საქართველოში ვისკის კულტურის დამკვიდრება კომპანია GD Alco-ს სახელს უკავშირდება: ოცი წლის განმავლობაში გამართული დეგუსტაციების, ბრენდ-ამბასადორების მიღებებისა და სხვა საინფორმაციო ღონისძიებების დამსახურებით, დღეს ქართველი მომხმარებელი ვისკის მისი ბოთლის დიზაინის ხათრით აღარ ყიდულობს — გადაწყვეტილებასგემოს თვისებებისა და სახეობის მიხედვით იღებს.
დაახლოებით ერთი წლის წინ კომპანია GD Alco-ს დამფუძნებელს — გოჩა დარჩიაშვილს შოტლანდიური ვისკის წამყვანი მწარმოებლების მიერ დაარსებული ორდენი The Keepers of the Quaich-ი- მიანიჭეს, რომლითაც ვისკის ინდუსტრიაში მოღვაწე ბიზნესმენებს მათ მიერ შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის აჯილდოებენ. დარჩიაშვილს ახალი პროექტი აქვს: 2018 წლის 26 მაისის — საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს აღსანიშნავად გადაწყვიტა, მაღალი კლასის, ერთალაოიანი შოტლანდიური ვისკი — Glenfiddich–ი საქართველოში საკოლექციოდ ჩამოასხას და მათგან ოცი პერსონალური ბოთლი იმ განსაკუთრებულ ქართველებს მიუძღვნას, რომლებმაც სხვადასხვა სფეროში მოღვაწეობით უდიდესი როლი შეასრულეს საქართველოს განვითარებასა და ქვეყნის მთელ მსოფლიოში პოპულარიზაციაში.
— ბატონო გოჩა, რას გულისხმობს ორდენი — The Keepers of the Quaich-ი- და რა პირობებში მოხდა თქვენი დაჯილდოება?
ინიციატივა შოტლანდიურ მხარეს ეკუთვნოდა. ორდენზე წარდგენა საკმაოდ მოულოდნელი იყო ჩემთვის, ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა, The Keepers of the Quaich-ით ძალიან მაღალი რანგის საზოგადო მოღვაწეები არიან დაჯილდოებული, მათ გვერდით ყოფნა კი დიდი პატივია. წარდგენის პრინციპი შემდეგნაირია: კანდიდატს ორდენის მაღალი იერარქიის რამდენიმე წევრმა უნდა გაუწიოს რეკომენდაცია. კანდიდატურის განხილვის შემდეგ, დადებითი პასუხის შემთხვევაში, ერთგულების ფიცის დადების ცერემონია იმართება.
— კომპანია GD Alco საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს განსაკუთრებულად აღნიშნავს. როგორ დაიბადა Glenfiddich-ის ქართული საკოლექციო ჩამოსხმის — Private Cask-ის იდეა? ჩვენთვის ცნობილია, რომ მსგავსი პრეცედენტი ისტორიას არ ახსოვს.
როდესაც პარტნიორებთან ერთად დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს შესახებ მსჯელობა დავიწყე, თავიდანვე გააზრებული მქონდა, რომ რაღაც განსაკუთრებული უნდა შეგვექმნა. საბოლოოდ ისეთ ჩამოსხმაზე შევჯერდით, რომელიც გარკვეული ისტორიის მატარებელი და ემოციური ელემენტის შემცველი იქნებოდა და საჩუქრადაც გამოდგებოდა. ამ კონცეფციის გათვალისწინებით, ისეთი პროდუქტი უნდა შეგვერჩია, რომელსაც წლოვანება აქვს. შესაბამისად, ჩვენს იდეას ვისკი ყველაზე ლოგიკურად მიესადაგა — ვისკიც ხომ გარკვეულწილად ეპოქას ასახავს — ინახება კასრში, ძველდება, „ბრძენდება“ და განსაკუთრებული ხდება. ჩემი მოსაზრება პარტნიორებისთვისაც მისაღები აღმოჩნდა. გადავწყვიტეთ, უპირატესობა რომელიმე ძალიან ცნობილი შოტლანდიური ვისკისათვის მიგვენიჭებინა. Glenfiddich-ის ქართული საკოლექციო ჩამოსხმა გულისხმობს ბოთლს, რომელიც 1991 წლით დათარიღებული ერთ-ერთი სახეობის უკანასკნელი კასრის სითხეს შეიცავს. მათ ეტიკეტებზე იმ ადამიანების სახელი და გვარი იქნება გამოსახული, ვინც ბოთლებს საჩუქრად მიიღებს. ეს ვისკი 2018 წლის 26 მაისისთვის ჩამოისხმება.
Glenfiddich-ის ქართული ჩამოსხმა რამდენიმე მიზეზითაა მნიშვნელოვანი: დღეს საქართველოში ბევრი სტუმარი ჩამოდის და გვსურს, მათ ისეთი რამე ვაჩუქოთ, რითაც ქვეყანას დავამახსოვრებთ. სასურველია, ღვინის გარდა სხვა არჩევანიც გვქონდეს, მაღალი რანგის ვისკი Glenfiddich-ი კი მთელ მსოფლიოში ცნობილი ბრენდია. შესაბამისად, როდესაც ადამიანი 26-წლიანი დაძველების, საქართველოს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი კონცეფციით შექმნილ ჩამოსხმას მიიღებს საჩუქრად, ერთი სული ექნება, დააგემოვნოს. დამერწმუნეთ, ამ დროს მათ ცნობიერებაში საქართველოს შესახებ განცდილი ემოცია უფრო ღრმად ჩაიბეჭდება: შეიძლება, საჩუქარი გახსნან და მეგობრებთან ერთად, წელიწადში 50-50 გრამი მიირთვან, თუმცა მის კონცეფციას ყოველ ჯერზე გაიხსენებენ და გარშემომყოფებთანაც აღნიშნავენ: „იცი, მე Glenfiddich-ის უნიკალური, ქართული საკოლექციო ჩამოსხმა მაქვს, რომელსაც ვერსად ნახავ“. ამ გზით შესაძლებელია, გარკვეულ მომენტში საქართველოს შესახებ დადებითი ემოციები აღძრა საზოგადოებაში, რომელსაც საკოლექციო ვისკის დალევის საშუალება აქვს. საბოლოო ჯამში, სწორედ ასეთი პატარ-პატარა დეტალების ერთიანობა განაპირობებს ბიზნესკლიმატის განვითარებას.
ზოგადად, პარტნიორებთან ერთად, მუდმივად ვცდილობ, ისეთი მარკეტინგული სვლა გავაკეთო, რომელიც მხოლოდ ფინანსურ სარგებელზე დამყარებული არ არის. ბიზნესი მხოლოდ ვაჭრობა არაა, ის გარკვეულ მომენტში ხედვას და ბევრ რამეზე ზრუნვას გულისხმობს, მათ შორის — ქვეყნის ბიუჯეტზე: თუ ბიუჯეტი ძლიერი არ არის, ვერც მომხმარებელი იქნება ძლიერი. შესაბამისად, ყველაფერი ერთმანეთზეა დამოკიდებული — ბიზნესს და სახელმწიფოს ცალ-ცალკე არც უნდა განვიხილავდეთ. ღარიბ ქვეყანაში ბიზნესი არ არის, ვაჭრობაა, ბიზნესი კი მხოლოდ მდიდარ ქვეყანაში კეთდება!
— როგორ მიმდინარეობდა Glenfiddich-თან მოლაპარაკების პროცესი?
რადგანაც პირველები ვიყავით, ვინც Private Cask-ის იდეა საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობას დაუკავშირა, ჩვენი მხრიდან ეს სვლა ძალიან ესიამოვნათ: ალბათ ყველა აცნობიერებს, რომ მათთვის საკოლექციო კასრის გაყიდვა პრობლემა კი არ არის, არამედ იდეაა ორიგინალური, რაც შეიძლება სხვა ქვეყნებისთვის — სხვა დისტრიბუტორებისთვისაც გადამდები აღმოჩნდეს. ერთი მხრივ, ეს ბრენდის ცნობადობაზეც დადებითაც აისახება, თუმცა მთავარია, რომ პარტნიორს ბრენდთან ერთად საკუთარი ქვეყნის ისტორიასაც ჩუქნი.
— რა პროცესებს მოიცავდა Glenfiddich-ის საკოლექციო ჩამოსხმის შერჩევა?
კონცეფციის შესაბამისად, გვინდოდა, ქართული ბოთლი ისეთი კასრიდან ჩამოგვესხა, რომელიც სულ ერთიღა იყო დარჩენილი: ერთი კასრი ერთი იდეის — დამოუკიდებლობის სიმბოლო იქნებოდა, ჩამოსხმაც ასაკობრივად დამოუკიდებლობის თარიღისთვის უნდა დაგვემთხვია. არჩევანის გაკეთება 1991 წლის სამ განსხვავებულ კასრს შორის მოგვიწია.
ქართული ხასიათის გადმოსაცემად, ბოთლის დიზაინი ქართული დროშის ფერებში გადავწყვიტეთ. მიუხედავად იმისა, რომ Glenfiddich-ს განსხვავებული ეტიკეტი აქვს, ბრენდის წარმომადგენლებმა ეს პრეცედენტიც დაუშვეს და ახლა ბრიტანელი დიზაინერები კოლოფისა და ბოთლის ქართულ ეტიკეტზე მუშაობენ. დამეთანხმებით, როდესაც ადამიანს ჩუქნი შენი ქვეყნის დროშის ფერებში გაფორმებულ ბოთლს, რომელშიც ძალიან ცნობილი ბრენდის, მაღალი ხარისხის სასმელია მოთავსებული, ჩამოსხმა კი საკოლექციოა და მეტი აღარ იქნება, თამამად შეგიძლია აღნიშნო, რომ მართლაც კარგი საჩუქარი გაუკეთე.
სწორედ ქართული ხასიათის ხაზგასმის მიზნით, სამ კასრს შორის არჩევანის გასაკეთებლად, შოტლანდიაში ვისკის ქართველი ექსპერტები მოვიწვიე — განსხვავებულ სფეროში მოღვაწე ადამიანები, რომლებიც თავიანთ საქმეში ძალიან წარმატებულები არიან. ფოკუს–ჯგუფის წევრები იყვნენ აკა მორჩილაძე, აჩი არველაძე, ლევან წულაძე, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და დავით ბეჟუაშვილი. ფაქტი, რომ ჩამოსხმა ქართველების ამორჩეულია, სიმბოლურად ეტიკეტის დიზაინსა და წარწერასთან ერთად, ბოთლის კონცეფციას კიდევ ერთ ეროვნულ ნოტს მატებს.
— დაახლოებით რამდენი საკოლექციო ბოთლი იქნება ხელმისაწვდომი?
როგორც აღვნიშნე, Glenfiddich-ის ქართული ჩამოსხმა მხოლოდ ერთი კასრიდან ხდება, მისგან დაახლოებით 190-210 ბოთლი გამოვა. პარალელურ რეჟიმში, ექსპერტების ფოკუს-ჯგუფი შევკრიბეთ, რომლებმაც ოცი გამორჩეული თანამედროვე ქართველის სია შეადგინეს — იმ ადამიანებისთვის Glenfiddich-ის პერსონალური ქართული საკოლექციო ჩამოსხმები მზადდება. რაც შეეხება დანარჩენ ბოთლებს, კონკრეტულმა პირებმა უკვე გამოთქვეს მათი სასაჩუქრედ შეძენის სურვილი — რამდენადაც პროექტი არაკომერციულია და მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის პოპულარიზაციას ემსახურება, ისინი ამ ჩამოსხმებს თვითღირებულების ფასად შეიძენენ.