მსოფლიოში უამრავი ბრენდია, უამრავი სახელოსნო – დიდი და პატარა, კონტინენტებზე გაშლილიც და სადღაც, სარდაფებში გამომწყვდეულიც… ყველა ვერ გეცოდინება, ყველას ვერ დაიმახსოვრებ, ყველა არც არასოდეს დაგჭირდება და ამით არც არაფერი დაგაკლდება… თუმცა არსებობენ “ღირსების ბრენდები”, რომლებიც შეუძლებელია არ იცოდე, ადრე თუ გვიან მათ შესახებ ყველაფერს იგებ, ისინი აუცილებლად მოდიან და… რჩებიან! მათ აქვთ ძალა და მიზიდულობა, მათ აქვთ ფასი და ისტორია, მათ აქვთ მომავალი!
“კრისტოფლი” (Christofle) და “როზენტალი” (Rosenthal) – ორი “ღირსების ბრენდი” – დიდი ისტორიით, მრავალფეროვანი დღევანდელობით და კიდევ უფრო საინტერესო მომავლით.
“კრისტოფლი”
“მხოლოდ ერთი ხარისხი – საუკეთესო!”
სამკაულები და სუფრის ატრიბუტები, ჭურჭელი და სასაჩუქრე ნივთები, დანა-ჩანგალი და დეკორატიული საგნები, სამზარეულოს მოწყობილობები და საბავშვო სერიები, ათობით კოლექცია და ათასობით დეტალი ხარისხის, სანდოობისა და ელეგანტურობის მაღალი სტანდარტით – ასეთია დღეს “კრისტოფლის” ფრანგული სახლი.
ორ ათეულ წელზე ცოტა ნაკლებიც და “კრისტოფლი” ზუსტად ორი საუკუნის გახდება. მსოფლიოში ცნობილი ბრენდი 1830 წელს დააარსა შარლ კრისტოფლმა. კრისტოფლი დაიბადა მეწარმეების ოჯახში, რომელთა სპეციალიზაციაც ძვირფასი ლითონების დამუშავება გახლდათ. კრისტოფლი 15 წლის ასაკში იწყებს საიუველირო პროფესიის დაუფლებას. 10 წლის შემდეგ ის სათავეში უდგება ოჯახურ ბიზნესს და “კრისტოფლის” ოფიციალური ისტორიაც იწყება. 1830 წელს “კრისტოფლი” იყო ვერცხლის ნივთების მწარმოებელი პატარა ფირმა, ერთი ან ორი ხელოსნით და უზარმაზარი ამბიციით…
შარლ კრისტოფლმა იცის, რომ მას სჭირდება დრო – შესაქმნელად და ტერიტორიები – გასავრცელებლად. ის რამდენიმე ათეული წლით უსწრებს დროს, რომელშიც ცხოვრობს და მსოფლიოს, რომელიც ძალიან მალე “კრისტოფლის” დაუძლეველ ხიბლში მოექცევა. ის იწყებს ექსპორტს ჯერ ევროპის, შემდეგ კი ამერიკის კონტინენტზე. სულ რაღაც 10 წელი და “კრისტოფლი” იმ დროის საფრანგეთში ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ მწარმოებლად იქცევა. 1945 წლიდან “კრისტოფლის” სახლი იწყებს ვერცხლთან ერთად სხვა ლითონებისა და მასალების გამოყენებას, რომლებიც “არანაკლებ მდიდრულია”, ვიდრე ვერცხლი. მას უკვე ყველა იცნობს, “კრისტოფლი” სჭირდება ყველას – წვრილ ბურჟუაზიასა თუ საიმპერატორო კარს.
1851 წლიდან, “კრისტოფლის” ნაწარმის ნაპოლეონ III-ის კარზე უდიდესი წარმატების შემდეგ, იწყება მსოფლიოს ელეგანტურად “დაპყრობის” ისტორიაც: “კრისტოფლს” იცნობენ და აფასებენ რუსეთსა და მექსიკაში, გერმანიასა და თურქეთში, ავსტრიასა და სხვაგან… ამ დროიდან ის ამარაგებს არა მხოლოდ საკონსულოებს, პარლამენტებსა და სამინისტროებს მთელ მსოფლიოში, არამედ მაღალი კლასის სასტუმროებსა თუ ცნობილ საზღვაო და სარკინიგზო კომპანიებს. იქიდან დღემდე, ბაზრის კანონების დაცვითა და ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვით, “პირველაღმომჩენის სულითა” და დროში გამოცდილი პროფესიონალიზმით, “კრისტოფლი” ინარჩუნებს განსაკუთრებულ ადგილს გემოვნებიან და “მაღალი კლასის” მსოფლიოში. მისი სახელი ყოველთვის ასოცირდება ცნობილ იუველირებთან და დიზაინერებთან, სახელოვნებო და შემოქმედებით წრეებთან. XXI საუკუნის დასაწყისში კომპანიამ წარსული “გააცოცხლა” და კვლავ დაუბრუნდა ვერცხლს. შეიქმნა 20 სრულიად ფანტასტიკური კოლექცია.
“კრისტოფლის” დამაარსებელი და “ვერცხლის სულის” მფლობელი შარლ კრისტოფლი ამბობდა: “მხოლოდ ერთი ხარისხი – საუკეთესო!..”
“როზენტალი”
“ფაიფურის სამეფო” – მონუსხვის ხელოვნება და ფილოსოფია
“როზენტალი” – ბრენდი, რომელიც თავის თავში კიდევ რამდენიმე ბრენდს აერთიანებს. არცთუ ისე დიდი ხნის წინათ კომპანიამ დაარსებიდან 130 წლის იუბილე იზეიმა. “როზენტალის” “ფაიფურის სამეფო” დღეს საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურება: ათობით ფილიალი მთელ მსოფლიოში, საფირმო მაღაზიები დიდ ქალაქებში, 8000 კვადრატულ მეტრზე გაშლილი მუზეუმი გერმანიაში – ქვეყანაში, სადაც ყველაფერი დაიწყო. “როზენტალის” წარმოება ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია თანამედროვე სამყაროში და ეს მასშტაბურობა ამ შემთხვევაში ხარისხს, მრავალფეროვნებასა და უზარმაზარ პრესტიჟსაც გულისხმობს.
1879 წელს ფილიპ როზენტალის მიერ გახსნილ მცირე საწარმოში მხოლოდ მზა ფაიფურის მოხატვას ახერხებდნენ. უფრო სწორად, ახერხებდა, რადგან იმ დროს თავად გახლდათ კომპანიის დამაარსებელიც და ერთადერთი დიზაინერ-თანამშრომელიც. რამდენიმე წლის შემდეგ ფილიპ როზენტალი “იძულებული გახდა” საკუთარი წარმოება დაეწყო, ანუ ეკეთებინა ის, რაც არავის შეეძლო მის გარდა; მხოლოდ ის, რაც მის გემოვნებასა და მკაცრ მოთხოვნებს შეესაბამებოდა. ეს ეხებოდა ფორმასა და სტილს, მასალის ხარისხსა და დამზადების ტექნოლოგიას – მოკლედ, ყველაფერ იმას, რასაც დღეს “როზენტალის” ბრწყინვალე ისტორიასა და ტრადიციას ვუწოდებთ.
“როზენტალი” წლების განმავლობაში რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს კონკურენტ კომპანიებს. აქ კარგად იციან, რომ საუკეთესო პროდუქცია არ იქმნება მდიდარი წარმოსახვისა და პროფესიული სითამამის გარეშე, წლების განმავლობაში მათთან თანამშრომლობენ ცნობილი მხატვრები და დიზაინერები, რომლებიც ქმნიან ფაიფურისა და მინის კოლექციებს, უფრო სწორად, ხელოვნების ნიმუშებს. აქ ყალიბდება ავანგარდული თუ ფუტურისტული ფორმები, ანტიკური და კლასიციზმის ეპოქების ანაბეჭდები, სრულყოფილი გეომეტრია და “ფილოსოფია”… კომპანიაში კარგად ესმით ექსპერიმენტებისა და სიახლეების ფასი, ამიტომაც არ ერიდებიან ახალ ტექნოლოგიებს, ინოვაციურია მათი პოლიტიკა როგორც წარმოებისა და დიზაინის, ისე ბაზარზე დამკვიდრების თვალსაზრისით.
ამჟამად კომპანია რამდენიმე ძირითად ბრენდ-მიმართულებას ამუშავებს: Studio-Line-ს, Selection-ს, Versace-ს, Sambonet-ს, Thomas-სა და Hutschenreuther-ს. ეს მიმართულებები აერთიანებს მაღალი ხარისხის ფაიფურის, ბროლისა და სხვა მასალის პროდუქციას, მსოფლიოს საუკეთესო მოდის სახლებისა და დიზაინერების მიერ შექმნილ კოლექციებს, სამზარეულოს აღჭურვილობასა და ყველაფერს სახლის დიზაინისა და დეკორაციისათვის, სერიებს კლასიკური ფორმებითა და ვარიაციებით კლასიკის თემაზე, განსაკუთრებული სტილისა და შინაარსის ნივთებს, გამორჩეულ ნაწარმს… აქვთ საშუალო შესაძლებლობის მქონე ბაზრისათვის შექმნილი მშვენიერი და ამავე დროს პრაქტიკული მოხმარების ჭურჭელი და საყოფაცხოვრებო ნივთები; ამარაგებენ მაღალი კლასის სასტუმროებსა და რესტორნებს.
“როზენტალისთვის” განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა “ვერსაჩეს” (Versace) სახლთან თანამშრომლობა, რომელიც 1993 წელს დაიწყო. დღეს დიდი პოპულარობით სარგებლობს “როზენტალ-ვერსაჩეს” ხაზით წარმოებული პროდუქცია – ყავისა და ჩაის სერვიზები, ჭიქები და თეფშები, სამზარეულოსა და სუფრის სხვა ატრიბუტები, სასაჩუქრე კომპლექტები, შეზღუდული რაოდენობის ორიგინალური სერიები ტრადიციული და თანამედროვე დეკორით. საოცარი ხარისხისა და ფორმების გარდა “როზენტალ-ვერსაჩეს” ყველა სხვა ნივთისგან გამოარჩევს “მომნუსხველი” საფირმო ნიშანი – მედუზა გორგონას გამოსახულება…
“უნივთო” სამყაროს არავინ ირჩევს. “უნივთოდ” ცხოვრება მოსაწყენია, მაგრამ ყველაზე უარესი ალბათ მაინც ცუდი ნივთებით სავსე სამყაროში ცხოვრებაა. ზოგჯერ ბედნიერებისთვის სულ მცირედიც საკმარისია – დეკორაციის უმცირესი ნაწილი სახლში ან ერთი პატარა დეტალი სამზარეულოში, კოვზი ან ფიალა, ყავადანი ან ჩანგალი, თეფში ან საკარაქე, ფინჯანი ან საფერფლე ან… ყველაფერი ერთად… ადამიანებს სჭირდებათ ის, რასაც “წარსული” აქვს; ის, რაც ყოველთვის ილაპარაკებს, ის, რისი “შინაარსიც” მოსაწონია, ფორმაც და “ფილოსოფიაც”. აჩუქე ადამიანებს ის, რაც სჭირდებათ; ის, რასაც “წარსული” აქვს; ის, რაც ყოველთვის “ილაპარაკებს”, ის, რისი “შინაარსიც” მოსაწონია, ფორმაც და “ფილოსოფიაც”. “კრისტოფლი” და “როზენტალი” – ბრენდები, რომლებიც ყველა სასაჩუქრე იდეასა და ფანტაზიას იტევენ.
დატოვე კომენტარი