გერმანული ბანკის ყოფილი გენერალური დირექტორი საქართველოში საკუთარ ბიზნესს აწარმოებს. საშა ტერნესის უძრავი ქონების ფონდი პიონერია ადგილობრივ ბაზარზე. 39 წლის გერმანელი ბიზნესმენი 20 წელია, საქართველოს სამსახურშია.
დასაქმება რომ ქვეყნის ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი ძალაა, ეს აქსიომაა. უმუშევრობის დონე საქართველოში, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ბოლო მონაცემებით, 12.4%-ს შეადგენს. ამ ციფრების კიდევ უფრო შემცირებაში პირადად შეაქვს წვლილი ჩვენს სტუმარს. გერმანელი ფინანსისტი თავად არის დამსაქმებელი. ქართულ ბაზარზე მიღებული 20-წლიანი გამოცდილების შემდეგ საშა ტერნესმა ნახევარი წლის წინ საკუთარი კომპანია – “ტერნეს უძრავი ქონების ფონდი” – ასევე გერმანული კომპანია “კაპაროლის” მმართველ დირექტორთან, დავით შენგელიასთან ერთად დააფუძნა.
“ტერნეს უძრავი ქონების ფონდი”, როგორც კომპანიის 60%-ის მფლობელი აცხადებს, ახალი სიტყვაა ქართულ ბიზნესში: “ჩვენ პიონერები ვართ. ამ პროფილის სხვა ორგანიზაცია საქართველოში ჯერჯერობით არ არსებობს, – ტრადიციული უძრავი ქონების სექტორის ახლებური ამოძრავების პრინციპებს გვაცნობს ბატონი ტერნესი. – ყოველთვის მიტაცებდა სამშენებლო სფერო, ეს ჩემთვის გარკვეულწილად ჰობი იყო, ფინანსური მხარე კი – ჩემი პროფესია. ორივე ასპექტის შერწყმით მივიღე შესანიშნავი საქმე – უძრავი ქონების საინვესტიციო ფონდი”. საქართველოში სამშენებლო სფეროშიც აქვს გამოცდილება – მისი დაპროექტებულია “პროკრედიტ ბანკ საქართველოს” სათავო ოფისი, რომლის გენერალური დირექტორიც თავად გახლდათ.
როგორც ბატონი ტერნესი განმარტავს, ბიზნესი, რომელიც ახალი ხილია საქართველოსთვის, სახელწოდებიდან გამომდინარე, უძრავ ქონებაში ინვესტირებას გულისხმობს, რაც ყველაზე მყარი ინვესტიციაა: “სად უნდა დავაბანდოთ ფული? როგორც წესი, თანხას ვინახავთ ბანკში დეპოზიტზე და ვიღებთ არცთუ ისე მაღალ სარგებელს ან ვყიდულობთ ბინას და ვაქირავებთ, რაც შემდგომში უამრავ პრობლემას იწვევს. ჩვენს შემთხვევაში ყიდულობ წილს უძრავ ქონებაში, სანაცვლოდ იღებ კარგ მოგებას, შენაძენის ადმინისტრირებაზე კი კომპანიაა პასუხისმგებელი”.
უძრავ ქონებაში ინვესტირებას ალტერნატივა არც საზღვარგარეთ გააჩნია, სადაც საფონდო ბირჟებში ფულის დაბანდების ცნობილი პრაქტიკა არსებობს: “არასდროს იცი, რომელი კომპანიის აქციები როდის გაუფასურდება, ხარ მშვიდად, ფლობ “ფოლკსვაგენის” ფასიან ქაღალდებს, მოულოდნელი სკანდალი და მათი ფასი კაპიკია”. “ტერნეს უძრავი ქონების ფონდი” მხოლოდ მაღალი კლასის კომერციულ შენობებს ყიდულობს ან გრძელვადიანი პერსპექტივით ქირაობს ამ ეტაპზე – მხოლოდ თბილისში. “ვფიქრობდით ერთ-ერთ რეგიონში ინვესტირებაზე, თუმცა ხარისხიანი საოფისე ცენტრის არარსებობის გამო ახლის აშენება მოგვიწევდა, ადგილობრივებს შორის კი მხოლოდ რამდენიმე მოიჯარეს თუ ვნახავდით, რომლებიც თავს უფლებას მისცემდნენ, ძვირად ღირებული ფართი დაექირავებინათ”, – განმარტავს საშა ტერნესი.
