გასული კვირა, აწ უკვე ტრადიციულად, ძალიან დატვირთული იყო NFT-სიახლეებით: უკრაინამ ომის მედიაქრონიკის NFT-კოლექციის გაყიდვით $600 ათასი იშოვა, ხოლო Twitch-ის თანადამფუძნებლის NFT-მარკეტპლეისმა, Fractal-მა $35 მილიონი მოიზიდა. ამასთანავე, პირველად ისტორიაში, Grammy-ის დაჯილდოების კვირა Roblox-ის მეტავერსში გაიმართა. ამ და სხვა მნიშვნელოვან სიახლეებს ჩვენს ყოველკვირეულ ტექნოლოგიურ ბლოგში მოვუყარეთ თავი.
ომის მედიაქრონიკის NFT-ებად გაყიდვით უკრაინამ $600 ათასი მოიზიდა
გასულ კვირას მოგიყევით, რომ უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის სამინისტრომ რუსეთ-უკრაინის ომის მედიაქრონიკის NFT-ებად გადაქცევა გადაწყვიტა, რისთვისაც კოლექცია შექმნა, სახელწოდებით „Meta History: Museum of War“, რომელიც ომის განმავლობაში მომხდარ ყველა მნიშვნელოვან მოვლენას აერთიანებს.
ახლა კი, ერთი კვირის თავზე, ცნობილი გახდა, რომ უკრაინის ხელისუფლებამ 1282 NFT-ი გაყიდა, რამაც ქვეყანას 190 ეთერი, ანუ $600 ათასი მოუტანა – ამ თანხას უკრაინის ხელისუფლება ომის შედეგად დაზიანებულ მუზეუმებს, თეატრებსა და სხვა კულტურულ ინსტიტუტებს მოახმარს.
Official NFT Collection of the Ukrainian Government,
Is live!
To celebrate $500,000+ raised, we will be giving away one of our unique NFTs.
To enter
1. Follow @Meta_History_UA
2. Like and retweet this postMint Now: https://t.co/ig8rEIPZxh#NeverForgetThis pic.twitter.com/7ImhvMk5OD
— META HISTORY: Museum of War (@Meta_History_UA) March 31, 2022
აღსანიშნავია, რომ NFT-ების გაყიდვა უკრაინის ხელისუფლების შემოსავლის ერთადერთი წყარო არ არის – ომის დაწყებიდან დღემდე, კრიპტოვალუტების დონაციებით ქვეყანამ $70.2 მილიონი მიიღო.
Twitch-ის თანადამფუძნებლის NFT-მარკეტპლეისმა, Fractal-მა $35 მილიონი მოიზიდა
ძალიან ცნობილი სტრიმინგ-პლატფორმის, Twitch-ის თანადამფუძნებლის, ჯასტინ კანის მიერ დაარსებულმა NFT-მარკეტპლეისმა, Fractal-მა $35 მილიონის ინვესტიცია მოიზიდა. Fractal-ი ნიშური გამოყენების NFT-მარკეტპლეისია, რომელზეც Solana-ს ბლოკჩეინზე არსებულ თამაშებთან დაკავშირებული ტოკენები, მათ შორის ვირტუალური ცხოველები, იარაღები და ავატარები იყიდება. „დროის გასვლასთან ერთად, NFT-ები უტილის მხარეს იხრებიან – ეს მხოლოდ ხელოვნება აღარ არის“, – განაცხადა კანმა.
აღსანიშნავია, რომ ზოგადად გეიმინგ-კომუნა NFT-ების მიმართ ნეგატიურადაა განწყობილი – მათი აზრით, NFT-ების გაყიდვით კომპანიები ისე მდიდრდებიან, რომ თამაშისთვის კარგს არაფერს აკეთებენ. ამასთანავე, მათ არც ბლოკჩეინ-ტექნოლოგიის გარემოზე ზემოქმედება მოსწონთ. გასულ კვირას, მაგალითად, Game Developers Conference-ზე, ვიდეოთამაშებში NFT-ტოკენების ინტეგრაციის შესახებ რამდენიმე მსხვილმა კომპანიამ, მათ შორის Ubisoft-მა, Electronic Arts-მა და Enix-მა განაცხადეს, მაგრამ აპლოდისმენტის ნაცვლად, ყვირილი და სტვენა მიიღეს.
საინტერესოა, გაიზიარებს თუ არა იმავე ბედს Twitch-ის თანადამფუძნებლის მიერ დაარსებული კომპანია Fractal-ი.
Grammy-ის კვირა მეტავერსში – The Recording Academy-ის, Mastecard-ისა და Roblox-ის კოლაბორაცია
პირველად ისტორიაში, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მუსიკალური დაჯილდოების, Grammy-ის კვირა Roblox-ის მეტავერსში ჩატარდა – ამგვარად, ამერიკის ხმის ჩამწერ აკადემიას სურდა, რომ ახალგაზრდა აუდიტორიას დაკავშირებოდა და თან, კომუნიკაციების ახალი არხები გამოეცადა.
