გერმანელმა კანონმდებლებმა ქვეითთა საბრძოლო მანქანების, „პუმების“ შესაძენად 1.5 მილიარდი ევროს ღირებულების გამოსაყოფად ნებართვა გასცეს. გერმანიის თავდაცვის მინისტრის, ბორის პისტორიუსის განმარტებით, სახელმწიფო ამჯერად 50 ერთეულ „პუმას“ შეიძენს, თუმცა წლის ბოლოსთვის კიდევ ერთ შეკვეთას გააფორმებს.
საინტერესოა, რომ გერმანიის მთავრობის ნაბიჯი, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ქვეყნის შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების განმტკიცებისა და მოდერნიზების მორიგ მცდელობას წარმოადგენს. შეგახსენებთ, გასულ წელს რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის დაწყების შემდეგ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ქვეყნის თავდაცვის შესაძლებლობების გასაძლიერებლად სპეციალური ფონდიდან 100 მილიარდი ევრო გამოყო. აღნიშნული თანხა რამდენიმე წლის განმავლობაში გერმანიის შეიარაღებული ძალებისათვის აღჭურვილობის გაუმჯობესებას და სტანდარტების ამაღლებას მოხმარდება.
ქვეითთა საბრძოლო მანქანა „პუმების“ პირველ პარტიას გერმანია მომდევნო წლის დასაწყისში მიიღებს. ცნობისათვის, ეს უკანასკნელი საკუთარ კლასში ერთ-ერთი ყველაზე მაღალტექნოლოგიური ქვეითთა საბრძოლო მანქანაა, რომელსაც Rheinmetall-ი და Krauss-Maffei Wegmnn-ი ერთობლივად აწარმოებენ.