Colliers-ის 2014 წლის ანგარიშის მიხედვით, საოფისე ფართების 85% დედაქალაქშია კონცენტრირებული, ახალი მშენებლობები კი, იქნება ეს საცხოვრებელი სახლები თუ სასტუმროები, უმეტესწილად თბილისსა და ბათუმში შეინიშნება. ბატონი ტერნესის თქმით, სამთავრობო განვითარების თითოეული პროგრამა რეგიონალური განვითარების დაბალანსებას უნდა ითვალისწინებდეს. “ინსტიტუციონალური ინვესტორები, როგორიცაა ჩემი ფონდი, მკაცრი კრიტერიუმების მიხედვით მოქმედებენ. გერმანელი ინვესტორები ნაბიჯ-ნაბიჯ მოიწევენ აღმოსავლეთით, – ამბობს საშა ტერნესი, – პირველ რიგში, ისინი, რა თქმა უნდა, ევროკავშირის წევრ ბალტიისპირეთის და ბალკანურ ქვეყნებზე აკეთებენ ფოკუსირებას, სადაც მოგებიანი და პროგნოზირებადი ბაზარია. ჩემი მხრივ, ვეცდები, მათი ყურადღება საქართველოსკენ მოვმართო”. ბატონი ტერნესი ხაზს უსვამს, რომ მთავრობამ ინვესტორებზე ყველა მიმართულებით უნდა იმუშაოს.
მისი, როგორც საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის ყოფილი მოადგილის სოფლის მეურნეობის საკითხებში და ბანკის კუთვნილი ამავე პროფილის ორგანიზაცია “აგრონის” სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის შეფასებით, მთავრობის მიერ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სასოფლო-სამეურნეო მიწების მიყიდვის აკრძალვამ უარყოფითად იმოქმედა ინვესტორებზე, მათ შორის – გერმანელ ინვესტორებზეც: “სახელწიფოს ამ პრობლემის მოგვარება სხვა გზებით შეეძლო. ჩემი აზრით, ეს უფრო იმიგრაციის პრობლემაა, ვიდრე სოფლის მეურნეობის”, – დასძენს საშა ტერნესი და აღნიშნავს, რომ სოფლის მეურნეობა ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული სექტორია. ამ სფეროს განვითარებისთვის აუცილებელია წვდომა დაფინანსებაზე. თუმცა, მიდგომაა შესაცვლელი: “საბანკო სექტორი საქართველოში დინამიკურად ვითარდება, მაგრამ ბანკები კვლავ კონსერვატორებად რჩებიან, – აღნიშნავს საშა ტერნესი, თუმცა იქვე ამატებს, რომ ხშირად პრობლემა არა სესხთან წვდომა, არამედ კარგი პროექტების არარსებობაა. “ამჟამად გერმანიის განვითარების ბანკთან (KfW) ერთად ვმუშაობ ახალი ორგანიზაციის ჩამოყალიბებაზე, რომელიც სწორედ ასეთ პროექტებში გააკეთებს ინვესტირებას”, – ოპტიმისტური ანონსით ასრულებს იგი ამ თემაზე საუბარს.
გერმანიის მოქალაქეს, რომელმაც განვლილი ცხოვრების დიდი ნაწილი საქართველოში გაატარა, საკუთარი ბიზნესის გარდა, სხვა მრავალი გერმანული კომპანიის საქმიანობაზე აქვს აღებული პასუხისმგებლობა. გერმანიის ეკონომიკურ გაერთიანებაში (DWV) კი, რომლის დირექტორთა საბჭოს ახლადარჩეული თავმჯდომარეცაა ბატონი ტერნესი, მათი რიცხვი 85-ია. ბიზნესასოციაცია, რომელიც ჯამში 150 წევრისგან შედგება, 2007 წელს დაარსდა და ქართულ და სომხურ ბაზრებზე მოღვაწეობს. საშა ტერნესის თქმით, საქართველო ჯერჯერობით საკმარისი რაოდენობის საექსპორტო პროდუქციას ვერ აწარმოებს და ეს სავაჭრო ბალანსის დეფიციტში აისახება. გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების თავმჯდომარე განმარტავს, რომ რაც შეიძლება მეტი ყურადღება უნდა მიექცეს უცხოურ ბაზრებზე კარგად გაყიდვადი პროდუქციის შექმნას: “ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება საქართველოს გზას უხსნის ევროპულ ბაზარზე. ქართული კანონმდებლობის და რეგულაციების მოთხოვნილ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას დრო დასჭირდება, თუმცა გრძელვადიანი შედეგი, რომლის მისაღწევადაც ზოგიერთ სექტორში მოკლევადიანი ხარჯების გაღებაა საჭირო, შთამბეჭდავი იქნება”.
გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების ინფორმაციით, საქართველოში 339 გერმანული კომპანია ოპერირებს, რაც 13%-იანი ზრდაა გასულ წელთან შედარებით. 2014 წლის მონაცემებით, საქართველოდან გერმანიაში იმპორტმა 98,9 მილიონი ევრო შეადგინა, გერმანიიდან საქართველოში კი 375,6 მილიონი ევროს ღირებულების ექსპორტი განხორციელდა. ახალ თავმჯდომარესთან ერთად ბიზნესასოციაციის სამომავლო გამოწვევა სავაჭრო პალატების დიდ ქსელში – AHK-ში ინტეგრირებაა, რისთვისაც საქართველოში სიდიდით მეორე უცხოურ სავაჭრო პალატას, გარდა შიდა წარმატებული საქმიანობისა, პოლიტიკური ნება ესაჭიროება. კიდევ უფრო ფართო სპექტრის გლობალურ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ელის საქართველო ევროპელი ლიდერებისგან ვიზალიბერალიზაციის კუთხით. “ვიმედოვნებ, რომ დეკემბრის პოზიტიურ ტექნიკურ დასკვნას მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ასევე პოზიტიური პოლიტიკური შეფასება მოჰყვება და 2016 წლის მეორე ნახევარში საქართველოს მოქალაქეებს ევროპაში სამოგზაუროდ ვიზა აღარ დასჭირდებათ”, – აღნიშნავს საშა ტერნესი.
ვიზა არ დასჭირვებია, საქართველოში პირველად 1996 წელს რომ ჩამოვიდა. მაშინ გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება ჯერ არც კი არსებობდა, თუმცა გერმანიის გაერთიანება, რაშიც საბჭოთა კავშირის ქართველმა საგარეო საქმეთა მინისტრმა შეიტანა დიდი წვლილი, დასრულებული იყო. ევროპული ქვეყანა ცივი ომის შემდგომ განვითარებას წარმატებით განაგრძობდა, საქართველოში კი ეგრეთ წოდებული ბნელი 90-იანების პერიოდი იდგა. 20 წლის საშა ტერნესმა თავისი ცხოვრების მეორე ნახევარი, 19 წლის თაკო დონდუა სწორედ მაშინ, თბილისში გაიცნო: “ჩემს მომავალ მეუღლეს მეგობრის სახლში გამართულ სადილზე შევხვდი, მაშინ საქართველოში გერმანული ტექნოლოგიური კომპანიის ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად ვიყავი ჩამოსული, თაკო კი იურიდიულზე სწავლობდა. შემდეგ დავქორწინდით და გარკვეული პერიოდი გერმანიაში ვცხოვრობდით”, – იხსენებს იგი საქართველოში პირველ სტუმრობას. საცხოვრებლად ტერნესები თბილისში 2007 წელს დაბრუნდნენ. როგორც ოჯახის უფროსი ამბობს, გადაწყვეტილებას ორი მიზეზი ჰქონდა: ქვეყანა პროგრესისკენ მიდიოდა, ამასთან, მან ძალიან მომხიბლავი შემოთავაზება მიიღო “პროკრედიტ ბანკისგან”, რომელსაც დათანხმდა და გერმანული ბანკის ქართულ მენეჯმენტში ჩაერთო.
დღეს საშა და მისი ქართველი მეუღლე თაკო, ბატონი ტერნესის სიტყვებით რომ ვთქვათ, სამი შვილის ბედნიერი მშობლები არიან. 4 წლის მიკა და 2 წლის მონიკა ტერნესები ჯერ საბავშვო ბაღში დადიან. ტერნესების უფროსი ვაჟი, 11 წლის ლუკა, მამის დაარსებულ გერმანულ საერთაშორისო სკოლაში სწავლობს. “მასწავლებლები გერმანიიდან ჩამოგვყავს. შესაბამისად, სწავლის დონე ჩვენთან მაღალია – ანალოგიური, რაც ბერლინში, მიუნხენში ან ფრანკფურტში. ვიღებთ სახელმწიფო დაფინანსებასაც”, – სიამაყით ჰყვება რესპონდენტი. გერმანულ სკოლაში, დამფუძნებლის თქმით, 100 მოსწავლე ირიცხება, მათგან 60 – ქართველია.
გერმანიაში, კერძოდ მიუნხენში ვიზიტით მყოფი ქართველი ალბათ აუცილებლად ესტუმრება ქალაქის მთავარ მოედანს და მარიენპლაცის ღირსშესანიშნაობას ნახავს. აქ რატუშის საათის ქანდაკებები დროში გვამოგზაურებენ და გერმანიის ისტორიის სიუჟეტებს აცოცხლებენ. ევროპასთან უვიზო რეჟიმის შემოღების შემდეგ სულ უფრო მეტ ქართველს მიეცემა ამ წარმოდგენაზე დასწრების შესაძლებლობა. ისტორიული პასაჟებით საქართველოს ვერავინ გააკვირვებს, მსოფლიოში ერთ-ერთ უმდიდრესი წარსულის მქონე ქვეყანას სწორედ ამ ნიშნით ირჩევენ ტურისტები. თუმცა მთავარი მაინც მომავალია და ევროპა საქართველოსკენ უკვე გზად მომავალია.