გელა ენდრიუ სულის მორიგი დუბლი – „ქართული ფილმი“

გელა ენდრიუ სულის მორიგი დუბლი – „ქართული ფილმი“

ოცი წლის განმავლობაში სრულ სტაგნაციაში მყოფ კინოსტუდია „ქართულ ფილმს“ ახალი დირექტორი ჰყავს. აშშ-ს მოქალაქე და წარმატებული ბიზნესმენი გელა ენდრიუ სული სამშობლოში ახალი იდეებითა და კინოსტუდიის მძლავრ ბიზნესად ქცევის სურვილით დაბრუნდა. მისი მთავარი სამიზნე ჰოლივუდის კინოსტუდიებთან თანამშრომლობაა.

აქ, ამ ოთახში, გამოუსადეგარი და ყველასგან მივიწყებული ნივთების გროვაში გასული საუკუნის 90-იან წლებში გადაღებული 18 ფილმია შენახული. ეს ფილმები ავტორებისა და პრემიერაზე მიწვეული სტუმრების გარდა არავის უნახავს, მათ არ ჰყოლია ფართო მაყურებელი, არ მოუსმენიათ კრიტიკა და განხილვა. მხოლოდ ის ვიცით, რომ მხატვრული ფილმებია და დასრულებულია. შეიძლება ითქვას, რომ ეს ფილმები იმ გარემოს ზუსტი ილუსტრაციაა, რომელშიც წლების წინ შეინახეს და საგულდაგულოდ გამოკეტეს. თითქმის 20 წელია, სწორედ ასეა გამოკეტილი და მივიწყებული ოდესღაც ცოცხალი და ხმაურიანი „ქართული ფილმი“. თუმცა უკანასკნელი თვეების განმავლობაში აქ ადამიანებმა დაიწყეს დაბრუნება. მათი რაოდენობა ნელ-ნელა მატულობს – ზუსტად ისე, როგორც წლების განმავლობაში მთავარი ჭიშკრიდან სტუდიამდე მიმავალ მოუვლელ გზაზე ორმოების რაოდენობა მატულობდა.

ახალი თაობის წარმომადგენლებს აქაურობის შესახებ ალბათ არც სმენიათ. კინოსტუდიის არსებობა თითქოს ადგილობრივმა მოსახლეობამაც მიივიწყა. თუ ადრე ამბობდნენ, რომ კინოსტუდიასთან ცხოვრობდნენ, ახლა „იმედთან“ ცხოვრობენ, თუ ადრე ზეპირად იცოდნენ სტუდიის ეზოში ჩამწკრივებული ბიუსტების თანმიმდევრობა, ახლა მხოლოდ ისღა ახსოვთ, რომ იქ ვიღაცების ძეგლებია, ოდესღაც მათ გვერდით გალიაში გამოკეტილი და მუდამ წრეზე მოძრავი დათვის შესახებ კი არც გაუგიათ.

ბოლოს აქ 1993 წელს ვიყავი. ერეკლე ბადურაშვილი „თბილისი ჩემი სახლიას“ გახმოვანებაზე მუშაობდა. მაშინ პირველად და უკანასკნელად ვნახე ნამდვილ ფილმზე მუშაობის პროცესი. „თბილისი ჩემი სახლია“ ალბათ ერთ-ერთი ბოლო ფილმი იყო, რომელიც „ქართული ფილმის“ ბაზაზე გადაიღეს და დაასრულეს კიდეც, ყოველ შემთხვევაში, მაყურებელი მაინც ჰყავდა და იმ 18 ფილმის ბედიც ასცდა. თუმცა აქ იმ ფილმებზე გაცილებით მეტი რამ არის მიტოვებული და მივიწყებული, უფრო მეტია მოპარული, უკანონოდ გასხვისებული, გაყიდული და სამუდამოდ დაკარგული.

კინოსტუდიას ახლა მხოლოდ სახელი და რეანიმაციის შესაძლებლობის მცირედი ნიშნები შემორჩა. ამ უკანასკნელის მიმართ ოპტიმისტურადაა განწყობილი „ქართული ფილმის“ ახალი დირექტორი გელა ენდრიუ სული – ადამიანი, რომელსაც ჩვენი საზოგადოება ისევე არ იცნობს, როგორც წლების განმავლობაში კინოსტუდიის კედლებში მიმდინარე პროცესებს.