წელს Roblox-ში გამართულ ვირტუალურ ღონისძიებებზე ადამიანებს შესაძლებლობა ჰქონდათ, შეხვედროდნენ როკჯგუფ Glass Animals-ს, ქანთრის ჟანრის მუსიკოს უოლკერ ჰეისს, მსახიობსა და მომღერალს, სოფია კარსონს, პოპ-მეტალის ვარსკვლავს, „გრემიზე“ წარდგენილ მუსიკოსს, კამილოს. ამასთანავე, Roblox-ის მეტავერსში ადამიანებმა ციფრული ნივთების შეძენა და წითელ ხალიჩაზე სოციალიზაცია შეძლეს.
ამერიკის ხმის ჩამწერი აკადემიის თანაპრეზიდენტის, პანოს პანაის თქმით, ტექნოლოგია ცვლის არა მხოლოდ მუსიკის ონლაინსივრცეში არსებობას, არამედ მუსიკალური თვითგამოხატვის ბუნებასაც, რის გამოც, Roblox-თან კოლაბორაციით, აკადემიას ახალ მსმენელებზე გასვლა სურს.
აღსანიშნავია, რომ როცა საქმე მეტავერსს ეხება, მუსიკალური ინდუსტრია ამ ტექნოლოგიის ერთ-ერთი პირველი ამთვისებელია – გასულ კვირას, მაგალითად, 10 მილიონი ადამიანი დაესწრო რეპერ 24KGoldn-ის ვირტუალურ კონცერტს, რომელიც Roblox-ის მეტავერსში გაიმართა. 2020 წელს კი რეპერ ტრევის სკოტის Fortnite-ში გამართულ ვირტუალურ კონცერტს 12 მილიონი ადამიანი დაესწრო. ამასთანავე, გასულ შემოდგომას, მეტავერსულ პლატფორმა Decentraland-ზე ოთხდღიანი მუსიკალური ფესტივალი გაიმართა.
უპრიანი იქნება, თუკი ორ სიტყვას Roblox-ზეც ვიტყვით: ეს კომპანია 2004 წელს დაფუძნდა, მაგრამ კოლოსალურად მხოლოდ 2021 წელს გაიზარდა – გასულ თვეს კომპანიის CEO-მ, დევიდ ბაზუკიმ განაცხადა, რომ კომპანიას 55 მილიონი ყოველდღიურად აქტიური მომხმარებელი ჰყავს. ზოგადად კი ვირტუალური სამყაროები ჯერ კიდევ ნიშურ პროდუქტად ითვლება, რომელსაც, ძირითადად, ახალგაზრდა მომხმარებლები იყენებენ.
SpaceX-ი ლეგენდარული ხომალდის, Crew Dragon-ის წარმოებას წყვეტს
როგორც გასულ კვირას გაირკვა, ილონ მასკის კოსმოსური კომპანია SpaceX-ი ლეგენდარული ხომალდის, Crew Dragon-ის მეოთხე ერთეულზე მუშაობს, რის მერეც მის წარმოებას შეწყვეტს. აღსანიშნავია, რომ კომპანია ხომალდის სათადარიგო ნაწილების წარმოებას გააგრძელებს და, საჭიროების შემთხვევაში, დამატებით კაფსულებსაც შექმნის.
SpaceX-ის ხომალდების მრავალჯერადობის გათვალისწინებით, თავიდანვე ცნობილი იყო, რომ მათი წარმოება უსასრულოდ არ გაგრძელდებოდა, მაგრამ არავის წარმოედგინა, რომ პროგრამის მხარდაჭერა ახლა შეწყდებოდა. თუმცა საქმე ისაა, რომ SpaceX-ი ახალი თაობის კოსმოსურ ხომალდზე, Starship-ზე მუშაობს, რომელიც კომპანიის ქვაკუთხედად ითვლება მთვარეზე და მარსზე განსახორციელებელ მისიებში. მოსალოდნელია, რომ Starship-ის პირველი ორბიტული ტესტი ამა წლის მაისში განხორციელდება.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ Crew Dragon-ი ლეგენდარული ხომალდია: პირველი ეკიპაჟიანი ფრენა ამ კოსმოსურმა ხომალდმა 2020 წელს განახორციელა და მას მერე კოსმოსში ხუთი ეკიპაჟი წაიყვანა, მათ შორის ისეთიც, რომელშიც ყველა ასტრონავტი – რიგითი მოქალაქე იყო.
Intel-მა მსოფლიოს უსწრაფესი დესკტოპ-პროცესორი წარმოადგინა
გასულ კვირას ტექნოლოგიურმა გიგანტმა, Intel-მა Core i9-12900KS Special Edition CPU წარადგინა, რომელიც, კომპანიის თქმით, მსოფლიოს უსწრაფესი დესკტოპ-პროცესორია. Intel-ის ეს 16-ბირთვიანი პროცესორი 5.5 გიგაჰერც სიჩქარეს ავითარებს, რაც, კომპანიის თქმით, მათ უნიკალურ Thermal Velocity Boost-თან და Adaptive Boost-ტექნოლოგიასთან ერთად, ამ დრომდე არნახულ გეიმინგ-გამოცდილებას ქმნის.
