გასულ კვირას გლობალურ ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში არაერთი საინტერესო და მასშტაბური სიახლე მოხდა. პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ Apple-ის მიერ წარმოდგენილი უახლესი თაობის მოწყობილობები, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს Microsoft-იც, რომელმაც ChatGPT-ისა და Dall-E-ს შემქმნელ კომპანიასთან, OpenAI-სთან თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ გასულ კვირას განაცხადა. ამ და სხვა მნიშვნელოვან სიახლეებს Forbes Georgia-ს ყოველკვირეულ ტექნოლოგიურ ბლოგში მოვუყარეთ თავი.
Apple-მა უახლესი თაობის MacBook-ი, Mac mini და Home Pod-ი წარმოადგინა
გასული კვირის უმთავრესი ტექნოლოგიური სიახლე მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებულ კომპანიას, ამერიკულ Apple-ს უკავშირდება, რომელმაც ახალი თაობის მოწყობილობები, მათ შორის M2 Pro-ს და M2 Max-ის ტიპის პროცესორების მქონე MacBook-ი, M2 Pro-ს ტიპის პროცესორის მქონე Mac mini და განახლებული ჭკვიანი დინამიკი, Home Pod-ი წარმოადგინა. თითოეულ მათგანს დეტალურად მიმოვიხილავთ.
ახალი თაობის MacBook-ი
თამამად შეიძლება ითქვას, რომ გასულ კვირას Apple-მა კომპანიის ისტორიაში ყველაზე მძლავრი ლეპტოპები წარმოადგინა – საუბარია 14-დუიმიან და 16-დუიმიან MacBook Pro-ებზე, რომლებიც Apple-ის მიერ შექმნილი M2 Pro-ს და M2 Max-ის ტიპის პროცესორებითაა აღჭურვილი. M2 Pro მოდელს 12-ბირთვიანი ცენტრალური პროცესორი (CPU), 19-ბირთვიანი გრაფიკული პროცესორი (GPU) და 32 გიგაბაიტამდე მოცულობის შიდა მეხსიერება აქვს. ანალოგიური სიმძლავრის ცენტრალური პროცესორი აქვს M2 Max-საც, მაგრამ მეტად მძლავრია მისი 38-ბირთვიანი გრაფიკული პროცესორი და 96-გიგაბაიტიანი შიდა მეხსიერება. ცხადია, ორ მოდელს შორის მკვეთრი სხვაობაა ფასშიც – 14-დუიმიანი M2 Pro-ს სერიის ლეპტოპების საწყისი ფასი $1999-ია, ხოლო 16-დუიმიანი მოდელის ფასი $2499-დან იწყება.
მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიის მიერ ახალი მოწყობილობების წარდგენას, არ ჩაუვლია ხმამაღალი განცხადებების გარეშე, თანაც იმ კონტექსტში, რომ ის მეტად მოკრძალებულად ჩატარდა. ამ შემთხვევაში, მთავარი აქცენტი მაინც პროცესორებზე გაკეთდა – Apple-ის შეფასებით, M2 Pro-ში ორჯერ მეტი ტრანზისტორია, ვიდრე საბაზისო M2-ში, ხოლო M1 Pro-სთან შედარებით, ეს სხვაობა 20%-ს შეადგენს. ამასთანავე, საბაზისო პროცესორთან შედარებით ორჯერ გაიზარდა მეხსიერების გამტარობა, რაც განსაკუთრებით დიზაინერებსა და გრაფიკოსებს გამოადგებათ, რადგან Apple-ის თქმით, M2 Pro-ს ტიპის პროცესორის მქონე უახლეს ლეპტოპს Adobe Photoshop-ში სურათების დამუშავება 40%-ით უფრო სწრაფად შეუძლია, ვიდრე M1 Pro-ს და 80%-ით უფრო სწრაფად, ვიდრე Intel Core i9-ის ტიპის პროცესორის მქონე MacBook Pro-ს.
განსაკუთრებით აღინიშნა Apple-ის ამ დრომდე ყველაზე მძლავრი პროცესორის, M2 Max-ის მიღწევები. როგორც უკვე გითხარით, მას M2 Pro-ს იდენტური ცენტრალური პროცესორი აქვს, რაც გასაგებია, რადგან მისი მთავარი სიძლიერე სულ სხვაა – საუბარია გრაფიკაზე, რომელსაც M2 Max-ი 30%-ით უფრო სწრაფად ამუშავებს, ვიდრე M1 Max-ის ტიპის პროცესორი. საინტერესოა ისიც, რომ როგორც ჩანს, ამ ლეპტოპით მომხმარებლებს ისეთი გრაფიკულად კომპლექსური პროექტების შესრულება შეუძლიათ, რომელთაც სხვა კომპიუტერები, უბრალოდ ვერ რთავენ – ყოველ შემთხვევაში, ასე ამბობს თავად Apple-ი.
