ერთი წლის წინ ვწერდი,რომ 2019 წელს საქართველოს ეკონომიკის მთავარი გამოწვევები ისევ ლარის კურსის სტაბილურობა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა იქნებოდა. ორივე გამართლდა. ლარი დოლარის მიმართ 9%-ით გაუფასურდა, ხოლო იანვარ-სექტემბერში უცხოური ინვესტიციები 17%-ით შემცირდა.
არ გამართლდა ჩემი მოლოდინი, რომ ინფლაციის მხრივ უკეთესი წელი იქნებოდა, წლიურმა ინფლაციამ 7%-ს მიაღწია. ასევე არ აღმოჩნდა პოლიტიკურად მშვიდი წელი, მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო წელი არ იყო. 20 ივნისის შემდეგ ქვეყანაში ფაქტობრივად ყოველდღიურად საპროტესტო აქციები ტარდებოდა. შემოდგომაზე სიტუაცია შედარებით დამშვიდდა, მაგრამ ნოემბრის მეორე ნახევრიდან პროტესტის ახალი, მძლავრი ტალღა აგორდა, რაც “ქართული ოცნების” მხრიდან პროპორციული არჩევნების დაპირების ჩაგდებამ გამოიწვია.
მთავრობას 3 მილიარდამდე ლარი უნდა დაეხარჯა კაპიტალურ პროექტებზე, რაც 2019 წლის 19 დეკემბრის მდგომარეობით 87%-ით იყო შესრულებული.
2019 წელი მოსალოდნელზე უკეთესი აღმოჩნდა ეკონომიკური ზრდის მიხედვით. მთავრობამ 4.5%-იანი პროგნოზი წლის ბოლოს 4.8%-მდე აამაღლა. ეს ძირითადად გაზრდილმა ტურიზმმა, ექსპორტმა და საზღვარგარეთიდან ფულადმა გზავნილებმა განაპირობა.
გასული წლის იანვრიდან დეკემბრამდე აქტუალური იყო ანაკლიის პორტის მშენებლობის საკითხი, რომელსაც წინ უძღოდა “თიბისი ბანკში” საგამოძიებო უწყებების ერთობლივი შესვლა და ბანკის აქციების ფასის მნიშვნელოვნად ვარდნა. ბანკზე ზეწოლის მთავარი მიზეზი მისი დამფუძნებლები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე იყვნენ. ბანკიდან მათი წამოსვლის შემდეგ კი მთავარი სამიზნე ანაკლიის პორტი გახდა, რომლის მშენებლობაც საბოლოოდ არ დაიწყო და ქვეყანამ ასობით მილიონი დოლარის ინვესტიცია დაკარგა.
ეკონომიკური ზრდა
2018 წლის დეკემბრამდე მთავრობა პროგნოზირებდა, რომ წლიური ეკონომიკური ზრდა 4.5% იქნებოდა, თუმცა საბოლოოდ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.8%-მდე გაიზარდა და, მაღალი ალბათობით, ფაქტობრივი მაჩვენებელი (რომელიც მარტის ბოლოს გამოქვეყნდება) 5%-თან ახლოს იქნება, რადგან იანვარ-ოქტომბრის ზრდამ 5.1% შეადგინა.
საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპზე მნიშვნელოვანი დადებითი გავლენა ტურიზმის, ექსპორტისა და ფულადი გზავნილების ზრდამ იქონია, რაც, თავის მხრივ, ჩვენს რეგიონში გაუმჯობესებულმა ეკონომიკურმა სიტუაციამ განაპირობა. გაიზარდა შინამეურნეობების მოხმარებაც, დაახლოებით 7%-ით და მთავრობის მოხმარება დაახლოებით 8%-ით.
მნიშვნელოვანი მოვლენა იყო საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიერ ეროვნული ანაგარიშების დათვლის მეთოდოლოგიის ცვლილება, რომლის მიხედვით დაკორექტირდა 2011-2019 წლების მაჩვენებლები. ახალი მეთოდოლოგიით, უფრო მეტი საქმიანობა ჩაითვალა მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ნაწილად, ვიდრე მანამდე მოქმედი მეთოდოლოგიით ითვლებოდა. ამასთან, გაუმჯობესდა სტატისტიკის მიღების წყაროები. შედეგად, 2018 წლის მშპ ახალი მეთოდოლოგიით 44.6 მილიარდი ლარი გამოვიდა, როცა ძველი მეთოდოლოგიით 41 მილიარდი ლარი იყო.
ინფლაცია და ლარის კურსი
ინფლაციის დონემ იანვარ-ნოემბერში 7% შეადგინა. ყველაზე მეტად თამბაქო და ალკოჰოლური სასმელები გაძვირდა – 15.4%-ით. 13.4%-ით გაძვირდა სურსათი. 3.3%-ით გაიზარდა ჯანმრთელობის დაცვის ფასი, 3.1%-ით – საწვავი და სატრანსპორტო მომსახურება და ა.შ. გაიაფდა მხოლოდ ტანსაცმელი და ფეხსაცმელი – 4.4%-ით და კავშირგაბმულობა – 1.6%-ით.
მაღალი ინფლაციის გამომწვევ მთავარ ფაქტორად ლარის კურსის ვარდნა დასახელდა. ერთი მხრივ, კურსის ვარდნამ გააძვირა იმპორტირებული პროდუქცია და ამასთან შექმნა ნეგატიური მოლოდინი ფასების კიდევ უფრო ზრდის მიმართულებით.
2018 წლის დასაწყისში ლარის კურსი დოლარის მიმართ 2.68 იყო. შემდეგ გამყარება დაიწყო და თებერვალში საშუალოდ 2.64 გახდა. გაზაფხულზე ლარს გამყარების ტენდენცია ჰქონდა, მაგრამ ეროვნულმა ბანკმა 165 მლნ დოლარი შეიძინა სავალუტო აუქციონზე, რისი მიზანიც ლარის კურსის სტაბილურობა და სავალუტო რეზერვების შევსება იყო. ლარის კურსს ცალსახად გაუფასურების ტრენდი 20 ივნისის ცნობილი მოვლენების შემდეგ ჰქონდა, როდესაც ხელისუფლების ქმედებებმა ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ექსპორტი, ფულადი გზავნილები და ტურიზმი იზრდებოდა, გაჩნდა რუსეთიდან ეკონომიკური სანქციების მოლოდინი. რეალურად სანქციები მხოლოდ პირდაპირი საჰაერო ფრენების გაუქმებაში გამოიხატა, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება ბევრს საუბრობდა, რომ რუსეთიდან მილიარდობით დოლარს დავკარგავდით. ეს, ერთი მხრივ, ასუსტებდა ანტისაოკუპაციო პროტესტის ტალღას და, ამავე დროს, ლარის მომავალი კურსის მიმართ ნეგატიურ მოლოდინს აძლიერებდა.
ლარის გაუფასურების ერთ-ერთი მიზეზი გახდა შემცირებული უცხოური ინვესტიციებიც. 3 კვარტალში ინვესტიციები 185 მლნ დოლარით შემცირდა.
ლარის კურსმა რეკორდულად მაღალ ნიშნულს 27 სექტემბერს მიაღწია, როდესაც, ოფიციალური კურსით, 1 დოლარი 2.9808 ლარი ღირდა.
რადგან ლარის გაუფასურება ინფლაციაში გადაიზარდა, ეროვნულმა ბანკმა კურსის გაუფასურების შესაჩერებლად და ფასების ზრდის შესაკავებლად საკმაოდ რადიკალური ნაბიჯები გადადგა – სექტემბერ-დეკემბერში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 6.5%-დან 9%-მდე აამაღლა. სავალუტო აუქციონზე 93 მლნ დოლარი გაყიდა და ბანკებს უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე დარეზერვების ნორმა 30%-დან 25%-მდე შეუმცირა. რადიკალური ნაბიჯების მიუხედავად, ლარის კურსი ძირითადად 2.90-ს ზემოთ შენარჩუნდა.
