The Economist Group-ის კვლევისა და ანალიზის განყოფილების, EIU-ის Democracy Index-ის უახლესი გამოცემის თანახმად, 2021 წელს, გლობალური დემოკრატიის ხარისხი მკვეთრ ვარდნას განაგრძობს. ყოველწლიური კვლევით, რომელიც დემოკრატიის ხარისხს 167 ქვეყანაში, ხუთი ფაქტორის: საარჩევნო პროცესისა და პლურალიზმის, მთავრობის ფუნქციონირების, პოლიტიკური მონაწილეობის, დემოკრატიული პოლიტიკური კულტურისა და სამოქალაქო უფლებების მიხედვით აფასებს, დადგინდა, რომ მოსახლეობის თითქმის მესამედი ავტორიტარული რეჟიმის პირობებში ცხოვრობს, სრული დემოკრატია კი მხოლოდ 6.4%-ს ერგო წილად.
დემოკრატიის გლობალური ქულა 5.37-დან (მაქსიმალური ქულა 10) ახალ მინიმუმამდე, 5.28-მდე დაეცა. 2006 წლის შემდგომ მსგავსი ვარდნის ერთადერთი ეკვივალენტი 2010 წელს, გლობალური კრიზისის შემდგომ დაფიქსირდა. თუმცა უკანასკნელი ორი წელია, დემოკრატიული თავისუფლების მტრად კოვიდპანდემია იქცა. ლოკდაუნების სერია და მოგზაურობაზე დაწესებული რეგულაციები, როგორც დემოკრატიულ, ასევე ავტორიტარულ სახელმწიფოებში, სამოქალაქო უფლებების შეზღუდვაში გამოიხატა. 2021 წლის დასაწყისში კოვიდთან დაკავშირებული დემონსტრაციები, სულ მცირე, 86 ქვეყანაში ჩატარდა.
დემოკრატიის ინდექსით რეიტინგში კვლავ სკანდინავიის ქვეყნები დომინირებენ, პირველ ადგილზე ნორვეგიაა 9.75 ქულით, ხოლო ბოლო სამ ადგილს აზიური ქვეყნები ინაწილებენ. ჩრდილოეთმა კორეამ, პირველად, რეიტინგის ბოლო ადგილი, მიანმარის გადატრიალებისა და თალიბანის ავღანეთში დაბრუნების გამო დათმო. გადატრიალებები მოხდა აფრიკაშიც, თუმცა ყველაზე მკვეთრი ვარდნა 2021 წელს ლათინურმა ამერიკამ დააფიქსირა. პედრო კასტილიოს გამარჯვება პერუში კვირების განმავლობაში განხილვის თემად იქცა, ჩილე არჩევნებში დაბალი აქტივობის გამო ნაწილობრივ დაქვეითდა, ხოლო ჰაიტი, პრეზიდენტ ჟოვენელ მოიზის მკვლელობის შემდგომ, კვლავ პოლიტიკურ კრიზისში იმყოფება.
შედარებითი სტაბილურობით ჩრდილოეთი ამერიკა გამოირჩევა. მიუხედავად კაპიტოლიუმში მომხდარი არეულობისა და დონალდ ტრამპის მოთხოვნის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმების შესახებ, ამერიკის დემოკრატიის მაჩვენებელი მხოლოდ 0.07 ქულით დაეცა. გაცილებით დიდი ვარდნა კი, 0.37 ქულით, კანადამ განიცადა, სადაც პანდემიით გამოწვეული შეზღუდვები უკმაყოფილების მთავარ მიზეზად დასახელდა. 2021 წლის დემოკრატიის ინდექსით კანადამ მე-12, ხოლო ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 26-ე პოზიცია დაიკავა.
რაც შეეხება საქართველოს, ის დემოკრატიის ინდექსით 2021 წლის რეიტინგში 91-ე ადგილს იკავებს და ჰიბრიდული რეჟიმის სახელმწიფოებში ხვდება. დემოკრატიის ინდექსში განსაკუთრებით მკვეთრი ცვლილება 2018 წელს დაფიქსირდა, როდესაც საქართველოს დემოკრატიის ქულა 5.93-დან 5.50-მდე დაეცა. 2018 წლის შემდგომ ქვეყნის დემოკრატიის ინდექსი დაღმავალი ტენდენციით ხასიათდება. რაც შეეხება გასული წლის მაჩვენებელს, 2020 წელთან შედარებით, საქართველოს დემოკრატიის ქულა 5.31-დან 5.12-მდე ჩამოქვეითდა.
EIU-ის ანგარიშში, 2022 წელსა და შემდგომ პერიოდში, დემოკრატიისთვის არსებული რიგი საფრთხეებიც გამოვლინდა. კანადის ინდექსის ქულის დაცემა სტატუს-კვოს მიმართ სახალხო უკმაყოფილებასა და არადემოკრატიული ალტერნატივებისკენ დაბრუნებაზე მიუთითებს. სატვირთო მანქანების აქციები ოტავაში კი შესაძლოა პოლიტიკური აჯანყების წინაპირობაც გახდეს. ამის მიუხედავად, EIU ყველაზე დიდ გამოწვევას დემოკრატიის დასავლური მოდელისთვის ჩინეთიდან პროგნოზირებს, რომელიც ოთხი ათწლეულის სწრაფი ზრდის შედეგად, მსოფლიოში სიდიდით მეორე ეკონომიკად იქცა. EIU ჩინეთის ეკონომიკის ამერიკისთვის გადასწრებასაც არ გამორიცხავს.
დატოვე კომენტარი