კიდევ ერთი განცხადება, რომელიც Apple-ისგან მოვისმინეთ, 16-დუიმიანი MacBook-ის ელემენტს უკავშირდება, რომელიც „Mac-ებს შორის ყველაზე დიდხანს ძლებს“ – M2 Pro-ს ტიპის პროცესორის შემთხვევაში, საუბარია 22-საათიან ვიდეორეჟიმზე ან 15-საათიან სქროლვაზე. აღნიშნული სავარაუდო მაჩვენებელი ერთი საათით მეტია, ვიდრე M1 Pro-ს ტიპის პროცესორის მქონე ლეპტოპების შემთხვევაში. ამასთანავე, გაძლიერდა 14-დუიმიანი მოდელის ელემენტიც, რომელსაც 18-საათიანი ვიდეოს და 12-საათიანი სქროლვის ატანა შეუძლია.
როგორც უკვე გითხარით, მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიის ამ ღონისძიებამ მეტად მოკრძალებულად ჩაიარა, მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ, რომ ღონისძიება, რეალურად, არც ყოფილა – თუმცა, იყო ვიდეო. აღნიშნულ ვიდეოწარდგენაში არ გამოჩენილა Apple-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელი, ტიმ კუკი, მაგრამ გამოჩნდნენ კომპანიის ინჟინრები. ამ 19-წუთიან ვიდეოს უცვლელად გთავაზობთ.
უახლესი თაობის Mac mini
ფლაგმან ლეპტოპებთან ერთად, Apple-ის შიდა წარმოების უახლეს ჩიპებს კომპანიის მიერ წარმოებულ პერსონალურ კომპიუტერში, Mac mini-შიც შევხვდებით – საუბარია M2-ისა და M2 Pro-ს ტიპის პროცესორზე. საბაზისო მოდელს 8-ბირთვიანი ცენტრალური პროცესორი (CPU), 10-ბირთვიანი გრაფიკული პროცესორი (GPU) და 24 გიგაბაიტამდე მოცულობის შიდა მეხსიერება აქვს. ამასთანავე, მეტად განსხვავდება M2 Pro-ს ტიპის პროცესორის მქონე Mac mini-ს მონაცემები – საუბარია 12-ბირთვიან ცენტრალურ პროცესორზე, 19-ბირთვიან გრაფიკულ პროცესორზე და 32 გიგაბაიტამდე შიდა მეხსიერებაზე. ამასთანავე, M2 Pro-ს ტიპის პროცესორის მქონე მოდელის შემთხვევაში, ორჯერ უფრო სწრაფია მონაცემების გამტარობა, რომელიც წამში 200 გიგაბაიტს შეადგენს. განსხვავებებს ვხვდებით ფასშიც: M2-პროცესორის მქონე Mac mini-ს ფასი $599-დან იწყება, ხოლო M2 Pro-ს ტიპის პროცესორის მქონე მოწყობილობა $1299 ღირს.
ცნობისთვის გეტყვით, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როცა Mac mini-ში Pro-ს ტიპის პროცესორს ვხვდებით – ამ დრომდე Apple-ის პერსონალური კომპიუტერი მხოლოდ საბაზისო M1-ტიპის ჩიპით იყო აღჭურვილი, რომელიც ასევე MacBook Air-შიც გამოიყენება.
ახალი თაობის HomePod-ი
კიდევ ერთი სიახლე, ახალი თაობის ჭკვიანი დინამიკის, Home Pod-ის წარდგენა გახდა, რადგან ორი წლის წინ Apple-მა ამ მოწყობილობის გამოშვება შეწყვიტა. აღნიშნული ჭკვიანი მოწყობილობა, რომელიც $299 ღირს, სრულად ერგება ჭკვიანი საყოფაცხოვრებო ტექნიკის რამდენიმე თვის წინ მიღებულ სტანდარტს, Matter-ს, რომელიც ტექნოლოგიურმა კომპანიებმა ერთად შეიმუშავეს – ამგვარად, HomePod-ი სხვადასხვა მოწყობილობასთან ურთიერთთავსებადი იქნება. დიდი ზომის ჭკვიან დინამიკთან ერთად, გაიყიდება შედარებით მცირე ზომის HomePod mini-ც, რომელიც ტექნოლოგიურმა გიგანტმა 2020 წელს წარმოადგინა.
