კრემლის საკუთრებაში არსებულმა ბუნებრივი აირის კომპანია „გაზპრომმა“ უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში პირველი წლიური ზარალი განიცადა. 2023 წელს რუსული კომპანიის წმინდა ზარალმა 629 მილიარდი რუბლი ($6.9 მილიარდი) შეადგინა, რაც ძირითადად ევროპაში გაყიდვების შემცირების დამსახურებაა.
ევროპის რეგიონი ერთ დროს „გაზპრომისთვის“ წამყვან ბაზარს წარმოადგენდა. 2023 წლის შედეგები კი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ „გაზპრომის“, როგორც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთის ერთ-ერთი ძლიერი კომპანიის, გავლენა ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნადაა შემცირებული.
საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსის“ ცნობით, ანალიტიკოსები $4.8 მილიარდი წმინდა მოგების მიღებას ვარაუდობდნენ. ცნობისთვის, 2022 წელს, „გაზპრომის“ წმინდა მოგებამ $13 მილიარდი შეადგინა. ბოლო მონაცემებით, რუსული კომპანიის აქციების ფასები მოსკოვში დაახლოებით 3.3%-ითაა დავარდნილი.
Reuters-ის ანალიზის თანახმად, ეს არის „გაზპრომის“ პირველი წლიური ზარალი 1990-იანი წლების ბოლოს/2000-იანი წლების დასაწყისის შემდეგ. სწორედ ამ პერიოდში, კერძოდ კი 2001 წელს, რუსული ბუნებრივი აირის კომპანია პრეზიდენტ პუტინის მოკავშირე ალექსეი მილერის საკუთრებაში გადავიდა.
ევროპაში, ოდესღაც „გაზპრომის“ ძირითად საექსპორტო ბაზარზე, გაყიდვები უკრაინაში დაწყებული ომის შემდეგ შემცირდა. კომპანია კი დასავლური სანქციების ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ იქცა. კომპანიის მთლიანი შემოსავალი 2022 წლის $126 მილიარდიდან, გასულ წელს, $91.5 მილიარდამდე შემცირდა. Reuters-ის ანგარიშით, ევროპაში „გაზპრომის“ ბუნებრივი აირის მიწოდება 55.6%-ით შემცირდა და 2023 წელს 28.3 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწია.