გერმანიის ახალარჩეული კანცლერი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდას განაგრძობს. რუსეთის უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ, ოლაფ შოლცის მიერ გერმანიის თავდაცვის ბიუჯეტის 100 მილიარდი ევროთი გაზრდას კიდევ ერთი მსუყე სამხედრო გარიგება დაემატა. გერმანია ამერიკის შეერთებული შტატებისაგან Lockheed Martin-ის წარმოების 35 ერთეულ F-35 საბრძოლო თვითმფრინავს შეიძენს. ამით კი ქვეყანა უკვე მოძველებულ Tornado-ს ტიპის თვითმფრინავებს ჩაანაცვლებს.
აღნიშნული გადაწყვეტილება გერმანიის მიერ უსაფრთხოების პოლიტიკის ცვლილების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნაწილს წარმოადგენს. მოგეხსენებათ, ოლაფ შოლცის გადაწყვეტილებით თავდაცვაზე გერმანიის მშპ-ს 2% დაიხარჯება.
გერმანიის თავდაცვის მინისტრის, ქრისტინ ლამბრეხტის განცხადებით, ყველა შესაძლო ვარიანტიდან Tornado-ების ჩასანაცვლებლად, საბოლოოდ არჩევანი სწორედ F-35-ებზე შეჩერდა.
ცნობისათვის, Tornado-ები ერთადერთ გერმანულ თვითმფრინავებს წარმოადგენენ, რომელთაც ამერიკული ბირთვული ბომბების გადატანა შეუძლიათ. თუმცა, გერმანიის საჰაერო ძალები აღნიშნულ თვითმფრინავებს 1980-იანი წლების შემდეგ მართავენ, შესაბამისად უკვე მოძველებულად ითვლებიან. ბერლინი მათი ექსპლუატაციიდან ამოღებას 2025-დან 2030 წლამდე პერიოდში გეგმავს.
F-35-ების შეძენა კი გერმანიისათვის უნიკალურ შესაძლებლობას წარმოადგენს. მოგეხსენებათ, Lockheed Martin-ის წარმოებული F-35-ი სტელსის მრავალფუნქციური საბრძოლო თვითმფრინავია. ეს კი გერმანიის თავდაცვისუნარიანობას ტექნოლოგიურადაც გაზრდის.
ცნობისათვის, გერმანიის ყოფილი თავდაცვის მინისტრი, Tornado-ების ჩასანაცვლებლად Boeing-ის მიერ წარმოებულ F-18-ების შეძენას განიხილავდა.
დატოვე კომენტარი