სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრის, ჯარო ნადის განცხადებით, გერმანიამ, დანიამ და ნორვეგიამ გადაწყვიტეს სლოვაკური 155 მმ-იანი თვითმავალი ჰაუბიცები, Zuzana 2 შეისყიდონ და უკრაინას გადასცენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მინისტრმა Twitter-ის საკუთარ ანგარიშზე გაავრცელა.
„ახლახან მოვაწერეთ ხელი შეთანხმებას დანიას, გერმანიასა და ნორვეგიასთან, რომლებიც უკრაინისათვის 92 მილიონი ევროს ღირებულების 16 ერთეული სლოვაკური თვითმავალი ჰაუბიცის, Zuzana 2-ის წარმოებას დააფინანსებენ“, – წერს ჯარო ნადი.
ცნობისთვის, უკრაინას სლოვაკური თვითმავალი ჰაუბიცები აქამდეც გადაეცა. Zuzana 2-ის საცეცხლე მანძილი 5-დან 41 კილომეტრამდე მერყეობს და დამოკიდებულია საარტილერიო ჭურვის მოდიფიკაციაზე. საარტილერიო სისტემა აღჭურვილია როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი საცეცხლე შესაძლებლობებით და თავის კლასში ერთ-ერთ საუკეთესო დანადგარს წარმოადგენს.
როდის მოხდება უკრაინისათვის წარმოებული საარტილერიო დანადგარების მიწოდება ჯერჯერობით უცნობია.
დატოვე კომენტარი