გასული წელი და 2022 წლის გამოწვევები

გასული წელი და 2022 წლის გამოწვევები

ერთი წლის წინ, როდესაც 2021 წლის გამოწვევებზე ვწერდი, მთავარი გამოწვევა პანდე­მიის გამო დაწესებული ეკონომიკური შეზღუდვები იყო. 2020 წლის ნოემბრიდან 2021 წლის თებერვლის ბოლომდე საკმაოდ მკაცრი შეზღუდვები მოქმედებდა, რომლებიც თანდათან შემსუბუქდა და საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპი ამაღლდა. ჩემი ვარაუდი ლარის კურსის გამყარებასთან დაკავშირებით გამარ­­თლდა, მაგრამ არ გამართლდა მონეტარული პოლიტი­კის განაკვეთის შემცირებასთან დაკავშირებით. წლის განმავლობაში დაფიქსირებული მაღალი ინფლაციის გამო, ეროვნულ ბანკს მონეტარული განაკვეთის ზრდა მოუწია.

ლარის გამყარებამ და მაღალმა ეკონომიკურმა ზრდამ სახელმწიფო ვალის ტვირთი შეამსუბუქა, რაც გასული წლის ბოლოს კრიტიკულ ზღვარს, მთლიანი ში­და პროდუქტის (მშპ) 60%-ს გადასცდა.

ეკონომიკური ზრდა

2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 6.8%-ით შემ­­ცირდა. 2020 წლის ბოლოს საქართველოს მთავრობა პროგნოზირებდა, რომ 2021 წელს ეკონომიკა 4.3%-ით გაიზრდებოდა. პანდემიის გამო დაწესებული ეკო­ნომიკური შეზღუდვებიდან გამომდინარე, იანვარ­­ში ეკონომიკა 11.5%- ით შემცირდა, თებერვალში კი 5.1%-ით. მარტიდან ეკონომიკამ ზრდა დაიწყო, რაც სამი მიზეზით იყო განპირობებული:

  1. შეზღუდვები შემ­­სუბუქდა;
  2. 2020 წლის გაზაფხულიდან დაფიქსირე­ბულმა ეკონომიკურმა კლებამ, ე.წ. საბაზისო ეფექტის როლი ითამაშა და წელს ზრდის მიღწევა გაამარტივა;
  3. მსოფლიო ეკონომიკამ ზრდა დაიწყო.

მიმდინა­რე წლის მარტში საქართველოს ეკონომიკა 4%-ით გაიზარდა. ჯამში, პირველ კვარტალში ეკონომიკა 4.1%-ით შემცირდა.

მე-2 კვარტალში ეკონომიკა 29%-ით გაიზარდა, რა­შიც ყველაზე დიდი წვლილი საბაზისო ეფექტმა შეიტა­ნა – 2020 წლის მეორე კვარტალში დაფიქსირებულმა ეკონომიკის 14.5%-იანმა კლებამ.

საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, მე-3 კვარ­­ტალში ეკონომიკა 9%-ით გაიზარდა. 10 თვის (იანვარ-ოქტომბრის) მონაცემებით კი ეკონომიკური ზრდა 10.5%-ია, რაც მიანიშნებს, რომ 2021 წლის წლიური ეკონომიკური ზრდა 10-11%-ს შორისაა.

ცნობილია, რომ 2021 წლის იანვარ-სექტემბერში ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა შემდეგ დარგებ­­ში დაფიქსირდა: ხელოვნება, გართობა და დასვენება – 47%, საფინანსო საქმიანობა – 29%, ინფორმაცია და კომუნიკაცია – 28% და ჯანდაცვა – 27%. 14%-იანი კლე­ბა დაფიქსირდა მშენებლობის სექტორში. სოფლის მეურნეობა 2.4%-ით შემცირდა.

ინფლაცია და ლარის კურსი

წლიურმა ინფლაციის დონემ იანვარ-ნოემბერში 12.5% შეადგინა. კიდევ უფრო მაღალი იყო ოქტომბრის ბოლოს – 12.8%, რაც ბოლო 10 წლის რეკორდული მაჩ­­ვენებელია. ყველაზე მეტად სატრანსპორტო ჯგუფ­­ში შემავალი საქონელი და მომსახურება გაძვირ­­და – 20.2%-ით. მათ შორის, ცალკე აღებული ბენზინი 45%-ით გაძვირდა. სურსათი და უალკოჰოლო სასმე­ლები 17%-ით გაძვირდა. ყველაზე მეტად კომბოსტო (97%-ით) და ბადრიჯანი (75%-ით) გაძვირდა. საოჯახო ნივთები 11.6%-ით გაძვირდა, კომუნალურმა გადასა­ხადებმა 11.5%-ით მოიმატა, ჯანმრთელობის დაცვის ფასი კი 8.5%-ით გაიზარდა.

