გასული კვირის მთავარი ტექნოლოგიური სიახლეები           

გასული კვირის მთავარი ტექნოლოგიური სიახლეები           

გასულ კვირას, საქართველოსი არ იყოს, მნიშვნელოვანი სამართლებრივი მსვლელობა დაიწყო ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში, სადაც სენატორებმა კანონპროექტის ინიციირება მოახდინეს, რომლითაც შესაძლოა, ქვეყანაში TikTok-ი აიკრძალოს. ამასთან გასული კვირა მეტად გამორჩეული აღმოჩნდა ხმამაღალი განცხადებებითა და მიღწევებით: Meta-მ, მაგალითად, დეცენტრალიზებული სოციალური ქსელის შექმნის შესახებ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა, ხოლო Microsoft-მა თავისი საძიებო სისტემის, Bing-ის მომხმარებლების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. ამ და სხვა მნიშვნელოვან სიახლეებს Forbes Georgia-ს ყოველკვირეულ ტექნოლოგიურ ბლოგში მოვუყარეთ თავი.

აშშ-ის კონგრესი იმსჯელებს კანონზე, რომლითაც შესაძლოა, ქვეყანაში TikTok-ი აიკრძალოს

გასული კვირა სამართლებრივად დატვირთული აღმოჩნდა ამერიკის შეერთებულ შტატებშიც, რომლის კონგრესს მოუწევს, კენჭი უყაროს ორთავე პარტიის კანონმდებლების მიერ წარდგენილ კანონპროექტს, რომლითაც ვაჭრობის დეპარტამენტს უფლება ექნება, აკრძალოს უცხოური ტექნოლოგია ან ქვეყანაში რეგისტრირებული კომპანიები, თუ მათი მოქმედებები ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ უსაფრთხოებას ემუქრება.

არ შევცდებით თუ ვიტყვით, რომ ვირჯინიის დემოკრატი სენატორის, მარკ უორნერის მიერ წარდგენილი კანონპროექტი, პირველ რიგში, ჩინურ ტექნოლოგიურ გიგანტს, TikTok-ს ეხება, რადგან წლებია, რაც ამერიკელი კანონმდებლები ქვეყანაში ამ სოციალური ქსელის აკრძალვაზე მსჯელობენ. ისე კი, მიუხედავად იმისა, რომ TikTok-ი კანონპროექტში პირდაპირ ნახსენები არ არის, დოკუმენტში ვხვდებით აშშ-ის მიმართ მტრულად განწყობილ სახელმწიფოებს, მათ შორის ჩინეთს, კუბას, ირანს, ჩრდილოეთ კორეას, რუსეთსა და ვენესუელას.

სენატორი მარკ უორნერი | ფოტო: Jared Soares

„დღეს ყველა იმ საფრთხეზე საუბრობს, რომელიც TikTok-ისგან მომდინარეობს და რომ ამ აპლიკაციის დახმარებით, ჩინეთის კომუნისტურ პარტიას ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე ტოტალური კონტროლის გამკაცრება და უარყოფითი გავლენის გაფართოება შეუძლია. თუმცა საფრთხე TikTok-ის გამოჩენამდეც არსებობდა, როცა ის, უმეტესწილად, Huawei-სა და ZTE-სგან მომდინარეობდა, რომლებმაც ჩვენი სატელეკომუნიკაციო ქსელები საფრთხის წინაშე არაერთხელ დააყენეს“, – ვკითხულობთ დემოკრატი სენატორის, მარკ უორნერის განცხადებაში. „ამ ყველაფრის ფონზე, გვჭირდება კომპლექსური, რისკის გათვლაზე დაფუძნებული მიდგომა, რომლითაც პოტენციურად საფრთხის შემცველ ტექნოლოგიასთან პროაქტიულად გამკლავებას მანამ შევძლებთ, სანამ ის ამერიკაში ფეხს გაიდგამს“.

