უკრაინის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, გერმანული თვითმავალი ჰაუბიცების პირველი პარტია უკრაინაში ჩავიდა. აღნიშნული შეიარაღება გერმანიის მიერ უკრაინისათვის მიწოდებული მძიმე ტექნიკის პირველი პარტიაა.
უკრაინა დასავლური ქვეყნებისაგან კიდევ უფრო მეტი მძიმე ტექნიკის, ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებისა და საარტილერიო დანადგარების მიწოდებას ითხოვს. ქვეყანას საბჭოთა წარმოების არსენალი უთავდება, შესაბამისად რუსეთისათვის წინააღმდეგობის გასაწევად განახლებული შეიარაღება და ამუნიცია ესაჭიროება.
„გერმანული Panzerhaubitze 2000-ები გადამზადებულ უკრაინელ ჯარისკაცებთან ერთად უკრაინის საარტილერიო ოჯახს შემოუერთდა“ – განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა.
ცნობისათვის, Panzerhaubitze, იგივე PzH 2000-ები ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი საარტილერიო სისტემა გახლავთ. დანადგარის საოპერაციო მანძილი 420 კილომეტრს შეადგენს, საცეცხლე მანძილი კი ჭურვების მიხედვით 30-დან 45 კილომეტრამდე განსხვავდება. უფრო მეტს აღნიშნული გერმანული თვითმავალი ჰაუბიცის შესახებ Forbes Georgia-ს მასალაში იხილავთ.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრეი იერმაკმა გერმანელების მიერ შეპირებული სამხედრო დახმარების სიაც გამოაქვეყნა. უკრაინელები გერმანელი კოლეგებისაგან 30 ერთეულ Gepard-ის ტიპის თვითმავალ ჰაერსაწინააღმდეგო დანადგარს, 3 ერთეულ MARS II-ის ტიპის მრავალჯერად სარაკეტო კომპლექსს და 500 ერთეულ ხელით გადასატან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს Stinger-ს ელოდებიან.
თვითმავალი ჰაუბიცების მიწოდებით გერმანია იმ ქვეყნების ჩამონათვალს შეუერთდა, რომელთაც უკრაინას მსგავსი ტიპის შეიარაღება უკვე მიაწოდეს. აღნიშნულ ქვეყნებს აშშ, ბრიტანეთი, საფრანგეთი, ნორვეგია და პოლონეთი მიეკუთვნებიან.
დატოვე კომენტარი