წლიური ინფლაცია საქართველოში

ინფლაციის გამომწვევ მთავარ ფაქტორად საქონ­­ლისა და მომსახურების მიწოდების გაძვირება დასა­ხელდა, რაც ძირითადად ნავთობზე მსოფლიო ფასის ზრდამ და კომუნალური გადასახადების მატებამ განაპირობა. ასევე მოიმატა სასურსათო საქონლის მსოფლიო ფასებმა, მათ შორის, ხორბალი 45%-ით გაძვირდა. თუმცა, ე.წ. გარე ფაქტორებთან ერთად ინფლაციის ზრდაში თავისი წვლილი საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტმა და ეკონომიკის დაკრედიტების ზრდამაც შეიტანა. მაღალი ინფლაცი­ის მოსათოკად, 2021 წელს საქართველოს ეროვნულ ბანკს (სებ) მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 8%- დან 10.5%-მდე გაზრდა მოუწია.

2020 წლის დასაწყისში ლარის კურსი დოლარის მიმართ 3.28 იყო. აპრილამდე ლარის კურსი უფასურ­­დებოდა და აპრილში ოფიციალური კურსით ერთი დოლარი 3.45 ლარი ღირდა. ლარის გაუფასურების შესაჩერებლად სებ-მა იანვარ-აპრილში სავალუტო აუქციონზე 249 მლნ აშშ დოლარი გაყიდა. სავალუტო ინტერვენციის, ეკონომიკური შეზღუდვების მოხსნის, ექსპორტის, ფუ­ლადი გზავნილებისა და ტურიზმის ზრდის შედეგად მაისიდან ლარმა გამყარება დაიწყო და წლის მეორე ნახევარში 3.13-ის მიდამოში დასტაბილურდა. თუმცა აგვისტო-­სექტემბერში სებ-მა დამატებით 90 მლნ აშშ დოლარი გაყიდა.

2021 წლის დეკემბერში, 2020 წლის დე­კემბერთან შედარებით, ლარის საშუალო გაცვლილი კურსი 4%-ით იყო გამყარებული.

საგარეო ვაჭრობა და ტურიზმი

2021 წლის იანვარ-ნოემბერში საქართვე­ლოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 25%- ით გაიზარდა. ექსპორტი 27%-ით გაიზარ­­და და 3.8 მილიარდი დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 24.5%-ით გაიზარდა და 9 მილიარდი დოლარი შეადგინა.

ექსპორტის ზრდა ძირითადად შემდეგმა პროდუქტებმა განაპირობა: ფეროშენადნო­ბები (ზრდა 183 მლნ დოლარი), მსუბუქი ავ­­ტომობილები (ზრდა 53 მლნ დოლარი), ღვი­ნო (ზრდა 30 მლნ დოლარი), მინერალური და მტკნარი წყლები (ზრდა 26 მლნ დოლარი) და თხილი (ზრდა 25 მლნ დოლარი).

ქვეყნების მიხედვით ექსპორტი ყველაზე მეტად გაიზარდა რუსეთში (ზრდა 152 მლნ დოლარი), ჩინეთში (ზრდა 122 მლნ დოლა­რი), თურქეთში (ზრდა 121 მლნ დოლარი) და აშშ- ში (75 მლნ დოლარი). ბულგარეთში ექ­­სპორტი კი 40 მლნ დოლარით შემცირდა.

იმპორტის ზრდა ძირითადად ნავთობი­სა და საავტომობილო საწვავის (ზრდა 287 მლნ დოლარი), სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების (ზრდა 127 მლნ დოლარი), კომპიუტერების (ზრდა 79 მლნ დოლარი) და ვაქცინების (ზრდა 76 მლნ დოლარი) შე­მოტანის ზრდამ განაპირობა.

ქვეყნების მიხედვით იმპორტი ყველაზე მეტად თურქეთიდან (ზრდა 347 მლნ დოლა­რი), ჩინეთიდან (ზრდა 143 მლნ დოლარი) და რუსეთიდან (ზრდა 136 მლნ დოლარი) გაიზარდა.

საბოლოოდ, ღირებულების მიხედვით ექსპორტზე მეტად იმპორტის ზრდის გამო, იანვარ- ნოემბერში სავაჭრო დეფიციტი 963 მლნ დოლარით გაიზარდა და 5.2 მილი­არდი დოლარი შეადგინა.

საქართველოში შემოსული ვიზიტო­რების რაოდენობამ ზრდა აპრილიდან დაიწყო, მაგრამ იანვარ-მარტში დაფიქ­­სირებული კლების გამო 2021 წლის იან­­ვარ-ნოემბერში, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოში შემოსული ვიზიტორების ჯამური რაო­დენობა 2%-ით შემცირდა, თუმცა ცალ­კე აღებული ტურისტების რაოდენობა (ვიზიტორები, რომლებიც 24 საათზე მეტ­­ხანს გაჩერდნენ საქართველოში) 37%-ით გაიზარდა. 11 თვეში საქართველოში 1.7 მი­ლიონი ვიზიტორი ჩამოვიდა, რომელთაგან ტურისტი 1.4 მლნ იყო. 2019 წელთან შედა­რებით, 2021 წელს 70%-ით ნაკლები რაო­დენობის ტურისტი შემოვიდა.

იანვარ-ნოემბერში ყველაზე მეტი ვიზი­ტორი – 294 ათასი – თურქეთიდან შემოვი­და. შემდეგ რუსეთი მოდის 195 ათასი ვი­ზიტორით. მესამე ადგილზე სომხეთია 146 ათასით, მეოთხეზე უკრაინა – 138 ათასით და მეხუთეზე ისრაელია 91 ათასით.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები

დღეისათვის 2021 წელს საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტი­ციების პირველი სამი კვარტალის (იანვარსექტემბრის) სტატისტიკაა ცნობილი, რომლის მიხედვით, საქართველოში 728 მილიონი დოლარის ინვესტიცია შემოვი­და, რაც 2020 წლის ანალოგიური პერიო­დის ინვესტიციებზე 3%-ით მეტია. ჯამში, 9 თვეში 22 მლნ დოლარით მეტი ინვესტიცია შემოვიდა.

2021 წლის 9 თვეში მეტი ინვესტიცია შემოვიდა, ვიდრე 2020 წლის 12 თვეში. ეს განპირობებულია იმით, რომ 2020 წლის მე-4 კვარტალში ინვესტიციები ზრდის ნაცვლად 134 მლნ დოლარით შემცირდა და წლიური მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შეამცირა.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში, მლნ დოლარი

ინვესტიციები ყველაზე მეტად ჩეხეთი­დან (78 მლნ დოლარით), ჩინეთიდან (41 მლნ დოლარით) და თურქეთიდან (39 მლნ დოლარი) გაიზარდა. ყველაზე მეტი ინვეს­­ტიცია გაერთიანებული სამეფოდან (271 მლნ დოლარი), ნიდერლანდებიდან (106 მლნ დოლარი) და ჩეხეთიდან (78 მლნ დო­ლარი) შემოვიდა.

სექტორების მიხედვით, 2021 წლის 9 თვეში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხო­ური ინვესტიცია საფინანსო სექტორში შემოვიდა – 325 მლნ დოლარი. შემდეგ მოდის ენერგეტიკა 176 მლნ დოლარით და დამმუშავებელი მრეწველობა 131 მლნ დოლარით. ყველაზე მცირე ინვესტიცია სასტუმროებისა და რესტორნების სექ­­ტორში განხორციელდა – 4.5 მლნ დოლა­რი. ინვესტიციების ყველაზე დიდი კლება კავშირგაბმულობაში (-99 მლნ დოლარი) და სამთომოპოვებით მრეწველობაშია (-92 მლნ დოლარი).

სახელმწიფო ბიუჯეტი და ვალი

რადგან 2021 წელს ეკონომიკა გაცილებით მეტად გაიზარდა, ვიდრე თავდაპირველი პროგნოზი იყო და ამასთან ერთად, პანდე­მია 2021 წელსაც მნიშვნელოვნად ზრდიდა სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯებს, მთავრო­ბამ წლის განმავლობაში ორჯერ შეცვალა სახელმწიფო ბიუჯეტი.

ცვლილების შედეგად ბიუჯეტის შემო­სულობები 1.3 მილიარდი ლარით გაიზარდა და 18.1 მილიარდი ლარი შეადგინა. შემო­სულობების ზრდა ძირითადად საგადასა­ხადო შემოსავლების ზრდამ განაპირობა, რომლებიც 1 მილიარდი ლარით გაიზარდა. ეკონომიკური ზრდის ტემპისა და ინფლა­ციის დონის მატება ბიუჯეტის საგადასახა­დო შემოსავლებს ზრდის.

ბიუჯეტის გადასახდელები (ფართო გაგებით – ხარჯები) 1.4 მილიარდი ლარით გაიზარდა. ხარჯების ზრდა ძირითადად ჯანდაცვის ხარჯების 815 მლნ დოლარით ზრდამ განაპირობა. მნიშვნელოვნად გა­იზარდა რეგიონში განსახორციელებელი პროგრამების დაფინანსებაც. 2021 წელს ჯანდაცვის მიმართულებით რეკორდულად ბევრი – 2.5 მილიარდ ლარამდე დაიხარჯა. აქედან მილიარდ ლარზე მეტი მხოლოდ კოვიდპაციენტების მკურნალობაზე დაი­ხარჯა.

2021 წელს ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ის 6.8%-მდე იყო, რაც 2022 წელს მშპ-ის 4.3%- მდე იქნება.

2021 წლის 11 თვეში (იანვარ-ნოემბერში) სახელმწიფო ვალი 900 მლნ ლარით შემ­ცირდა და 30 ნოემბრის მდგომარეობით 30 მილიარდი ლარი შეადგინა. სახელმწი­ფო ვალის შემცირება ლარის გამაყარებამ და საშინაო ვალის კლებამ განაპირობა. იანვარ-ნოემბერში საგარეო ვალი 320 მლნ დოლარით გაიზარდა, მაგრამ ლარის გამ­­ყარების გამო, ლარში გამოსახული საგა­რეო ვალი 444 მლნ ლარით შემცირდა. 2021 წელს მთავრობას ახალი საშინაო ვალი არ აუღია, 489 მლნ ლარის წინა წლებში აღებუ­ლი ვალი დაფარა.

ბიუჯეტის მაღალი დეფიციტის პირო­ბებში სახელმწიფო ვალის შემცირებას იმანაც შეუწყო ხელი, რომ მთავრობამ დე­ფიციტის დასაფარავად ნაშთზე არსებული 1.7 მილიარდი ლარი გამოიყენა. ეს 1.7 მი­ლიარდი ლარი 2020 წელს პანდემიის გამო საერთაშორისო დახმარებებით მიღებული თანხაა.

ნოემბრის ბოლოს სახელმწიფო ვალი მშპ-ის მიმართ 51.3%-იყო. 2020 წლის ბო­ლოს სახელმწიფო ვალი მშპ-ის მიმართ 62.7% იყო. მშპ-ის მიმართ ვალის ფარდო­ბის შემცირებას ხელი შეუწყო როგორც ლარში გამოსახული ვალის შემცირე­ბამ, ასევე ნომინალური მშპ-ის 18.8%-ით ზრდამ. 18.8%-დან 10% ეკონომიკური ზრდაა, ხოლო 8.8% – ინფლაციის გავლენა.

2022 წლის გამოწვევები

2022 წლის მთავარი ეკონომიკური გამოწ­ვევა ინფლაციის დონის შემცირებაა – ფა­სების ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად უნდა შემცირდეს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ 2021 წლის მაღალ ინფლაციას 2022 წელს საბაზისო ეფექტი ექნება (გაძვირება ართულებს კიდევ მეტად გაძვირებას), წელს ინფლაციის დონე მნიშვნელოვნად უნდა შემცირდეს. თუმცა, არ უნდა დაგვა­ვიწყდეს, რომ პანდემია გრძელდება და პროგნოზირება გართულებულია. არ არის გამორიცხული, ის ძირითადი მოხმარების პროდუქტები, რაც საქართველოს შემო­აქვს (მაგალითად, ნავთობი, მედიკამენ­ტები, ხორბალი, ზეთი და ა.შ.) მსოფლიო ბაზარზე და მათ შორის საქართველოშიც გაძვირდეს.

თუ მსოფლიოში გასულ წელთან შე­დარებით სტაბილური ფასები იქნება, ინფლაციის დონე კლებას დაიწყებს და ეროვნულ ბანკს მიეცემა საშუალება, საკმაოდ გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა თანდათან შეარბილოს, მნიშ­­ვნელოვნად დასწიოს მონეტარული პო­ლიტიკის განაკვეთი.

2022 წლისთვის საქართველოს მთავ­­რობა ეკონომიკის 6%-ით ზრდას პროგნოზირებს, რაც პანდემიის ფონზე მაღალი ზრდის პროგნოზია. თუ მოსახლეობის გაცილებით დიდი ნაწილი არ აიცრება და გარკვეული ეკონომიკური შეზღუდვების კვლავ დაწესება გახდება საჭირო, 6%-იანი ზრდა არ გვექნება.

გამოწვევაა 2022 წლის სახელმწიფო ბი­უჯეტის შესრულებაც, რადგან კოვიდის გა­მო ჯანდაცვის მიმართულებით მეტი თანხა იქნება საჭირო, ვიდრე ახლა გამოყოფილი 500 მლნ ლარია. ამასთან, თუ 6%-იან ეკო­ნომიკურ ზრდას ვერ მივაღწიეთ, ბიუჯეტს შემოსავლები დააკლდება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *