გერმანიაში ინფლაციის დონემ 50-წლიან მაქსიმუმს მიაღწია

გერმანიაში ინფლაციის დონემ 50-წლიან მაქსიმუმს მიაღწია

მაისის თვეში გერმანიაში წლიური ინფლაციის დონემ 8.7%-იან ნიშნულს მიაღწია, რაც გასული 50 წლის განმავლობაში უმაღლესი მაჩვენებელია.

სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, ინფლაციის მაჩვენებლის ზრდაზე ყველაზე დიდი გავლენა ენერგორესურსებისა და სურსათის გაძვირებამ მოახდინა. მაისში ენერგოპროდუქტების ღირებულება, გასულ წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 38.3%-ით გაიზარდა; ხოლო სურსათის ფასები, საშუალოდ, 11.1%-ით არის მომატებული.

გასათვალისწინებელია, რომ ინფლაციის 8.7%-იანი მაჩვენებელი 0.6 პროცენტული პუნქტით აღემატება ანალიტიკოსების მიერ ნავარაუდევ შედეგს.

სამომხმარებლო პროდუქტებზე ფასების მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება როგორც გერმანიის, ასევე აშშ-ის და, ზოგადად, ევროზონის მასშტაბით. კოვიდპანდემიით გამოწვეულ ეკონომიკურ წნეხს კი კიდევ უფრო მეტად ამწვავებს რუსეთ-უკრაინის ომი, რომელმაც მსოფლიოში ენერგორესურსების მკვეთრი გაძვირება გამოიწვია.

ევროპის ცენტრალური ბანკი და აშშ-ის ფედერალური რეზერვი გეგმავენ, რომ ინფლაციის მოსათოკად მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრონ. ეკონომისტთა ნაწილის შეფასებით, ცენტრალურ ბანკები ურთულესი ამოცანის წინაშე დგანან: მათ უნდა შეძლონ ინფლაციის ტემპის ისე შენელება, რომ ეკონომიკა რეცესიულ მდგომარეობაში არ გადაეშვას.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *