გერმანიის მთავრობის განცხადებით, ბირთვული ენერგია სახიფათოა და ის უარს აცხადებს ევროკავშირის შეთავაზებაზე, რომ მისი ბირთვული რეაქტორების ტექნოლოგია გაერთიანების ეკომეგობრული მომავლის მიზნებს მოხმარდეს.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის ბოლოსათვის გერმანია საკუთარ ტერიტორიაზე დარჩენილი სამი ბირთვული ენერგოსადგურის დახურვასაც გეგმავს. მათ ბირთვულ ენერგიაზე უარი რამდენიმე წლის წინ თქვეს და გეგმის მიხედვით, წელს ბოლო სადგურებიც უნდა დაიხუროს, ტექნოლოგია კი გერმანიის ენერგოსექტორში აღარ გამოიყენება. ამასთან, გერმანია ქვანახშირზე უარის თქმას 2030 წლისათვის გეგმავს.
სანაცვლოდ, მისი მეზობელი საფრანგეთი, რომლის ელექტროენერგიის 70%-იც სწორედ ბირთვულ რეაქტორებზეა დამოკიდებული, გეგმავს, რომ არსებული რეაქტორები ახალი თაობის ტექნოლოგიით ჩაანაცვლოს და კიდევ დამატებით რამდენიმე ბირთვული ენერგოსადგური გახსნას. აღნიშნულის მიზანი კი ქვეყნის ენერგოსაჭიროებების დაკმაყოფილებაა.
ევროპის ორი უმსხვილესი ეკონომიკების განსხვავებული ენერგოპოლიტიკა ევროკავშირს დიდ საგონებელში აგდებს. ბლოკის პირველადი გეგმის მიხედვით მწვანე მომავლის შესახებ, ორივე, ბირთვული ენერგიაც და ბუნებრივი აირიც შესაძლოა სამომავლო საინვესტიციო მიზნებისათვის მდგრად საშუალებებად მივიჩნიოთ.
გარემოს დამცველები გერმანიას აქტიურად აკრიტიკებენ მისი ენერგოპოლიტიკის გამო. მათი განცხადებით, მართალია, ბუნებრივი აირი ნაკლებად აბინძურებს გარემოს ქვანახშირთან შედარებით, თუმცა ის ნახშირორჟანგს მაინც გამოყოფს. ამ მხრივ კი ყველაზე ეკომეგობრული საშუალება ბირთვული ენერგიის გამოყენებაა. თუმცა გერმანიას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ ბირთვულ ენერგიაზე მთლიანად უარს იტყვის.
დატოვე კომენტარი