დემოკრატი სენატორის მიერ ინიციირებული და ორივე პარტიის სხვადასხვა წარმომადგენლის მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტი არეგულირებს პროცესს, რომლითაც სახელმწიფო სააგენტოები იმ სერვისების გამოძიებას და აკრძალვას შეძლებენ, რომელთა საქმიანობაც, მათი შეფასებით, ქვეყნისთვის საფრთხის შემცველია. თუმცა არსებობს ერთი შეზღუდვა – აღნიშნული კანონი ვრცელდება მხოლოდ იმ კომპანიებზე, რომლებიც, სულ მცირე, მილიონი ამერიკელი მომხმარებლის სენსიტიურ პირად მონაცემებს ფლობენ. კანონპროექტით ფართოვდება ვაჭრობის დეპარტამენტის მანდატიც, რომელსაც კონკრეტული ტრანზაქციების გაუქმების შესაძლებლობა ექნება.

ცნობისთვის გეტყვით, რომ უორნერის კანონის წარდგენამდე რამდენიმე დღით ადრე, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მხარი დაუჭირა კიდევ ერთ კანონპროექტს, სახელწოდებით „ამერიკის ტექნოლოგიური მტრების განეიტრალების აქტი“, რომლითაც პრეზიდენტ ჯო ბაიდენს TikTok-ის დასანქცირების ან საერთოდ აკრძალვის შესაძლებლობა ექნება, თუ, ცხადია, დამტკიცდა, რომ სოციალურმა ქსელმა ამერიკელების შესახებ ინფორმაცია ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან დაკავშირებულ პირებს გადასცა. თუმცა, ამ კანონისგან განსხვავებით, რომელიც მეტად ვიწროა, სენატორ უორნერის მიერ წარდგენილი კანონპროექტი ზოგადია და უსაფრთხოების თვალსაზრისით ქვეყნისთვის მიუღებელი უცხოური კომპანიების შესწავლისა და დასჯის ერთგვარ ჩარჩოს აყალიბებს.

„ჩვენი მოსახლეობის მესამედის პირადი ინფორმაციის მოგროვების შესაძლებლობა ჩინურ კომუნისტურ პარტიასთან დაკავშირებულ არც ერთ კომპანიას არ უნდა მივცეთ – TikTok-ი მხოლოდ ერთი მაგალითია, რომელიც არ იქნება უკანასკნელი“, – განაცხადა კოლორადოს დემოკრატმა სენატორმა, მაიკლ ბენეტმა, რომელიც სენატორ უორნერის მიერ წარდგენილი აქტის თანასპონსორია. „ფედერალურმა მთავრობამ მტრულად განწყობილი სახელმწიფოების მიერ წარმოებულ ტექნოლოგიასთან სათითაოდ გამკლავება აღარ უნდა განაგრძოს. ჩვენ სტრატეგიული და გამძლე მექანიზმი გვჭირდება, რომელიც ამერიკელებსა და ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებას დაიცავს“.

ამერიკელი კანონმდებლების მიერ შემოთავაზებულ კანონპროექტს გამოეხმაურა თავად TikTok-იც და როგორც კომპანიის წარმომადგენელი, ბრუკ ობერვეტერი ამბობს, ამ კანონის მიღება საჭირო არ არის, რადგან, მისი თქმით, პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციას ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ პრობლემებთან გასამკლავებლად კონგრესისგან მიღებული დამატებითი ძალაუფლება არ სჭირდება. ჩინური სოციალური ქსელის ეს პოზიცია, ცხადია, არაფრით განსხვავდება კომპანიის მიერ თვეების განმავლობაში დაფიქსირებული პოზიციისგან, რომლის თანახმად ამერიკელი მომხმარებლების შესახებ ინფორმაციას ის ოფიციალურ ბეიჯინგს და მასთან დაკავშირებულ პირებს არ გადასცემს.

TikTok-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელი, შუ ჟი ჩიუ | ფოტო: Bryan van der Beek / Getty Images

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე თვეს TikTok-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელი შუ ჟი ჩიუ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ენერგეტიკისა და ვაჭრობის კომიტეტის წინაშე წარდგება.

