სამშაბათს არაბთა გაერთიანებული საამიროების ენერგეტიკის მინისტრმა განაცხადა, რომ გაზის დაბალი ფასები დროებითი და არამდგრადი იყო. ბოლოდროინდელმა ფასის ზრდამ ბაზრის ფუნდამენტები დაგვანახა და გვაჩვენა, რომ ეს სექტორი ინვესტიციების ნაკლებობას განიცდის.
დუბაიში გამართულ ინდუსტრიულ კონფერენციაზე ენერგეტიკის მინისტრმა სუჰაილ ალ–მაზრუეიმ აღნიშნა, რომ „გაზის ფასი არამდგრადი იყო, საშუალოდ ის $2–3–ის ფარგლებში მერყეობდა. ამ პრობლემის დასაძლევად სექტორში ახალი ინვესტიციების განხორციელებაა აუცილებელი. ფასების მერყეობა მანამ გაგრძელდება, ვიდრე წონასწორობას არ მიაღწევს“.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ თუ ფასების მერყეობა კვლავაც გაგრძელდება, ეს მრავალი ქვეყნისათვის საკმაოდ დიდი ტვირთი იქნება. როდესაც გრძელვადიან პერიოდში ფასები არასტაბილურია, ეს გამოწვევას უქმნის სექტორს და ბევრ ქვეყანას.
აღსანიშნავია, რომ გაზის ფასი ევროპაში მიმდინარე წელს 280%–ით გაიზარდა, ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებში 100%–ზე მეტად. ამის მთავარი მიზეზები მარაგების დაბალი დონე, ნახშირბადის ფასები და რუსეთის მიერ გაზის მიწოდების შემცირება იყო.
დატოვე კომენტარი