მეორე თაობის HomePod-ს ერთი ოთხდუიმიანი დაბალსიხშირიანი და ხუთი მაღალსიხშირიანი დინამიკი და ხუთი მიკროფონი აქვს, რაც გაცილებით ნაკლებია, ვიდრე წინა თაობის მოწყობილობაში. ამასთანავე, აღნიშნული დინამიკი მეტად ჭკვიანი უნდა იყოს, რადგან, როგორც Apple-ის ინჟინრები ამბობენ, HomePod-ი ოთახში მის ადგილმდებარეობას ხვდება და ხმას შესაბამისად არეგულირებს. ცხადია, ამ მოწყობილობის გამოყენება კვლავაც შეიძლება სტერეოს რეჟიმში.
ამ ყველაფერთან ერთად, განახლებულ HomePod-ში ტემპერატურისა და ნესტის სენსორებს ვხვდებით, რომელთა გამოყენება ჭკვიანი სახლის სხვადასხვა მიმართულებით შეიძლება. ამ ფუნქციონალს მალე დაემატება ახალი პროგრამული უზრუნველყოფა, რომლის დახმარებით HomePod-ი კვამლისა და მხუთავი აირის ამოცნობას შეძლებს.
Microsoft-ისა და OpenAI-ის მრავალმილიარდიანი და გრძელვადიანი თანამშრომლობა გრძელდება
გასული კვირის უმნიშვნელოვანესი ტექნოლოგიური სიახლეების ჩამონათვალში აუცილებლად უნდა მოხვდეს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული ტექნოლოგიური კომპანიის, ამერიკული Microsoft-ისა და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით მსოფლიოს მოწინავე სტარტაპის, OpenAI-ს მრავალმილიარდიანი თანამშრომლობა, რომელიც საგრძნობლად გაღრმავდა. ყველაფერი ეს OpenAI-ის მიერ შექმნილ ხელოვნურ ინტელექტს, ChatGPT-ს და მის უსაზღვრო პოტენციალს უკავშირდება, რომლის გამო Microsoft-მა OpenAI-ში მრავალმილიარდიანი ინვესტიცია განახორციელა.
„OpenAI-სთან პარტნიორობა საერთო ამბიციური მიზნის გარშემო დავიწყეთ – გვსურდა როგორც ხელოვნური ინტელექტის კვლევის საუკეთესოდ მობილიზება, ასევე ხელოვნური ინტელექტის, როგორც ახალი ტექნოლოგიური პლატფორმის დემოკრატიზება“, – ვკითხულობთ Microsoft-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელის, სატია ნადელას განცხადებაში. „ჩვენი პარტნიორობის შემდეგ ეტაპზე, Azure-ის დახმარებით, დეველოპერებსა და ინდუსტრიაში ჩართულ სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციებს წვდომა ექნებათ ხელოვნური ინტელექტის საუკეთესო ინფრასტრუქტურაზე, მოდელებსა და ხელსაწყოებზე, რომელთა დახმარებით საკუთარი აპლიკაციების შექმნას და შემოწმებას შეძლებენ“.
ცნობისთვის გეტყვით, რომ აღნიშნული ინვესტიცია Microsoft-ისთვის პირველი არ არის – OpenAI-ის მცირე წილს ბილ გეიტსის მიერ დაფუძნებული კომპანია ამ დრომდეც ფლობდა. თუმცა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ახლა Microsoft-ი OpenAI-ის განსაკუთრებული პარტნიორი ხდება და გამორიცხული არ არის, რომ მალე, მან სტარტაპი სრულად შეისყიდოს. საქმე ისაა, რომ ამიერიდან Microsoft-ი OpenAI-ის მთავარი პარტნიორი იქნება ღრუბლოვანი ტექნოლოგიების მიმართულებით, რაც საგრძნობლად გააძლიერებს როგორც ერთ, ასევე მეორე კომპანიას. Microsoft-ი OpenAI-ის ხელოვნურ ინტელექტს საკუთარ საძიებო სისტემასა და აპლიკაციებში ჩააშენებს, ხოლო OpenAI-ს წვდომა ექნება Microsoft-ის პროდუქტებთან, API-სერვისებსა და კვლევებთან.
აღსანიშნავია, რომ Microsoft-სა და OpenAI-ს შორის მიღწეული შეთანხმების შესახებ სარწმუნო ინფორმაცია ჯერჯერობით ხელმისაწვდომი არ არის, მაგრამ ავტორიტეტული წყაროებისგან მეტ-ნაკლებად სარწმუნო ინფორმაცია მაინც ვრცელდება. ასეთი ინფორმაციის თანრიგს მიეკუთვნება მოსაზრება, რომ Microsoft-ი OpenAI-ის მოგების 75%-ს მიიღებს მანამ, სანამ საკუთარ ინვესტიციას არ ამოიღებს – ამასთანავე, Microsoft-ი სტარტაპის 49%-იან წილსაც დაეუფლება. აღნიშნული მოსაზრების მართებულობაზე მიუთითებს ისიც, რომ OpenAI-ის განცხადებით, კომპანია დამატებითი კაპიტალის მოძიებას მომავალშიც განაგრძობს, მაგრამ – Microsoft-თან შეთანხმებით.
„ჩვენი თანამშრომლობის გასული სამი წელი დიდებული იყო, – აღნიშნავს OpenAI-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელი, სემ ოლტმენი. – Microsoft-ი ჩვენს ღირებულებებს იზიარებს, ასე რომ მოხარული ვართ, რომ დამოუკიდებელი კვლევისა და ყველასათვის სასარგებლო ხელოვნური ინტელექტის განვითარების შესაძლებლობა გვექნება“.
შეგახსენებთ, რომ GPT-3-ის ტექნოლოგიის გამოყენების უფლება Microsoft-მა OpenAI-სგან ჯერ კიდევ 2020 წელს მიიღო, მას მერე, რაც 2019 წელს კომპანიაში $1 მილიარდი დააბანდა. წლების განმავლობაში კომპანიებს შორის არსებული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდა.
Netflix-ის თანადამფუძნებელი, რიდ ჰასტინგსი კომპანიის თანადირექტორობიდან გადადგა
გასულ კვირას სტრიმინგის ამერიკული გიგანტის, Netflix-ის თავს რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლე დატრიალდა: კომპანიამ დაფუძნებიდან ოცდახუთი წლის იუბილე იზეიმა და კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა, მაგრამ მთავარი მაინც კომპანიის თანადამფუძნებლის, რიდ ჰასტინგსის მიერ Netflix-ის თანადირექტორის პოსტიდან გადადგომა გახდა, რომლის შესახებ ამერიკელმა საკუთარ ბლოგში დაწერა. შემცვლელად ჰასტინგსმა Netflix-ის საოპერაციო დირექტორი, გრეგ პიტერსი დაასახელა, რომელიც ამ თანამდებობაზე კონტენტის მიმართულების ყოფილ ხელმძღვანელს, ტედ სარანდოსს შეუერთდება – სარანდოსი, მოგეხსენებათ, Netflix-ის თანადირექტორის პოსტს 2020 წლიდან იკავებს.
თავად რიდ ჰასტინგსი მის მიერ მიერ დაფუძნებულ კომპანიას სრულად ჯერაც არ ჩამოშორებია – ამ ეტაპზე ის Netflix-ის აღმასრულებელი თავმჯდომარის თანამდებობას დაიკავებს. ისე კი, მიუხედავად ახალი როლისა, ფაქტია, რომ კომპანიის ყოველდღიურ საქმიანობაში რიდ ჰასტინგსი ისე ვეღარ და აღარ ჩაერევა, როგორც ადრე, რაც ამერიკული სტრიმინგ-გიგანტის ისტორიაში ახალი ეტაპის დაწყებაზე მიანიშნებს. თუმცა, სანამ Netflix-ის ისტორიაში ახალი ეტაპი დაიწყება, უპრიანი იქნება, კომპანიის გასულ წლებს მოკლედ თუ მიმოვიხილავთ, მაგრამ ამისთვის, პირველ რიგში, ორი ადამიანის – რიდ ჰასტინგსისა და მარკ რენდოლფის შესახებ უნდა მოგიყვეთ.
