გიორგი გიგაშვილი BBC-ის ახალი თაობის არტისტების პროგრამაში მოხვდა

გიორგი გიგაშვილი BBC-ის ახალი თაობის არტისტების პროგრამაში მოხვდა

ახალგაზრდა ქართველი პიანისტი გიორგი გიგაშვილი BBC Radio 3-ის ახალი თაობის არტისტების ორწლიან პროგრამაში მოხვდა. გიგაშვილი პროგრამაში 2023 წელს ჩაერთვება და ისეთ პრესტიჟულ ორკესტრებთან შეძლებს თანამშრომლობას, როგორიცაა BBC Philharmonic-ი, BBC Symphony Orchestra და BBC Concert Orchestra.

ახალი თაობის არტისტების პროგრამას საფუძველი 1999 წელს ჩაეყარა და მას შემდეგ BBC Radio 3, მონაწილეობის მისაღებად ყოველ შემოდგომას, ექვს ან შვიდ მუსიკოსს ან ჯგუფს იღებს. პროგრამის მიზანი, გაერთიანებულ სამეფოში კონცერტების გამართვითა და ცნობილ საშემსრულებლო ჯგუფებთან ალბომებისა და სტუდიური ჩანაწერების გაკეთების შესაძლებლობით, ახალგაზრდა მუსიკოსების საერთაშორისო კარიერული განვითარების მხარდაჭერაა.

გარდა ამისა, პროგრამის მონაწილეები ჩელტენჰემისა და ედინბურგის საერთაშორისო ფესტივალებშიც ჩაერთვებიან და Radio 3-ისა და Royal Philharmonic Society-ის პარტნიორობით, ახალ ნამუშევრებზე მუშაობის შესაძლებლობასაც მიიღებენ. წლების განმავლობაში, BBC-ის ახალი თაობის არტისტების პროგრამის მონაწილეებს შორის ისეთი ცნობილი მუსიკოსები გვხვდებიან, როგორებიც საიმონ ჰოლტი, ჯეფრი ბურგონი, ალექსანდრ გიორი და კარინ რენქვისტი არიან.

აღსანიშნავია, რომ გიგაშვილი პირველი ქართველი მუსიკოსი არაა, ვინც BBC-ის ახალი თაობის არტისტების პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას. 1999-2001 წლებში პროგრამაში მევიოლინე ლიზა ბათიაშვილი, 2009-2011 წლებში პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი, 2017-2019 წლებში ასევე პიანისტი მარიამ ბაწაშვილი მონაწილეობდნენ.