გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობა 2021 წლის ბოლომდე დასრულდება. ამის შესახებ რუსული სახელმწიფო ნავთობკომპანია Gazprom-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, ვიქტორ ზუბკოვმა განაცხადა.
„მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს, მცირედია დარჩენილი. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ პროექტის მშენებლობა წელს დასრულდება“, – განაცხადა ზუბკოვმა.
მისივე თქმით, სამუშაოების დაახლოებით 90-92% უკვე შესრულებულია.
ცნობისთვის, წლის დასაწყისში Gazprom-მა ინვესტორები გააფრთხილა, რომ გაზსადენის პროექტის განხორციელება შესაძლოა, შეჩერებულიყო. ამის მიზეზად განსაკუთრებული გარემოებები, მათ შორის „პოლიტიკური ზეწოლა“ დაასახელეს.
„ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტის განხორციელებაზე ევროპის აზრი ორად იყო გაყოფილი, ამას დაემატა აშშ-ის მხრიდან კრიტიკა. კერძოდ, ოფიციალური ვაშინგტონი, ბალტიისპირეთის ქვეყნები, პოლონეთი და ევროკავშირიც აცხადებდნენ, რომ რუსეთი ამ პროექტით გაზის მონოპოლიას პოლიტიკურ იარაღად გამოიყენებს. რამდენიმე თვის წინ აშშ-მა სანქციებიც კი დაუწესა იმ კომპანიებს, რომლებიც პროექტის მშენებლობაში იყვნენ ჩართული. აშშ-ის ახალი პრეზიდენტი ჯო ბაიდენიც ამბობს, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ არის ცუდი შეთანხმება ევროპისთვის.
თუმცა ევროპის უმსხვილესი ეკონომიკის მქონე გერმანია ამ პროექტს ეკონომიკური მიზანშეწონილობით აფასებს. 2021 წლის იანვარში, მაშინ, როდესაც რუსეთში ოპოზიციონერი ლიდერის, ალექსეი ნავალნის დაკავების შემდეგ, ევროპარლამენტმა მხარეებს გაზსადენის პროექტის შეჩერებისკენ მოუწოდა. იმავე დღეს გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ის „ჩრდილოეთი ნაკადი 2“-ის პროექტის მომხრე იყო.
1200 კილომეტრის სიგრძის გაზსადენმა „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ ბუნებრივი აირის ტრანსპორტირება რუსეთიდან გერმანიამდე ბალტიის ზღვის გავლით უნდა უზრუნველყოს. გაზსადენს წლის განმავლობაში 55 მილიარდი კუბური მეტრის მოცულობის გაზის ტრანსპორტირება შეეძლება.
დატოვე კომენტარი