პროფესიით კომპიუტერულმა მეცნიერმა და მათემატიკოსმა ჰასტინგსმა, 1991 წელს პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელი კომპანია, Pure Atria დააფუძნა, რომელიც 1997 წელს Rational Software Corporation-მა $750 მილიონად შეიძინა – ეს გარიგება, რომელიც დღევანდელ დოლარებში $1.4 მილიარდს აღემატება, თავის დროზე, სილიკონ-ველის ისტორიაში უმსხვილეს გარიგებად ითვლებოდა. მსგავსი ისტორია აქვს მარკ რენდოლფსაც, რომელიც ასევე ანტრეპრენიორი იყო – მისი კომპანიები MacWarehouse-ი და MicroWarehouse-ი კომპიუტერულ ნაწილებს ფოსტის გამოყენებით ყიდდნენ. მოგვიანებით, რენდოლფი ჰასტინგსის Pure Atria-ში მარკეტინგის ხელმძღვანელად მუშაობდა.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ Netflix-ის შექმნა სწორედ Pure Atria-ს უკავშირდება, რადგან DVD-ების ფოსტით გაქირავების სერვისის შექმნა მეგობრებს სწორედ სამსახურის გზაზე არაერთი ვოიაჟისას გაუჩნდათ. კი, ეს მართლაც ასეა, რადგან თავდაპირველად Netflix-ი მართლაც DVD-ების გაქირავების სერვისს წარმოადგენდა, რომელიც ძალიან ჰგავდა რამდენიმე წლით ადრე დაფუძნებულ Amazon-ს. ამ მსგავსებას არც Netflix-ის დამფუძნებლები უარყოფენ და პირიქით – ჯეფ ბეზოსის კომპანიას თავიანთი ინსპირაციის წყაროდ ასახელებენ.
აი, ასე, 1997 წლის აგვისტოში, კალიფორნიის ქალაქ სკოტს-ველიში, Netflix-ი დაფუძნდა, რომელიც დღეს ერთ-ერთი ლიდერია იმ ინდუსტრიაში, რომელიც დიდწილად სწორედ თავად შექმნა. დღეს Netflix-ს მსოფლიოში ორას ოცდასამი მილიონი გამომწერი ჰყავს და თან, სტრიმინგის გარდა, კომპანია დიდ მოთამაშედ იქცა როგორც მულტიმედია კონტენტის, მათ შორის ფილმებისა და სერიალების, ასევე ვიდეოთამაშების გენერირების მიმართულებით.
როგორც უკვე აღინიშნა, თანადირექტორის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ რიდ ჰასტინგსმა Netflix-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ბლოგში დაწერა. იქვე ვხედავთ მის ახალ თანამდებობას, რომელსაც, ჰასტინგსის თქმით, ის „მრავალი წლის განმავლობაში დაიკავებს“.
„დღეიდან გრეგ პიტერსი საოპერაციო დირექტორის თანამდებობიდან გადადგება და ტედთან [სარანდოსი] ერთად თანადირექტორი გახდება. ამიერიდან მე აღმასრულებელი თავმჯდომარე ვიქნები – ეს ის თანამდებობაა, რომელსაც ხშირად დამფუძნებლები მას მერე ირგებენ, რაც დირექტორის პოსტს სხვას გადააბარებენ. უკანასკნელი თხუთმეტი წლის განმავლობაში ტედი, გრეგი და მე სხვადასხვა პროექტზე ერთად ვმუშაობდით და, როგორც ეს გრძელვადიან და ეფექტიან ურთიერთობებს სჩვევია, ერთმანეთში საუკეთესოს გამოვლენა ვისწავლეთ. ერთი სული მაქვს, ამ თანამდებობაზე მათთან ერთად მრავალი წლის განმავლობაში ვიმუშაო.
არაერთი წარმატებისა და წარუმატებლობის ერთად გადალახვის შემდეგ, ტედს და გრეგს ერთმანეთის მიმართ ღრმა ნდობა და პატივისცემა განუვითარდათ. ამასთანავე, მათ ყოველთვის ენდობი, რადგან ისინი პირველ პრიორიტეტად ყოველთვის Netflix-ის ინტერესებს აყენებენ. აღნიშნული თვისებები, მათ ურთიერთშემავსებელ უნარებთან, გართობისა და ტექნოლოგიური ინდუსტრიის შესახებ დიდი ცოდნის ქონასთან და Netflix-ში დაგროვილ მრავალწლიან სტაჟთან ერთად, კომპანიის სწრაფი ზრდის და დიდძალი წარმატების მიღწევის უნიკალურ შესაძლებლობას ქმნის“, – ვკითხულობთ რიდ ჰასტინგსის მიერ გავრცელებულ ბლოგში.
როგორ უკვე გითხარით, რიდ ჰასტინგსის მიერ დირექტორობიდან გადადგომა კიდევ ერთ მნიშვნელოვან სიახლეს – Netflix-ის კვარტალური ფინანსური შედეგების გამოქვეყნებას დაემთხვა. როგორც ინვესტორებისადმი გაგზავნილი წერილიდან ვიგებთ, 2022 წლის მეოთხე კვარტალში, კომპანიის საოპერაციო მოგება და გამომწერების რიცხვი მოსალოდნელზე მეტად გაიზარდა, რასაც დიდწილად ახალი სერიალების – Wednesday-სა და Harry & Meghan-ის პოპულარობა განაპირობებს.
საერთო ჯამში, გასულ წელს Netflix-მა $32 მილიარდის შემოსავალი მიიღო, რაც არცთუ ისე ცუდია, თუ გავითვალისწინებთ, რომ 2022 წელი კომპანიის ისტორიაში უდავოდ ყველაზე ცუდი იყო – ერთი წლის ჭრილში, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 50%-ზე მეტით შემცირდა. დღეს Netflix-ის ერთი აქცია $342.5 ღირს, ხოლო კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია $152 მილიარდს აღემატება.
Angry Birds-ის შემქმნელი კომპანია Rovio Entertainment-ი, შესაძლოა, $810 მილიონად გაიყიდოს
მობილური თამაშების დეველოპერ მსხვილ ისრაელურ კომპანიას, Playtika-ს, რომლის პორტფელში არაერთ ვირუსულად პოპულარულ ვიდეოთამაშს ვხვდებით, საკულტო მობილური თამაშის, Angry Birds-ის შემქმნელი ფინური კომპანიის, Rovio Entertainment-ის შესყიდვა €750 მილიონად სურს, – ამის შესახებ Bloomberg-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, Playtika-ს ფინური კომპანიის სრულად შესყიდვა სურს და მზადაა, კომპანიის თითოეულ აქციაში €9.05 გადაიხადოს, თანაც – ნაღდი ფულით.
ორი მსხვილი კომპანიის შერწყმის შესახებ ინფორმაციის გლობალურ პრესაში გავრცელების შემდეგ, ფინური კომპანიის ჰელსინკის საფონდო ბირჟაზე განთავსებული აქციების ფასმა საგრძნობლად იმატა, რაც მოსალოდნელიც იყო, რადგან Rovio Entertainment-ის შესყიდვას ისრაელური კომპანია 60%-იანი პრემიუმით გეგმავს. საინტერესოა, რომ ამ გარიგებას ინვესტორები არაერთგვაროვნად შეხვდნენ ნიუ-იორკში, სადაც Playtika-ს აქციების ფასმა ჯერ 6.4%-ით იკლო, მაგრამ შემდეგ საგრძნობლად იმატა.
Playtika-ს მხრიდან Rovio Entertainment-ის მიმართ ასეთი ინტერესი ერთი ფაქტორითაა განპირობებული – ფინური კომპანია მობილური თამაშების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და, შეიძლება ითქვას, საკულტო თამაშის, Angry Birds-ის ფრენჩაიზს ფლობს. „გვჯერა, რომ Rovio-ს სახელგანთქმული ინტელექტუალური საკუთრებისა და მისი სამომხმარებლო ბაზის გაერთიანებით მონეტიზაციის და პროცესების ოპტიმიზაციის შესაძლებლობებით, რომელთაც ვფლობთ, ჩვენს ინვესტორებს დიდ სარგებელს მოვუტანთ“, – ვკითხულობთ Playtika-ს აღმასრულებელი ხელმძღვანელის, რობერტ ანტოკოლის განცხადებაში.
Angry Birds-ის ფრენჩაიზი, რომელიც პირველად App Store-ში, 2009 წელს გამოჩნდა, ფინური Rovio Entertainment-ისთვის მეტად მნიშვნელოვანია – ამ ფრენჩაიზის თამაშებზე კომპანიის შემოსავლის 80% მოდის. ამასთანავე, თავის დროზე Angry Birds-ი პირველი მობილური თამაში იყო ისტორიაში, რომელიც მილიარდჯერ გადმოიწერეს – ამ წარმატების ფონზე, 2017 წელს კომპანიამ საკუთარი აქციები ჰელსინკის საფონდო ბირჟაზე განათავსა. თუმცა, საჯარო კომპანიად გადაკეთების შემდეგ, Rovio Entertainment-ის ფინანსური ვოიაჟი არცთუ ისე სახარბიელოდ წარიმართა – საფონდო ბირჟაზე დალისტვის დროს კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია მილიარდ დოლარს აღემატებოდა, მაგრამ დღეს, თანაც ბოლოდროინდელი ზრდის გათვალისწინებით, ეს მაჩვენებელი $640 მილიონს უდრის.
