გეიმინგ-ისტორიაში უმსხვილესი გარიგებით, Microsoft-მა Call of Duty-ის დეველოპერის, Activision Blizzard-ის შესყიდვის პროცესი დაასრულა. $68.7-მილიარდიანი შეთანხმებით, Xbox-ის შემქმნელი ახლა უკვე ფლობს ისეთ თამაშებს, როგორიცაა World of Warcraft-ი, Diablo და Call of Duty-ის სერიები.
Microsoft-მა დეველოპერის შესყიდვის გეგმა პირველად 2022 წლის დასაწყისში დააანონსა. მას შემდეგ, კომპანია მსოფლიო მასშტაბით, მარეგულირებელი ორგანოების ინტენსიური შემოწმების ობიექტი გახდა. გამოძიება კი გასული კვირის დასასრულს, გაერთიანებული სამეფოს კონკურენციისა და ბაზრის მარეგულირებელი ორგანოს მიერ დაიხურა. პროცესმა აიძულა Microsoft-ი, აეღო საჯარო ვალდებულება, რომ მისი თამაშები კვლავ იქნება ხელმისაწვდომი სხვა პლატფორმებზე, მათ შორის PlayStation-სა და Nintendo Switch-ზე.
აღსანიშნავია, რომ 2022 წლის იანვარში გამოცხადებული გარიგების შემდეგ, Microsoft-მა ორმოცზე მეტ ქვეყანაში, ანტიმონოპოლიური ორგანოების თანხმობა მიიღო. რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, შეთანხმება დადებითად შეაფასა ევროკავშირმაც, მას შემდეგ, რაც მომავალი ათი წლის განმავლობაში, მომხმარებლებსა და ქლაუდ-გეიმინგის პლატფორმებს, სალიცენზიო გადასახადის გარეშე, მისი სახელწოდებების გავრცელების ნება დართო.
„როგორც ერთი გუნდი, ჩვენ ვსწავლობთ, ვქმნით ინოვაციებს და განვაგრძობთ ჩვენი დაპირების შესრულებას – გეიმინგის სიხარული უფრო მეტ ადამიანს გავუზიაროთ“, – განაცხადა Xbox-ის ხელმძღვანელმა ფილ სპენსერმა.
ბლოკბასტერული თამაშების სტუდიების შემოერთება გააძლიერებს Microsoft-ის Xbox-ის გეიმინგ-კონსოლის ბიზნესსაც, რომელიც გაყიდვების მიხედვით ამჟამად მესამე ადგილზეა Sony-ის PlayStation-ისა და Nintendo-ს შემდეგ. პროგრამული უზრუნველყოფის გიგანტს კი უფრო დიდი ამბიციები აქვს და სურს Activision-ის სათაურები, ვიდეოთამაშებისთვის განკუთვნილი Netflix-ის მსგავსი, მისი მრავალთამაშიანი გამოწერის სერვისში განათავსოს.