1843 წელს შექმნილი Glenmorangie-ი დღეს სხვადასხვა დაძველების 10-ზე მეტი დასახელების ვისკის აწარმოებს, რომელთა განსაკუთრებულობას მისი წარმოების წესი განსაზღვრავს – ტრადიციაზე დაფუძნებული და წლების განმავლობაში დახვეწილი ტექნოლოგია, ოზარკის მთებზე საგანგებოდ გაზრდილი ასწლოვანი მუხებისგან დამზადებული ძვირფასი კასრები და ნედლეული – როგორც გამორჩეული შოტლანდიური ქერი, ასევე განსაკუთრებული მინერალური სტრუქტურის წყალი.
კომპანია შედის LVMH (Moët Hennessy • Louis Vuitton) კონგლომერატში, რომელიც 60 ძვირფას ბრენდს აერთიანებს. საქართველოში Glenmorangie-ის დისტრიბუტორია IBN-ი. IBN-ის ორგანიზებით საქართველოში ჩატარდა Glen-კამპანია, აღინიშნა ვისკი კლუბის დაბადების დღე, გაიმართა გათამაშებები, რომელთა გამარჯვებულები სექტემბერს გაემგზავრენ შოტლანდიაში, Glenmorangie-ს სახლში.
უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კონკურს The International Wine and Spirits Competition-ზე (IWSC) შოტლანდიურმა ვისკის ამ ბრენდმა ყველა რეკორდი მოხსნა. მან 18 ოქროს მედალი დაიმსახურა, რაც ყველა დროის საუკეთესო მიღწევაა სხვადასხვა შოტლანდიურ ერთალაოიან ვისკის შორის.
კარენ ფულერტონი Glenmorangie-ის მსოფლიო ელჩია. იგი უკვე მეორედ ესტუმრა საქართველოს – ქვეყანას, რომლის მთებიც მშობლიურ შოტლანდიას აგონებს. Forbes Georgia მათრობელა არომატით გაჟღენთილი ინდუსტრიის გამოჩენილ ფიგურას მის საყვარელ თემაზე გაესაუბრა.
12 წელზე მეტია, რაც თქვენ ამ ინდუსტრიაში ხართ. რა გამოარჩევს Glenmorangie-ის ვისკის?
უპირველეს ყოვლისა, ტექნოლოგია: სახდელი დანადგარების მილები ყველაზე მაღალია შოტლანდიაში – დაახლოებით 5,14 მეტრი – თითქმის ზრდასრული ჟირაფის სიმაღლის. ეს იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ ყველაზე მსუბუქი და წმინდა ანაორთქლი აღწევს კასრამდე, რაც მის არაჩვეულებრივად რბილ და ელეგანტურ არომატს განაპირობებს.
ეს პრემიუმ-კლასის ალკოჰოლური სასმელი თეთრი მუხის კასრებში ძველდება. საჭირო მუხა მხოლოდ „გლენმორანჟის“ კუთვნილ ტყეში, ოზარკის მთებზე იზრდება, მისურის შტატში. აღსანიშნავია, რომ კასრები მხოლოდ ორჯერადი გამოყენებისაა, მაშინ როდესაც სხვა მწარმოებლები კასრებს ხუთ-ექვსჯერ იყენებენ.
Glenmorangie-ი ერთალაოიანი ვისკის შექმნის ახალი ტექნოლოგიების პიონერია. მისი ექსპერტები დღესაც განაგრძობენ მთელ მსოფლიოში სათანადო კასრების ძებნას, რათა მოიგონონ ახალი მიდგომები, რაც საინტერესო არომატული შრეებით გაამდიდრებს Glenmorangie-ის ორიგინალურ გემოს. ექსპერიმენტებისთვის ბრენდმა ბევრი დრო, ენერგია და ფული დახარჯა.
მომდევნო კითხვა სწორედ ინოვაციებისკენ სწრაფვას შეეხება. Glenmorangie-ს სამართლიანად შეუძლია მიიწეროს შოტლანდიური ვისკის გემოვნური დიაპაზონის გაფართოება, რაც კასრებით მუდმივმა ექსპერიმენტირებამ განაპირობა. როგორია ბრენდის სტრატეგია ახლა? – მის განვითარებას კვლავ ინოვაციურობა უზრუნველყოფს თუ ფოკუსირებას უკვე დამკვიდრებული პროდუქტების გაყიდვაზე ახდენთ?
ყველაფერი 1963 წელს დაიწყო, როცა კასრში დიდხანს დავარგებული ვისკიდან პირველი ვაწარმოეთ. იგი 22 წლის განმავლობაში თეთრი მუხის კასრში მწიფდებოდა, შემდეგ ორი წელი – ესპანური ხერესის კასრში. ამის შემდეგ ჩვენ ყოველთვის ვცდილობდით ინოვაციურები ვყოფილიყავით, ყოველთვის ვცდილობდით ახალი და საინტერესო არომატების შექმნას. ეს დღემდე გრძელდება, თუმცა დამკვიდრებული პროდუქტებით ახალი ბაზრების ათვისებასაც არანაკლები ყურადღება ეთმობა.
მაგალითად, შარშან 1980-იანი წლების კვლევის შედეგი გამოვუშვით, Glenmorangie Ealanta, რომელმაც „ვისკის ბიბლიის“ ინიციირებულ მსოფლიო დაჯილდოებაზე პირველი ადგილი მოიპოვა. ამ ვისკის დაძველება 19 წლის წინ დაიწყო გახუხულ (toasted) და არა გამომწვარ (charred) კასრში. იმ დროს ფიქრობდნენ, რომ ეს ტექნოლოგია „გლენმორანჟის“ გემოს ელეგანტურობას ხის ტონებით დაამძიმებდა, მაგრამ პირიქით მოხდა – მივიღეთ დინამიკური, რძიანი შოკოლადის, ვანილისა და კოჭას მსუბუქი ტონებით გამდიდრებული განსაცვიფრებელი არომატი.
Glenmorangie-ი კარგად დამკვიდრდა აზიაში და გაზარდა წარმომადგენლობა ჩვენს რეგიონშიც. უკანასკნელი წლების განმავლობაში შეინიშნება თუ არა ვისკის მომხმარებელთა გეოგრაფიისა და დემოგრაფიის ცვლილება?
მასობრივად! ვისკის სულ უფრო მეტი ხალხი ეტანება. მეტი ადამიანი ცდილობს გაიმრავალფეროვნოს საკუთარი ცოდნა და გემოვნება. პოსტსაბჭოთა ქვეყნებში აშკარად იგრძნობა არყის მომხმარებელთა ვისკიზე გადმორთვა. მათ ახლისა და განსხვავებულის, ამავდროულად უფრო „რთულის“ გასინჯვა სურთ.
დემოგრაფიის თვალსაზრისით სეგმენტის ასაკობრივმა ზღვარმა დაბლა დაიწია. მეტი 25 წლამდე ახალგაზრდა ეტანება ამ სასმელს (გაცილებით ასაკოვნებიც ერთგულნი რჩებიან, ცხადია).
გაზრდილი პოპულარობის ფონზე „გლენმორანჟის“ ახალი გამოწვევა გაყიდვების მენეჯმენტია. ჩვენი მთელი მარაგი არ უნდა გავყიდოთ. ნაწილი უნდა დაძველდეს მომავალში უფრო ძვირად ღირებული მარკების გამოსაშვებად.
თქვენი უკანასკნელი ვიზიტის შემდეგ შეამჩნიეთ თუ არა ქართველი მომხმარებლის ქცევის ცვლილება ერთალაოიან ვისკისთან მიმართებით?
საქართველოში ვისკისა და კონკრეტულად Glenmorangie-ის მოხმარება სწრაფად იზრდება. როგორც ჩანს, ქართველებმა მალევე აუღეს ალღო დაბალანსებული, კომპლექსური ერთალაოიანი ვისკის გემოს და შეიყვარეს იგი.
მომდევნო კითხვა უფრო პერსონალური ხასიათისაა: სტერეოტიპების საპირისპიროდ, თქვენ პირველი ქალბატონი ბრძანდებოდით აშშ–ში, რომელმაც ვისკის ბრენდის ელჩის პოზიცია დაიკავა. როგორ მოხვდით ვისკის ინდუსტრიაში?
მე ინგლისში ვცხოვრობდი, მაგრამ შოტლანდიაში ვარ დაბადებული. შეგრძნებები ღვინომ „გამიხსნა“ და ამის შემდეგ ვისკის ვნებამ ამიტანა. Glenmorangie-ისა და ჩემი ურთიერთობა 2002 წელს დაიწყო. ორწელიწად-ნახევრის განმავლობაში გაყიდვებს განვაგებდი, შემდეგ კი Glenmorangie-ისბრენდის ელჩად დამაწინაურეს ამერიკაში.
თავიდან ვფიქრობდი, რომ ამ სამყაროში ვერ გადავრჩებოდი, „სკოჩი კაცისთვისაა, ქალისთვის კი კოქტეილი“, – ამ დამოკიდებულებას ველოდი, თუმცა აშშ-ში ჩასვლისას საპირისპირო გარემო დამხვდა. მახსოვს, პირველივე ბარში შემდეგი სურათი დავინახე – ქალი სვამდა ვისკის, კაცი კი – ვარდისფერ კოქტეილს. მერე შევნიშნე, რომ შტატებში ბიზნესში მომუშავე ქალები უფრო ხშირად ეტანებიან ვისკის, ვიდრე სხვა სასმელს. ალბათ ამას საკუთარი სტატუსის ხაზგასასმელად აკეთებენ.
ქალებს შორის ვისკის პოპულარიზება საერთო საბაზრო ტენდენციაა. როცა მე დავიწყე, მაშინ, ვფიქრობ, ვისკის ბრენდის ერთადერთი ქალი ელჩი ვიყავი. ყოველ შემთხვევაში, სხვა არ მსმენია. უფრო ახლო წარსულში კი უამრავი წარმატებული ქალი გამოჩნდა ამ ინდუსტრიაში. საბოლოო ჯამში ქალებსაც და კაცებსაც ვისკიში ერთი და იგივე რამ მოგვწონს – გემო, არომატი და „თხევადი მოგზაურობა“ სრულყოფილებისკენ.
დატოვე კომენტარი