საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისა და ესპანეთის „ვალენსიის“ მეკარის, გიორგი მამარდაშვილის საბაზრო ღირებულება 5 მილიონი ევროთი გაიზარდა და ამჟამად 35 მილიონ ევროს შეადგენს. Transfermarkt-ზე მონაცემი 21 მარტს განახლდა.
აღსანიშნავია, რომ 2022 წლის იანვარში, „ვალენსიის“ მიერ გიორგი მამარდაშვილის შეძენის პერიოდში, ქართველის საბაზრო ღირებულება 3 მილიონ ევროდ იყო შეფასებული. შეგახსენებთ, ესპანურმა კლუბმა მამარდაშვილის იჯარის დასრულების შემდეგ „დინამო თბილისისგან“ ფეხბურთელის შესყიდვა გადაწყვიტა და მის სანაცვლოდ სულ რაღაც 850 ათასი ევრო გადაიხადა.
ბოლო განახლების შემდეგ, გიორგი „ვალენსიის“ მოთამაშეებს შორის, საბაზრო ღირებულების მიხედვით, პირველ ადგილს იკავებს, ლა ლიგაში 27-ე პოზიციაზეა, ხოლო ყველაზე ძვირად ღირებულ მეკარეებს შორის მსოფლიოში მე-7 ადგილზეა.
რაც შეეხება ყველაზე ძვირად ღირებული ქართველი ფეხბურთელების რეიტინგს, ამ შემთხვევაში მამარდაშვილი კვლავ მეორე პოზიციაზეა. პირველ ადგილს „ნაპოლის“ შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია იკავებს, რომლის საბაზრო ღირებულება 80 მილიონ ევროს შეადგენს.