Apple-ის აქციონერებმა კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს ნდობა კვლავ გამოუცხადეს

აქციონერთა ყოველწლიურ შეხვედრაზე, რომელიც გასულ კვირას გაიმართა, Apple-ის აქციონერებმა კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს სრულ შემადგენლობას ნდობა კვლავ გამოუცხადეს, – ამის შესახებ ფინანსური გამოცემა Seeking Alpha წერს. სამეთვალყურეო საბჭოს დამტკიცებასთან ერთად, კომპანიის აქციონერებმა საბჭოს წევრების ანაზღაურებაც დაამტკიცეს.

ფოტო: Chris Tuite / AFP / Getty Images

კომპანიის აღმასრულებელი ხელმძღვანელის, ტიმ კუკის წლევანდელი ანაზღაურება $49 მილიონით განისაზღვრა, ეს კი 40%-იან კლებას წარმოადგენს, რაც, სხვათა შორის, თავად ტიმ კუკმა ჯერ კიდევ იანვარში მოითხოვა. წელს ტიმ კუკის ანაზღაურება შემდეგნაირად გადანაწილდება: ხელფასის სახით მენეჯერი $3 მილიონს, ნაღდი ფულით გასაცემი ბონუსის სახით $6 მილიონს მიიღებს, ხოლო ანაზღაურების დარჩენილი ნაწილი, ანუ $40 მილიონი კომპანიის ფასიანი ქაღალდებით იქნება უზრუნველყოფილი. შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ტიმ კუკის ჯამურმა ანაზღაურებამ $75 მილიონი შეადგინა.

სამოცდაორი წლის ტიმ კუკი პლანეტის ერთ-ერთი უმდიდრესი მენეჯერია, რომლის ქონებას ამერიკული Forbes-ი $1.7 მილიარდად აფასებს და ბევრი სხვა მილიარდერის მსგავსად, ტიმ კუკი საკუთარი ქონების ქველმოქმედებისთვის დახარჯვას გეგმავს. ტიმ კუკის ქონების მაჩვენებელი, ცხადია, პირდაპირ კავშირშია Apple-ის მიერ დაფიქსირებულ შედეგებთან, რომელიც, მისი მმართველობის დროს, მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებულ კომპანიად იქცა. Apple-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელის პოსტზე ტიმ კუკი 2011 წლის 24 აგვისტოს დაინიშნა, როცა კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია სულ რაღაც $348 მილიარდს შეადგენდა, როცა დღეს ის $2.3 ტრილიონს აღემატება, რაც 560%-იან ზრდას ნიშნავს.

2050 წლისთვის Delta Air Lines-ს მდგრად საავიაციო საწვავზე გადასვლა სურს, მიზეზი – კლიმატია

კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში საკუთარი უარყოფითი გავლენის შემცირების მიზნით, მსოფლიოს რიგით მეორე ყველაზე მაღალშემოსავლიანმა ავიაკომპანიამ, ამერიკულმა Delta Air Airlines-მა გადაწყვიტა, რომ 2050 წლისთვის კომპანიის საწვავის მოხმარების, სულ მცირე, 95% მდგრადი საავიაციო საწვავით (SAF) ჩაანაცვლოს, – ამის შესახებ The Verge-ი წერს. მდგრადი საავიაციო საწვავი, რომელიც სპეციალური პროცესის გამოყენებით ნარჩენებისა და მარცვლეულისგან მიიღება, ბუნებრივ წიაღისეულთან შედარებით, ამ ეტაპზე, საავიაციო ინდუსტრიისთვის საუკეთესო გამოსავლად მიიჩნევა.

Boeing 767 Delta Air Lines | ფოტო: People

მდგრადი საავიაციო საწვავი ბიოსაწვავის ერთ-ერთი სახეობაა, რომელიც მცენარეებისგან ან ცხოველური წარმოშობის პროდუქტებისგან მიიღება და თვითმფრინავი, რომელიც ამ ტიპის საწვავს იყენებს, გაცილებით ნაკლებ გამონაბოლქვს გამოყოფს. თუმცა, ამასთანავე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გამონაბოლქვის შემცირება ბიოსაწვავის დამზადების პროცესში, რომელიც, უმეტესწილად, ორნაირია: იმ შემთხვევაში, თუ საწვავი მარცვლეულისგან, ანუ სიმინდისა ან სოიისგან მიიღება, პროცესში ფოტოსინთეზი ერთვება, რომლის დახმარებით მცენარე ნახშირორჟანგს შთანთქავს, ხოლო საწვავის ნარჩენებისა და ნაგვისგან დამზადების პროცესში, ხდება იმ სათბური ეფექტების უგულებელყოფა, რომლებსაც ნაგავსაყრელები წარმოშობს.

