გლობალური მშვიდობის ინდექსით, საქართველო მსოფლიოში 102-ე ადგილზეა

გლობალური მშვიდობის ინდექსით, საქართველო მსოფლიოში 102-ე ადგილზეა

გასულ წელს ძალადობის ეკონომიკური გავლენა მსოფლიოში $14.76 ტრილიონად, – ანუ გლობალური მშპ-ს დაახლოებით 12.4% იყო, – ასეთია ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის 2018 წლის ანგარიშის შედეგი.

ანგარიშში მსოფლიოს 163 ქვეყნის მონაცემია გაანალიზებული, რომლის მოსახლეობაც მსოფლიო მოსახლეობის 99.7%-ს შეადგენს.

23 განსხვავებული ინდიკატორის მიხედვით, ანგარიშში მსოფლიოს ყველაზე მშვიდობიანი ქვეყნების რეიტინგიცაა შედგენილი. ამ რეიტინგში საქართველო 102-ე ადგილს იკავებს, 2.13 სარეიტინგო ქულით, რაც წინა წელთან შედარებით 4 პოზიციით გაუარესებული მაჩვენებელია.

რეგიონის ქვეყნებს შორის კი საქართველო მეოთხე ადგილზეა, – მოლდოვას, ყაზახეთისა და ბელარუსის შემდეგ.

თუმცა აქვე ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველო ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, რომელსაც 2008 წელს რეიტინგში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი შედეგი ჰქონდა და რომელიც ბოლო 10 წელში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.

2013 წელს, საქართველო სიაში 133-ე ადგილზე იყო. საქართველოს პოზიციის გაუმჯობესებას წლების განმავლობაში ქვეყანაში ბიზნესის გარემოსა და პოლიტიკური სიტუაციის სტაბილურობას უკავშირებენ.

რეიტინგში ასევე მოცემულია თუ რა გავლენას ახდენს ძალადობა სხვადასხვა ქვეყნის ეკონომიკებზე.

ყველაზე მეტად ძალადობით სირია ზარალდება – მშპ-ს 68% სწორედ ძალადობის ეკონომიკურ გავლენაზე მოდის.

საქართველო ამ სიაში მსოფლიოში 34-ე ადგილზეა: ძალადობის ეკონომიკური გავლენა წლიურად 7,060.4 მილიონადაა შეფასებული, ხოლო ღირებულება კი 4,811.1 მილიონად. ამავე მონაცემებით, ძალადობა ქვეყნის მშპ-ს 13% უჯდება.

“დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საქართველო ბევრი გამოწვევების წინაშე დადგა. აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სეპარატისტული და ეთნიკური კონფლიქტების გამო ქვეყნის ეკონომიკა მნიშვნელოვნად შემცირდა, კორუფცია კი გაიზარდა. 2003 წელს ვარდების რევოლუციის შემდეგ ახალმა რეჟიმმა ყურადღება გაამახვილა ქვეყნის პოტენციალის გაძლიერებაზე და ეკონომიკურ ზრდაზე”, – ნათქვამია ანგარიშში.

მსოფლიოში ყველაზე მშვიდობიანი ქვეყნები ისლანდია, ახალი ზელანდია და ავსტრიაა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *