უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ რუსეთს მკაცრი სანქციები და ეკონომიკური იზოლაცია ხვდა წილად. შედეგად, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ, რუსეთის ფედერაციისა და რუსებისთვის დაწყებული გლობალიზაციის ერა შეჩერების საფრთხის წინაშე დადგა. ეს კი იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ქვეყნის მოსახლეობა მრავალწლიანი გლობალიზაციის მოულოდნელ დასასრულს გამოცდის.
ამ მონუმენტური ცვლილების ზეგავლენის უკეთ გასაგებად, წარმოგიდგენთ ამერიკული Forbes-ის ინტერვიუს სირაკუზის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა პროფესორთან და წიგნ „პუტინიზმის კოდის“ ავტორ ბრაიან დ. ტეილორთან:
საბჭოთა კავშირის დაშლამდე, რაში გამოიხატებოდა რუსეთის მონაწილეობა გლობალურ ეკონომიკაში?
არსებული ორი სუპერსახელმწიფოდან ერთ-ერთად ყოფნის მიუხედავად, საბჭოთა პერიოდში ქვეყნის ეკონომიკა გლობალური კაპიტალისტური ეკონომიკისთვის პერიფერიული იყო. საბჭოთა სტილის ცენტრალიზებული დაგეგმარება უფრო ავტარკიას შეესაბამებოდა, ვიდრე გლობალურ ვაჭრობასა და ფინანსურ სისტემაში მონაწილეობას. საბჭოთა კავშირის ექსპორტის უდიდესი ნაწილი ბუნებრივ რესურსებზე მოდიოდა, მიღებული შემოსავალი კი საკვებისა და ინდუსტრიული აღჭურვილობის შესაძენად გამოიყენებოდა.
კომუნიზმის დასრულების შემდგომ, განსაკუთრებით ბოლო 10 წლის განმავლობაში, რაში გამოიხატებოდა გლობალიზაცია რუსებისა და რუსული კომპანიებისთვის?
საბჭოთა კავშირის დაშლამ რუსეთის გლობალურ ეკონომიკაში დაბრუნება განაპირობა. რუსეთის ეკონომიკის ადრეული რეფორმატორები, თანამედროვე კაპიტალისტურ ეკონომიკაზე გადასვლისთვის გამოსავალს სწორედ ღია საერთაშორისო ვაჭრობასა და საერთაშორისო კონკურენციაში ჩართვაში ხედავდნენ. საშუალო კლასის რუსისთვის კი ეს უცხოური საქონლის, ტანსაცმლისა თუ ტექნიკის შეძენაში გამოიხატებოდა, გაჩნდა მოგზაურობის უფრო ფართო შესაძლებლობაც.
როგორ იგრძნობენ თავს რუსები გლობალიზაციის ბენეფიტების დაკარგვის შემთხვევაში?
გავლენა მოსახლეობაზე განსხვავებული იქნება. რუსების მხოლოდ 30%-ს აქვს საერთაშორისო პასპორტი. ღარიბ რუსებს, სასოფლო დასახლებებსა და პატარა ქალაქებში, ისედაც არა აქვთ წვდომა გლობალიზაციის ბენეფიტებზე. თუმცა, განსაკუთრებით ქალაქში მცხოვრებ ახალგაზრდებზე, iPad-ში Netflix-ის ყურებისა და აზიასა და ევროპის ქვეყნებში მოგზაურობის გართულება მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს.
რა არის „პუტინიზმი“, როგორი გავლენა მოახდინა მან უკრაინაში შეჭრაზე და როგორ იმოქმედებს ის მოვლენების განვითარებაზე?
პუტინიზმი მენტალიტეტია, რომელსაც პუტინი და მასთან დაახლოებული პირები იზიარებენ. ეს მენტალიტეტი ისეთ იდეებს მოიცავს, როგორიცაა ანტიამერიკანიზმი და რუსეთი, როგორც ძლიერი სახელმწიფო და ძალა, რომელიც ამავდროულად დაუცველია დესტაბილიზაციისგან და დამცირებულია დასავლეთის მხრიდან.
პუტინიზმმა გავლენა უკრაინაში შეჭრაზეც იქონია. უპირველესად იმიტომ, რომ პუტინის რუსეთი საკუთარ სიძლიერეს მისი პერიფერიის გასწვრივ არსებულ სახელმწიფოებზე დომინირებაში ხედავს, „ისტორიული რუსეთისთვის“ კი უკრაინა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მეორეც, პუტინი უკვე დიდი ხანია, მიიჩნევს, რომ აშშ-ს რუსეთის დასუსტება და განადგურება სურს. ის რუსეთის ისტორიული ბედისწერისთვის ახლა უფრო ძლიერ მტერს ებრძვის და უკან დახევასაც არ აპირებს. დასავლეთის მიერ გრძელვადიანი კამპანიის ფარგლებში რუსეთის გასანადგურებლად დაწესებული სანქციები პუტინის შეხედულებებს კიდევ უფრო აძლიერებს.
საბჭოთა კავშირისა და ეკონომიკური ქაოსის დასრულების შემდგომ, სულ მცირე, 2008 წლამდე, პუტინის ერთ-ერთი ძირითადი საყრდენი ქვეყანაში ცხოვრების დონის შედარებით გაუმჯობესება იყო. როგორ შეიცვლება არსებული სიტუაცია რუსეთში მცხოვრები ადამიანებისთვის?
1999-2008 წლებში 6.5%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რომელიც შემდგომ პერიოდში შენელდა. 2014-2020 წლებში წლიური ზრდა ყოველ წელს ნახევარი პროცენტით ნაკლები იყო, ხოლო ცხოვრების დონე 10%-ით შემცირდა. სიტუაცია პანდემიამ გაართულა, რასაც ახლა ომი და სანქციები დაერთო. სანქციებმა მაღალი ინფლაცია, რუბლის დაცემა და ბევრი დასავლური კომპანიის ქვეყნიდან გასვლა გამოიწვია. პუტინის იმიჯი – ადამიანის, რომელმაც რუსეთს შედარებითი კეთილდღეობა და სტაბილურობა მოუტანა – სრულად შეირყა.
სანქციების შემდეგ, რუსეთი იმაზე მეტად იზოლირებული გახდება გლობალური ეკონომიკისგან, ვიდრე საბჭოთა პერიოდში იყო?
მდგომარეობა რთულია და ექსპერტები მსჯელობენ, თუ რამდენი წლით უკან დაბრუნდება რუსეთი მსგავსი ეკონომიკური „განსაცდელის“ შემდგომ. ექსპერტების ნაწილი რუსეთის მოსალოდნელ დეფოლტსაც პროგნოზირებს. ჩინოვნიკები კი საკმაოდ სერიოზულად ალაპარაკდნენ ქვეყნიდან გასული კომპანიების საკუთრების ნაციონალიზაციაზე, თითქოს რუსეთის სახელმწიფოს შეუძლია, მართოს McDonald’s-ი ან IKEA ქვეყნის შიგნით. საფონდო ბირჟა ორი კვირაა, დაკეტილია და კაპიტალის კონტროლია დაწყებული.
მთავარი კითხვაა: რამდენად აიტანენ ამას რუსები? ბევრი მათგანი თანამედროვე ცხოვრებას შეეჩვია, 45 წლამდე ასაკის ადამიანების მოგონებები საბჭოთა სოციალიზმში ცხოვრებას არ უკავშირდება. მდიდრები, საშუალო კლასი, ღარიბები – ყველა დაზარალდება.
სხვა რეჟიმები, მაგალითად, ირანი და ვენესუელა, მკაცრი სანქციების მიუხედავად, საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში გადარჩნენ. თუმცა მსგავსი სანქციები არ დაწესებულა ისეთი დიდი ეკონომიკისთვის, როგორიც რუსეთისაა. ბევრი რუსი უკვე მიეჩვია გლობალური ეკონომიკისა და ინფორმაციის ნაწილად ყოფნას. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ისინი მზად იქნებიან საბჭოთა კავშირში დაბრუნებისთვის და მსოფლიოსგან ეკონომიკურად და კულტურულად მოწყვეტისთვის.
დატოვე კომენტარი