ინოვაციური სტარტაპების მცირე ჯგუფი დაბალხარჯიან სენსორებს, იაფ გადამმუშავებელ ძალას, ხელოვნურ ინტელექტსა და მანქანური სწავლების მიღწევებს ამინდის პროგნოზირებისა და მოდელირების სფეროში რევოლუციური ცვლილებების მოსახდენად იყენებს. ბიზნესები, აგრონომიით დაწყებული, ავტორბოლებით დამთავრებული, სარგებელს ნახავენ. ასაკოვან კომპანიებს კი, როგორიცაა, მაგალითად, AccuWeather-ი, დასაკარგი ბევრი აქვთ.
“უვარგისი” – ასეთია ჯოელ მაიერსის, AccuWeather-ის დირექტორის პროფესიონალური მოსაზრება ნიუ-იორკ-სიტიში დედის დღის ამინდთან დაკავშირებით, იმ დროს, როცაწვიმა გზის საფარს გაუჩერებლად ეშხეფება და ტემპერატურა 40-მდე ვარდება. 50-ე ქუჩისა და მე-3 ავენიუს კუთხიდან, ის კომპანიის სათავო ოფისს, საშტატო კოლეჯში, პენსილვანიაში, ტექსტურ შეტყობინებას უგზავნის და თანამშრომლებს ნიუ-იორკის პროგნოზში ამ სიტყვის გამოყენებას სთავაზობს. “ყოველთვის ვცდილობ ახალი გზების გამონახვას, რათა ჩვენ მიერ გადმოცემული ინფორმაცია უფრო ზუსტი იყოს”, – ამბობს ის.
მაიერსი, 79 წლის ტანმორჩილი და მოხდენილი, წაბლისფრად შეღებილი ხშირი თმით, ამერიკის ამინდის პროგნოზის უძველეს კერძო, დამოუკიდებელ კომპანიას მართავს. მან ის 1962 წელს დააარსა, როცა Penn State-ში მეტეოროლოგიის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლობდა. მისმა პირველმა კლიენტმა, გაზის ადგილობრივმა კომპანიამ, $150 გადაუხადა, რათა ზამთრის სამი თვის ამინდის პროგნოზი გაეკეთებინა, სახლის გათბობის მოთხოვნაზე პასუხის დასაგეგმად.
დღეს, მოკრძალებული შეფასებით, AccuWeather-ის წლიური შემოსავალი $100 მილიონს სცდება. მომხმარებლების რიცხვში არიან მთელ ქვეყანაში მოქმედი ასობით ტელე-და რადიოსადგურები და დამატებით – მთავარი ბეჭდური გამოცემები, როგორიცაა: New York Times-ი, Wall Street Journal-ი და USA Today. 1,000-ზე მეტი კომპანია შემოსავლის გაზრდის მიზნით იყენებს AccueWeather-ის კერძო ამინდის პროგნოზს. მათ შორის მოსალოდნელიდან – სარკინიგზო კომპანიები, Six Flags-ის მსგავსი გასართობი პარკები – ნაკლებად მოსალოდნელი მომხმარებლები არიან, მაგალითად, Clemson University-ის კამპუსის პოლიციის დეპარტამენტი და Starbucks-ი.
მთლიანობაში, ბიზნესის ღირებულება $900 მილიონი შეიძლება იყოს, და ჯოელი მის ნახევარზე მეტს ფლობს, დანარჩენი კი კომპანიის აღმასრულებლებსა და თანამშრომლებზე ნაწილდება, რომელთა შორის მისი უმცროსი ძმა, ევანია, კომპანიის მთავარი მოქმედი ოფიცერი. ჯოელის მეორე ძმამ, ბარიმ, რომელიც იანვრამდე AccueWeather-ის აღმასრულებელი დირექტორი იყო, ცოტა ხნის წინ თავისი მცირე წილი _ $16 მილიონი გაყიდა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტ ტრამპის მიერ $5.4-მილიარდიანი (2019 წლის ბიუჯეტის მიხედვით) National Oceanic & Atmospheric Administration-ის (NOAA) ხელმძღვანელად დაინიშნა.
ათწლეულების განმავლობაში ამინდის პროგნოზის კერძო სექტორი მშვიდი ინდუსტრია იყო, სადაც რამდენიმე ამერიკული კომპანია _ AccuWeather-ი, Weather Company (1982 წელს დაფუძნდა როგორც Weather Channel-ი და IBM-მა 2016 წელს $2.3 მილიარდად იყიდა) და DTN-ი დომინირებდა, რომელიც ინდუსტრიის საჭიროებებზეა ორიენტირებული და გასულ წელს შვეიცარიულმა ჰოლდინგურმა კომპანიამ $900 მილიონად იყიდა.
მაგრამ ამჯერად მაკროტრენდების შტორმმა – ისტორიულად ყველაზე იაფი გადამმუშავებელი ძალა, ღრუბლებში გამოთვლა, დიდად გაუმჯობესებული ხელოვნური ინტელექტი და დაბალხარჯიანი სენსორების მომრავლება _ ამბიციური სტარტაპების ახალი მარცვლეულისთვის მდელო გამოაჩინა. ერთობლივად მათ ასობით მილიონი დოლარი მოიზიდეს ინვესტორებისგან, რომელთა აზრითაც კონკურენტები ახალი კრეატიული ბიზნესმოდელების მიმართ მოწყვლადები არიან.
ისინი დიდი და მზარდი ნამცხვრისთვის პაექრობენ. უახლესი მონაცემების მოძიება რთულია, მაგრამ 2013 წლის Wharton School-ის კვლევამ კლიმატისა და ამინდის კომპანიების წლიური შემოსავალი $3 მილიარდად შეაფასა და მთლიანობაში ინდუსტრიის ღირებულება $6 მილიარდი იყო. 2017 წელს National Weather Service-ის პროგნოზით, ეს სექტორი ზომით გახუთმაგდებოდა.
“ყოველ ჯერზე, როგორც კი გვერდით გავიხედავთ, ახალი ბაზარი იხსნება”, – ამბობს გლენ დენი, Baron Services-ის საწარმოს გადაწყვეტილებების ხელმძღვანელი. ჰანტსვილში, ალაბამაში მდებარე 29 წლის ფირმა, რომელიც $1 მილიონის ღირებულების Doppler-ის რადარებს აწარმოებს, საკუთარ ინდივიდუალური პროგნოზის ბიზნესს აფართოებს.
თითქმის უსასრულო შესაძლო გამოყენება აქვს. ავიღოთ Nascar-ს რბოლები, რომლებიც წვიმის დროს შეჩერებულია. Michigan International Speedway-ის ბოლო ღონისძიების დროს Chevy-ის მძღოლმა ოსტინ დილონმა პიტსტოპი გამოტოვა და პირველ ადგილზე გავიდა, როდესაც ძლიერმა წვიმამ რბოლა შეაჩერა. და რა არის მისი საიდუმლო იარაღი? IBM-ის კერძო პროგნოზირება, რომელმაც მოსალოდნელი ნალექიანობის შესახებ წინასწარ გააფრთხილა. “ჩვენ მოსახვევების დონეზე ვიღებთ ამინდის პროგნოზს, ტრასის მეოთხედი მილის მანძილზე,” – ამბობს პეტ სუჰი, Chevrolet Nascar Competition Group-ის მენეჯერი, რომელიც წელიწადში პროგნოზის გამოწერისთვის $100,000-ზე მეტს იხდის.
მისი მნიშვნელობა საჭიროების ზომის მიხედვით იზრდება. Xcel Energy მინეაპოლისში მდებარე კომპლექსია, რომლის წლიური გაყიდვებიც $11.5 მილიარდია და რომელსაც ქარის ენერგიის დიდი განყოფილება აქვს. Xcel Energy-მ, კოლორადოში არსებული Global Weather Corp-ის, Boulder-ის კერძო პროგნოზით, თავის მომხმარებლებს შვიდი წლის შესაბამისი $60 მილიონის ღირებულების საწვავის ხარჯები დაზოგა.
კერძო პროგნოზის ყოველი კომპანია National Weather Service-ის უფასოდ ხელმისაწვდომი ინფორმაციის გამოყენებით იწყებს. შემდეგ უმეტესობა მონაცემების საკუთარ წყაროს ამატებს, იაფი სენსორული ჩიპების გამოყენებით, რომლებიც სხვადასხვაგვარადაა განთავსებული _ ზღვაში მცურავი დრონებით დაწყებული, Xcel-ის შემთხვევაში, მისი ტურბინებით დამთავრებული. ეს მონაცემები, შემდეგ მათ მიერ შექმნილ ალგორითმებსა და ამინდის მოდელებში შეჰყავთ, რაც ხშირად ხელოვნური ინტელექტისა და მანქანური დასწავლის სწრაფ განვითარებაზეა დამოკიდებული.
“არამარტო მასობრივი რაოდენობის მონაცემების სწრაფად მოგროვება და მათი მოდელებში გაანალიზება გამარტივდა, შედეგების გავრცელებაც უფრო სწრაფი გახდა, ამბობს ერიკ ფლოერი, ოჰაიოში, დუბლინში არსებული ForcastWatch-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც ამინდის პროგნოზის J.D. Power-ის სახელითაა ცნობილი: “უბრალოდ, უფრო მეტი ექსპერიმენტი ტარდება”.
ამინდთან დაკავშირებული სტარტაპებიდან სამი გამოირჩევა მათ მიერ მოპოვებული თანხების მიხედვით; ამინდის მონაცემების მათეული ინოვაციური გზებით მოპოვების, შეფასებისა და გაყიდვის გამო; და მათი ამბიციების მასშტაბების მიხედვით.
ყველაზე გაბედული, ალბათ, Saildrone-ია, 2012 წელს კალიფორნიაში, ალამედაში, 42 წლის რიჩარდ ჯენკინსის მიერ დაფუძნებული. ის მექანიკური ინჟინერი და მცურავია, რომელიც გაერთიანებულ სამეფოში დაიბადა, და მოგზაურობა უწევდა მისი ბაბუის ავსტრალიურ ფერმასა და ინგლისის ქალაქგარეთ მდებარე სახლს შორის, საუტჰემპტონის იახტების გამშვებ პუნქტთან ახლოს.
Imperial College London-ში ინჟინერიის შესწავლამდე, ერთი წელი ღია ზღვაში გაატარა, და ამ პერიოდში იტალიელი მდიდარი ბიზნესმენის, ჯანი ანელის იახტის ეკიპაჟის წევრადაც იმუშავა. სწავლის დაწყებიდან ორი წლის შემდეგ ჯენკინსმა უცნაური მოწყობილობის შექმნა დაიწყო მილისებრი კარბონ-ბოჭკოვანი ღია კაბინით, სარბოლო მანქანის სამი ბორბლითა და თავზე დამაგრებული 40-ფუტიანი იალქნით, რომელსაც ხმელეთის იახტა დაარქვა. 2009 წლის მარტში, მოჰავეს უდაბნოში, მშრალი ტბა მან ელვის სისწრაფით გადაკვეთა, საათში 126.2 მილს მიაღწია და ქარის ძალით გადაადგილების სიჩქარეში მსოფლიო რეკორდი დაამყარა.
ამ გამოცდილებამ ოკეანეში მოცურავე, მისი სახმელეთო იახტის მსგავსი რობოტების არმადის იდეა დაბადა. მან Saildrone-ი კვლევითი პროექტის სახით შექმნა, რომელიც 23 ფუტის სიგრძის, 15 ფუტი სიმაღლის შორიდან მართული ნავების ფლოტის წარმოებას გულისხმობდა, თითოეული მათგანი კი 20 მეტეოროლოგიური და ოკეანოგრაფიული სენსორებით იქნებოდა აღჭურვილი. მისი თქმით, თავიდან მისი იდეა იყო, რომ ოკეანის მჟავიანობის, ტემპერატურისა და მარილიანობის შესახებ ინფორმაცია მოეგროვებინა და “კარგი საქმისთვის” გამოეყენებინა. მისი პირველი კლიენტები NOAA-სა და NASA-ს მსგავსი სამთავრობო სააგენტოები იყვნენ.
2017 წლისთვის ჯენკინსი მიხვდა, რომ Saildrone-ის რობოტები უნიკალურ და ძლიერ მონაცემებს აგროვებდნენ, რომლებიც ამინდის უკეთ პროგნოზირებაშიც შეიძლებოდა გამოეყენებინათ. ბოლო-ბოლო, ამინდის უმეტესი ნაწილი ოკეანეების თავზე ფორმირდება და მათ შესამჩნევად ამინდის სადგურების მცირე რაოდენობაა განთავსებული. მართალია, მხოლოდ 25 რობოტი ჰყავს განთავსებული, მისი თქმით, Saildrone-ი პროგნოზს უკვე სპორტულ გუნდებს, სადაზღვევო კომპანიებსა და ჰეჯ-ფონდებს სთავაზობს.
ნახევარ ათეულზე მეტი ინვესტორი, მათ შორის Google-ის ყოფილი დირექტორის ერიკ შმიდტის ფონდი, $90 მილიონი ღირებულების ვენჩურული კაპიტალით კომპანიას ზურგს უმაგრებს. Pitchbook-ი მის საბაზრო ღირებულებას $260 მილიონით განსაზღვრავს. თანამშრომლების რაოდენობა 100-ს აღწევს და კიდევ უფრო მატულობს. იანვარში კომპანიამ ამინდის უფასო აპლიკაცია შექმნა და პრემიუმ-ვერსიისთვის გაყიდვას ივნისიდან დაიწყებს. იაფი გამოთვლითი ძალა Saildrone-ს ამინდის ძლიერი მოდელების სწრაფი შემოწმების შესაძლებლობას აძლევს, მაგრამ მისი უზარმაზარი სენსორული მონაცემები AccuWeather-ისა და მისი მსგავსებისთვის ახალ გამოწვევას წარმოადგენს. “ჩვენ მონაცემების უნიკალური წყაროები გვაქვს, მათ კი _ არა”, – ამბობს ჯენკინსი.
სხვა სტარტაპები ამინდის მონაცემებს იღებენ და პროგნოზირებას რამდენიმე ნაბიჯითაც სცდებიან. კალიფორნიაში, სან-მატეოში არსებული, ორი წლის წინ შექმნილი Jupiter Intelligence-ი, რომელსაც ოფისები ნიუ-იორკსა და ბოულდერში, კოლორადოში აქვს, ამინდის მონაცემებს გარემოსა და ლანდშაფტის ინფორმაციასთან აერთიანებს იმისთვის, რომ “კლიმატის რისკის შეფასება” შექმნას. ის ორ სერვისს ყიდის: მოკლევადიან პროგნოზს, ერთი საათიდან ხუთი დღის ჩათვლით და ხანგრძლივვადიან პროექციებს, რომლებიც მომავალ 50 წელს უყურებს.
Jupiter-ი იმედოვნებს, რომ, ჰიუსტონისა და ლოს-ანჯელესის მსგავსი მთავარი ქალაქები, რომლებიც ქარიშხლებისთვის, წყალდიდობებისა და ხანძრებისთვის წინასწარ ემზადებიან, საბოლოოდ მათი კლიენტები გახდებიან, მაგრამ ხანმოკლე პერსპექტივაში გარანტირებული კლიენტები ისეთი ბიზნესებია, რომლებიც მკაცრი ამინდით ზარალდება. ნებისმიერ კომპანიას, რომელსაც საწყობი დაბალ ადგილას აქვს განთავსებული, სურს იცოდეს, თუ რამდენი კვადრატული ფუტი შეიძლება დაკარგოს ზღვის დონის აწევის გამო და როდის შეიძლება ეს მოხდეს. კომპანიის სადაზღვევოსაც სურს იმავეს ცოდნა. QBE, დიდი ავსტრალიური სადაზღვევო კომპანია, უკვე Jupiter-ის მომხმარებელია, ისევე როგორც – Nephila, დაზღვევაზე ორიენტირებული საინვესტიციო ფირმა. ორივე ასევე ინვესტორია, რომლებმაც კომპანიაში წვლილი შეიტანეს და $33 მილიონით დაეხმარნენ მას.
“IBM-ი და AccueWeather-ი ამინდს წინასწარმეტყველებს, – ამობს Jupiter-ის დამფუძნებელი და დირექტორი, 57 წლის რიჩ სორკინი, – ჩვენ ამ ამინდის შედეგებს ვპროგნოზირებთ”. Jupiter-ი ახალ კლიენტებს საცდელი მოდელის გაშვებას $200,000-დან $500,000-მდე ფასის ფარგლებში სთავაზობს. ყოველწლიური გამოწერა $1 მილიონი და უფრო მეტია. ამ დროისთვის მისი შემოსავალი ერთციფრიანი მილიონების ფარგლებშია, თუმცა ის 2019 წლისთვის ათჯერ უფრო მეტს მოელის.
იელის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, სტენფორდიდან M.B.A. ხარისხით, რომელმაც მენეჯმენტის კონსულტანტად მუშაობით დაიწყო კარიერა, სორკინი ელონ მასკის პირველ სარისკო წამოწყებას, Zip2-ს ხელმძღვანელობდა, რომელმაც ქალაქების ონლაინ სახელმძღვანელოები შექმნა, სანამ მას 1999 წელს $300 მილიონად მიყიდდნენ Compaq-ს. 2008 წელს მან პირველად სცადა სტარტაპის წამოწყება, ბიზნესებისთვის ამინდის პროგნოზი რომ მიეყიდა. მისი იდეა იყო, რომ აეღო საჯაროდ ხელმისაწვდომი მეტეოროლოგიური მოდელები, კომპიუტერული ძალით გაეზარდა მათი მუშაობა და ენერგიასთან დაკავშირებული მოწყობილობებით მოვაჭრე კომპანიებისთვის 30-დღიანი პროგნოზი მიეყიდა. მაგრამ ეს პროგნოზი კონკურენტებისაზე უკეთესი არ იყო. მან კომპანია Zeus Analytics-ისთვის მხოლოდ $1 მილიონი მოაგროვა და 2011 წელს შეწყვიტა ბიზნესმოქმედება.
Jupiter-ი უფრო იმედის მომცემად გამოიყურება. 50-კაციანი ჯგუფი ფედერალური მთავრობის National Center for Atmospheric Research-სა და NOAA-ს ნიჭიერ თანამშრომლებს მოიცავს. Zeus-ის მსგავსად, Jupiter-ი მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს იყენებს, მაგრამ სორკინი ამბობს, რომ ხელოვნური ინტელექტი და ლანდშაფტის დეტალური ინფორმაცია ისეთი ტიპის რისკის პროგნოზს აკეთებს, რომლისთვისაც მომხმარებლები მზად არიან, ფული გადაიხადონ. ღრუბლებში გამოთვლის გარეშე, მისი თქმით, Jupiter-ი ვერ იარსებებდა.
კიდევ ერთი შეჯიბრის მონაწილე დიდი ამბიციებით: ClimaCell-ი, 2015 წელს 32 წლის შიმონ ელკაბეცის, ისრაელის საავიაციო ძალების ყოფილი მფრინავის მიერაა დაარსებული, რომელმაც M.B.A. ხარისხი ჰარვარდში მოიპოვა. სამხედრო სამსახურში ყოფნის დროს, თვითმფრინავზე კონტროლი თითქმის დაკარგა იმის გამო, რომ ამინდის პროგნოზის პროგრამამ ვერ აუწყა ღრუბლების სქელ ფენას რომ უახლოვდებოდა. ამ დროს მან გაიფიქრა: “ვინმემ ახალი მოწყობილობა უნდა გამოიგონოს”.
ორ თანადამფუძნებელთან ერთად მან განავითარა, მისი თქმით, წუთობრივი, ჰიპერლოკალური პროგნოზი და ამბობს, რომ ის კონკურენტებისაზე 60%-ით უფრო ზუსტია. ელკაბეცის მიხედვით, ClimaCell-ის უპირატესობა შემდეგია: ამინდის სამთავრობო მონაცემების გარდა, რომელთაც კერძო კომპანიები იყენებენ, ის მონაცემებს ისეთი ახალი წყაროებიდან იღებს, როგორიცაა მობილური ტელეფონის სიგნალები და ქუჩის კამერები. “ჩვენ ამას საგნების ამინდს ვეძახით, – ამბობს ის. – ჩვენ ყველაფერს ამინდის სენსორად ვაქცევთ”.
კომპანიამ, ვენჩურული კაპიტალის სახით, $77 მილიონი მოიპოვა, რაც მის ღირებულებას, სავარაუდოდ, $217 მილიონით განსაზღვრავს. მხოლოდ გასულ წელს ელკაბეცმა ოფისები გახსნა თელ-ავივსა და ბოულდერში, კოლორადოში, ბოსტონში მდებარე მისი სათავო ოფისის დასახმარებლად. ის პირდაპირ იმ მრავალ ინდუსტრიას უმიზნებს, რომლებსაც AccuWeather-ი ემსახურება. “ჩვენ ვაპირებთ, AccueWeather-ზე დიდები გავხდეთ, – ამბობს ის. – გვინდა, მსოფლიოში ამინდის ტექნოლოგიის უდიდეს კომპანიად ვიქცეთ”.
ClimaCell-ი უკვე ისეთი ავიახაზებისთვის ამზადებს ამინდის პროგნოზს, როგორიცაა JetBlue, რომელიც ასევე ინვესტორია და New England Patriots-ისთვის, როცა თამაშის დღეა. Via, საზიარო მგზავრობის კომპანია, მათ პროგნოზს ხუთი ქალაქისთვის, მათ შორის ლონდონისა და ამსტერდამისთვის, იყენებს. შუა მაისის კვირა დღეს Via-მ ClimaCell-ისგან შეტყობინება მიიღო ნიუ-იორკში მოსალოდნელი ძლიერი წვიმის შესახებ, რომელიც გვიან დილიდან შუადღემდე გასტანდა, ქალაქის სხვადასხვა ნაწილში – განსხვავებული სიძლიერით. ვინაიდან იცოდნენ, რომ მოთხოვნა გაიზრდებოდა, Via-მ იზრუნა, რომ ყველაზე უხვნალექიან ადგილებში მძღოლების საკმარისი რაოდენობა ყოფილიყო. “ჩვენთვის ClimaCell-ის პლატფორმის გამოყენებას მნიშვნელოვანი ფულადი ღირებულება აქვს”, – ამბობს არი ლუკსი, Via-ს გლობალური ბაზრის ეკონომიკის დირექტორი.
აჯობებს ClimaCell-ი მის კონკურენტებს? ჯორჯიის უნივერსიტეტის ატმოსფერული მეცნიერებების პროგრამის დირექტორი, წარსულში ამერიკული მეტეოროლოგიური საზოგადოების პრეზიდენტი, მარშალ შეპარდი ამბობს, რომ ჯერ კიდევ მნიშვნელოვან სტატისტიკურ შედეგებს ელოდება, რათა კომპანიის განცხადებები დადასტურდეს, თუმცა ამატებს, რომ მრავალი ახალი მონაცემის წყარომ, შესაძლოა, უფრო ზუსტი პროგნოზირება გამოიწვიოს. “ოპტიმისტურად ვუყურებ მათ ქმედებებს”, – ამბობს ის.
სხვები უფრო სკეპტიკურები არიან. “ClimaCell-ი მრავალ განცხადებას აკეთებს, მაგრამ მე ჯერ არც ერთის მტკიცებულება არ მინახავს, – ამბობს კლიფორდ მასი, ვაშინგტონის უნივერსიტეტის ატმოსფერული მეცნიერებების სტაჟიანი პროფესორი. – ქუჩის კამერები ამინდის პროგნოზს ვერ გააუმჯობესებს”.
ელკაბეცი პასუხობს, რომ მისი მტკიცებულება მომავალი მომხმარებლები არიან.
ForecastWatch-ის ერიკ ფლოერი ყველაზე ახლოსაა ექსპერტის სტატუსთან, როცა საქმე ამინდის კერძო პროგნოზირების ბიზნესს ეხება. მისი თქმით, ჟიური შეაფასებს Saildrone-ს, ClimaCell-სა და Jupiter Intelligence-ს. და რაც შეეხება ClimaCell-ის განცხადებას, რომ მისი პროგნოზი კონკურენტებისაზე 60%-ით უფრო ზუსტია? “განსაკუთრებული განცხადება განსაკუთრებულ მტკიცებულებებს საჭიროებს”, – ამბობს ის.
AccuWeather-ის კრიტიკა გამწვავდა მას შემდეგ, რაც ტრამპმა ბარი მაიერსი NOAA-ს ხელმძღვანელად დანიშნა. გავრცელებული მოსაზრების მიხედვით, კომპანია მრავალი წელია, ცდილობს, რომ მთავრობის ამინდის უფასო პროგნოზს ხელი შეუშალოს. ფართოდ გაშუქების მიუხედავად, ჯოელ მაიერსი გაბრაზებით უარყოფს ამას, “ეს სრული სისულელეა, – განრისხებით ამბობს. – არავის უცდია National Weather Service-ის როლის შეზღუდვა”.
ის ასევე პირდაპირ უარყოფს ძალადობის ფაქტს, რომელიც AccuWeather-ში მოხდა, იმის მიუხედავად, რომ კომპანიამ 2018 წელს $290,000 გადაიხადა, რათა შრომის დეპარტამენტის გამოძიება მოეგვარებინა, რომლის მიხედვითაც, “AccuWeather-ში სექსუალური ძალადობაა გავრცელებული”. “ჩვენ ამ ყველაფერს უარვყოფთ”, – ამბობს ის.
“ძალადობის მტკიცებულება არ აღმოუჩენიათ”, – ამბობს ბარი, რომელიც ამ დროს უმაღლეს თანამდებობას იკავებდა.
უფრო რთულად თავიდან მოსაშორებელი ის კონკურენტებია, რომლებმაც AccueWeather-ის ლუკმას დაადგეს თვალი, თუმცა ჯოელი მათ დამალვას ფრაზით “არ ვაპირებ აქ ჯდომას და მათზე ლაპარაკს” ცდილობს, უფრო გვიანდელ ინტერვიუში კი ამბობს, რომ “ყველაფერი დაჩქარებულია. ნებისმიერი ბიზნესლიდერი, რომელიც ამბობს, რომ იცის, 20 წლის შემდეგ სამყარო როგორი იქნება, იგონებს ამას”.
სად იქნება AccuWeather-ი 2039 წელს, როცა ჯოელი 99 წლის იქნება, არავინ იცის. კომპანია თავისი მემკვიდრეობის გეგმის დეტალებს ხმამაღლა არ განიხილავს და ჯოელის შვიდი შვილიდან ყოველდღიურ საქმიანობაში არც ერთი არაა ჩართული. მაიერსები გასაოცრად ოპტიმისტურად უყურებენ მომავალს.
“ოთხმოცი ახალი 60-ია” – ამბობს ბარი. “ჯოელი ენერგიული ტიპია. 24/7-ზე მუშაობს და უყვარს, რასაც აკეთებს”.
“ბევრი ახლადგამოჩენილი კომპანია მინახავს, – ამბობს ჯოელი. – ზოგიერთი იპოვის თავის ნიშს და ზოგიერთიც შეწყვეტს არსებობას”.
დატოვე კომენტარი