გავრცელებული ინფორმაციით, „მანჩესტერ იუნაიტედს“ კატარელი შეიხი ყიდულობს

გავრცელებული ინფორმაციით, „მანჩესტერ იუნაიტედს“ კატარელი შეიხი ყიდულობს

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ინგლისის პრემიერ-ლიგის კლუბ „მანჩესტერ იუნაიტედს“ კატარელი შეიხი, ჯასიმ ბინ ჰამად ალ-ტანი ყიდულობს. ამ ამბის გავრცელების შემდეგ, საფეხბურთო კლუბის აქციების ფასი 12%-ზე მეტით გაიზარდა და $22.50-ს მიაღწია.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ საინფორმაციო გამოცემა Al-Watan-მა, რომელიც შეიხ ჯასიმის მამის საკუთრებაშია, ორშაბათს ტვიტერზე დაწერა, რომ ალ-ტანიმ „მანჩესტერ იუნაიტედისთვის“ წარმატებული შეთავაზება გააკეთა, რომლის შესახებაც საჯაროდ მალე გახდებოდა ცნობილი. როგორც ამერიკული Forbes-ი იუწყება, ის კლუბისგან ამ ინფორმაციის დადასტურებას შეეცადა, თუმცა პასუხი არ მიუღია.

„მანჩესტერ იუნაიტედის“ გაყიდვის შესახებ მისმა მფლობელმა გლეიზერების ოჯახმა გასული წლის ნოემბერში განაცხადა. აღსანიშნავია, რომ გლეიზერები ინგლისურ კლუბს 2005 წლიდან ფლობენ. „იუნაიტედს“ დაახლოებით 675 მილიონი აშშ დოლარის დავალიანება აქვს, რაც ოჯახის მიმართ უკმაყოფილების მიზეზად იქცა. უკვე დიდი ხანია, კლუბის გულშემატკივრები მათ „მანჩესტერ იუნაიტედისგან“ ჩამოშორებას მოითხოვენ.

კლუბის შესაძენად პირველადი შეთავაზებები Ineos-ის მილიარდერმა აღმასრულებელმა დირექტორმა, ბრიტანელმა ჯიმ რეტკლიფმა და შეიხმა ჯასიმმა გააკეთეს. როგორც ირკვევა, ჯასიმის შეთავაზებით „მანჩესტერ იუნაიტედის“ დავალიანებაც გაიქვითება. აქვე, Athletic-ი იტყობინება, რომ კატარელის მიერ გაკეთებული უახლესი შეთავაზება 6 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს.

44 წლის შეიხი ჯასიმი კატარის ყოფილი ემირის, ჰამად ბინ ხალიფა ალ-ტანის ვაჟია. მამის შემდეგ ემირი სწორედ ის უნდა გამხდარიყო, თუმცა 2013 წელს როლისადმი უინტერესობის მოტივით ამ წოდებაზე უარი თქვა და ის უმცროს ძმას, ტამიმს დაუთმო.