ორიოდ სიტყვა უნდა ვთქვათ თავად Playtika-ზეც, რომელიც, ბოლო წლებში, არცთუ ისე სახარბიელო ფინანსური მაჩვენებლებით გამოირჩევა. საქმე ისაა, რომ საჯარო კომპანიად გადაკეთების, ანუ 2021 წლის იანვრის შემდეგ, ისრაელური კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია თითქმის 72%-ითაა შემცირებული. ამგვარად, Playtika-ს მიერ მსგავსი სახელისა და ისტორიის მქონე ფინური ფრენჩაიზის შესყიდვის მცდელობა გასაკვირი სულაც არ არის.
ფინური კომპანიის განცხადებით, შესყიდვის შემოთავაზებაზე კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს ჯერ არ უმსჯელია, ასე რომ, კომპანიებს შორის შეთანხმება ამ დროისთვის მიღწეული არ არის. ამასთანავე, აუცილებელია რამდენიმე მნიშვნელოვანი ეტაპის წარმატებით გავლა – საუბარია როგორც კომპანიის აუდიტზე, ასევე სამეთვალყურეო საბჭოს მიერ ერთიანი გადაწყვეტილების მიღებასა და შერწყმის იურიდიული ასპექტების შესრულებაზე.
Google-ი Apple-ის AirTag-ის მსგავს ადგილმდებარეობის დამდგენ ტრეკერებზე მუშაობს
მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ტექნოლოგიური გიგანტი, ამერიკული Google-ი Apple-ის AirTag-ის მსგავს ადგილმდებარეობის დამდგენ ტრეკერებზე მუშაობს, – ამის შესახებ ავტორიტეტული პოლონელი დეველოპერი, კუბა ვოიჩკოვსკი Twitter-ზე წერს. დეველოპერის განცხადებით, აღნიშნულ დასკვნამდე ის კომპანიის მიერ გავრცელებული შიდა დოკუმენტაციის შეფასებისას მივიდა – საუბარია Fast Pair-ის უახლეს ფუნქციონალზე, რომლითაც ადგილმდებარეობის დამდგენი ტრეკერების გამოყენება ხდება შესაძლებელი.
კუბა ვოიჩკოვსკის თუ დავუჯერებთ, Google-ის უახლესი პროექტს კოდური სახელწოდებაც აქვს – Grogu. ტექნოლოგიებისა და სამეცნიერო ფანტასტიკის მოყვარულებისთვის ეს სახელი უცხო არ არის, რადგან სწორედ ასე ჰქვია ბეიბი იოდას პერსონაჟს სერიალიდან „The Mandalorian“. Grogu-სთან ერთად, ალტერნატიულ სახელწოდებებად GR10 და Grogaudio განიხილება, ხოლო თავად პროექტზე ამერიკული გიგანტის ჭკვიანი საყოფაცხოვრებო ტექნიკის დანაყოფი, Google Nest-ი მუშაობს, მაგრამ შესაძლოა, საბოლოო პროდუქტი კომპანიის სხვა დეპარტამენტმა გამოუშვას.
პოლონელი დეველოპერის ინფორმაციით, Google-ის უახლესი ჭკვიანი მოწყობილობა რამდენიმე ფერში იქნება ხელმისაწვდომი და დინამიკიც ექნება, ისე როგორც Apple-ის AirTag-ს. ამასთანავე, მოსალოდნელია, რომ Grogu-ტრეკერი Bluetooth LE-ისა და ულტრაფართოდიაპაზონიანი გადაცემის (UWB) მოდულებით იქნება აღჭურვილი. ორთავე ამ ტექნოლოგიის გამოყენება სავალდებულო არ არის, რადგან როცა საქმე დაკარგული ნივთების პოვნაზე მიდგება, UWB-ტექნოლოგია Bluetooth-ზე გაცილებით უფრო ზუსტია როგორც მანძილის, ასევე მიმართულების განსაზღვრისთვის – მიუხედავად ამისა, Google-ის ტრეკერებისთვის Bluetooth LE-ს მხარდაჭერაც საკმარისი იქნება.
მოსალოდნელია, რომ AirTag-ის მსგავს ადგილმდებარეობის დამდგენ ტრეკერს Google-ი მიმდინარე წლის მაისში, დეველოპერების ყოველწლიურ კონფერენციაზე, I/O-ზე წარადგენს.
