გერმანია დეპორტაციის პროცესს ამარტივებს | რამდენი ქართველია თავშესაფრის მაძიებელთა შორის?

გერმანია დეპორტაციის პროცესს ამარტივებს | რამდენი ქართველია თავშესაფრის მაძიებელთა შორის?

გერმანიის მინისტრთა კაბინეტმა დაამტკიცა კანონმდებლობა, რომელიც ქვეყნიდან თავშესაფრის მაძიებელთა დეპორტაციას გაამარტივებს. კანცლერ ოლაფ შოლცის მიზანი გერმანიაში მიგრაციის, როგორც პოლიტიკური პრობლემის გადაჭრაა.

კანონპროექტის დრაფტი, რომელიც ძალაში შესვლამდე პარლამენტის დამტკიცებას საჭიროებს, ითვალისწინებს დეპორტაციამდელი პატიმრობის მაქსიმალური ხანგრძლივობის 10-დან 28 დღემდე გაზრდას და გაამარტივებს დანაშაულებრივი ორგანიზაციის წევრთა დეპორტაციას. გარდა ამისა, კანონმდებლობა პირის იდენტიფიცირებისთვის საჭირო დოკუმენტაციებისთვის საცხოვრებელ სახლებში ჩხრეკის უფლებასაც იძლევა, ხელისუფლებას კი, გარკვეულ შემთხვევებში, დეპორტაციამდე წინასწარი გაფრთხილების ვალდებულებისგან ათავისუფლებს.

გერმანიის მიგრანტთა და ლტოლვილთა თავშესაფრები ბოლო თვეებია, სწრაფი ტემპით ივსება. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, გერმანიაში უკრაინელ ლტოლვილთა რაოდენობამ 1 მილიონს  გადააჭარბა. თუმცა სხვა ქვეყნის მოქალაქეებისგან განსხვავებით, უკრაინელებს გერმანიაში თავშესაფრის მოთხოვნა არ სჭირდებათ და ბინადრობის უფლებას ისინი დაუყოვნებლივ იღებენ.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ნენსი ფეზერმა კანონმდებლობა პირველად ორი კვირის წინ წარადგინა. შოლცის განცხადებით კი, გერმანიამ „ფართომასშტაბიანი“ დეპორტაცია იმ მიგრანტებით უნდა დაიწყოს, რომელთაც ქვეყანაში დარჩენის უფლება არა აქვთ. ფეზერის ინფორმაციითვე, მიმდინარე წელს, გასულ წელთან შედარებით, გერმანიამ 27%-ით მეტი ადამიანის დეპორტაცია განახორციელა.

მიუხედავად ამისა, იმ პირთა უმრავლესობას, რომელთაც გერმანიაში თავშესაფარზე უარი უთხრეს, კვლავ აქვთ ქვეყანაში დროებით დარჩენის უფლება სხვადასხვა მიზეზით, რომელთა შორისაა ავადმყოფობა, ბინადრობის სტატუსის მქონე ბავშვის ყოლა ან პირადობის მოწმობის არქონა.

აღსანიშნავია, რომ აგვისტოში გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის კაბინეტმა საქართველო და მოლდოვა ე.წ. „უსაფრთხო ქვეყნებად“ გამოაცხადა. გადაწყვეტილებით, საქართველოსა და მოლდოვის მოქალაქეებისთვის გერმანიაში თავშესაფრის მიღების პროცესი გართულდება, მათი დეპორტაციის ვადები კი დაჩქარდება.

უკრაინელთა გარდა, მხოლოდ წელს, გერმანიას თავშესაფრის მოთხოვნით 188 ათასზე მეტმა ადამიანმა მიმართა. მიმდინარე წლის იანვარ-ივლისის პერიოდში, თავშესაფარზე მოთხოვნის 6,612  განაცხადი გერმანიამ საქართველოდან, ხოლო 1,910 – მოლდოვიდან მიიღო. თუმცა გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ამჟამად ორივე ქვეყნის მოქალაქეების მოთხოვნის მხოლოდ 0.15% დაკმაყოფილდა.

ახალი რეგულაციები საქართველოსა და მოლდოვის მოქალაქეებს თავშესაფრის მოთხოვნის უფლებას უტოვებს, თუმცა დასტურის მიღების შანსი მათთვის მინიმალურია. გარდა ამისა, თავშესაფრის მომთხოვნის ქვეყნის „უსაფრთხოდ“ კვალიფიცირება, მოთხოვნაზე უარის მიღების გასაჩივრების ვადებსაც ამცირებს. გასაჩივრებას კი შემაჩერებელი ეფექტი არ ექნება, რაც ნიშნავს, რომ მოქალაქეთა დეპორტაცია შესაძლოა შემდგომ მოსმენამდეც განხორციელდეს.

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრ ნენსი ფეზერის განცხადებით, ქვეყანა საქართველოსთან და მოლდოვასთან მიგრაციის ხელშეკრულების გაფორმებაზეც მუშაობს. მიგრაციის საკითხების მოგვარებით, გერმანიას, მისი სამუშაო ბაზრისთვის საჭირო მუშახელის მიღების გაზრდა სურს, მათ შორის არიან ექთნები და სატვირთოს მძღოლები.

ევროკომისიის მიერ 18 ოქტომბერს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, გასულ წელთან შედარებით 2022 წელს საქართველოდან ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი 81%-ით, 26,450-მდე გაიზარდა. ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არალეგალურად 21,910 პირი იმყოფება. 2022 წელსვე, ევროკავშირში შესვლაზე უარი საქართველოს 3,970 მოქალაქემ მიიღო, ამავე პერიოდში კი ევროკავშირიდან 7,760 ქართველი გამოაძევეს.