გერმანული ავტომწარმოებელი, Mercedes-Benz-ი სამუხრუჭე სისტემასთან დაკავშირებული პოტენციური პრობლემების გამო მთელი მსოფლიოს მასშტაბით 1 მილიონამდე მოძველებულ ავტომობილს უკან გაიწვევს. რამდენიმე დღის წინ კომპანიის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, Mercedes-ი ავტომობილების მფლობელებს უახლოეს მომავალში დაუკავშირდება. კომპანიის განმარტებით, მათი ავტომობილების სამუხრუჭე სისტემა კოროზიის გამო შესაძლოა გაუმართავი აღმოჩნდეს.
საერთო ჯამში Mercedes-ს 993,407 ერთეული ავტომობილის უკან გაწვევა მოუწევს. შეგახსენებთ, რომ დაახლოებით იმავე რაოდენობის ავტომობილები გერმანულმა ავტომწარმოებელმა გადაუდებელი შემთხვევების სისტემის გაუმართაობის გამო შარშან გამოიხმო.
კომპანიის განცხადებით, გამოხმობილ ავტომობილებს შორის 2004-დან 2015 წლამდე წარმოებული ML და GL სერიის მოდელები იქნებიან. გარდა ამისა, იგივე პრობლემა დაუფიქსირდა R კლასის მდიდრულ მინივენებსაც.
„აღმოვაჩინეთ, რომ ზოგიერთ ავტომობილში, სამუხრუჭე სისტემა განვითარებული კოროზიის გამო, შესაძლოა გაუმართავად მუშაობდეს“ – ნათქვამია Mercedes-ის განცხადებაში. შესაბამისად, ხელის მუხრუჭის გამოყენებისას ან მკვეთრად დამუხრუჭებისას სისტემის მწყობრიდან გამოსვლა მოსალოდნელია.
გერმანული ავტომწარმოებელი უკან გამოხმობილ ავტომობილებს სპეციალურ შემოწმებას ჩაუტარებს, გაუმართაობის შემთხვევაში კი ნაწილს ახალი დეტალით შეცვლის.
დატოვე კომენტარი