მდგრადი საავიაციო საწვავის გამოყენებას, ცხადია, ალტერნატივებიც აქვს, მაგრამ ისინი, ამ ეტაპზე, ნაკლებადაა განვითარებული. ელექტროთვითმფრინავები, მაგალითად, შორ მანძილებზე ვერ დაფრინავენ, რადგან ამისთვის საჭირო ელექტრობატარეები ძალიან მძიმეა. მსგავსი მდგომარეობაა წყალბადზე მომუშავე თვითმფრინავების შემთხვევაშიც, რომელთა დიზაინი საგრძნობლად უნდა შეიცვალოს, რადგან სხვა შემთხვევაში შორ მანძილებზე ფრენისთვის საჭირო ავზი იქ უბრალოდ არ დაეტევა. Delta, რომელზეც ეს-ესაა მოგიყევით, ორთავე ზემოხსენებულ მიმართულებას ავითარებს, რისთვისაც Airbus-სა და Joby Aviation-თან თანამშრომლობს. კომპანიას გაცხადებულიც კი აქვს, რომ 2050 წლისთვის რევოლუციურმა საფრენმა აპარატებმა მისი საავიაციო ფლოტის მეოთხედი უნდა შეადგინოს.

თუმცა, რაგინდ ამაღელვებლად უნდა ჟღერდეს Delta Air Lines-ის გეგმა ბუნებრივ წიაღისეულზე დაფუძნებული საავიაციო საწვავის თითქმის სრულად მდგრადი საავიაციო საწვავით ჩანაცვლების თაობაზე, ხელშეკრულებები, რომლებიც ავიაკომპანიას 50-მდე კორპორაციულ კლიენტთან აქვს გაფორმებული, 757 მილიონ ლიტრ საწვავს ეხება, რაც ზღვაში წვეთია იმ მოცულობასთან შედარებით, რომელიც ავიაკომპანიას სჭირდება. როგორც ავიაკომპანია ამბობს, მთელ მსოფლიოში წარმოებული საავიაციო საწვავი, ჯამურად, კომპანიას ერთი დღეც კი არ ეყოფა.

ყველაფერი ეს, ცხადია, კომპანიის მიერ დასახულ გეგმას უკავშირდება, რომლის თანახმად, 2050 წლისთვის, Delta Air Lines-ი ნეიტრალურგამონაბოლქვიან კომპანიად უნდა იქცეს. ამისთვის, მიმდინარე ათწლეულის ბოლომდე, თუ, ცხადია, არაფერი შეიცვალა, მდგრადი საავიაციო საწვავი Delta Air Lines-ის მოხმარების 10%-ს შეავსებს, 2035 წლისთვის – 35%-ს, ხოლო 2050 წლისთვის – 95%-ს. თუმცა, როგორც თავად კომპანიამ განაცხადა, ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია კანონმდებლებისა და ინდუსტრიის სხვა მოთამაშეების მონაწილეობა, რადგან საავიაციო საწვავის გამართული მიწოდების ჯაჭვების შესაქმნელად დამატებითი ინვესტიციები და მოთხოვნა არის საჭირო.

როგორ იქმნება მდგრადი საავიაციო საწვავი? | ფოტო: BP

თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ მდგრად საავიაციო საწვავზე მოთხოვნის მკვეთრი მატებისას, რომელიც დაბალანსებული იქნება ზოგადად ავიამიმოსვლაზე შემცირებული მოთხოვნით, ამ მიზნით გამოყენებულმა პლანტაციებმა შესაძლოა, მსოფლიოს ნედლი მიწის 19% შეადგინოს, რაც, ცხადია, ბუნებაზე უარყოფით გავლენას მოახდენს. ამ ყველაფრის ფონზე, კლიმატის ცვლილების კუთხით,  გლობალური ავიაცია ერთ-ერთ ყველაზე რთულ ინდუსტრიადაა მიჩნეული, რომლის გაწმენდას კოლოსალური შრომა და თანხები სჭირდება. Delta Air Lines-მა, მაგალითად, 2021 წელს 27 მილიონი მეტრული ტონა ნახშირორჟანგი გამოყო, რაც დაახლოებით იმდენივეა, რამდენსაც სამოცდა რვა გაზზე მომუშავე ელექტროსადგური გამოყოფს ერთი წლის განმავლობაში. Delta-ს გამონაბოლქვის უდიდესი ნაწილი, ანუ 98%, ცხადია, საწვავზე მოდის.

ბოლო წლებში, ნახშირორჟანგის პრობლემებთან გამკლავებას ავიაკომპანიები ნახშირორჟანგის კომპენსაციის სხვადასხვა მხარდამჭერი მექანიზმით ახერხებდნენ. მარტივად რომ ვთქვათ, კომპანიები იმ რაოდენობის ხეებს რგავდნენ, რაც მათ მიერ გამოყოფილი ნახშირორჟანგის გადამუშავებისთვის იყო საჭირო. თუმცა, როგორც ბოლო წლებში გამოჩნდა, გაუმართავი მენეჯმენტის და საერთო ჩარჩოს არარსებობის გამო, აღნიშნული მექანიზმი მეტად არაეფექტიანია. ამ ყველაფრის ფონზე, ავიაკომპანიებმა მდგრად საავიაციო საწვავზე გადასვლა არჩიეს – Delta Air Lines-ის გარდა, სიაში ასევე ვხვდებით JetBlue-ს, Air France-სა და easyJet-ს.

Spotify-მ ახალი დიზაინი წარმოადგინა, რომელიც Instagram-ს, TikTok-სა და YouTube-ს ჰგავს

შვედურმა Spotify-მ აპლიკაციის დიზაინის ახალი ხედვა წარმოადგინა, რომლითაც ჩანს, რომ მუსიკალური სტრიმინგის გიგანტს მრავალპროფილურ სტრიმინგ-სერვისად სურს გადაკეთება, რისთვისაც ის მსოფლიოს წამყვანი სოციალური ქსელების – Instagram-ის, TikTok-ისა და YouTube-ის მსგავს ფუნქციონალებს ნერგავს. დიზაინის განახლების ფარგლებში მნიშვნელოვნად შეიცვლება აპლიკაციის საწყისი გვერდი: თუ დღეს ეს გვერდი მუსიკალური ალბომების გარეკანების ერთგვარ კრებულს ჰგავს, განახლების შემდეგ, მუსიკალურ კონტენტთან ერთად იქ ფოტო და ვიდეომასალაც განთავსდება და მომხმარებლები მის უსასრულო სქროლვას შეძლებენ, როგორც სოციალურ ქსელებში.

ფოტო: Spotify

აპლიკაციის განახლებული დიზაინი გასულ კვირას Stream On-ზე Spotify-ის დამფუძნებელმა, დანიელ ეკმა წარმოადგინა, რომლის გამოსვლიდან ჩანს, რომ კომპანიას აღარ სურს, მხოლოდ მუსიკალურ სტრიმინგ-პლატფორმად დარჩეს, რაც ლოგიკურიცაა, რადგან ასე, სოციალურ ქსელებთან კონკურენცია მას ძალიან გაუჭირდება. ამასთანავე, Spotify-ის სურს სხვადასხვა კონტენტის კრეატორების ერთგვარ ჰაბად იქცეს, რისთვისაც წლებია, რაც, მაგალითად, პოდკასტების მიმართულებას ავითარებს.

აქვე გეტყვით, რომ ჯერჯერობით Spotify-ის დიზაინი შეცვლილი არ არის, რადგან ეს მხოლოდ ხედვაა იმისა, თუ როგორი უნდა იყოს აპლიკაცია ცვლილების შემდეგ. მომავალში, როცა Spotify-ის აპლიკაციას გახსნით, მუსიკალურ ალბომებს შეხვდებით, მაგრამ ჩამოსქროლავთ და ვიდეოპოდკასტებს და სურათებს შეხვდებით, რითაც კონკრეტული პლეილისტის შესახებ მეტ ინფორმაციას მიიღებთ. ამ ყველაფერთან ერთად, ცხადია, პლატფორმაში ინტეგრირებული იქნება ხელოვნური ინტელექტი, რომელიც შემოთავაზებულ კონტენტს თქვენს გემოვნებას მოარგებს.

ფოტო: Spotify
Meta-ს Twitter-ის მსგავსი დეცენტრალიზებული სოციალური ქსელის შექმნა სურს – Platformer

როგორც ჩანს, მსოფლიოს უდიდესი სოციალური ქსელის მფლობელ კომპანიას, ამერიკულ Meta-ს ახალი წამოწყება აქვს – ამერიკული Platformer-ის ინფორმაციით, მარკ ცუკერბერგის კომპანიას Twitter-ის მსგავსი, მაგრამ დეცენტრალიზებული სოციალური ქსელის შექმნა სურს. ამგვარად, შინაარსითა და აგებულებით Meta-ს ახალი სოციალური ქსელი Mastodon-ს უფრო დაემსგავსება, ვიდრე Twitter-ს – ამას ცხადყოფს ისიც, რომ პროექტი Mastodon-ის სოციალურ პროტოკოლს, ActivityPub-ს დაეყრდნობა.

სხვათა შორის, პროექტის არსებობა მალევე დაადასტურა თავად Meta-მაც, რომლის თქმით, ამ მიმართულებით ის პოტენციალს ხედავს და ფიქრობს, რომ ბაზარზე არის ადგილი ცალკე მდგომი აპლიკაციისთვის, რომლითაც კრეატორები და საჯარო პერსონები საკუთარი ინტერესების შესახებ ინფორმაციას გაავრცელებენ. თუმცა ამ ეტაპზე კომპანია ზოგადი ფრაზებით შემოიფარგლა და რეალურად, ახალი სოციალური ქსელის აგებულების შესახებ ინფორმაციისთვის, მედიასაშუალებების წყაროებს უნდა დავეყრდნოთ.

ფოტო: TechCrunch

დღეს არსებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, Meta-ს ახალი სოციალური ქსელი Instagram-ის ბრენდის ქვეშ შეიქმნება, მაგრამ ამ ორს შორის კონტენტის გადაზიარების ფუნქციონალი მინიმუმამდე იქნება დაყვანილი. ამრიგად, ჩნდება კითხვა, თუ რად უნდა Meta-ს Instagram-ის ბრენდის გამოყენება? პასუხი მარტივია და ის სოციალური ქსელების ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ცნებას – კრიტიკულ მასას ეფუძნება. მარტივად რომ ვთქვათ, Instagram-ის ბრენდინგის (და გარკვეული ფუნქციონალის) გამოყენებით, მომხმარებლების გადმობირებას Meta გაცილებით მარტივად შეძლებს, ვიდრე იმ შემთხვევაში, თუ ახალი სოციალური ქსელი დამოუკიდებელ პლატფორმად ჩამოყალიბდება ან მაშინაც, თუ კომპანია Facebook-ის ბრენდინგს გამოიყენებს, რომელიც საზოგადოებაში, ბოლო დროს, არცთუ ისე მყარი რეპუტაციით სარგებლობს.

