ბილ და მელინდა გეიტსებისა და უორენ ბაფეტის მიერ დაარსებულ Giving Pledge-ის ინიციატივას კიდევ ერთი მილიარდერი შეუერთდა. ირანული წარმოშობის ამერიკელი ბიზნესმენი ჯამ ნაჯაფი ინიციატივის რიგით 242-ე ხელმომწერია.
ფილანთროპიული მოძრაობა, რომელმაც ბევრი მილიარდერი, მათ შორის მარკ ცუკერბერგი, მაქკენზი სკოტი და სტივ შვარცმანი გააერთიანა, 2010 წელს დაარსდა. Giving Pledge-ის ინიციატივაზე ხელმოწერით, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები სიცოცხლის განმავლობაში, ან გარდაცვალების შემდგომ, თავიანთი ქონების უდიდესი ნაწილის საქველმოქმედო მიზნებისთვის გაღების პირობას დებენ.
ნაჯაფის ხელოვნების, განათლებისა და თანასწორობის მხარდასაჭერად $50 მილიონიდან $100 მილიონამდე ქველმოქმედება უკვე გაწეული აქვს. ნაჯაფს სურს, რომ დანაპირები თავისი სიცოცხლის განმავლობაშივე შეასრულოს, რისთვისაც მომდევნო რამდენიმე ათწლეულში ფილანთროპიული მიზნებისთვის ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტის გაღება მოუწევს.
60 წლის ჯამ ნაჯაფის ქონება, ამერიკული Forbes-ის შეფასებით, $1.3 მილიარდს უტოლდება. ბიზნესმენმა საინვესტიციო ფირმა Najafi Companies-ის 2002 წელს დააარსა. ნაჯაფის ყველაზე მოგებიან ინვესტიციებს შორისაა Network Solutions-ი. 2003 წელს, დომენის რეგისტრატორში ბიზნესმენმა $100 მილიონი დააბანდა, რაც ოთხი წლის შემდეგ $800 მილიონად იქცა. Phoenix Suns-ში 2009 წელს $43 მილიონად ნაყიდი 10%-იანი აქცია კი ახლა დაახლოებით $400 მილიონადაა შეფასებული.