Microsoft-ი ევროკომისიისგან გაფრთხილებას მიიღებს – მიზეზი $68.7-მილიარდიანი გარიგებაა
როგორც ჩანს, გლობალური ტექნოლოგიური ინდუსტრიის გასული წლის უმთავრესი გარიგების დასრულების წინაპირობა ჯერაც არსად ჩანს. საქმე ეხება მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიის, ამერიკული Microsoft-ის მიერ ვიდეოთამაშების დეველოპერული გიგანტის, Activision Blizzard-ის $68.7 მილიარდად შესყიდვას, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნის მარეგულირებლები ბლოკავენ.
ამჯერად საქმე ევროკომისიას ეხება, რომელიც, Reuters-ის ინფორმაციით, ამ მრავალმილიარდიანი გარიგების გამო, Microsoft-ს ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დარღვევისთვის გააფრთხილებს, რაც გარიგებისთვის კიდევ ერთ წინააღმდეგობას წარმოადგენს. საუბარია ოფიციალურ დოკუმენტზე, რომლითაც ევროკომისია ბოლო წლების ერთ-ერთი უმსხვილესი გარიგების შესახებ საკუთარ მოსაზრებას ჩამოაყალიბებს, რომელიც მოგვიანებით Microsoft-ს გადაეგზავნება. გამომდინარე იქიდან, რომ ამ დოკუმენტის შესადგენად ევროკომისიას ვადა მიმდინარე წლის 11 აპრილამდე აქვს, Reuters-ის ინფორმაცია მეტად სანდოდ შეგვიძლია მივიჩნიოთ.
გლობალურ პრესაში გავრცელებულ ამ სიახლეს ევროკომისია არ გამოხმაურებია, ხოლო Microsoft-მა აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით ევროკომისიასთან მუშაობს. „ბაზართან დაკავშირებული ეჭვების გასაფანტად ევროკომისიასთან ერთად ვმუშაობთ. ჩვენი მიზანია, მეტი ადამიანისთვის კიდევ უფრო მეტი ვიდეოთამაში გავხადოთ ხელმისაწვდომი და ეს გარიგება სწორედ ამ მიზანს ემსახურება“, – ვკითხულობთ Microsoft-ის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ Microsoft-ის მიერ Activision Blizzard-ის შესყიდვის შესახებ ინფორმაცია პირველად გასული წლის იანვარში გავრცელდა. გარიგება, რომელიც Microsoft-ის ისტორიაში უმსხვილესია, თავის დროზე, Microsoft-ის მეტად მომძლავრებული კონკურენტების, ჩინური Tencent-ისა და იაპონური Sony-ის ფონზე, კრიტიკულად მნიშვნელოვნად შეფასდა.
თუმცა არ უნდა დავივიწყოთ კიდევ ერთი ფაქტორი: მანამ, სანამ Microsoft-ი ვიდეოთამაშების დეველოპერის შესყიდვის შესახებ განაცხადებდა, Activision Blizzard-ი რამდენიმე უსიამოვნებაში გაეხვა – სამუშაო გარემოში არაშესაფერისი ქცევის ბრალდებით კომპანია არაერთმა აღმასრულებელმა დატოვა, რის გამოც, Activision Blizzard-ის აქციათა ფასი 30%-ით იყო შემცირებული.
საინტერესოა, რომ ვიდრე ამ გარიგების შესახებ ცნობები მედიაში გავრცელდებოდა, Activision Blizzard-ის აქციები ლეგენდარულმა ინვესტორმა, უორენ ბაფეტმა შეიძინა – მისი წილი იმ დროს $975 მილიარდად იყო შეფასებული. ბაფეტის ამ ინვესტიციამ მალევე გაამართლა: იმ დღეს, როცა გარიგების შესახებ ინფორმაცია გასაჯაროვდა, კომპანიის აქციის ფასმა 26%-ით იმატა.
დღეს Activision Blizzard-ის საბაზრო კაპიტალიზაცია თითქმის $58 მილიარდს შეადგენს, არადა 2021 წლის ბოლოს, ანუ მაშინ, როცა კომპანიის შესყიდვის სურვილი Microsoft-ს ჯერ საჯაროდ გაცხადებული არ ჰქონდა, ეს მაჩვენებელი $45 მილიარდის ფარგლებში იყო. რაც შეეხება ამ გარიგების კიდევ ერთ მონაწილეს – Microsoft-ს, მისი საბაზრო კაპიტალიზაცია $1.79 ტრილიონს შეადგენს, რითაც ამერიკული გიგანტი მსოფლიოში მესამე ადგილს იკავებს Apple-ისა და Saudi Aramco-ს შემდეგ.
დატოვე კომენტარი