ცხადია, ორიოდ სიტყვა უნდა ვთქვათ Meta-ს ახალი აპლიკაციის პოტენციურ აგებულებაზეც. გამომდინარე იქიდან, რომ აპლიკაცია დეცენტრალიზებული იქნება, მომხმარებლები სერვერების შექმნას და კონტენტის მოდერაციის წესების ჩამოყალიბებას თავად შეძლებენ. ამერიკული გამოცემის, MoneyControl-ის ინფორმაციით, აპლიკაციის საშუალებით მომხმარებლები საკუთარი პოსტების გამოქვეყნებას სხვა სერვერებზეც შეძლებენ, მაგრამ კონკრეტულად რა მექანიკით დანერგავს კომპანია გამოწერის ფუნქციონალს, ამ ეტაპზე უცნობია. აქვე უნდა ვთქვათ ისიც, რომ თუ Meta-ს დეცენტრალიზებული აპლიკაცია მართლაც ActivityPub-ის პროტოკოლს დაეყრდნობა, სულ მცირე, უცნაური იქნება, თუ აპლიკაციას რამე სახის კავშირი არ ექნება Mastodon-თან და ამ პროტოკოლზე დაფუძნებულ სხვა სოციალურ ქსელებთან.

როგორც ჩანს, აპლიკაციის კონკრეტულ ფუნქციონალებზე Meta-ში სრულად ჩამოყალიბებული ჯერაც არ არიან, მაგრამ იმ ინფორმაციით, რაც ხელთ გვაქვს, უახლესი დეცენტრალიზებული სოციალური ქსელით მომხმარებლები ბმულების, სურათებისა და ვიდეოების გაზიარებას შეძლებენ. წყაროები ამბობენ იმასაც, რომ უახლეს აპლიკაციაში მომხმარებლებს ვერიფიკაციის ნიშნებიც ექნებათ, მაგრამ ფასიანი იქნება ეს სერვისი თუ უფასო, ჯერჯერობით უცნობია. მომხმარებლები, ცხადია, კომენტარების დატოვებას და მესიჯების გაგზავნასაც შეძლებენ, მაგრამ ეს ფუნქციონალი აპლიკაციის პირველივე ვერსიაში გამოჩნდება თუ არა, ჯერ გადაწყვეტილი არ არის.

როგორც ამერიკული გამოცემა MoneyControl-ი წერს, ჯერ საჯაროდ ცნობილი არ არის, კომპანია სოციალური ქსელის იდეას ავითარებს თუ უშუალოდ დეველოპმენტის პროცესზე დაიწყო მუშაობა, მაგრამ ფაქტია ერთი რამ: ნებისმიერ შემთხვევაში, ბაზარზე გამოჩენის დროს, მას არაერთი კონკურენტი ეყოლება, როგორც უკვე ჩამოყალიბებული სოციალური ქსელების მიერ გამოშვებული დეცენტრალიზებული პლატფორმების, ასევე ახალი მოთამაშეების სახით.

Microsoft-ის უახლესი ნიშანსვეტი – Bing-ს ყოველდღიურად 100 მილიონი მომხმარებელი იყენებს

მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე ძვირად ღირებულმა კომპანიამ, ამერიკულმა Microsoftმა მის ისტორიაში უახლეს ნიშანსვეტს მიაღწია – კომპანიის მიერ შექმნილ საძიებო სისტემას, Microsoft Bing-ს ყოველდღიურად ასი მილიონი მომხმარებელი ჰყავს, რაც, ცხადია, პლატფორმაში OpenAI-ის მიერ შექმნილი ხელოვნური ინტელექტის, ChatGPT-ის ინტეგრაციას უკავშირდება. უნდა ითქვას, რომ ბოლო წლებში Bing-ის გამოყენების მაჩვენებელი ისედაც იზრდებოდა, მაგრამ ChatGPT-ის ინტეგრაციამ ეს პროცესი საგრძნობლად დააჩქარა და Microsoft-ის საძიებო სისტემისკენ ის ადამიანებიც მოახედა, რომელთაც ის არასდროს გამოუყენებიათ.