ივნისის ბოლოს ეროვნული ბანკის უცხოური ვალუტის რეზერვები რეკორდულ მაჩვენებელს – 3 537 მლნ დოლარს აღწევდა, 2018 წლის შემდეგ 447 მლნ დოლარით იყო გაზრდილი. ივნისის შემდეგ რეზერვებმა კლება დაიწყო და ნოემბრის ბოლოს 3 129 მლნ დოლარი შეადგინა, ანუ ივნისის შემდეგ 407 მლნ დოლარით შემცირდა
საგარეო ვაჭრობა
გასული წელი საქართველოს ექსპორტის ზრდის მხრივ კარგი წელი იყო. იანვარ- ნოემბერში საქონლის ექსპორტი 11.7%-ით (354 მლნ დოლარით) გაიზარდა.
ექსპორტის ზრდა ძირითადად შემდეგმა პროდუქტებმა განაპირობა: მსუბუქი ავტომობილები (+239 მლნ დოლარი), სპილენძის მადნები (+141 მლნ დოლარი), ღვინო (+24 მლნ დოლარი), მინერალური წყლები (+24 მლნ დოლარი). ყველაზე მეტად შემცირდა ფეროშენადნობების ექსპორტი (-58 მლნ დოლარი).
ქვეყნების მიხედვით ექსპორტი ყველაზე მეტად გაიზარდა რუმინეთში (+119 მლნ დოლარი), სომხეთში (+100 მლნ დოლარი), უკრაინაში (+67 მლნ დოლარი), რუსეთში (+60 მლნ დოლარი) და უზბეკეთში (+13 მლნ დოლარი).
იანვარ-ნოემბერში იმპორტი 2.3%-ით (192 მლნ დოლარით) შემცირდა, რაც ძირითადად ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტის 108 მლნ დოლარით კლებამ განაპირობა. 74 მლნ დოლარით შემცირდა სიგარეტის იმპორტი.
ქვეყნების მიხედვით იმპორტი ყველაზე მეტად უკრაინიდან (-99 მლნ დოლარი), სომხეთიდან (–63 მლნ დოლარი) და აზერბაიჯანიდან (-26 მლნ დოლარი) შემცირდა.
ჯამში, ექსპორტის ზრდისა და იმპორტის შემცირების გამო, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სავაჭრო დეფიციტი 547 მლნ დოლარით შემცირდა და 4.7 მილიარდი დოლარი შეადგინა.
ტურიზმი
2019 ძალიან ნორმალური წელი იყო ტურიზმის მხრივ, მიუხედავად იმისა, რომ ივლისიდან რუსეთიდან პირდაპირი ფრენები შეწყდა. იანვარ-ნოემბერში საქართველოში 6.3%-ით მეტი ტურისტი შემოვიდა, ვიდრე 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში. ვიზიტორების (ტურისტებთან ერთად მოიცავს ტრანზიტს და ერთი დღით ჩამოსულ სტუმრებს) რიცხვმა 9 მილიონს გადააჭარბა, საიდანაც 5 მილიონზე მეტი ტურისტი იყო.
ტურიზმის ზრდა მეზობელ ქვეყნებში ეკონომიკური სიტუაციის გაუმჯობესებამ და ტურისტული ბაზრის დივერსიფიკაციამ განაპირობა. ვიზიტორების რაოდენობა ყველაზე მეტად ევროკავშირის ქვეყნებიდან (+94 ათასი), აზერბაიჯანიდან (+92 ათასი) და სომხეთიდან (+69 ათასი) გაიზარდა.
2018 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან საქართველომ 3.2 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო. 2019 წლის მონაცემი მარტის ბოლოს გამოქვეყნდება, თუმცა შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ დაახლოებით 3.5 მილიარდი დოლარი იქნება.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები
დღეისათვის 2019 წელს საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების პირველი სამი კვარტალის (იანვარ-სექტემბრის) სტატისტიკაა ცნობილი, რომლის მიხედვით საქართველოში 909 მილიონი დოლარის ინვესტიცია შემოვიდა, რაც 2018 წლის ანალოგიური პერიოდის ინვესტიციებზე 17%-ით ნაკლებია. ჯამში, 9 თვეში 185 მლნ დოლარით ნაკლები ინვესტიცია შემოვიდა.
ინვესტიციები ყველაზე მეტად აზერბაიჯანიდან (153 მლნ დოლარით) და ნიდერლანდებიდან (130 მლნ დოლარით) შემცირდა, რაც ძირითადად გაზსადენის, შაჰდენიზ 2-ის მშენებლობის დასრულებამ განაპირობა. ბოლო წლებში, შაჰდენიზ 2-ის ფარგლებში, საქართველოში წლიურად ნახევარ მილიარდზე მეტი ინვესტიცია შემოდიოდა.
ინვესტიციები ყველაზე მეტად ირლანდიიდან (130 მლნ დოლარით) და თურქეთიდან (104 მლნ დოლარით) გაიზარდა. ირლანდიიდან ინვესტიციების ზრდა “აჭარაბეთის” 51% წილის შესყიდვას უკავშირდება.
ყველაზე მეტი ინვესტიცია (170 მლნ დოლარი) თურქეთიდან შემოვიდა. შემდეგ მოდის ირლანდია 132 მლნ დოლარით. მესამე ადგილზე კი გაერთიანებული სამეფოა (ბრიტანეთი) 122 მლნ დოლარით.
სექტორების მიხედვით ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ენერგეტიკაში შემოვიდა – 152 მლნ დოლარი. შემდეგ მოდის სასტუმროები და რესტორნები 141 მლნ დოლარით, მესამეზე კი საფინანსო სექტორია 118 მლნ დოლარით. ყველაზე მცირე ინვესტიცია ჯანდაცვასა და სოფლის მეურნეობის სექტორში განხორციელდა – 11 და 12 მლნ დოლარი. 72 მლნ დოლარით შემცირდა ინვესტიციები უძრავი ქონების სექტორში, რაც ნიშნავს, რომ წინა წლებში შემოსული ინვესტიციები ადგილობრივი კაპიტალით ჩანაცვლდა. ინვესტიციები ასევე შემცირდა ტრანსპორტისა და მშენებლობის სექტორებში.
სახელმწიფო ბიუჯეტი და ვალი
2019 წლის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტში დაგეგმილზე მეტი შემოსავლები შემოდიოდა, ამიტომ დეკემბერში პარლამენტმა ბიუჯეტის კანონი შეცვალა. ცვლილების შედეგად შემოსავლები 93 მლნ-ით, ხოლო ხარჯები 223 მლნ ლარით გაიზარდა. ძირითადად გაიზარდა შემოსავლები მოგების გადასახადიდან – 74 მლნ ლარით, დღგ-დან 35 მლნ ლარით და პრივატიზაციიდან 10 მლნ ლარით. 175 მლნ ლარით შემცირდა აქციზის გადასახადიდან მისაღები შემოსავლის გეგმა.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსება 131 მლნ ლარით გაიზარდა, რადგან 6500-მა საპენსიო ასაკის მქონე პედაგოგმა დატოვა სკოლა და კომპენსაციად ორი წლის ხელფასი მიიღო. 25 მლნ ლარით გაიზარდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტი. 20 მლნ ლარით გაიზარდა დაგროვებითი საპენსიო სისტემის თანადაფინანსება.
2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტმა ჯამში 13.3 მილიარდი ლარი შეადგინა.
ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი (ვალდებულებების წმინდა ზრდა) თავდაპირველად მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 2.7%-ზე იყო დაგეგმილი, თუმცა ბიუჯეტში შესული ცვლილების შედეგად 2.8%-მდე ამაღლდა, რადგან ხარჯები შემოსავლებზე მეტად გაიზარდა.
ნოემბრის ბოლოს საქართველოს სახელმწიფო ვალმა 20.7 მილიარდ ლარს მიაღწია. სახელმწიფო ვალის ზრდა ახალი ვალების აღებამ და ლარის გაუფასურებამ გამოიწვია. 11 თვეში საშინაო სახელმწიფო ვალი 766 მლნ ლარით, ხოლო საგარეო სახელმწიფო ვალი 41 მლნ დოლარით შემცირდა. საგარეო ვალს თუ ლარში გადავიყვანთ, ლარის გაუფასურების გამო 1.5 მილიარდი ლარით არის გაზრდილი. სახელმწიფო ვალი მშპ-ის მიმართ 43%-ია. 2018 წლის ბოლოს ვალი მშპ-ის მიმართ 41.5% იყო.
2020 წლის გამოწვევები
2020 წლის მთავარი ეკონომიკური გამოწვევა ინფლაციის ტემპის შემცირებაა, რისთვისაც ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 9%-მდე გაზარდა. ასეთი მაღალი განაკვეთი ბოლოს 2008 წლის ნოემბერში იყო.
ძალიან რთული იქნება, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2014-2017 წლების საშუალო მაჩვენებელს, 1.8 მილიარდ დოლარს, დაუბრუნდეს. უფრო რეალურია 1.3 მილიარდის ფარგლებში იყოს. მით უმეტეს იმ ფონზე, რომ ანაკლიის პორტის ბედი ისევ გაურკვეველია.
ეკონომიკური ზრდა 4.5%-ის დონეზეა პროგნოზირებული, რაც 2019 წლის მაჩვენებელზე ნაკლებია, თუმცა იოლი მისაღწევი არ იქნება.
ლარის ნომინალური და რეალური ეფექტური კურსის ინდექსები მნიშვნელოვნად არის შემცირებული (რაც ნიშნავს, რომ ლარი ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტებთან გაუფასურებულია) და მონეტარული პოლიტიკა საკმაოდ გამკაცრებულია, რის გამოც, სხვა თანაბარ პირობებში, ლარის კურსის მნიშვნელოვანი გაუფასურება მოსალოდნელი არ არის. 2019 წელმა მოგვცა იმის გარანტია, რომ 2020 წელი პოლიტიკურად ძალიან დაძაბული იქნება. ჯერ კიდევ გაურკვეველია, რა სისტემით ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები და გაგრძელდება თუ არა ქუჩის აქციები. ეს ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა. პოლიტიკური დაძაბულობის პირობებში, პირველ რიგში, რთული იქნება 9 მილიონ ვიზიტორზე მეტის მოზიდვა, ანუ 2019 წლის შედეგის გაუმჯობესება.
2019 წელს სიტუაცია გაუარესდა სასამართლოს და ზოგადად დემოკრატიის კუთხით. უცხოურ გავლენიან პრესაში აქტიურად იწერება საქართველოში დემოკრატიის დონის გაურესებაზე, რასაც ინვესტორებიც ეცნობიან.
ერთი თვის წინ გამოქვეყნდა სასკოლო განათლების საერთაშორისო კვლევის, ე.წ. PISA-ს შედეგები, რომლის მიხედვით 2015 წლის შემდეგ საქართველოში სასკოლო განათლების ხარისხი გაუარესდა.
ამ დროს, უკეთესი განათლება, კანონის უზენაესობის განმტკიცება და დემოკრატიის დონის ამაღლება დღეს არის ის, რაც ყველაზე მეტად სჭირდება საქართველოს სტაბილური, სწრაფი ეკონომიკური განვითარებისთვის.
დატოვე კომენტარი