მათ შესახებ ალბათ ოდესმე მაინც გავიგებთ, გელა სულის შესახებ კი ახლავე შეგვიძლია გიამბოთ.

დაბადებისას გელა სულიკაშვილი – გელა ენდრიუ სული – პროფესიით მათემატიკოსია, უფრო კი მათემატიკური ანალიზის სპეციალისტი. მიღებული აქვს იურიდიული განათლებაც, ამერიკის შეერთებულ შტატებში ემიგრირების შემდეგ კი ევერგრინის კოლეჯში, ასევე ჰარვარდისა და იელის უნივერსიტეტებში სახელმწიფოს ადმინისტრირების, ისტორიის, ლიტერატურის, მთავრობის მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების კურსები გაიარა. როგორც ხედავთ, ერთი ადამიანისთვის საკმაოდ ბევრი და განსხვავებული ინგრედიენტი შეგროვდა, ხოლო თუ მათ საკმაზის სახით ალპინიზმით გატაცებასაც დავუმატებთ (80-იან წლებში საქართველოს ნაკრებში ირიცხებოდა), აღარ გაგვიკვირდება, თუ საიდან აქვს გამუდმებით ახალი სიმაღლეების დაპყრობის სურვილი.

თუ გელა სულის CV-ს გადავხედავთ, პუნქტების უმეტესობა სიტყვით „დააარსა“ იწყება: დააარსა და უძღვებოდა, დააარსა და ორგანიზება გაუკეთა, დაგეგმა, ჩამოაყალიბა, განავითარა.

ამჟამად მის მიერ დაარსებული და ჯერ კიდევ მოქმედი ორი ორგანიზაცია მუშაობს. 2008 წლის აგვისტოს ომის ტალღაზე, 2010 წელს დაარსებული The GDP Club-ი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომლის მთავარი დანიშნულებაც საქართველოსა და ამერიკას შორის კულტურული, პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაა. კლუბი იურიდიულად ჯერ კიდევ არსებობს, თუმცა გელა სულის გარეშე ისეთი აქტიური აღარაა. სამაგიეროდ არ გაჩერებულა გაცილებით დიდი ისტორიის მქონე, 2000 წელს დაარსებული Site4view – გადაღებისა და მედიამენეჯმენტის კომპანია.

Site4view პარტნიორთან ერთად მოდის ფოტოგრაფიის სტუდიის სახით დააარსა. ეს ფინანსურად საკმაოდ მოგებიანი სფეროა და, როგორც გელა სული ამბობს, ბიზნესი საკმაოდ კარგადაც ააწყვეს. „მაიკროსოფტი“, „აი-ბი-ემი“, „ამერიკან ექსპრესი“, „ლორეალი“ და სხვები – ეს სწორედ ის კომპანიებია, რომელთათვისაც Site4view-მ ფოტოგადაღების ლოგისტიკისა და სარეკლამო მენეჯმენტის კუთხით იმუშავა. პარალელურად ძალების მოსინჯვა კინოსფეროშიც დაიწყეს: 2000 წელსვე ფრანგული დოკუმენტური ფილმის, Winged Migration-ის ამერიკული პრომოუშენი მოამზადეს (2002 წელს ფილმი „ოსკარზე“ იყო ნომინირებული, თუმცა ჯილდო მაიკლ მურის ფილმს „ბოულინგი კოლომბინასთვის“ ერგო), ერთ-ერთი ბოლო ფილმი კი ბერტრან ტავერნიეს „ფრანგი მინისტრი“ (2013) გახლდათ, რომლისთვისაც Site4view-ს ამერიკის ტერიტორიაზე, მათ შორის, რეჟისორებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მიუდგომელ ადგილას, გაეროს შტაბ-ბინაში, გადაღების ორგანიზება დაევალა.

Site4view-ს აქტივში კიდევ რამდენიმე მასშტაბური პროექტი ირიცხება, სამომავლოდაც მრავალი საინტერესო იგეგმებოდა, თუმცა გელა სულის ახლა ამისთვის ნაკლებად სცალია – ის უმოქმედო, ამორტიზებული და მოძველებული, მაგრამ მაინც ქვეყნის მთავარი კინომანქანის ხელმძღვანელია.

გელა ენდრიუ სულის წელიწადზე მეტი ხნის წინ, სწორედ მაშინ დაუკავშირდნენ, როდესაც ქართული კინოს განვითარების ცენტრის 9-წევრიანი საბჭოს ჩამოყალიბების პროცესი მიმდინარეობდა. თავიდან, როდესაც მას გიორგი ოვაშვილი და ბუბა ხოტივარი დაუკავშირდნენ, სწორედ ამ საბჭოს ხელმძღვანელობის საკითხი განიხილეს, კინოსტუდიის შესახებ საუბარი კი მოგვიანებით შედგა. აღნიშნული საბჭოს ჩამოყალიბება ეკონომიკის სამინისტროს იდეა გახლავთ, რომელსაც მემკვიდრეობით მიღებული სისტემის ავტორიტეტული ადამიანების მეთვალყურეობის ქვეშ გადატანა სურდა. საბჭოც ამ პრინციპით დაკომპლექტდა – მასში ყველასთვის ცნობილი და წარმატებული კინომოღვაწეები შედიან.

გელა ენდრიუ სული: „გიორგი ოვაშვილს ადრეც ვიცნობდი, ბუბა ხოტივარი და საბჭოს დანარჩენი წევრები კი მხოლოდ აქ ჩამოსვლის შემდეგ გავიცანი. ისინი ვაშინგტონში დამიკავშირდნენ და თანამშრომლობა შემომთავაზეს. ამ დროისთვის ქართულ კინოში არსებული ვითარების შესახებ ბუნდოვანი წარმოდგენა მქონდა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, 2013 წლის მარტში მაინც ჩამოვედი. დარჩენას მხოლოდ ერთი კვირით ვგეგმავდი, მაგრამ ყველაფერში ოდნავ მაინც გასარკვევად იმდენი დრო დამჭირდა, აპრილამდე ვერ გავემგზავრე“.

როგორც გელა სული ამბობს, „ქართული ფილმი“ მხოლოდ დეტალია, პაზლის ერთი ნაწილი. მომავალ დირექტორს ერთმანეთზე აკინძული უზარმაზარი, უფორმო და სრულიად უპერსპექტივო ორგანიზმი შერჩა, რომელიც საკმაოდ ეფექტურად მომუშავე ეროვნული კინოცენტრის ფონზე ძალიან საცოდავად გამოიყურებოდა. რეალურად ეს გახლავთ ერთ ჰოლდინგში თავმოყრილი სააქციო საზოგადოება „ქართული ფილმი“, მის 100%-იან მფლობელობაში არსებული „ქართული ფილმი – უძრავი ქონება“ (დიღმის კინოსტუდიის ტერიტორია და შენობები), რომელიც 40-ზე მეტ შპს-ს აერთიანებს. ეს უკანასკნელნი მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე გაფანტულ მოძრავ ქონებას ფლობენ, თუმცა სიტყვა „ქონება“ აქ მხოლოდ პირობითადაა ნათქვამი.

კინოსტუდია სააქციო საზოგადოებად 1995 წელს გადაკეთდა და ამავე პერიოდში განხორციელდა მისი გახლეჩაც. ორი მესამედი სახელმწიფოს, კერძოდ, ეკონომიკის სამინისტროს მფლობელობაში გადავიდა, ერთი მესამედი კი აქციების სახით 2865 აქციონერზე გადანაწილდა. თითოეულ აქციონერს მხოლოდ ერთი ხმა ეკუთვნოდა (დროთა განმავლობაში ზოგმა აქციონერმა სხვების აქციები სიმბოლურ თანხად, 5-10 ლარად შეიძინა), რამაც კინოსტუდია ძალიან ცუდ ვითარებაში ჩააყენა: როგორც გელა სული ამბობს, პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა გადაწყვეტილებების მიღება ან სხვის მიერ განხორციელებული ქმედების გაკონტროლება, ვერავინ ამოწმებდა, კინოსტუდიის ქონების რა ნაწილი იყიდებოდა და სად მიდიოდა შემოსული თანხა. საქმეს ისიც ართულებდა, რომ აქციები ფიზიკური სახით არ არსებობდა, მათ მფლობელთა შესახებ მხოლოდ ე.წ. წითელ წიგნში ჩამოწერილი სია მოწმობს, ყიდვა-გაყიდვის პროცესები არსადაა აღწერილი, ამრიგად, პრაქტიკულად გაუგებარია, ვის რამდენი აქცია, შესაბამისად, რამდენი ხმა გააჩნდა. აქციონერთა საზოგადოებას „ქართული ფილმის თანამშრომლები“ ჰქვია. 2012 წელს სახელმწიფომ აქციების გამოსყიდვის მიზნით მას 321 ათასი ლარი გადაურიცხა, ანუ მთავრობამ მათ მფლობელობაში არსებული წილი გამოისყიდა, შესაბამისად, ამ ორგანიზაციას „ქართულ ფილმთან” კავშირი აღარ აქვს.

თუმცა აქციებთან დაკავშირებული ისტორია ყველაზე მარტივი და იოლად გადასაჭრელი აღმოჩნდა იმ საკითხებთან შედარებით, რაც გელა ენდრიუ სულის წინაშე „ქართული ფილმის“ ზოგადმა მდგომარეობამ დასვა. „ზედაპირული შეფასებითაც ჩანდა, რომ ეს იყო მომაკვდავი ორგანიზაცია“, – ამბობს ის.

კინოსტუდიის მომავალი დირექტორი თანამდებობაზე დანიშვნამდე შეუდგა საქმეს, პირველ რიგში კი ორგანიზაციის სრული ფინანსური აუდიტი მოითხოვა. „ორგანიზაციის ფინანსური მდგომარეობის შესახებ სრული ინფორმაციის გარეშე მას არ ჩავიბარებდი. ჩემთვის ყველაზე საინტერესო სწორედ ეს მხარე გახლდათ, რადგან აუდიტის მიერ დადებული დასკვნის საფუძველზე უნდა მემუშავა, მომეზიდა ინვესტიციები, პარტნიორები და ასე შემდეგ“, – ამბობს „ქართული ფილმის“ დირექტორი.

აუდიტის ჩატარების პროცესი დროში გაიწელა, თუმცა საბოლოო დასკვნა მაინც შედგა: გაირკვა, რომ სააქციო საზოგადოებად ჩამოყალიბების შემდეგ (1995 წლიდან) ორგანიზაციის ყველა ფინანსური წელი წაგებიანი იყო. ორგანიზაციას არ გააჩნდა დაფინანსება, მაგრამ იხდიდა გადასახადს. გაირკვა ისიც, რომ ადრინდელი ხელმძღვანელობის უყაირათობის გამო ოდესღაც ძალიან მდიდარმა ორგანიზაციამ ფაქტობრივად ყველაფერი დაკარგა, მათ შორის მიწის დიდი ნაწილიც – ოდესღაც 22 ჰექტარზე გადაჭიმული მიწიდან დღეს „ქართული ფილმის“ მფლობელობაში მხოლოდ 9,5 ჰექტარია დარჩენილი, თუმცა ესეც ზღვაში წვეთია – მთავარი ის გახლავთ, რომ კინოსტუდიის მფლობელობაში დღეს ერთი კინოთეატრიც არაა, ყველა გაყიდულია, მათ შორის არქიტექტურულ ძეგლად აღიარებული „აპოლოც“, რომლის გამოსყიდვაც და პირველად მდგომარეობაში დაბრუნებაც დაახლოებით იმდენსაკეტიან თავსატეხს წარმოადგენს, რამდენ ათას დოლარადაც ათიოდე წლის წინ სწორედ კინოსტუდიიდან გაყიდეს…

თუმცა აუდიტმა ისიც გაარკვია, რომ „ქართულ ფილმს“ შენობისა და დარჩენილი მიწის სახით $12 მილიონიანი აქტივიც გააჩნია. ამავე აქტივს შეადგენს უფრო დიდი სიმდიდრე – 90-იან წლებში გადაღებული 18 ფილმი, რომლებიც პრემიერის შემდეგ საგულდაგულოდაა შენახული და იმის თქმაც შეუძლებელია, კონკრეტულად რა ხარისხის კინემატოგრაფიულ ნამუშევარს წარმოადგენს. როგორც გელა ენდრიუ სული ამბობს, ეს სწორედ ის აქტივია, რომლის ჩამოწერაც წლების განმავლობაში ვერ მოხერხდა, თუმცა ამის გაკეთება აუცილებელია.

„ზედაპირული შეფასებითაც ჩანდა, რომ ეს იყო მომაკვდავი ორგანიზაცია“, – ამბობდა გელა ენდრიუ სული და, ცხადია, ასეც იყო. აუდიტისა და „ქართული ფილმის“ სრული მდგომარეობის შესწავლის შემდეგ მის ადგილას ნებისმიერი სხვა დაფრთხებოდა, მით უფრო, რომ მსოფლიოს უდიდესი ქვეყნის მოქალაქე იმავე ქვეყანაში კარგად აწყობილ და პერსპექტიულ კერძო ბიზნესს ფლობს.

Challenge and opportunity – გვპასუხობს გელა ენდრიუ სული, როდესაც ვეკითხებით, თუ რა გახდა ამ თანამდებობაზე დათანხმების მოტივაცია. მისთვის ეს ახალი გამოწვევის წინაშე დადგომისა და გადაჭრის, საკუთარი თავის გამოცდისა და რაღაც განსაკუთრებულის გაკეთების შესაძლებლობა აღმოჩნდა. მოტივაცია მით უფრო დიდი იყო, რომ სახელმწიფოს მხრიდან სრული დახმარების, ფინანსური ხელშეწყობისა და სხვა სიკეთეების დაპირებაც მიიღო: „ამ დაპირებებიდან ზოგი დაგვიანებით შესრულდა, ზოგიც ჯერ არა. ანუ ზუსტად ისე ხდება, როგორც ეს საქართველოშია მოსალოდნელი. ამას შეგუებული ვარ. სხვა არჩევანიც არ მაქვს – აღმოჩნდა, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ჩემზე არიან დამოკიდებული, მაგალითად, კინოს განვითარების ცენტრის საბჭოს წევრები, რომლებიც მთელი გულით არიან მოწადინებული, რომ „ქართული ფილმი“ ოდნავ მაინც აღორძინდეს, რაღაც როლი მაინც შეიძინოს“.

რაც შეეხება ამერიკაში დატოვებულ ბიზნესს, ამჟამად მას მთლიანად გელა ენდრიუ სულის ბიზნესპარტნიორი განაგებს, თავად ამის დრო აღარ რჩება, მეტიც, წელიწადზე მეტია, ამერიკაში არ ყოფილა.

დღეს გელა ენდრიუ სულის ბიზნესინტერესი, შესაძლებლობები და გამოცდილება მთლიანად „ქართული ფილმზეა“ კონცენტრირებული. მიუხედავად იმისა, რომ სრულად აცნობიერებს აქ არსებულ ვითარებას, ფინანსურ მდგომარეობასა და რთულ პერსპექტივას, ამ უკანასკნელს მაინც ხედავს: „აქაურობის ათვისება და გამოჯანსაღება ნამდვილად შეიძლება, ეს არ გახლავთ ფანტასტიკის სფერო, მით უფრო, რომ სიცოცხლის ნიშანწყალი ნამდვილად შეინიშნება – შარშან საკმაოდ კარგი გამოცდა გავიარეთ“.

გელა ენდრიუ სული „არტისტის“ რეჟისორ მიშელ ჰაზანავიჩუსის პროექტ „ძიებას“ (The Search) გულისმობს, ფილმს ჩეჩნეთის ომის თემაზე, რომლის გადაღებაც საქართველოში მიმდინარეობდა. გადამღები ჯგუფი „ქართული ფილმის“ ტერიტორიაზე იყო „დაბანაკებული“, ათვისებული ჰქონდა პავილიონები, საგრიმიოროები და, ზოგადად, საოფისე ტერიტორია. ჰაზანავიჩუსი თბილისში 80-წევრიანი ჯგუფით იყო ჩამოსული, რასაც ქართველების 250-წევრიანი ჯგუფი ემატებოდა. „ეს პროექტი ჩვენთვის მორალურად ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო აღმოჩნდა. მივხვდით, რომ აუცილებლად შევძლებთ ამუშავებას, აქაურობის გაცოცხლებას“, – ამბობს გელა სული.

ამისთვის კი კინოსტუდიას პროფილის შეცვლა მოუწევს – პირველ ეტაპზე მაინც, რადგან „ქართულ ფილმს“ ახლა სწორედ ის პერიოდი უდგას, როდესაც მუზები უნდა დადუმდნენ და ქვემეხებმა იქუხონ.

მსგავსი ორგანიზაციების ამუშავების რამდენიმე შესაძლებლობა არსებობს. მათ შორისაა პოსტპროდუქციის სტუდიების გამართვა, რაც საწყის ეტაპზე წელიწადში 500 ათასიდან ერთ მილიონამდე დოლარის შემოსავლის მომტანი შეიძლება იყოს. როგორც წესი, პოსტპროდუქცია გადაღებებისას დიდ დროსა და ფინანსებს მოითხოვს, ქართველი რეჟისორები ამ ეტაპს (მონტაჟი, ფერების კორექცია, გახმოვანება და სხვა) უცხოეთში არსებულ სტუდიებში გადიან. ამგვარი სტუდიების ქვეყანაში არსებობის შემთხვევაში კი ეს პროცესი გაცილებით იაფი დაუჯდებათ, სტუდიები იმუშავებს უცხოელ დამკვეთებისთვისაც. თუმცა გელა ენდრიუ სული აქ სულ სხვა პრობლემას ხედავს: „გეთანხმებით, რომ პოსტპროდუქციის სერვისი შემოსავლის ალტერნატიული წყაროა, ამ სერვისის ტექნიკურად აღჭურვა და გამართვა შესაძლებელია და დამკვეთებიც გვეყოლება, მაგრამ პრობლემა სპეციალისტების არარსებობაა. რეჟისორი გაბარებს მთელ მასალას, რომელიც სრულყოფილ ფილმად, გასაყიდ პროდუქტად უნდა აქციო, ამიტომ ასპროცენტიანი გარანტია უნდა მისცე, რომ ხარისხიან ნამუშევარს ჩააბარებ. დღეს კი ჩვენ ამ გარანტიის მიცემა არ შეგვიძლია“.

სპეციალისტების პრობლემაზე მხოლოდ გელა ენდრიუ სული არ საუბრობს, ამის შესახებ რეჟისორებისგანაც ხშირად გაიგებთ, ყველაზე გახმაურებული და ცოტა პარადოქსული ამბავი კი ისევ და ისევ მიშელ ჰაზანავიჩუსის შარშანდელ ვიზიტს უკავშირდება: მართალია, ჰაზანავიჩუსმა თან 80-კაციანი გუნდი ჩამოიყვანა, მაინც დასჭირდა ადგილობრივი სპეციალისტების დაქირავება. ცხადია, უცხოელ რეჟისორთან მუშაობა ბევრმა მოისურვა და სამსახურიც მიიღეს. პარალელურად გიორგი ოვაშვილმა ახალ ფილმზე დაიწყო მუშაობა („სიმინდის კუნძული“ უკვე დასრულებულია და ფესტივალებზეც მოგზაურობს. ფილმმა უკვე მიიღო პირველი გრან-პრიც – კარლოვი ვარის „ბროლის გლობუსი“), რომელიც პრაქტიკულად ტექნიკური პერსონალის გარეშე დარჩა – ყველა საუკეთესო ჰაზანავიჩუსის „ბანაკში“ იყო გადასული, ამიტომ ქართველი რეჟისორი იძულებული გახდა, უცხოელი სპეციალისტები მოეწვია.

სხვათა შორის, საინტერესოა, პავილიონების გარდა კიდევ რა სახის სერვისი შესთავაზა „ქართულმა ფილმმა“ ფრანგ რეჟისორს: კინოსტუდიის ტექნიკური გადახალისება უკანასკნელად 2007 წელს განხორციელდა. მაშინ სახელმწიფომ ხმის, გაციფრების, სამონტაჟო და სხვა ტექნიკა შეიძინა და კინოსტუდიას საჩუქრად გადასცა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ტიპის ტექნიკა წარმოუდგენელი ტემპით ვითარდება და ახლდება, მისი გამოყენება კერ კიდევ შეიძლება – ვთქვათ, პირველადი მასალის სანახავად, მარტივი ხმის ჩასაწერად და სხვა. გარდა ამისა, კინოსტუდიის ტერიტორიაზე რამდენიმე კერძო სტუდიაც მუშაობს. ერთს გადასაღები აპარატურა აქვს, მეორეს – ამწე, მესამეს – განათების სისტემა და ასე შემდეგ. მათი მომსახურებით მიშელ ჰაზანავიჩუსის გადამღებმა ჯგუფმაც ისარგებლა – ეს კი გელა სულისთვის დამატებითი მოტივაციაა – „ქართული ფილმის“ დებიუტი იმ სექტორში, რომელსაც ახალი დირექტორი უმიზნებს, უკვე შემდგარია.

ტექნიკურად გამართული სტუდია, კარგი სპეციალისტები, ხელსაყრელი ლოკაცია – ეს იმ სეგმენტების მცირე ჩამონათვალია, რომელიც, გელა სულის აზრით, თანამედროვე პრეპროდუქციის სერვისცენტრისთვისაა საჭირო. ამგვარი სერვისცენტრები შორსაა შემოქმედებითი მუშაობისგან, თუმცა ფილმწარმოებისთვის უმთავრესი ბაზისია. პრეპროდუქციის ცენტრების მთავარი დანიშნულება გადაღებების მენეჯმენტი და მომსახურებაა, რომელიც ზოგჯერ პროექტის მთლიანი ბიუჯეტის ნახევარს მოითხოვს. „თუ ფილმს $50 მილიონიანი ბიუჯეტი აქვს, პრეპროდუქციის ეტაპი, სულ მცირე, $20-25 მილიონს მოითხოვს ანუ გაცილებით მეტს, ვიდრე მსახიობებისა და ძირითადი გადამღები ჯგუფის ჰონორარი და პოსტპროდუქციის პროცესი. ეს თანხა იხარჯება გადამღები ჯგუფის ცხოვრებაზე, კვებაზე, მგზავრობაზე, ტექნიკაზე, მის შეკეთებასა და ათას წვრილმანზე, რაც მთლიანობაში სერიოზულ თანხამდე ადის. ისევ ჰაზანავიჩუსის პროექტის მაგალითს მოვიყვან – ფილმის ბიუჯეტი 20 მილიონი ევრო იყო, ამ თანხის 20% კი ჩვენთან დარჩა. თანაც ეს იმ პირობებში, როდესაც ამგვარი მომსახურებისთვის პრაქტიკულად მზად არ ვიყავით, არ გაგვაჩნდა გამოცდილება, საჭიროების დროს სწრაფად რეაგირების უნარი, დამკვეთისგან სრული ნდობა და სხვა. უკეთესად მომზადების პირობებში აღნიშნული თანხა გაცილებით დიდი იქნებოდა“, – ამბობს გელა ენდრიუ სული.

მსგავსი სერვისცენტრების გამოცდილება არაერთ ქვეყანას აქვს. ამ მხრივ პიონერი კანადა აღმოჩნდა, რომელმაც ჰოლივუდთან თანამშრომლობა გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან დაიწყო. დაახლოებით 10 წლის განმავლობაში კანადური სერვისცენტრები იმდენად დაიხვეწა, რომ ანალოგიური ტიპის ამერიკული ცენტრების სერიოზულ კონკურენტად იქცა, ჯამში კი 5 მილიარდამდე დოლარის მოგება ნახა. 90-იან წლებში კანადის მაგალითს ჩეხეთმა და უნგრეთმაც მიბაძა, თან ისეთი წარმატებით, რომ ჰოლივუდს ოკეანის გადმოლახვა და ევროპაში მუშაობა აიძულეს. ჩეხეთისა და უნგრეთის გამოცდილება მალე ბულგარეთმა და რუმინეთმაც გაიზიარა, თუმცა ნელ-ნელა ამ ქვეყნებმა ევროკავშირში გაერთიანებაც დაიწყეს, რასაც გადასახადების გაზრდა და ზოგადად ცხოვრების გაძვირებაც მოჰყვა. ანუ თუ გეოგრაფიულად შევხედავთ, ნელ-ნელა ეს ბიზნესი აღმოსავლეთისკენ იწევს, სწორედ იმ მიმართულებით, სადაც აუცილებლად გადაეყრება საქართველოს. ამრიგად, შეიძლება ითქვას, რომ ახლა სწორედ ჩვენი ჯერია.

მოდი, ჩეხური სტუდია „ბარანდოვის“ (Barrandov Studios) მაგალითი ვნახოთ: ვაცლავ ჰაველის მამისა და ბიძის მიერ 1921 წელს დაარსებული სტუდია, გარდა იმისა, რომ ჩეხურ კინოპროდუქციას აწარმოებს, საერთაშორისო პროექტებზე მომუშავე ერთ-ერთ უმსხვილეს ევროპულ სტუდიადაც მიიჩნევა. მისი მომსახურების პაკეტში შედის: გამართული გადასაღები მოედანი, კოსტიუმებისა და დეკორაციების მსხვილი ბაზა, სასცენო დეკორაციების ფართო არჩევანი, კინოლაბორატორიები და პოსტპროდუქციის სრული სერვისი. ყველაფერთან ერთად „ბარანდოვს“ სპეციალისტებიც ჰყავს, რომლებიც საკმაოდ შთამბეჭდავ დღიურ ანაზღაურებას იღებენ. მაგალითად, პროდაქშენ-მენეჯერისთვის დღეში 240 ევროა განსაზღვრული, კოორდინატორისთვის – 112 ევრო, ლოკაციის მენეჯერი 140 ევროს იღებს, ხოლო რეჟისორის პირველი ასისტენტი – 240-ს. იგივე ჯდება ოპერატორის ასისტენტის დაქირავებაც, ამწის ოპერატორისთვის კი დღეში 140 ევროა განსაზღვრული. საკუთარ ანაზღაურებას (დღეში 60 ევროზე ნაკლებს არც ერთი პროფესიის წარმომადგენელი არ იღებს) იღებენ სტილისტები, მხატვრები, მძღოლები, ხმის ინჟინრები, თარჯიმნები, მექანიკოსები, ელექტრიკოსები და ასე შემდეგ.

ამ ყველაფრის გვერდით შთამბეჭდავია „ბარანდოვის“ ბაზაზე გადაღებული თანამედროვე ფილმების ჩამონათვალიც (აქვე აღვნიშნავთ, რომ მილოშ ფორმანის „ამადეუსი“, ემირ კუსტურიცას „ანდერგრაუნდი“ და 1997 წლის „ოსკარის“ მფლობელი „კოლიაც“ აქ გახლავთ გადაღებული): Knight’s Tale, From Hell, Bourne Identity, Blade II, The League of Extraordinary Gentlemen, Alien vs. Predator, Hellboy, Van Helsing, Eurotrip, Brothers Grimm, The Chronicles of Narnia: The Lion, the Witch and the Wardrobe, The Illusionist, Casino Royale, The Chronicles of Narnia: Prince Caspian, G.I. Joe: The Rise of Cobra, Mission: Impossible IV: Ghost Protocol, Snowpiercer და სხვები. ამ ფილმთაგან უმეტესობას ძალიან დიდი ბიუჯეტი ჰქონდა, ამრიგად იოლად წარმოსადგენია, რა სახის მოგებას ნახულობს „ბარანდოვი“ და რისი შანსი გვაქვს ჩვენ.

გელა ენდრიუ სული: „კინობიზნესი ერთმნიშვნელოვნად ჰოლივუდთან ასოცირდება, მთელ მსოფლიოში გაყიდული კინოპროდუქციის 90%-ს სწორედ აქ აწარმოებენ, ამიტომ ჩემი ყურადღებაც იქითაა მიმართული. ცხადია, ხვალ ან ზეგ ამ პროცესში ჩართვის შესაძლებლობა არ არის, მაგრამ რაღაცით აუცილებლად უნდა დავიწყოთ. აქ კი აუცილებლად დაგვჭირდება სახელმწიფოს მხრიდან დახმარება, უცხოური ინვესტიციების მოზიდვა და სხვა აქტივობა. სამწუხაროდ, ადგილობრივი ბიზნესი კინოში ფულის ჩასადებად ჯერ მზად არ არის, ქართველი ბიზნესმენებისთვის კინო ვერა და ვერ იქცა სფეროდ, რომელშიც მშვიდად დააბანდებენ კაპიტალს. მათი ძალიან კარგად მესმის, მაგრამ ამ დამოკიდებულების შეცვლაც შესაძლებელია. ხაზი მინდა გავუსვა იმასაც, რომ თანამედროვე ქართული ფილმების მიერ საერთაშორისო კინოფესტივალებზე მიღწეული წარმატებების მიუხედავად, საქართველოს ფილმმწარმოებელ ქვეყნად არავინ აღიქვამს, ჩვენ არ ვართ კინოქვეყანა, მაგრამ გვაქვს შანსი ეს დამოკიდებულება გამოვასწოროთ. ამ მიმართულებით უკვე ვმუშაობ. ჯერჯერობით შიდა რესურსებით ვცდილობ მინიმალური ბაზისის შექმნას, თუმცა პარალელურად საერთაშორისო კონტაქტებზეც გავდივარ. უკვე ველოდები პასუხს ერთი მსხვილი ჰოლივუდური კინოკომპანიისგან, რომლის წარმომადგენლებიც, სავარაუდოდ, აგვისტოში გვესტუმრებიან და ადგილზე ნახავენ, რისი შესაძლებლობები გვაქვს და რა უნდა შევცვალოთ. ამ სეგმენტში კი ძალიან ბევრია გასაკეთებელი – შეიძლება ითქვას, რომ თითქმის 100 წლის „ქართულმა ფილმმა“ ახალი სიცოცხლე უნდა დაიწყოს“.

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *