გერმანიის ფეხბურთის ასოციაციამ (DFB), ათწლეულების შემდეგ, Adidas-თან თანამშრომლობა დაასრულა. გავრცელებული განცხადებით, 2027 წლიდან, ასოციაციის ოფიციალური მიმწოდებელი სპორტული ტანსაცმლის ამერიკული ბრენდი Nike-ი გახდება.
ახალი გარიგებით, 2027 წლიდან 2034 წლამდე, გერმანიის ყველა ეროვნულ გუნდს სწორედ Nike-ი მოამარაგებს. „პარტნიორობა საშუალებას მისცემს DFB-ს, მომდევნო ათწლეულის განმავლობაში გერმანული ფეხბურთის განვითარების მიმართულებით იმუშაოს“, – ნათქვამია ასოციაციის პრეზიდენტ ბერნდ ნოიენდორფის განცხადებაში.
1954 წლიდან 2014 წლამდე, მსოფლიო ჩემპიონატის ოთხივე ტიტულის მოპოვებისას, გერმანია სწორედ Adidas-ის პროდუქციას იყენებდა. კომპანიასთან კონტრაქტი, რომელიც 2022 წელს უნდა დასრულებულიყო, დამატებით 4 წლით გახანგრძლივდა. „2026 წლის დეკემბრამდე ჩვენ მთელი ძალით ვიმუშავებთ საერთო წარმატებისთვის ჩვენს მრავალწლიან და ამჟამინდელ პარტნიორ Adidas-თან, რომლის მადლობლებიც ვართ შვიდ ათწლეულზე მეტხანს გერმანულ ფეხბურთთან თანამშრომლობისთვის“, – დასძინა ნოიენდორფმა.
გადაწყვეტილების შესახებ Adidas-ი უკვე ინფორმირებულია. გერმანული ფირმის განცხადებით, ასოციაციამ მათ ხუთშაბათს აცნობა, რომ მოქმედი კონტრაქტის შემდეგ, Adidas-თან თანამშრომლობის გაგრძელება აღარ იგეგმება.
ცნობისთვის, გერმანიის საფეხბურთო ასოციაცია, რეგისტრირებული შვიდი მილიონი წევრით, მსოფლიოში უდიდესია. აქვე გეტყვით, რომ ქვეყანა 2024 წლის 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით „ევრო 2024“-ს უმასპინძლებს.