BGEO ჯგუფის გაყოფის პროცესის დასრულების შემდეგ, “საქართველოს კაპიტალის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი გილაური ელოდება, რომ დამოუკიდებელ კომპანიებს კაპიტალის მოზიდვა უფრო მარტივად შეეძლებათ.
მისივე თქმით, ორი კომპანია – “საქართველოს ბანკი” და “საქართველოს კაპიტალი” დამოუკიდებელი სახით შეძლებენ ინვესტიციების მოზიდვას, რაც მათ ბიზნესის განვითარებაში დაეხმარებათ.
“გაყოფა დასრულებულია, ეს მნიშვნელოვანი პროცესია. ორი კომპანია უკვე სრულად დამოუკიდებელი სახით ივაჭრება ლონდონის საფონდო ბირჟაზე. მათ შეეძლებათ დამოუკიდებლად განახორციელონ ინვესტიციები. ეს ქვეყნისთვისაც კარგია, რადგან მეტ ინვესტიციას მოიტანს საქართველში. ბოლო 10 წელში ლონდონის საფონდო ბირჟიდან $3 მილიარდზე მეტი გვაქვს მოზიდული. გაყოფის შემდეგ კაპიტალის მოზიდვა მეტად იაფი და მარტივი გახდება, როგორც ბანკისთვის, ასევე საინვესტიციო ბიზნესისთვისაც“, – ამბობს გილაური.
“საქართველოს ბანკის” და „საქართველოს კაპიტალის“ აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე პრემიუმ ლისტინგის სეგმენტში წარმატებით განთავსდა. დღეიდან, ორივე კომპანიის აქციები დამოუკიდებლად ივაჭრება ლონდონის საფონდო ბირჟაზე. საქართველოს ბანკის აქციები BGEO-ს ე.წ ტიკერით, ხოლო საქართველოს კაპიტალის აქციები CGEO-ს “ტიკერით”.
დატოვე კომენტარი