Intel-ის ახალი პროცესორი ბაზარზე 5 აპრილს გამოჩნდება და მისი საწყისი ფასი $739 იქნება.
აღსანიშნავია, რომ ეს ზემძლავრი კომპიუტერული ნაწილი ერთადერთი არ არის, რომელიც ტექნოლოგიურმა კომპანიებმა ბოლო დროს წარმოადგინეს. AMD-მ, მაგალითად, ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ მსოფლიოს უსწრაფესი გეიმინგ-პროცესორი – Ryzen 7 5800X3D შექმნა, რომელიც Intel-ის Core i9-12900K-ზე, ანუ ზემოხსენებული პროცესორის საბაზისო ვერსიაზე უფრო სწრაფია.
AMD-ის ახალი პროცესორი უკვე იყიდება და მისი საწყისი ფასი $449-ია.
Dyson-მა ჰაერის ფილტრის მქონე ყურსასმენი გამოუშვა
წვრილი საყოფაცხოვრებო ტექნიკით სახელგანთქმულმა კომპანიამ, Dyson-მა ჰაერის ფილტრის მქონე ყურსასმენი, The Zone-ი წარადგინა. ფუტურისტული დიზაინის მქონე ეს ყურსასმენი ორი ნაწილისგან შედგება: გარეშე ხმის ჩახშობის ტექნოლოგიის მქონე ყურსასმენისა და მისამაგრებელი ზარადისგან, რომელიც რეალურად მცირე ზომის ვენტილატორსა და ჰაერის ფილტრს აერთიანებს – ამ კონსტრუქციის მიზანია, მომხმარებლები ჰაერის დაბინძურებისაგან დაიცვას.
რაც უნდა უცნაური იყოს, ამ მოწყობილობაზე მუშაობა კომპანიამ პანდემიამდე, ექვსი წლის წინ დაიწყო. ამასთანავე, The Zone-ი კომპანიის მიერ გამოშვებული პირველი აუდიომოწყობილობაა – ეს არის „ყურსასმენი, რომელიც სუფთა ჰაერსა და სუფთა მუსიკას წარმოქმნის“.
საინტერესოა, რომ ყურსასმენი ტექნოლოგიურადაც განვითარებულია: ჰაერის ფილტრაციის სისტემას ოთხი განსხვავებული სიჩქარე აქვს, რაც მიანიშნებს, რომ მისი გამოყენება სირბილის დროსაც შეიძლება და, ამასთანავე, ყურსასმენს მოჰყვება აპლიკაცია, რომელიც მომხმარებლის რეგიონში ჰაერის ხარისხს ზომავს.
Dyson Zone-ი ბაზარზე წელს გამოჩნდება, მაგრამ მოწყობილობის ფასი ჯერჯერობით უცნობია.
Blockchain.com-მა ახალი ინვესტიცია მოიზიდა – კომპანიის ღირებულება $14 მილიარდია
ფინანსურ-ტექნოლოგიურმა სტარტაპმა, Blockchain.com-მა დამატებითი ინვესტიცია მოიზიდა – გარიგების შედეგად, კომპანიის ღირებულება $14 მილიარდად განისაზღვრა, რაც, კაპიტალის ბაზრების ბოლოდროინდელი ტურბულენტურობის გათვალისწინებით, კრიპტოვალუტების სფეროში არსებული კომპანიისთვის დადებითი ნიშანია. როგორც ირკვევა, უკანასკნელ საინვესტიციო რაუნდსLightspeed Venture Partners-ი და Baillie Gifford & Co. გაუძღვნენ.
Blockchain.com-ი 2011 წელს დაარსდა როგორც პლატფორმა ბიტკოინის ბლოკჩეინ-ტექნოლოგიის შესახებ, მაგრამ მალევე საკუთარი კრიპტოსაფულე გამოუშვა და ფინტექ-კომპანიად გადაკეთდა. 2021 წლის მარტში კომპანიამ $300 მილიონის ინვესტიცია მოიზიდა – მაშინ კომპანია $5.2 მილიარდად შეფასდა, რაც 2.7-ჯერ ნაკლებია, ვიდრე Blockchain.com-ის დღევანდელი ღირებულება.
ცნობისთვის გეტყვით, რომ Blockchain.com-ზე ვერიფიცირებულ 37 მილიონ მომხმარებელს, საერთო ჯამში, 82 მილიონი კრიპტოსაფულე აქვს გახსნილი – კომპანიას $1 ტრილიონზე მეტი მოცულობის კრიპტოტრანზაქციები აქვს გატარებული.
დატოვე კომენტარი