ფოტო: The Verge

 მართალია, საძიებო სისტემების ბაზრის ერთპიროვნულ ლიდერთან, Google-თან შედარებით, რომელსაც ყოველდღიურად ერთი მილიარდი ადამიანი იყენებს, Microsoft Bing-ის ასმილიონიანი მაჩვენებელი არცთუ ისე შთამბეჭდავად გამოიყურება, მაგრამ რეალურად საქმე სხვაგვარადაა, რაც Google-ის მიერ ბაზრის წილის ეტაპობრივ დათმობაზე მიუთითებს. საინტერესოა ისიც, რომ ამ დრომდე Microsoft-ი თავისი საძიებო სისტემის ყოველდღიურად აქტიური მომხმარებლების შესახებ სტატისტიკას არც აქვეყნებდა, მაგრამ ChatGPT-ის ინტეგრაციის შემდეგ ეს მიდგომაც შეიცვალა. ცხადია, ამაში გადამწყვეტ როლს თავად ხელოვნური ინტელექტი თამაშობს, რადგან Bing-ის მომხმარებლების თითქმის მესამედი სწორედ იმ ვერსიას იყენებს, რომელშიც ხელოვნური ინტელექტი არის ჩაშენებული.

თუმცა აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ Microsoft-ის საძიებო სისტემის მზარდ პოპულარობას მხოლოდ ხელოვნური ინტელექტი როდი განაპირობებს – მნიშვნელოვან როლს, ცხადია, Microsoft Edge-იც თამაშობს, რომელსაც, ბოლო დროს, ტექნოლოგიური კომპანია აქტიურ და, შეიძლება ითქვას, აგრესიულ მარკეტინგსაც კი უტარებს. ეს ყველაფერი კი საძიებო სისტემის ბიზნესში საკუთარი წილის გაზრდას უკავშირდება. შეგახსენებთ, რომ გასულ თვეს ამის შესახებ ანალიტიკოსებთან საუბრისას Microsoft-ის ფინანსურმა ვიცე-პრეზიდენტმა, ფილიპ ოკენდენმა განაცხადა, რომლის თქმით, ბაზრის თითოეული პროცენტული პუნქტის ათვისება კომპანიისთვის შემოსავლის $2 მილიარდით გაზრდას ნიშნავს.

ორ ტექნოლოგიურ გიგანტს, Microsoft-სა და Google-ს შორის არსებულ კონკურენციაზე რამდენიმე კვირის წინ ისაუბრა Microsoft-ის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, სატია ნადელამ, რომლის თქმით, ის Google-ითა და მისი ხელმძღვანელობით აღფრთოვანებულია, მაგრამ დადგა დრო, როცა ორ კომპანიას შორის კონკურენცია კიდევ უფრო გაღვივდება და ეს სწორედ საძიებო სისტემების ბაზარზე დაფიქსირდება.

Microsoft-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელი, სატია ნადელა | ფოტო: Cristophe Morin / IP3 / Getty Images

„Google-ითა და მათი ღვაწლით აღფრთოვანებული ვარ – ეს საოცარი კომპანიაა, რომელშიც ძალიან ნიჭიერი ადამიანები მუშაობენ. სუნდარს და მის გუნდს დიდ პატივს ვცემ, უბრალოდ მინდა, Microsoft-მა ინოვაციების დანერგვა განაგრძოს. ჩვენ სულ კონკურენტები ვიყავით და დღეს საძიებო სისტემის სექტორში კიდევ უფრო დიდი კონკურენცია შემოვიტანეთ. დამიჯერეთ, ოცი წელია, ამ მომენტს ველოდები! თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ სფეროში გიგანტი სწორედ Google-იადა იმედი მაქვს, რომ ჩვენი ინოვაცია მათ აიძულებთ, ცეკვა დაიწყონ. იმ დროს კი ყველამ უნდა იცოდეს, რომ ცეკვა მათ ჩვენ დავაწყებინეთ. ეს დიდებული დღე იქნება!“, – აღნიშნავს სატია ნადელა The Verge-თან საუბრისას.

ცნობისთვის გეტყვით, რომ ბოლო თორმეტ თვეში Microsoft-მა სარეკლამო ბაზრიდან მიღებული შემოსავალი $18 მილიონამდე გაზარდა – არადა, გასულ ფისკალურ წელიწადს ეს მაჩვენებელი $10 მილიარდს შეადგენდა. თუმცა ზრდის მიუხედავად Google-ის მიერ დაფიქსირებულ $200-მილიონიან შემოსავალთან შედარებით, ეს მაჩვენებელი ზღვაში წვეთის ტოლფასია.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *