შეუძლია თუ არა უზარმაზარი რაოდენობის მონაცემებს სასწაულმოქმედი წამლების შექმნაში ადამიანის გამოცდილების დამარცხება? დაფნი კოლერმა ამ კითხვაზე შესაძლოა, მოულოდნელი პასუხი გაგცეთ.
არცთუ ისე ბევრი მეცნიერი იღებს ხოლმე მიპატიჟებას ფოტოგადაღებებისთვის, თუმცა დაფნი კოლერისთვის ეს ჩვეულებრივი ამბავია. “ეს ხდება პრაქტიკულად ყველა ღონისძიებაზე, რომლებსაც ტექნოლოგიების ხალხი ესწრება, – ამბობს კოლერი ერთი ბოლოდროინდელი ფოტოს შესახებ. – ეს, ცოტა არ იყოს, უხერხულია. არ გეგონოთ, ვფიქრობდე, რომ მე ყველაფერ ამას ვიმსახურებ”.
სელფის მოთხოვნები კოლერის ვარსკვლავობის კიდევ ერთი დამადასტურებელი ნიშანია, რასაც მან 20 წლის მანძილზე კომპიუტერული მეცნიერების, ბიოლოგიისა და განათლების შეჯერებით მიაღწია. გზად კი მიღწევების მთელი ჩამონათვალიც დააგროვა: 18 წლის ასაკში მიიღო იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტის მაგისტრის დიპლომი; 26 წლის ასაკში გახდა სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი ფოკუსით მანქანურ სწავლებაზე; დაახლოებით ერთი ათწლეულის შემდეგ მოიგო მაკ არტურის “გენიოსის გრანტი” კვლევისთვის, რომელიც აერთიანებდა ხელოვნურ ინტელექტსა და გენომის მეცნიერებას; გახდა $1-მილიარდიანი (შეფასებული) “კურსერას” თანადამფუძნებელი, ერთ-ერთი პირველი პლატფორმისა, რომელიც მსოფლიოში ყველას აძლევს საუნივერსიტეტო კურსების უფასოდ გავლის საშუალებას.
51 წლის ინოვატორის შემდეგი ნაბიჯი: Insitro, კომპანია სამხრეთ სან-ფრანცისკოში, რომელიც მიზნად ისახავს ახალი წამლების პოვნას უზარმაზარი რაოდენობის მონაცემებში ძიების შედეგად. თუ მან გაამართლა, ის რადიკალურად შეცვლის წამლების აღმოჩენის პირობებს.
ლაბორატორიის ბიოლოგები, როგორც წესი, კონცენტრირებული არიან წამლების სამიზნე რამდენიმე სპეციფიკურ პროტეინზე. წარუმატებლობის შემთხვევაში, მონაცემების მეცნიერები სხვებს აძლევენ რჩევებს ცდებისთვის. Insitro-ს, ამისგან განსხვავებით, სურს ბევრად მეტი მონაცემების მოგროვება, სანამ ბიოლოგები ნადირობაზე უარს იტყვიან. ის გამოიყენებს უპირატესობებს ბიოინჟინერიასა (მაგალითად, Crispr-ის გენურ მოდიფიკაციებში) და პროგრამებში, რომლებიც საშუალებას აძლევს კომპიუტერებს, ისეთი რაღაცები დაინახონ, რაც ადამიანის თვალს გამორჩება ხოლმე.
კოლერი თავისი გასხივოსნების მომენტს ასე აღწერს: “თუ საკმარისი მონაცემები გაქვს, მანქანური სწავლება დღეს გასაოცარ რამეებს აკეთებს. ჩვენ, როგორც იქნა, მოგვეცა საშუალება, რომ შევქმნათ ბიოლოგიური მონაცემები დიდ მასშტაბებში”.
Insitro-ს გამოთვლების ექსპერტები და ბიოლოგები ერთად მონაწილეობენ ლაბორატორიის ექსპერიმენტებში მასობრივი საგანგებო მონაცემების ჯგუფების შესაქმნელად. ამის შემდეგ მანქანური სწავლების მოდელები პოულობენ კანონზომიერებებს და გვთავაზობენ ახალ ტესტებსა და პოტენციურ თერაპიას. ავტომატიზებული პიპეტის მანქანების მსგავსი რობოტები ადამიანური შეცდომების რიცხვს ამცირებენ. ყველაფერი ეს საშუალებას აძლევს Insitro-ს, ჩაატაროს “ექსპერიმენტები კვირებში, წლების ნაცვლად”.
ხელოვნური ინტელექტი პლუს ბიოლოგია, მისი გამოცდილება ინვესტორებისთვის “ცაში გადაწყვეტილი ქორწინება” იყო, ამბობს ის. ექვს თვეში კოლერმა $100 მილიონის ინვესტიცია მოიზიდა ARCH Vetures-ისგან, Andreessen Horowitz-ისგან, Foresite Capital-ისგან, Alphabet’s venture fund GV-ისა და Third Rock-ისგან, რასაც მოგვიანებით შეუერთდნენ ჯეფ ბეზოსი და სხვები. აპრილში მან შეთანხმება გააფორმა Gilead Sciences-თან, რომელმაც Insitro-ს $15 მილიონი მისცა და დაჰპირდა $1 მილიარდს არაალკოჰოლური ცხიმოვანი ღვიძლის დაავადების მომაკვდინებელი ფორმის სამკურნალო საშუალების აღმოჩენის შემთხვევაში. ვარაუდობენ, რომ ეს ავადმყოფობა მალე გახდება ღვიძლის გადანერგვის მთავარი მიზეზი.
“ძალიან ცოტა ადამიანს თუ ესმის ამ ურჩხულის ორივე მხარე, – ამბობს მანი სუბრამანიანი, რომელიც Gilead-ში ღვიძლის დაავადების კლინიკურ კვლევას უძღვება. – როგორც ბიოლოგიის, ისე ღრმა სწავლების”.
Insitro-ს მომავალი შემოსავლები Gilead-ისგან იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად შეძლებს ის იმ ხუთი პროტეინის ამოცნობას, რომლებიც წამლების სამიზნედ უნდა იქცნენ, და შემდეგ რამდენად შესაძლებელი იქნება ამ პროტეინების მიზანში ამოღების შედეგად ღვიძლის ავადმყოფობის თერაპიის დამტკიცება. ვალდებულებებზე დამოკიდებული გადახდები, რომლებიც მოიცავს წარმატებული წამლების გაყიდვიდან მიღებულ შემოსავლებს, Insitro-ს Forbes-ის AI 50-ში – ხელოვნური ინტელექტის ყველაზე იმედისმომცემი კომპანიების რეიტინგში – ადგილის მოპოვებაში დაეხმარა.
ხელოვნური ინტელექტის დახმარებით უფრო სწრაფი და იაფი წამლების აღმოჩენა 20-ზე მეტი სტარტაპის ოცნებაა. მათ შორისაა Notable Labs-ი, $55 მილიონით ვენჩურული კაპიტალის სახით, და Verge Genomics-ი, $36 მილიონით. Novartis-მა განაცხადა Microsoft-თან ხუთწლიანი AI თანამშრომლობის შესახებ, და Merk-სა და GSK-ს ასევე აქვთ სტარტაპ-თანამშრომლობა.
ხელოვნური ინტელექტი ბიოლოგიას არ ამარტივებს. “არ ვფიქრობ, რომ ეს პლატფორმა ჯადოსნური იქნება”, – ამბობს კოლერი.
სანამ Insitro მოსავალს მოიწევს, ასიათასობით ლაბორატორიული ტესტი უნდა განხორციელდეს. კოლერს ამისთვის საკმარისი ენერგია აქვს. Insitro-ს ოფისში ის ერთი ადგილიდან მეორეზე გადარბის – თავისი საოფისე სკამი 53-დან ერთ-ერთ თანამშრომელს დაუთმო, რადგან არასდროს ხმარობდა მას – ის Macrophag-ად (სისხლის თეთრი უჯრედი) წოდებული ოთახიდან, Elastic Net-ად (მონაცემების მოდელირების ტექნიკა) წოდებულ ოთახში გადადის, უახლესი ლაბორატორიული ტექნოლოგიით თავის მოსაწონებლად.
თუ Insitro-მ განძს მიაგნო, ის დიდი ფარმაცევტული კომპანიების შესყიდვების ინტერესის ცენტრში მოექცევა. მაგრამ კოლერი ამბობს, რომ არ სურს Insitro-ს დიდი ორგანიზაციის ხახაში ჩაკარგვის მოწმე გახდეს. მას თავისი ბრენდირებული წამლების კეთების სურვილი აქვს. საბოლოო მიზანი კი ისაა, რომ ადამიანები, რომლებიც მას ფოტოსესიებზე ეპატიჟებიან, უფრო ჯანმრთელები იყვნენ Insitro-ს დახმარებით. კოლერს იმედი აქვს, რომ ისინი მას პირადად ეტყვიან: “თქვენი დახმარებით მე სიცოცხლე შევინარჩუნე”.
დატოვე კომენტარი