გაზპრომი: Nord Stream 2-ის მილსადენის მშენებლობა დასრულდა

გაზპრომი: Nord Stream 2-ის მილსადენის მშენებლობა დასრულდა

რუსული ენერგოკომპანია გაზპრომის ცნობით, Nord Stream 2-ის მშენებლობა დასრულდა. ბალტიის ზღვაზე გამავალი მილსადენი გააორმაგებს ქვეყნის საექსპორტო შესაძლებლობებს, თუმცა გვერდს უვლის უკრაინას, რომელიც ჩვეულებრივ რუსული გაზის ძირითად მარშრუტს წარმოადგენდა.

კრემლის განცხადებით, ყველა მხარე დაინტერესებულია, რომ მილსადენმა ფუნქციონირება რაც შეიძლება მალე დაიწყოს. თუმცა Nord Stream 2-ს ექსპლუატაციაში შესასვლელად გერმანიის მთავრობის თანხმობა და ევროპული კანონმდებლობის დაკმაყოფილება სჭირდება. მათ შორისაა სამართლიანი კონკურენციის წესდება, რომელიც მოითხოვს, რომ მილსადენების მფლობელი და მისი ოპერატორი განსხვავებული პირების მფლობელობაში იყოს.

პროექტის დასრულების შესახებ განცხადება უკვე გააკეთეს უკრაინის წარმომადგენლებმა და აღნიშნეს, რომ უკრაინა იბრძოლებს რუსეთის პოლიტიკური პროექტის წინააღმდეგ, მის დასრულებამდეც, დასრულების შემდგომაც და მას შემდეგაც კი, რაც მილსადენი ფუნქციონირებას დაიწყებს. რუსეთის ამჟამინდელი გაზის ტრანზიტის ხელშეკრულება უკრაინასთან 2024 წელს იწურება. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, უკრაინამ უნდა გამოავლინოს კეთილი ნება, თუ სურს, რომ გაზის ტრანზიტი ევროპაში ისევ გაგრძელდეს.

ამერიკის შეერთებული შტატების განცხადებით, აღნიშნული მილსადენი რუსეთს ევროპული გაზის მიმწოდებლებზე დიდი ძალაუფლების მოპოვების შანსს მისცემს, რაც, დიდი ალბათობით, უკრაინასა და პოლონეთისთვის გაზზე წვდომის შეზღუდვას გამოიწვევს. ხოლო გერმანია, რომელიც დიდი ხანია უკვე მხარს უჭერს რუსულ პროექტს, შეთანხმდა ამერიკასთან, რომ ნავთობსადენის მშენებლობა სანქციების გარეშე დასრულდებოდა. თუმცა ისინი პირობას დებენ, რომ ხელს შეუშლიან რუსეთის მიერ Nord Stream 2-ის პროექტის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას. ამას გარდა, მხარეებმა უკრაინისა და პოლონეთის ალტერნატიულ მხარდაჭერაზე და მათი პროექტების დაფინანსებაზეც მიიღეს გადაწყვეტილება.

შეგახსენებთ, რომ Nord Stream 2-ის პროექტი დაწყების დღიდან საერთაშორისო კრიტიკისა და სანქციების ობიექტია. სახელმწიფო საკუთრებაში არსებულმა ენერგოკომპანია გაზპრომმა 1,200-კმ-იანი მილსადენის მშენებლობა ხუთი წლის წინ დაიწყო, თუმცა 2019 წელს ამერიკის შეერთებული შტატების სანქციების გამო პროექტის წამყვანმა კონსტრუქტორებმა მუშაობის გაგრძელებაზე უარი თქვეს. ამის მიუხედავად, ერთ წელიწადში, $11-მილიარდინი პროექტის მშენებლობა განახლდა, რის შედეგადაც ევროპის გაზის საჭიროების მესამედზე მეტი უკვე რუსულ გაზპრომზე მოდის.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *