საქართველოს ნაკრების კალათბურთელი და „ლენოვო ტენერიფეს“ ცენტრი, გიორგი შერმადინი ესპანეთის ლიგა ენდესას ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გახდა და MVP-ის ტიტული დაისაკუთრა. აღსანიშნავია, რომ გიორგის ამავე ლიგაში ყველაზე ძვირფასი კალათბურთელის წოდება 2020-21 წლების სეზონშიც აქვს მოპოვებული.
MVP-ის გამოსავლენად გამოკითხვა ჩატარდა, რომელში მონაწილეობაც გულშემატკივრების გარდა, სპორტთან დაახლოებული სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა მიიღეს. გამოკითხვის საბოლოო შედეგების მიხედვით, მეორე ადგილზე ძანან მუსა გავიდა, მესამე ადგილს კი დარიუს ტომპსონი დასჯერდა.
გიორგი შერმადინმა საკუთარი წარმატების შესახებ ფრენისას შეიტყო და MVP-ის პრიზიც თვითმფრინავში გადაეცა.
„გასაოცარი შეგრძნებაა და დაუჯერებელია. სიურპრიზი ძალიან ემოციური იყო. ამისთვის ყველას დიდ მადლობას ვუხდი. კიდევ ერთი ტიტული? არ ვიცი, ამისთვის განსაკუთრებული რამ უნდა მოხდეს. მადლობა ყველა ადამიანს, ვინც მხარი დამიჭირა. ეს ჯილდო ყველამ ერთად მოვიპოვეთ“ – განაცხადა გიორგიმ პრიზის მიღების შემდეგ.
ცნობისთვის, ესპანეთის ლიგა ენდესას ისტორიაში MVP-ის ტიტული სამჯერ მხოლოდ დერილ მიდლტონს აქვს მოპოვებული.
რას შეეხება გიორგი შერმადინს, მან რეგულარულ სეზონში 31 მატჩში მიიღო მონაწილეობა. მისი საშუალო მაჩვენებლები ასეთია: 22:07 წუთი, 14.4 ქულა, 5.4 მოხსნა, 1.2 პასი. 34 წლის ქართველი ცენტრის სარგებლიანობის კოეფიციენტი საშუალოდ 18.7-ს უტოლდება.