიაში „ბლოკჩეინ-აქსელერატორს“ უწოდებენ. მიუხედავად იმისა, რომ ზემოთხსენებული მიკროჩიპის მიწოდება ჯერ არ დაწყებულა, ორი მსხვილი კლიენტი Intel-ს უკვე ჰყავს: ახალი ჩიპით ჯეკ დორსის Block-ი და ბიტკოინის მაინინგ-კომპანია GRIID-ი დაინტერესდნენ.

ფოტო: Intel

„გვაქვს მოლოდინი, რომ წრედებზე განხორციელებული ჩვენი ინოვაციების შედეგად მიღებული ბლოკჩეინ-აქსელერატორი თითოეულ ვატთან თანაფარდობით 1000-ჯერ უფრო მძლავრი იქნება, ვიდრე SHA-256-ტიპის მაინინგისთვის განკუთვნილი გრაფიკული პროცესორები“, – განაცხადა Intel-ის უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა, რაჯა კოდურიმ. ცნობისთვის, SHA-256 ის ჰეშ-ალგორითმია, რომლითაც ბიტკოინი და რამდენიმე სხვა კრიპტოვალუტა იწარმოება.

Intel-ის მხრიდან ამგვარი გადაწყვეტილების კონტექსტის ანალიზისას ორი რამ იკვეთება: კომპანიაში ხვდებიან, რომ ბლოკჩეინი მნიშვნელოვანი ტექნოლოგიაა, რომლის გამოყენება აუცილებლად გაგრძელდება, თუმცა, ამასთანავე, ისინი გარემოზე მის უარყოფით გავლენასაც არ მალავენ – ეს ენერგოეფექტიანი ჩიპიც ამის მანიშნებელია.

Meta მსოფლიოს 10 ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიის სიიდან ამოვარდა

მარკ ცუკერბერგის მიერ დაარსებული ტექნოლოგიური კომპანია, Meta მსოფლიოს ათი ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიის სიიდან ამოვარდა – Bloomberg-ის დათვლებით, Meta-ს საბაზრო კაპიტალიზაცია $565.4 მილიარდს შეადგენს, რაც დაახლოებით $25 მილიარდით ნაკლებია, ვიდრე მე-10 ადგილზე მყოფი ჩინური ტექნოლოგიური კომპანია Tencent-ის ღირებულება.

ფოტო: Michael Nagle/Bloomberg

აღსანიშნავია, რომ თავის პიკში, ანუ 2021 წლის სექტემბერში, Meta (მაშინ კი Facebook-ი), ამ სიაში მეექვსე ადგილს იკავებდა – იმ დროს კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია $1 ტრილიონს აღემატებოდა. თუმცა მას მერე ბევრი რამ შეიცვალა, რის გამოც კომპანიის აქციები 46%-ით გაუფასურდა.

ცნობისთვის, აღნიშნული სიის პირველ ხუთ ადგილს შემდეგი კომპანიები იკავებენ: Apple-ი ($2.8 ტრილიონით), Microsoft-ი ($2.2 ტრილიონით), Saudi Aramco ($2 ტრილიონით), Alphabet-ი ($1.8 ტრილიონით) და Amazon-ი ($1.6 ტრილიონით).

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *